პოლონური ჩანახატები: ვაველის სამეფო სასახლის მუზეუმები

ვაველის სამეფო სასახლე კრაკოვის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, 1978 წლიდან კი, ქალაქის ისტორიულ ცენტრთან ერთად, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
შარშან ვაველს მილიონ 900 ათასი დამთვალიერებელი ესტუმრა და ამით ის პოლონეთის ყველაზე პოპულარული მუზეუმი გახდა, მსოფლიოში კი 22-ე აღმოჩნდა.

სასახლე, რომელიც რამდენიმე შენობას, მათ შორის მეფეების და მათი ოჯახების დარბაზებს, კათედრალს, ათამდე მუზეუმს, ვრცელ ბაღს, ადმინისტრაციის შენობას და მშვენიერ რესტორნებს აერთიანებს, მდინარე ვისლას მარცხენა ნაპირზე დგას, შემაღლებულ ქედზე.

ევროპის III თამაშების დღეებში მის მოპირდაპირედ, ვისლას მარჯვენა ნაპირზე მდებარე სასტუმროში ვცხოვრობდი და, თავისუფალ დროს, მეგობრებთან ერთად, რამდენჯერმე ვესტუმრე იქაურობას. კრაკოვი-მალოპოლსკა 2023-ის პირველი ვიდეოდღიურიც ვაველის სასახლის ეზოში ჩავწერეთ.

დღევანდელი კომპლექსის პირველი ნაგებობები XIII-XIV საუკუნეების შესაყარზე აუგიათ მეფე კაზიმირ III დიდის ბრძანებით, ქედი კი, რომელზეც სასახლე დგას, პოლონურ ლეგენდებში გაცილებით ადრეა ნახსენები. თურმე მის ქვეშ, მღვიმეში, გველეშაპი ბუდობდა, რომელიც შიშის ზარს სცემდა მოსახლეობას და ძროხების და ცხვრების გარდა ადგილობრივებს ლამაზ გოგო-ბიჭებსაც სტაცებდა.

გაწამებულ ხალხს მხსნელად უშიშარი თავადი, სახელად კრაკი მოევლინა, რომელმაც მოსახლეობის გასაჭირი რომ მოისმინა, ხერხს მიმართა – გველეშაპს ტყავში გახვეული მარილით სავსე ტომარა მიუგდო. ის უბედური მოტყუვდა, „საჭმელი“ გადასანსლა, მაგრამ მალე წყალიც მოსწყურდა და ქვესკნელიდან მდინარისკენ გასწია. ჰოდა, კრაკმაც ვისლას ნაპირზე მოუღო ბოლო, შუაზე გააპო ურჩხული! ხალხმა თავადი დალოცა, პატივცემულმა კი ქედის გარშემო ქალაქის გაშენება ბრძანა. ასე ეწოდა იმ დასახლებას კრაკოვი.

პატარებს განსაკუთრებით მოსწონთ გველეშაპის მღვიმე. რამდენჯერაც გავისეირნე სასახლესთან, მის ჩასასვლელთან რიგი დამხვდა. მე თავი შევიკავე, მეგობარმა მითხრა დიდი არაფერიაო და ვენდე.

სამაგიეროდ, ზევით, სასახლის ეზოში განთავსებული რამდენიმე მუზეუმი მოვინახულე, პირველ რიგში იოანე პავლე II-ის სახელობის მშვენიერი საკათედრო ტაძარი, რომელიც ერთადერთი იყო, სადაც ბილეთი ვიყიდე. სხვა მუზეუმებში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრის საბუთი ვაჩვენე და უფასო, სტუმრის ბილეთი გადმომცეს.

იოანე პავლე II-ის სახელობის სამლოცველოში თავის დროზე პოლონეთის მეფეებს აკურთხებდნენ, დღეს კი იქაურობა მათი სამუდამო განსასვენებელია – ქვედა სართულზე არაერთი მეფის თუ სამეფო ოჯახის წევრის საფლავია, ოღონდ უმეტესობა მიწაში არ განისვენებს. მათი სასახლეები, რომელიც გზამკვლევს თუ ვენდობით, მოოქროვილი ფურცლებითაა შემკული, გვირაბების კედლებს გასწვრივ დგას.

ერთ-ერთ დარბაზში საქართველოს ეროვნული გმირის, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის და მისი მეუღლის მარია ელენას საფლავიც ვნახე. ისინი 2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფას შეეწირნენ, რომელმაც, მათ გარდა, მთავრობის ათეულობით მაღალჩინოსანი იმსხვერპლა.

საკათედრო ტაძარზე არანაკლებ საინტერესოა პოლონეთის მეფეთა პირადი ნივთების მუზეუმი. ერთმანეთზე ძვირფასი სამკაულები, კვერთხები, გვირგვინები, ხატები, ხალათები, ორდენები და მედლები, საათები, მონეტები, ფარდაგები, აზარფეშები და კიდევ უამრავი სხვა დანიშნულების ნივთი ტყვიაგაუმტარ შუშებს მიღმაა გამოფენილი.

ყველაზე ძალიან იარაღების მუზეუმი მომეწონა, რომელიც სამეფო სასახლის აღმოსავლეთ დარბაზშია განთავსებული. ნივთების უმეტესობა XIII-XVIII საუკუნეს მიეკუთვნება, კოლექციის სიამაყედ კი XIII საუკუნით დათარიღებული ხმალი შჩერბიეცი ითვლება, რომელსაც ახალი მეფეების ტახტზე ასვლის დროს იყენებდნენ. ორსართულიანი სივრცის ზედა ნაწილში აბჯრები, ჩაფხუტები, ჯაჭვის პერანგები, შუბები, ნაჯახები, არბალეტები, ხმლები და დაშნებია გამოფენილი, ქვევით კი ქვემეხები და საბრძოლო დროშები.

სანამ იქ შევიდოდი, ერთ-ერთი ჟურნალი ავიღე და, რატომღაც, ზუსტად იმ გვერდზე გადავშალე, სადაც ქართული მუზარადის ფოტო იყო დაბეჭდილი.

„XIV საუკუნე, სპარსული ან ქართული“ – ასეთი წარწერა ჰქონდა ფოტოს, არადა რომ დავხედე, მასზე აშკარად ქართული ასოები იყო გამოყვანილი. კრშიშტოფ ჩიჟევსკის ტექსტში აღნიშნული იყო, რომ ეს ძალიან იშვიათი ნივთია და მისი მსგავსი სულ რამდენიმეა შემორჩენილი, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოშია, ცაგერის ისტორიულ მუზეუმში.

იქვე პან ჩიჟევსკი იმასაც აღნიშნავდა, რომ ნივთი კარგა ხნის მანძილზე სპარსულად ითვლებოდა, მაგრამ მოგვიანებით ისტორიკოსს და იარაღების ექსპერტს მამუკა წურწუმიას მასზე ქართული ტექსტი ამოუკითხავს: „უფალო და გულადო მეომარო, დიდო წმინდაო გიორგი, შეეწიე საზვერელ ჩიჯავაძეს“ (წიგნში ინგლისურად მითითებული ტექსტი მე ვთარგმნე). ეს ჩიჯავაძე XVII საუკუნის იმერელი თავადი ყოფილა, რომლის კუთვნილი საბრძოლო მუზარადი რაღაც მანქანებით პოლონელ იარაღების კოლექციონერ კრასინსკისთან მოხვედრილა.

მუზეუმის თანამშრომელს რომ ვკითხე, სად შეიძლება ამ ნივთის ნახვა-მეთქი, სპარსული კულტურის დარბაზისკენ გადამამისამართა. იქ კი მივედი, მაგრამ ჩიჯავაძის მუზარადი ვერ ვიპოვე. კურატორმა მითხრა, გამოფენა იცვლება-ხოლმე და, როგორც ჩანს, თქვენთვის საინტერესო ექსპონატი საცავში გადაიტანესო. გული დამწყდა.

ვაველის სასახლე კიდევ რამდენიმე მუზეუმს აერთიანებს, მათ შორის ულამაზეს სამეფო დარბაზებს, ასევე მსოფლიოში უდიდეს ოტომანთა იმპერიის კარვებს, მაგრამ მათ სანახავად ვეღარ მოვიცალე. როგორც ჩანს, კრაკოვს კიდევ ერთხელ უნდა ვესტუმრო.

ლაშა გოდუაძე
კრაკოვი, პოლონეთი
2023 წლის 18 ივლისი

ka_GEGeorgian