ახალი წიგნი: კვარადონა

ეს ქართულიტალიური წიგნი ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლურ თავგადასავალზეა, 2022-2023 წლების სეზონზე, რომლის მსვლელობისას მან საოცარი თამაშით გაგვახარა იტალიის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე.

რაც ფეხბურთს ვუყურებ, ჩვენიანს ასეთ მაღალ დონეზე ერთ კონკრეტულ სეზონში არასდროს უთამაშია. სკუდეტოთი დასრულებულ სერია ა-ში ხვიჩა დიდებული იყო და დამსახურებული აღიარებაც მოიპოვა. ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ კარსმომდგარ, 2023-2024 წლების კალჩოში მან უკეთესად ითამაშოს. მჯერა, რომ მას უფრო მაღალ დონეზე თამაში შეუძლია და, ამიტომაც, ვუსურვებ თავისებური ჯადოქრობებით ბევრჯერ გაგვახაროს.

როცა ამ წიგნზე მუშაობა დავიწყეთ, პრეზენტაცია სერია ა-ს დაწყებამდე ჩავიფიქრეთ, მაგრამ არ გამოდის, ამ უმძიმეს დღეებში ჩვენი გონება და ფიქრი სხვაგანაა.

ამიტომაც, ასე დავასრულებ: მადლობა ყველას, ვინც პროექტის განხორციელებაში დამეხმარა. უფრო დაწვრილებით კი მოგვიანებით ვიტყვი, როცა ფეხბურთის ყურების, წერის და კითხვის განწყობა დაგვიბრუნდება.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 12 აგვისტო

ka_GEGeorgian