1976: მინი-ფეხბურთი თბილისში

ძველ ჟურნალ-გაზეთებს თავისებური ხიბლი აქვს, სპორტულს – განსაკუთრებით. ერთმა უფროსმა მეგობარმა ამ ცოტა ხნის წინ საბჭოთა ფუტბოლ-ხოკეის კომპლექტები მაჩუქა, რომლებსაც დროგამოშვებით გადავშლი ხოლმე. რაც საინტერესოა – ვინახავ, რაც არა, ჰაიდა მაკულატურაში.

ამ შაბათ-კვირას 1976 წლის ნომრები გადავარჩიე და ჩვენ ფეხბურთზე ერთი საინტერესო ამბავიც შევიტყვე: თბილისის დინამომ, ქუთაისის ტორპედომ, ბაქოს ნეფთჩიმ და ერევნის არარატმა იანვრის დასაწყისში თბილისის სპორტის სასახლეში „ნიძელიას“ თასი გაითამაშეს მინი-ფეხბურთში. ამის შესახებ ვ.ფიოდოროვი წერს ფუტბოლ-ხოკეის მე-3-4 ნომრებში.

ავტორი აღნიშნავს, რომ ეს თასი პირველად გასცდა მოსკოვს და საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქალაქში გათამაშდა, მათ შორის თბილისში, კიევში, ლენინგრადსა და ტაშკენტში. ვ. ფიოდოროვი იმასაც წერს, რომ უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბმა, რომელთა შორის თბილისის დინამოც იყო, შეჯიბრება სეზონისთვის მოსამზადებლად არ გამოიყენა. ჟურნალისტის თქმით, ასე გადაწყვიტეს მთავარმა მწვრთნელებმა, დინამოს შემთხვევაში ნოდარ ახალკაცმა, ვინც ახალი დანიშნული გახლდათ ამ თანამდებობაზე.

პირველ ტურში ქუთაისის ტორპედომ 5:2 მოუგო არარატს (რამაზ შენგელია 2, ბადრი ფარულავა 2, ვლადიმერ შელია), დინამო კი ნეფთჩისთან დამარცხდა – 1:2 (ვლადიმერ გუცაევი).

მეორე ტურში თბილისელებმა 13:4 გაანადგურეს არარატი (ზურაბ წერეთელი 6, ვიტალი დარასელია 3, გუცაევი 2, გოჩა მაჩაიძე 2), ტორპედომ და ნეფთჩიმ კი ქულები გაიყვეს – 1:1 (შელია).

უკანასკნელ ტურში ტორპედომ შენგელიას და რევაზ ბურკაძის გოლებით 2:1 მოუგო დინამოს (გოჩა მაჩაიძე), ხოლო არარატმა 4:1 დაამარცხა ნეფთჩი.

ინდივიდუალური პრიზები ასე განაწილებულა: საუკეთესო მეკარე – ოთარ გაბელია (ტორპედო) და რომენსკი (ნეფთჩი), საუკეთესო მცველი – ბადრი ფარულავა, საუკეთესო თავდამსხმელი – ვლადიმერ გუცაევი.

1976 წლის ტორპედოს გუნდური ფოტო ვერ მოვიძიე და ამიტომ, ამ პატარა ტექსტს 1975 წლის შემადგენლობის ფოტოს დავურთავ, რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ტაშკენტში დუშანბეს პამირმა გაიმარჯვა, კიევში – ვოროშილოვგრადის ზარიამ, ლენინგრადში – ზენიტმა, მოსკოვში კი დინამომ.

ქუთაისის ტორპედო 1975

ზედა რიგი (მარცხნიდან): ჯემალ ხერხაძე, შოთა ოქროპირაშვილი, ბადრი ფარულავა, რევაზ ჭოხონელიძე, ნუგზარ ფიფია, ვლადიმერ შელია, მერაბ ჩახუნაშვილი

შუა რიგი (მარცხნიდან): თეიმურაზ გრძელიშვილი (მწვრთნელი), გენო ფუტკარაძე (გუნდის ექიმი), ოლეგ ბერულავა, დურმიშხან ქვირია, რამაზ შენგელია, ოთარ გაბელია, მიხეილ (იური) კვერნაძე, ანატოლი ნორაკიძე (უფროსი მწვრთნელი)

პირველი რიგი (მარცხნიდან): ჯონი კაკალაძე, როლანდ ფესტვენიძე, გიორგი გაბიჩვაძე, თამაზ კოსტავა, რევაზ ბურკაძე, თენგიზ სულაქველიძე

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 21 აგვისტო
ფოტო:
დავით ჭინჭარაულის კოლექციიდან. ფოტოს ავტორი უცნობია

ka_GEGeorgian