დადგინდა: უბედური შემთხვევა

ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ერთი დღით ადრე, 2010 წლის 12 თებერვალს, უისტლერის საციგაო ცენტრის ტრასაზე ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.

მომხდარიდან 235 დღის შემდეგ, კანადის ერთ-ერთი პროვინციის, ბრიტანეთის კოლუმბიის ქალაქ ვანკუვერის გამომძიებელმა ტომ პავლოვსკიმ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც მომხდარი უბედურ შემთხვევად არის კვალიფიცირებული.

პავლოვსკის დასკვნაში ნათქვამია: უისტლერის ტრასის არასაკმარისმა ცოდნამ და გამოუცდელობამ განაპირობა ის უბედური შემთხვევა, რამაც ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვა გამოიწვია.

საგამოძიებო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ქუმარიტაშვილი 145კმ/სთ სიჩქარით შეასკდა ტრასის ერთ-ერთ საყრდენ ბოძს და ადგილზე გარდაიცვალა.

პავლოვსკის დასკვნაში ჩართულია საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის იოზეფ ფენდტის წერილი, სადაც ის ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს ტრასის დამატებით შესწავლას სთხოვს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა ტომ პავლოვსკის დასკვნას „წმინდა პოლიციური შინაარსის“ დასკვნა უწოდა.

ნაცვლიშვილის თქმით, შეურაცხმყოფელია, როცა კანადელი გამომძიებელი გამოუცდელს უწოდებს მსოფლიოში 40 საუკეთესოთა შორის მყოფ სპორტსმენს.

„პავლოვსკი ტრაგედიას პოლიციური კუთხით მიუდგა, არადა, ასევე საჭირო იყო მომხდარის სპორტული კუთხით შესწავლა“, – განაცხადა გია ნაცვლიშვილმა.

ტრაგედიის შემდეგ ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა ტრასის სიგრძე შეამცირეს, სტარტის ნიშნული კი შედარებით დაბლა გადაიტანეს.

ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიის თაობაზე დამატებითი გამოძიება აღარ ჩატარდება. სეოკ-ის პრეზიდენტის თქმით, არც გარდაცვლილი სპორტსმენის ოჯახი აპირებს ჩივილს.

გია ნაცვლიშვილის განცხადებით, გერმანელი არქიტექტორები ორ კვირაში დაასრულებენ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო ტრასის პროექტს, რომლის აგებაც უახლოეს მომავალში ბაკურიანში იგეგმება.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2010 წლის 11-17 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian