რობერტო მანჩინი ოცდამეოთხეა

წელიწადში 25 მილიონი დოლარი გადასახადების გარეშე და, საერთო ჯამში, ოთხწლიანი ხელშეკრულება. ასეთია რობერტო მანჩინის მიერ საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ხელმოწერილი დოკუმენტების მთავარი დეტალები.

სპეციალისტი, რომელმაც ორი წლის წინ სკუადრა აძურას პირველი ევროტიტული მოაგებინა 1968 წლის შემდეგ, 13 აგვისტოს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ახალ შეთავაზებას დათანხმდა – ახალგაზრდული და ოლიმპიური ნაკრები გუნდების კურატორად დაინიშნა. რამდენიმე დღეში საუდელებმა მას ზღაპრული წინადადებით მიმართეს და ევროპის ჩემპიონმაც ახლო აღმოსავლეთში გასწია.

მანჩინის დებიუტი ახალ თანამდებობაზე 8 და 12 სექტემბერს შედგება, როცა საუდელები ამხანაგურ შეხვედრებში ჯერ კოსტა რიკას, შემდეგ კი სამხრეთ კორეას ნიუკასლში, სენტ-ჯემის პარკზე უმასპინძლებენ.

რა შედეგს მიაღწევს მანჩინი საუდის არაბეთში, კაცმა არ იცის, მაგრამ კალჩოზე მწერალმა ჟურნალისტებმა არქივები გადაქექეს და დაადგინეს, რომ ის 24-ე იტალიელია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავარ გუნდში იმუშავებს.

პირველი აპენინელი, რომელსაც უცხოური ნაკრები ანდეს, მარიო ასტორი ყოფილა. მან 1968 წელს დანიის ნაკრები გაწვრთნა. სრული სია ასეთია:

მარიო ასტორი – 1968 (დანია)
რომანო მატე – 1993-1996 (ინდონეზია), 2000-2001 (მალი)
ფრანჩესკო სკოლიო – 1998-2001 (ტუნისი), 2002 (ლიბია)
ჯუზეპე დოსენა – 1998-2000 (განა), 2002 (ალბანეთი)
ეუჯენიო ბერსელინი – 1999 (ლიბია)
ჩეზარე მალდინი – 2001-2002 (პარაგვაი)
მარკო ტარდელი – 2004 (ეგვიპტე)
ფაბიო კაპელო – 2007-2012 (ინგლისი), 2012-2015 (რუსეთი)
ჯოვანი ტრაპატონი – 2008-2013 (ირლანდია)
ალბერტო ძაკერონი – 2010-2014 (იაპონია), არაბთა გაერთიანებული საამიროები (2017-2019)
ჯანი დე ბიაზი – 2011-2017 (ალბანეთი), 2020 (აზერბაიჯანი)
ჯუზეპე ჯანინი – 2013-2015 (ლიბანი)
კლაუდიო რანიერი – 2014 (საბერძნეთი)
მარჩელო ლიპი – 2016-2019 (ჩინეთი)
კრისტიან პანუჩი – 2017-2019 (ალბანეთი)
დევის მანჯია – 2019-2022 (მალტა)
ედოარდო რეია – 2019-2022 (ალბანეთი)
მარკო როსი – 2018 (უნგრეთი)
ფრანჩესკო მორიერო – 2021 (მალდივის კუნძულები)
სტეფანო კუსინი – 2021 (სამხრეთი სუდანი)
ფრანჩესკო კალცონა – 2022 (სლოვაკეთი)
მიქელე მარკოლინი – 2022 (მალტა)
დომენიკო ტედესკო – 2023 (ბელგია)

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 29 აგვისტო
ფოტო:
საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian