1966: კელტები თბილისში
გუშინ მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და ეს ამბავიც ამის გამო გამახსენდა.
ჩვენმა კლუბმა ევროთასის გათამაშებაში პირველად 1972 წლის შემოდგომით იასპარეზა – უეფას თასის ოცდამეთორმეტედფინალში თბილისის დინამო ენსხედეს ტვენტეს შეხვდა.
ოცდაერთი წლის შემდეგ, 1993 წლის ზაფხულში, დინამომ უკვე საქართველოს სახელით ითამაშა, თუმცა ევროფეხბურთი თბილისს კიდევ უფრო ადრე, 1966 წლის იანვარში ეწვია.
1965 წლის შემოდგომით, აწ უკვე გაუქმებული თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში, საბჭოთა კავშირიდან კიევის დინამო ჩაერთო. უკრაინელებმა იოლად დაძლიეს პირველი ორი ეტაპი – 6:1 და 4:0 ჩრდილოირლანდიურ კოლრეინთან, 4:1 და 2:0 ნორვეგიის რუსენბორგთან – და 16 დეკემბერს, ციურიხში გამართული წილისყრით, მეოთხედფინალში მეტოქედ გლაზგოს სელტიკი ერგოთ.
იმ დროისთვის სელტიკი შოტლანდიური საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი იყო და პირველი ორი ეტაპი არანაკლებ იოლად, თან გოლის გაუშვებლად გადალახა – 6:0 და 1:0 ნიდერლანდურ გოუ ეჰედ იგლზთან და 1:0 და 2:0 დანიის ორჰუსთან. ლეგენდარული ჯოკ შტეინის ბიჭები შიდა სარბიელზეც შთამბეჭდავად თამაშობდნენ – ერთპიროვნულად ლიდერობდნენ ჩემპიონატს, ამას გარდა თასზე და ლიგის თასზეც ფინალისკენ მიიწევდნენ.
1966 წლის 12 იანვარს პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა შედგა, რომელიც სელტიკმა ბობი მერდოქის დუბლით და თომას ჯემელის გოლით ისევ „მშრალზე“ მოიგო – 3:0.
საპასუხო მატჩი 19 იანვარს იყო დანიშნული თბილისში, თუმცა სელტიკმა მატჩის ერთი კვირით გადავადება ითხოვა. ოფიციალურ მიზეზად მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა. საბოლოოდ გლაზგოელებმა საქართველოს დედაქალაქში 26 იანვარს ითამაშეს. დინამოს სტადიონზე გამართულ შეხვედრას, გაზეთ ფუტბოლის ვერსიით 45 ათასი, ხოლო ვიკიპედიის მიხედვით 30 516 მაყურებელი დაესწრო.
1:1 – ასე დასრულდა ის მატჩი. იოჟეფ საბომ მე-20 წუთზე გახსნა ანგარიში, ჯემელმა კი 31-ზე გაათანაბრა. 66-ე წუთზე იტალიელმა არბიტრმა ანტონიო სბარდელამ ხმელნიცკის და კრეიგს უხეშობა არ აპატია და ორივე გააძევა. ფუტბოლის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მსაჯმა, წესების დარღვევის გამო, 58-ჯერ შეაჩერა თამაში!
რონი სიმპსონი, ჯიმ კრეიგი, ტომი ჯემელი, ბობი მერდოქი, ჯონ ქეშლი, ჯონ კლარკი, ჯიმი ჯონსტონი, გუნდის კაპიტანი ბილი მაკნილი, ჯო მაკბრაიდი, სტივი ჩელმერსი, ჯონ ჰიუზი – ასეთი შემადგენლობით ითამაშა სელტიკმა თბილისში.
წელიწადნახევარში, 1967 წლის 25 მაისს, რვა მათგანი ლისაბონის სტადიონის მინდორზე გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში და მილანის ინტერთან 2:1 გამარჯვების შემდეგ მთავარი ევროთასიც აღმართა.
ჩემპიონთა თასის მომგებ პირველ ბრიტანულ გუნდს მას შემდეგ „ლისაბონელ ლომებად“ მოიხსენიებენ. იმ გაზაფხულზე სელტიკმა კიდევ სამი თასი შემართა, რადგან ჩემპიონატიც მოიგო, თასიც და ლიგის თასიც. ხოლო რაც შეეხება თასების მფლობელთა თასის ზემოხსენებულ გათამაშებას, იქ სელტიკი ლივერპულმა შეაჩერა…
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 1 სექტემბერი
ფოტო: გაზეთი ფუტბოლი, ჟურნალი CHAMPIONS