პოლონური ჩანახატები: ემალია

არაფრით გამორჩეული მართკუთხა შენობა არაფრით გამორჩეულ ქუჩაზე… თეთრად გადაღებილი კედლები და წვრილი შავი წარწერა – ოსკარ შინდლერის ფაბრიკა „ემალია“…
ერთ დროს იქ ასობით ადამიანი მუშაობდა და თავის გადარჩენას ცდილობდა. ქარხნის კედლებს გარეთ კი, ქუჩაში, ჯოჯოხეთი ტრიალებდა – რეჟიმისგან ათვალწუნებულებს პირდაპირ ქვაფენილზე კლავდნენ.
ემალია გერმანელ ოსკარ შინდლერს ეკუთვნოდა. ერთნი თვლიან, რომ ის სულაც არ იყო ქველმოქმედი. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ბიზნესმენი გახლდათ და მხოლოდ ფინანსური მოგება აინტერესებდა. ებრაელებსაც მხოლოდ იმიტომ ასაქმებდა თავისთან, რომ იმ დროს ყველაზე იაფად მუშაობდნენ. უფრო სწორედ, მხოლოდ საჭმელს ითხოვდნენ, სხვა გასამრჯელო არც განიხილებოდა…
თუმცა გაცილებით მეტია მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ სამყარო სწორედ ისეთ ადამიანებზე დგას, როგორიც ოსკარ შინდლერი იყო.

„ჩვენ, კრაკოველი ებრაელები, ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ 1942 წლიდან ოსკარ შინდლერის ქარხანაში ვმუშაობდით.

ჩვენი აქ ყოფნის პერიოდში, რთული და უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, მან ყველაფერი იღონა რაც შეიძლება მეტი ებრაელის გადასარჩენად. ბუნებრივი აღსასრულის გარდა, ამ ქარხანაში დასაქმებულთაგან სხვა ფორმით არავინ გარდაცვლილა.

თითოეულ ჩვენგანს, 1100 ადამიანს, 800 მამაკაცს და 300 ქალს, გამოვლილი გვაქვს პლაშოვის, გროს-როზენის და აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკები. ყოფილი ტყვეები გულითად მადლობას ვწირავთ ბატონ შინდლერს. რომ არა ის, ომის დასასრულს ვერ მოვესწრებოდით“.

ეს სიტყვები იმ ებრაელების წერილიდანაა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კრაკოვში, ოსკარ შინდლერის ემალის ქარხანაში მუშაობდნენ და ასე გადაურჩნენ ნაცისტურ რეპრესიებს.

იმ წერილს, ათასზე მეტი ადამიანის სახელით, ხელი მოაწერეს იცხაკ შტერნმა, აბრაამ ბენკიერმა, ლეიბ სალპეტერმა, დავიდ შლაგმა, ნათან შტერნმა და ხაიმ ჰილფშტეინმა. ტექსტი იმ დღეს დაიწერა, როცა კრაკოვიდან ბრუნლიცში გადატანილ ქარხანაში დასაქმებულებს შინდლერმა მეორე მსოფლიო ომის დასრულება ამცნო, ყველანაირი ვალდებულებისგან გაათავისუფლა და საბოლოოდ დაემშვიდობა.

მადლიერების ნიშნად ებრაელებმა ყოფილ ხელმძღვანელს წერილი გაატანეს და ყველა წამკითხველს მისთვის დახმარების აღმოჩენა სთხოვეს.

შინდლერის ქარხნის მუშების სახელები და გვარები იმ ამბების ყველა მკვლევრისთვის ცნობილია. მამაკაცებისა და ქალების ვრცელი ჩამონათვალი კრაკოვში დაბანაკებული ნაცისტი მაღალჩინოსნებისთვის შეიქმნა, როცა შინდლერმა ყველა დასაქმებულის ბრუნლიცში გადაყვანის ნებართვა ითხოვა.

იმ ფურცლებს დღეს „შინდლერის სიის“ სახელით იცნობენ. ორიგინალი იერუსალიმში, იად ვაშემშია დაცული, ასლები კი ვაშინგტონში, გაერთიანებული ერების ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მუზეუმში და კობლენცში, შინდლერის პირად არქივში.

