პოლონური ჩანახატები: აუშვიც I
XIX საუკუნის გერმანელი ფილოლოგი გეორგ ანტონ ლორენც დიფენბახი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი ერთ-ერთი ნოველის სათაურს ათწლეულების შემდეგ სულ სხვა მიზნით გამოიყენებდნენ.
Arbeit macht frei – შრომა ათავისუფლებს. დიფენბახის ეს სიტყვები ნაცისტებმა პირველად ქალაქ ორანიენბურგის ტყვეთა ბანაკის ჭიშკარზე დაამონტაჟეს 1933 წელს, შემდეგ კი არაერთ სხვა ადგილზეც, მათ შორის დახაუში.
რაც შეეხება აუშვიცის ავადსახსენებელ ბანაკს, უფრო კონკრეტულად კი მის პირველ ნაწილს, Arbeit macht frei იქ რუდოლფ ფრანც ფერდინანდ ჰოსის ბრძანებით გაჩნდა 1940 წელს. მას შემდეგ ეს სამი სიტყვა ნაციზმთან და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულთან ასოცირდება.
ოცდათოთხმეტი წლის იყო ჰოსი, როცა დახაუს საკონცენტრაციო ბანაკის ერთ-ერთი ბლოკი ჩააბარეს. ის ისეთი მონდომებით ემსახურა მმართველს, რომ 1938 წელს კაპიტნის ჩინამდე ამაღლდა, კიდევ ცოტა ხანში კი ზაქსენჰაუზენის ანალოგიური დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეობამდე დააწინაურეს.
1940 წლის გაზაფხულზე ნაცისტებმა პოლონეთში, პატარა ქალაქ ოსვენციმში ავსტრო-უნგრეთის იმპერიის დროინდელი სამხედრო ბაზა ებრაელი ტყვეების შესაკრებად გადააკეთეს. მესამე რაიხის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირს, შუცშტაფელის რაიხსფიურერს ჰაინრიხ ჰიმლერს ბევრი არ უფიქრია და აუშვიცად გადანათლული ოსვენციმის მართვა საქმეში ნაცად რუდოლფ ჰოსს ანდო.
იმ საშინელებებზე, რაც ჰოსმა და მისმა ხელქვეითებმა ჩაიდინეს აუშვიც I-ში და აუშვიც II-ბირკენაუში, უამრავი წიგნია დაწერილი და ბევრი ფილმია გადაღებული. ვისაც ის ამბები აინტერესებს, იოლად მოიძიებს სათანადო ლიტერატურას, მაგრამ ორი-სამი ფაქტი მაინც უნდა აღვნიშნო, რადგან იმ რამდენიმე საათის მანძილზე, რაც აუშვიც I-ში გავატარე, ყველა მათგანი გონებაში მიტრიალებდა:
ჰოსის ინიციატივით დაიწყეს ტყვეთა განადგურება მანამდე არნახული, წარმოუდგენლად სასტიკი მეთოდებით, მაგალითად გაზის, ციკლონ B-ს გამოყენებით…
ჰოსის ბრძანებით გაფართოვდა აუშვიც I-ის კრემატორიუმი, რომლის სამ ღუმელში, ოცდაოთხ საათში ოთხასამდე ცხედარი იფერფლებოდა. იქ რამდენიმე წლის განმავლობაში არ განელებულა ცეცხლი…
ჰოსი ხელმძღვანელობდა ოთხას ათასამდე უნგრელი ებრაელის განადგურებას. „ოპერაცია ჰოსი“ – ასე ეწოდება 1944 წლის მაის-ივლისის მოვლენებს, რომლის დროსაც უნგრეთიდან აუშვიცში გადაყვანილი 434 ათასი ებრაელიდან უმრავლესობა ციკლონ B-ს გაშვებით მოკლეს, შემდეგ კი დაწვეს…
1946 წლის აპრილში ჰოსი ნიურნბერგში, საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარსდგა. მორიგ დაკითხვაზე, როცა სამნახევარი მილიონი ადამიანის მკვლელობაში დაადანაშაულეს, ობერშტურმბანფიურერობამდე აღზევებულმა ნაცისტმა მშვიდად თქვა: „თქვენი მონაცემები გადაჭარბებულია. მაქსიმუმ ორნახევარი მილიონი თუ იქნებოდა“.
1946 წლის მაისში ის პოლონეთს გადასცეს. 1947 წლის მარტში პროცესი სასიკვდილო განაჩენით დასრულდა, 16 აპრილს კი რუდოლფ ფრანც ფერდინანდ ჰოსი აუშვიც I-ის საკონცენტრაციო ბანაკის კრემატორიუმთან ჩამოახრჩვეს.
იმავე წლიდან აუშვიც I-ის და აუშვიც II-ბირკენაუს ტერიტორიაზე სახელმწიფო მუზეუმი დაარსდა. დღეს ტური ისეა დაგეგმილი, რომ აუშვიც I-ის მონახულება ზუსტად იმ ადგილზე სრულდება, სადაც იქაურობის მთავარი ჯალათის სასიკვდილო განაჩენი აღსრულდა.
ჩემთვის ყველაზე საშინელი სანახავი სწორედ კრემატორიუმი იყო. ისე მოხდა, რომ იქ რამდენიმე ტურისტთან ერთად შევედი. როცა ჩემს წინ რკინის კარში შემავალ მოხუცს ვუყურებდი, წამით ვიფიქრე, რომ ის სიკვდილზე მიდიოდა…
მხოლოდ კრემატორიუმი არა, აუშვიც I-ში ყველაფერი შემაძრწუნებელია. მაგალითად მეოთხე და მეხუთე ბლოკები, სადაც სქელი შუშის მიღმა ტყვეების პირადი ნივთებია დაყრილი: სათვალეები, ფეხსაცმელები, ჭურჭელი, ტანსაცმელი…
ცალკე სართულზე, განივად თმაა დახვავებული! იქვე გაკრული აბრა გვამცნობს, რომ სასიკვდილოდ განწირულ ტყვე ქალებს ნაცისტები თმას პარსავდნენ. როცა იქაურობა გაათავისუფლეს, შენობების სარდაფებში თმით სავსე ათეულობით ტომარა იპოვეს…
არანაკლებ შემაძრწუნებელია ის დარბაზი, სადაც ციკლონ B-ს ცარიელი ქილებია დაყრილი…
აუშვიც I-ის და აუშვიც II-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკების უამრავ მსხვერპლთა შორის ქართველებიც არიან, მათ შორის ყველაზე ცნობილი კი, თეოლოგი, ისტორიკოსი, ფილოლოგი, პროფესორი, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძეა.
მეორე მსოფლიო ომის წლებში ის პოლონეთის დედაქალაქში მოღვაწეობდა: მარიამ მაგდალინელის სახელობის ტაძარში მსახურობდა, პარალელურად კი ვარშავის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. გესტაპომ ის 1942 წლის მაისში დააკავა ებრაელების დახმარების ბრალდებით.
გრიგოლ ფერაძე 6 დეკემბერს მოკლეს გაზის კამერაში. ამბობენ, რომ არქიმანდრიტი იქ საკუთარი ნებით, სხვა ტყვის ნაცვლად, მრავალშვილიანი ებრაელი მამის მაგივრად შევიდა.
1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა. რამდენიმე წლის შემდეგ იგივე მოიმოქმედა პოლონეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ.
„აქაურობა მომავალი თაობებისთვისაა დაცული“ – ასეთი წარწერაა აუშვიც I-ის შესასვლელში დადგმულ დიდ შავ ქვაზე. იქვე დამონტაჟებულ სამ სვეტზე ის ოცდათხუთმეტი ქვეყანაა ჩამოთვლილი, რომელთა ძალისხმევითაც მოეწყო ეს მუზეუმი. მათ შორისაა საქართველოც.
ლაშა გოდუაძე
ოსვენციმი, პოლონეთი
2023 წლის 16 აგვისტო