ინტერვიუ: რუუდ ვან ნისტელროი

ჟურნალ CHAMPIONSის მაისის ნომერში მადრიდის რეალის გოლეადორ რუუდ ვან ნისტელროისთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. თანამედროვეობის ერთერთი საუკეთესო ფორვარდი არაერთ საინტერესო საკითხზე საუბრობს.
რუტგერუს იოჰანეს მარტინუს ვან ნისტელროის, მარტივად რომ ვთქვათ რუუდ ვან ნისტელროის, უკლებლივ ყველა გოლი ახსოვს, რაც კი ოდესმე გაუტანია, მათ შორის კი 10 წლის წინანდელგამოარჩევს, როცა მეკარეს თითქმის მოედნის ცენტრიდან თავზე გადაუგდო ბურთი.
გოლი გაიტანა რუუუუუუდ ვააან ნისტელროოოოოოიმ! დიქტორის ეს სიტყვები ახლაც ჩამესმის, მაშინ ყველაზე ბედნიერი ვიყავი!ამბობს სახელმოხვეჭილი ფორვარდი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედში გატარებული 5 წლის შემდეგ მადრიდის რეალში გადავიდა და სადებიუტო სეზონში სამეფო კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

რას გრძნობ, როცა გოლი გაგაქვს?
უდიდეს სიამოვნებას, მაგრამ ეს სიტყვა ზუსტად ვერ აღწერს იმ გრძნობას. საოცრებაა, როცა ბურთი ბადეში ეხვევა! იმდენად მსიამოვნებს გოლის გატანა, რომ ხშირად ვარჯიშის დროს შეგდებულ ბურთს ვზეიმობ… ზოგი ფეხბურთელი ამბობს, რომ გოლი ნარკოტიკივითაა – ერთხელ თუ გაუსინჯე გემო, კვლავ მოგინდება. ნარკოტიკი არასდროს გამისინჯავს, მაგრამ როცა გოლი გამაქვს, ეგრევე მეორე მინდება…

საინტერესოა, რატომ გახსოვს ყველა გოლი?
იცით როგორ არის? აი, კარგ სიმღერას რომ მოისმენ და ვთქვათ, შენი ცხოვრების რომელიმე ტკბილი პერიოდი გაგახსენდება. ასეა გოლებიც: ყოველთვის ტკბილ მოგონებებთანაა დაკავშირებული და სამუდამოდ გამახსოვრდება…

როგორც ჩანს, გოლის გატანა ბავშვობიდან დიდ სიამოვნებას განიჭებდათ
ასეა. იცით, არასდროს მსიამოვნებდა ისეთ მოედანზე თამაში, სადაც კარს ბადე არ ჰქონდა: ბავშვმა პატარაობიდანვე უნდა ნახოს, თუ როგორ ეხვევა ბურთი ბადეში. ეს ენითაუწერელი სილამაზეა და მჯერა, როცა ამას ერთხელ დაინახავს, კვლავ გაუჩნდება იგივეს ხილვის სურვილი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიყავი… მახსოვს, მეგობრებთან ერთად ნამდვილ მოედანზე შევიპარებოდით და გოლები გაგვქონდა, მერე კი, როცა დარაჯი გამოგვივარდებოდა, უკანმოუხედავად მოვკურცხლავდით. ჩვენ ერთი მიზანი გვქონდა – გოლები ნამდვილ, დიდ კარში გაგვეტანა, ისეთში, ჩვენ კერპებს რომ გაჰქონდათ…

ვერგამოყენებულ საგოლე მომენტებს როგორ ეგუებით?
თუ თამაში კვლავ გრძელდება, მაშინ პრობლემა არაა: თავს ვამხნევებ და მომდევნო შანსის გამოყენებას ვცდილობ, მაგრამ თუ მსაჯმა თამაში დაასრულა და უგოლოდ დავტოვე მოედანი, გაფუჭებულ მომენტებზე რამდენიმე საათის მანძილზე ვფიქრობ. შინ დაბრუნებული ყოველთვის ვუბრუნდები ასეთ მატჩებს, კიდევ ერთხელ ვნახულობ ვიდეოჩანაწერს და ვფიქრობ, თუ რატომ ვერ დავაგვირგვინე ესა თუ ის შეტევა გოლით.

ერთხელ თქვით, რომ თუ პენალტს ვაფუჭებ, მერე მთელი ძალით ვცდილობ იმავე მატჩში თამაშიდან გოლის გატანასო
კი, ასეა. ოთხი ასეთი შემთხვევა მახსენდება და ყველა ჯერზე თამაშიდან გავიტანე გოლები! მაგრამ როცა ბოლო წუთზე აცუდებ პენალტს… ასეთი შემთხვევაც იყო. ბევრს ემახსოვრება, როცა მანჩესტერ იუნაიტედში არსენალთან თამაშის დროს 90-ე წუთზე პენალტი ვერ გავიტანე. ეს ჩემთვის ნამდვილი ტრაგედია იყო! მეგონა კიდევ მექნებოდა დრო, მაგრამ მსაჯმა იმწამსვე დაასრულა თამაში. შინ მისულს ნერვები მქონდა მოშლილი, მაგრამ ცოტა ხანში დავმშვიდდი – გავიაზრე რომ იმ ვერგატანილი გოლით ყველაფერი არ დასრულებულა.

საინტერესოა, როდის ითამაშეთ თავდასხმაში პირველად?
19 წლამდე ცენტრალური ნახევარმცველი ვიყავი. როცა ვუტევდით, თავდამსხმელებს ვეხმარებოდი, მეტოქის იერიშისას კი დაცვას ვამაგრებდი. ახლა რომ ვიხსენებ იმ დროს, მეცინება… სხვათა შორის, ნახევარდაცვიდან ხშირად გამქონდა გოლები და ალბათ ამიტომაც, ერთ მშვენიერ დღეს დენ ბოსში მწვრთნელმა მითხრა: მოდი, დღეს თავდასხმაში დაგაყენებ. ექსპერიმენტმა გაამართლა: სხვა საქმეს რომ მომაშორეს, გოლების გატანა დავიწყე და მას შემდეგ თავდამსხმელი ვარ.

ამბობთ, რომ ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ სასწავლი, მაგრამ ცხადია, ბევრიც იცით. რა არის თქვენი დადებითი მხარე?
პირველ რიგში ბურთის მიღება. ამის გამო მწვრთნელები პატარაობიდანვე მაქებდნენ. როცა ბურთს ვიღებ, უმალ მოძრაობას ვიწყებ და კარგად ვიცი შემდეგ მომენტში რა უნდა გავაკეთო. დადებით თვისებად ვთვლი სისწრაფესაც – ამის ხარჯზე არაერთი ძლიერი მოწინააღმდეგისთვის მიჯობნია. საუკეთესო თვისებად კი საჯარიმოში ადგილის შერჩევა მიმაჩნია. გოლების უმეტესობა სწორად შერჩეული პოზიციიდან გამაქვს.

დენ ბოშში თქვენი ყოფილი თანაგუნდელები იხსენებენ, რომ არაერთი გოლის მიუხედავად, ძალიან ბევრ მომენტს აფუჭებდით.
ჰო, ასეა… ყოველთვის ვცდილობდი გოლები ლამაზად გამეტანა, ვთქვათ, მეკარისთვის თავზე გადამეგდო ბურთი, ან უკუდარტყმით… მაშინ ცაში დავფრინავდი…

რუუდ ვან ნისტელროი

ოლდ ტრაფორდზე გატარებულ წლებში რუუდ ვან ნისტელროი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი ბომბარდირი გახლდათ

და მიწაზე როდის დაეშვით?
ჰეერენვეენში. ერთ დღეს ფრენკ რაიკაარდი და რუუდ გულიტი მოვიდნენ ჩვენი თამაშის სანახავად და მათზე შთაბეჭდილების მოხდენა გადავწყვიტე: მეკარეს ბურთი თავზე გადავუგდე… მაგრამ ძელს მოვარტყი! მერე 5 მოწინააღმდეგის მოტყუება მოვინდომე… ერთი სიტყვით, ბევრი კი ვეცადე, მაგრამ გოლი ვერ გავიტანე. გულიტმა მითხრა: თუ გინდა თასები მოიგო, ბურთი ბადეში უნდა მოათავსო და არ აქვს მნიშვნელობა, ამას როგორ გააკეთებ. რაიკაარდმა კი: ერთადერთი, რითაც თავდამსხმელის ძალა განისაზღვრება, ეს გოლებია – თუ კარგად თამაშობ, მაგრამ გოლი ვერ გაგაქვს, ჩათვალე რომ არაფერი გაგიკეთებიაო…