შინდლერის სიას სტივენ სპილბერგის ამავე სახელწოდების ფილმშიც ვხვდებით. ოსკარის თორმეტ ნომინაციაზე წარდგენილი ეს ფილმში სპილბერგმა 1993 წელს გადაიღო. იმ დროს კრაკოვის ემალის ქარხანა უკვე მუზეუმად იყო გადაკეთებული.

ცნობილია, რომ რეჟისორი ფილმის ჰოლივუდში გადაღებას აპირებდა, პავილიონების მოწყობაც დაწყებული ჰქონდა, როცა პოლონეთის კულტურის მინისტრის მოადგილე ვალდემარ დაბროვსკი ესტუმრა და კრაკოვში ჩასვლა სთხოვა. ამ უკანასკნელის აზრით, უკეთესი იქნებოდა თუ სპილბერგი ასეთ მძიმე თემაზე უშუალოდ იმ ქალაქში და იმ ადგილებში იმუშავებდა, სადაც რეალურად მოხდა ყველაფერი.

რეჟისორი დათანხმდა. გადაღებები 72 დღეს გაგრძელდა. პრემიერა 1993 წლის 30 ნოემბერს გაიმართა. დღეს ფილმი შედევრად ითვლება, ბევრი კრიტიკოსის აზრით კი შინდლერის სია ყველა დროის უდიდესი ფილმია. კინოაკადემიის 66-ე ცერემონიაზე, 1994 წლის მარტში, შინდლერის სიამ შვიდი მთავარი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო რეჟისურისთვის, სცენარისთვის, მუსიკალური ფონისთვის…

ემალია ივნისში, ევროპის III თამაშების დღეებში მოვინახულე. ის კრაკოვის ცენტრში მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ქალაქის სტუმრებს შორის და, შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესოდაა მოწყობილი.

მუზეუმი ოთხსართულიანია და ყველაფერია გამოფენილი, რაც მაშინდელ საშინელებას უკავშირდება: გაზეთები, აფიშები, დოკუმენტები, მუშების პირადი ალბომები და ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი, დროშები, მედლები, ორდენები, ცეცხლსასროლი იარაღები, სხვადასხვა საბუთები, ვიდეომასალა, ნაცისტური სიმბოლიკიანი ალმები…

თითოეული სართული ძალიან საინტერესოა, ყველაზე შთამბეჭდავი კი შინდლერის კაბინეტი მგონია. მის საწერ მაგიდასთან, კედელზე დღემდე კიდია ევროპის ხის რუკა, რომელსაც შემთხვევით მივუახლოვდი და სიგნალიზაცია ჩაირთო, მუზეუმის თანამშრომელმა ოდნავ განზე გაწევა მირჩია…

იმავე ოთახშია ქარხნის ნაწარმით – ემალის ქვაბებით გაკეთებული ოთხკუთხა კომპოზიცია, რომელიც გარედან შუშითაა დაფარული, შიგნით კი, წრიულად, ლითონის ფურცლებია გაკრული, რომლებზეც ქარხნის მაშინდელ თანამშრომელთა გვარ-სახელებია ჩამოწერილი…

არანაკლებ საინტერესო იყო მუშების ოთახები, რომელიც იმდროინდელი დოკუმენტების მიხედვით მოაწყვეს: რამდენიმე კვადრატულ მეტრში დატეული ორსართულიანი საწოლები, კარადა, პატარა მაგიდა და სველი წერტილი. ტური მუზეუმის ოფიციალურ მაღაზიაში მთავრდება.

ჯერ კიდევ მძაფრი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი, როცა გარეთ გამოსულს ჯერ ფერარიმ ჩამიარა, შემდეგ ლამბორგინიმ.

ახლა სხვა დროა. დღეს იქაურობა თანამედროვე ხელოვანების თავშეყრის ადგილია და რამდენიმე გალერეას აერთიანებს. ერთადერთი, რაც მაშინდელ ამბებს გვახსენებს, ჭიშკრის თავზე, თეთრ კედელზე წვრილი შავი ასოებით დაწერილი სიტყვებია – ოსკარ შინდლერის ფაბრიკა „ემალია“.

ლაშა გოდუაძე
კრაკოვი, პოლონეთი
2023 წლის 22 სექტემბერი

ka_GEGeorgian