ლაშას მსოფლიოს მოლოდინში
ხვალ, 17 სექტემბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, პრინც ფაისალ ბინ ფაჰდის ოლიმპიურ კომპლექსში ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატს დაასრულებენ.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები წლის მთავარ შეჯიბრებაზე არცთუ კარგად ასპარეზობს. გიორგი ასანიძის გუნდის აქტივში ამ დრომდე ერთადერთი ბრინჯაოს მედალია, ისიც მცირე – შოთა მიშველიძე (61კგ) აკვრაში დაძლეული 136კგ-ით მესამე იყო.
ტურნირის დასკვნით დღეს მამაკაცები და ქალები ყველაზე მძიმე, +109 და +87კგ წონითი კატეგორიების ჩემპიონ-პრიზიორებს გამოავლენენ და ჩვენი მთავარი იმედებიც მათ უკავშირდება, უფრო კონკრეტულად კი მამაკაცთა ასპარეზობას, სადაც ლაშა ტალახაძეს ვიხილავთ. ქალთა შორის მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი ანასტასია გოტფრიდიც გამოვა, მაგრამ ის C ჯგუფშია და აქედან გამომდინარე, მისი გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოა.
რაც შეეხება ტალახაძეს: ის შეჯიბრების მთავარი ფავორიტია და პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში ქართული ოლიმპიური სპორტის ისტორიაში მსოფლიოს პირველი შვიდგზის ჩემპიონი გახდება.
დღეისათვის მას და ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძეს მსოფლიო პირველობების ყველზე მეტი, 6-6 ოქროს მედალი აქვთ. სამართლიანობისთვის დავწერ, რომ ამ უკანასკნელმა 5 ჯილდო გუნდთან ერთად მოიგო, ჯერ კიდევ საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში.
იმასაც შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლის მოგებით ტალახაძე ისტორიაში მხოლოდ მეორე ძალოსანი გახდება, რომელიც ზედიზედ შვიდჯერ მოიგებს პლანეტის პირველობას.
ამ სახეობას ერთადერთი ასეთი ათლეტი ახსოვს, საბჭოთა ძალოსანი ვასილი ალექსეევი. დაკონკრეტება ამ შემთხვევაშიც აუცილებელია – 1964-1984 წლების ოლიმპიური თამაშები ძალოსანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატადაც განიხილებოდა და ამიტომ ეთვლება მიუნხენის და მონრეალის ოლიმპიადებზე მოგებული ოქროები ალექსეევს მსოფლიო ტიტულად. 1988 წლიდან, ოლიმპიადის წლებში, მსოფლიო პირველობები აღარ ტარდება.
რაც შეეხება მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონებს, ალექსეევის გარდა ასეთი სულ ორია: ბულგარელ-თურქი ნაიმ სულეიმანოვი/სულეიმანოღლუ (1985-1986 ბულგარეთის სახელით; 1989, 1991, 1993-1995 – თურქეთის სახელით) და საბჭოთა/სომეხი იური ვარდანიანი (1977-1981, 1983, 1985).
ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება: ქართული ოლიმპიური სპორტის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე მეტი ოქროს მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს მოუგიათ – 28. მეორე ადგილზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები არიან 24 ჯილდოთი, ტატო გრიგალაშვილის და ლუკა მაისურაძის წლევანდელი ტრიუმფებით კი ძიუდომ ძალოსნობას გადაასწრო და ახლა 12 ოქროს მედლით მესამე ყველაზე წარმატებული სახეობაა. ლაშა ტალახაძის გამარჯვების შემთხვევაში ძალოსნები ძიუდოისტებს გაუთანაბრდებიან.
ერთი წიტყვით, ხვალინდელი გამარჯვების შემთხვევაში ბევრი საინტერესო ფაქტი დაიწერება, ამიტომ, ვუქომაგოთ ლაშას. თუმცა არც მოჭიდავეები დავივიწყოთ: დღეს მათი მსოფლიო პირველობაც იწყება, სერბეთში, ბელგრადში.
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 16 სექტემბერი
ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია