პოლონური ჩანახატები: აუშვიც II – ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკი
„ებრაელები სამუდამოდ უნდა განადგურდნენ“.
ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებული პოლონეთის გენერალ-გუბერნატორის ჰანს ფრანკის ეს სიტყვები ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის შავად შეღებილ კედელზე წავიკითხე.
ჰიტლერის თანამოაზრე ფრანკმა, რომელიც ერთი პერიოდი მისი კაბინეტის წევრიც გახლდათ, ეს საშინელება 1944 წელს თქვა. იმ დროს ის კრაკოვის გულში, ვაველის სამეფო სასახლეში ცხოვრობდა და იქიდან განაგებდა ქვეყანას.
მისი მმართველობის წლებში პოლონეთში ოთხ მილიონამდე ადამიანი მოკლეს, უმეტესობა ადგილობრივები, ასევე სხვა ქვეყნებიდან ჩაყვანილი ებრაელები და სამხედრო ტყვეები.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე, 1945 წლის 4 მაისს, ფრანკი მოკავშირეთა ძალებმა დაატყვევეს. ის ერთ-ერთი იყო იმ ოცდაოთხი უმაღლესი ჩინის ნაცისტიდან, რომელიც ნიურნბერგის სასამართლოს წინაშე წარსდგა.
დაპატიმრების შემდეგ ის კათოლიკედ მოინათლა და საჯაროდაც მოინანია ყველაფერი, მაგრამ განაჩენი ულმობელი იყო – კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის სიკვდილი მიესაჯა.
„პატიმრობის პერიოდში კარგად მეპყრობოდნენ და მადლობელი ვარ ამისთვის, ღმერთს კი შეწყალებას ვთხოვ“, – ასეთი იყო ჰანს ფრანკის ბოლო სიტყვები. ის 1946 წლის 16 ოქტომბერს ჩამოახრჩვეს.
სანამ პოლონეთში, ევროპის III თამაშებზე გავემგზავრებოდი, რამდენიმე მუზეუმი მოვინიშნე. ისინი, რომლებიც კრაკოვში იყო, იოლად მოვინახულე, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკზე კი, ქალაქიდან საათის სავალზე რომ მდებარეობს, ლამის ხელი ჩავიქნიე.
თუმცა გამიმართლა: ჩემ დაბადების დღეს თავისუფალი აღმოვჩნდი და შუადღით კრაკოვის რკინიგზის სადგურიდან ოსვენციმისკენ გავწიე. ამ პატარა პოლონურ ქალაქამდე, რომელსაც ნაცისტებმა აუშვიცი უწოდეს, საათზე მეტი დამჭირდა. ისიც იმიტომ, რომ შემხვედრ მატარებელს ავარია შეემთხვა და ორი გაჩერებით ადრე ჩამოგვსვეს, აქედან ჩვენი ავტობუსით წაგიყვანთო. დაახლოებით ნახევარ საათში ტრანსპორტიც ჩამოდგა და კიდევ თხუთმეტ წუთში უკვე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის იმ ცნობილ შესასვლელთან ვიდექი, არაერთ ფილმში რომ გვინახავს და რომელსაც „სიკვდილის ჭიშკარს“ უწოდებენ.
ტერიტორიაზე შესვლას არ ვჩქარობდი, ვიფიქრე, ჯერ გარედან გადავიღებ ბანაკს და მერე შევალ-მეთქი. კარს რომ მივადექი, მცველმა მითხრა, ბილეთები აქ არ იყიდება, ეს მუზეუმის მეორე ნაწილია – აუშვიც II-ბირკენაუ, თქვენ პირველში, აუშვიც I-ში უნდა მიბრძანდეთ, ბილეთი შეიძინოთ და მერე მოხვიდეთო.
რა გაეწყობოდა? ტურისტებისთვის განკუთნვილ ავტობუსს დაველოდე და ათი წუთის შემდეგ აუშვიც I-ში, რიგში ვიდექი. იქ მოლარე გოგონამ მირჩია, მალე ოთხი საათი გახდება, თან მარტო ხართ, სჯობს ინდივიდუალური ბილეთი აიღოთ, ამ შემთხვევაში უფასოდ მოინახულებთ აქაურობას, მანამდე კი ბირკენაუ დაათვალიერეთო. საათს დავხედე, ორის ნახევარი იყო. ვიფიქრე, სანამ აქაურობას ჯგუფები მოივლიან, მე მშვიდად, ჩემ გემოზე მოვივლი მუზეუმის მეორე ნაწილს-მეთქი და გოგონას პასპორტი მივაწოდე. მან წამებში შეიყვანა მონაცემები, ბილეთი მომაწოდა და მეც იმავე ავტობუსით ისევ აუშვიც II-ბირკენაუსკენ წავედი.
საკონცენტრაციო ბანაკის ყველა დამთვალიერებელი ტერიტორიაზე მთავარი კარიდან შედის, იმ ადგილიდან, საიდანაც 1940 წლის მაისიდან 1945 წლის იანვრის ჩათვლით ტყვეებით სავსე მატარებლები შედიოდნენ და, რომელსაც, როგორც უკვე აღვნიშნე, „სიკვდილის ჭიშკარი“ ეწოდება. უნდა ვაღიარო, რომ იმ ადგილის გავლა და შემდეგ მავთულხლართებით შემოსაზღვრულ ბარაკებთან ჩავლა ძალიან დამთრგუნველი იყო. ყოველ შემთხვევაში, მე კარგზე არაფერზე მეფიქრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ რიგითი ტურისტი ვიყავი. პრინციპში, მარტო ჭიშკარი კი არა, ყველაფერი მძიმე სანახავი იყო: ბარაკები, სათვალთვალო კოშკები, რკინიგზა იმ ერთადერთი, ახლა უკვე სამუზეუმო ვაგონით, მიწათხრილები, ნანგრევები, მიწიდან ამოშვერილი საკვამურები…
როცა აუშვიც II-ბირკენაუში ჯოჯოხეთი ტრიალებდა, ბანაკის ტერიტორიაზე ათობით შენობა იდგა და ყველაფერი კონვეირის სისტემით მუშაობდა: ქალებით, ბავშვებით და მამაკაცებით, მოხუცებით და ახალგაზრდებით სავსე ვაგონები… ტყვეების შრომისუნარიანებად და უუნაროებად დაყოფა… ჯანმრთელების (და ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ) ბანაკის ერთ ნაწილში გადაყვანა და სხვების, უმრავლესობის, გაზის კამერებისკენ გარეკვა… პირადი ნივთების სრული კონფისკაცია და განადგურება… გარდაცვლილების კრემაცია და ნარჩენების ბანაკის ტერიტორიაზე დამარხვა…
დღეს შენობების უმეტესობა დანგრეულია, თუმცა ტური ისეა დაგეგმილი, რომ დამთვალიერებლებმა მაქსიმალურად მძაფრად შეიგრძნონ მაშინდელი საშინელება: სტუმრები ჯერ ლიანდაგებთან მიჰყავთ, შემდეგ ბარაკებისკენ, იქიდან იმ ადგილზე, სადაც ნაცისტი ექიმები ტყვეებს ანაწილებდნენ… ერთ-ერთი ბოლო ეტაპი იმ ტბორის მონახულებაა, რომელიც ბანაკის კიდეზე მდებარეობს და სადაც კრემატორიუმიდან გატანილ ნარჩენებს ყრიდნენ.
იქ ვეღარ მივედი, მაგრამ ყველა სხვა ადგილი ვნახე. განსაკუთრებით შემზარა ერთ-ერთი ბარაკის სუნმა. არ ვიცი მაშინდელია თუ სპეციალურად ასხამენ რამეს მძაფრი შეგრძნებისთვის, მაგრამ სანამ იქაურობას ვათვალიერებდი და ფოტოებს ვიღებდი, თავბრუ დამეხვა და კინაღამ ცუდად გავხდი.
ყველა მნიშვნელოვან ადგილზე სპეციალური სტენდია დამონტაჟებული მაშინდელი ფოტოებით და ტექსტებით: სურათებს დახედავ, რამდენიმე აბზაცს წაიკითხავ და წამებში იმ საშინელ დროში გადადიხარ.
ბანაკიდან რომ გამოვდიოდი, ისრაელიდან დიდი დელეგაცია მოვიდა, მალე მათ ებრაელი მოსწავლეებიც მოჰყვნენ. „ჩვეულებრივი ამბავია, ისრაელიდან ყოველ დღე უამრავი ადამიანი გვსტუმრობს“, – მითხრა მუზეუმის თანამშრომელმა წიგნების მაღაზიაში. აუშვიც II-ბირკენაუს ტური სწორედ იქ დამთავრდა. მეც საფოსტო ბარათები, ფოტოალბომი და ბუკლეტი ვიყიდე და აუშვიც I-სკენ მიმავალ ავტობუსში ავედი.
ლაშა გოდუაძე
ოსვენციმი, პოლონეთი
2023 წლის 4 აგვისტო