საინტერესოა, როგორ ატყუებს მცველებ რუუდ ვან ნისტელროი?
რაიმე განსაკუთრებული ხერხი არ მაქვს. ყოველთვის ვმოძრაობ და ვცდილობ ერთ ადგილზე არ გავჩერდე. ხელსაყრელი მომენტი ხან მარჯვნივ შეიძლება გაჩნდეს, ხან მარცხნივ… ფლანგზეც, ცენტრშიც… მცველებთან პაექრობისას ყოველთვის მახსოვს, რომ უპირატესობა მე მაქვს – მეტოქემ ხომ არ იცის რას მოვიმოქმედებ, ამ დროს კი ყველაფერი მოფიქრებული მაქვს…

თუ არის სხვაობა, როცა ბურთს საჯარიმოში და მის გარეთ იღებთ?
რა თქმა უნდა! მხოლოდ ერთს გეტყვით: თუ თავდამსხმელმა საჯარიმოში ბურთი მიიღო, მეორე შეხებით შესაძლოა კარში დაარტყას, საჯარიმოს გარეთ კი ასე, როგორც წესი, არ ხდება… მეტოქის კარის სიახლოვეს, ვცდილობ ბურთს რაც შეიძლება იშვიათად შევეხო, მთავარია მიღებისთანავე კარში დავარტყა, ან პირველი შეხებით დავამუშავო და მერე დავარტყა…

როცა მეკარესთან პირისპირ გადიხართ?
მხოლოდ ერთ რამ მსურს – გოლი გავიტანო! დარტყმის კუთხეს სულ ბოლო მომენტში ვირჩევ.

მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შემდეგ ზედიზედ გაგქონდათ პენალტები, მაგრამ შემდეგ 3 თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენეთ, მათ შორის ერთი არსენალთან. რა მოხდა?
არც არაფერი, უბრალოდ, ერთხელ რომ ავაცილე, მერე შესაძლებლობებში ეჭვი შემეპარა. როცა თავდაჯერებული არ ხარ, სასურველი შედეგის მიღწევა გიჭირს… მერე, როცა კვლავ გავიტანე პენალტი, ყველაფერი დალაგდა.

ბევრი თავდამსხმელი ამბობს, რომ ღა ახსოვს რას აკეთებს გოლის შემდეგ. თქვენ?
ალბათ, მეც ასე ვარ. ვიდეოჩანაწერებს რომ ვუყურებ და გოლის შემდეგ საკუთარ თავს ვხედავ, ვფიქრობ: ნუთუ ეს მე ვარ? ისე მიხარია, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატი მომეგოს…

ამბობენ, რომ პატარაობაში ძალიან ბრაზიანი იყავით
არა, ასე არ ყოფილა, უბრალოდ, წაგება ძალიან არ მიყვარდა და მარცხის შემდეგ ყოველთვის ცუდ ხასიათზე ვიყავი, ვბუზღუნებდი და სანამ არ მოვიგებდი, არ ვიცინოდი. სხვათა შორის, ჩემი მშობლების მეზობლები მეუბნებიან, რომ დედაჩემის მამაც ასეთი იყო…

ახლა როგორი ხართ? ემოციები მინდვრის გარეთ თუ გყვებათ?
არა, არასდროს. წაგება და მოგება ჩემს არასაფეხბურთო ცხოვრებაზე გავლენას ვერ ახდენს. ის, რაც მოედანზე იყო, იქვე უნდა დარჩეს. უცნაური ისაა, რომ არასაფეხბურთო ცხოვრება უფრო აისახება ჩემს მატჩებში.

იცოდით?
…1998 წლის 1 ივლისს, 22-ე დაბადების დღეზე, რუუდმა პსვ ეინდჰოვენთან კონტრაქტი გააფორმა. ქვეყნის ერთ-ერთმა უძლიერესმა კლუბმა ჰეერენვეენს მის სანაცვლოდ 6,3 მილიონი გირვანქა გადაუხადა, ეს კი იმ დროს ნიდერლანდების ორ გუნდს შორის განხორციელებული ყველაზე ძვირი გარიგება იყო. სადებიუტო სეზონში ვან ნისტელროიმ ჩემპიონატის 34 მატჩში 31 გოლი გაიტანა.

…2001 წლის 23 აპრილს ბომბარდირმა მანჩესტერ იუნაიტედთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ოლდტრაფორდელებმა ვან ნისტელროის სანაცვლოდ 19 მილიონი გირვანქა გადაიხადეს. ინგლისელთა მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს ფეხბურთელის შეძენა ერთი წლით ადრე სურდა და 2000 წლის 25 აპრილს კონტრაქტი თითქმის გაფორმდა, თუმცა სამედიცინო შემოწმებისას რუუდს მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა აღმოუჩინეს და გარიგებაც თითქმის ერთი წლით გადაიდო. პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონში 32 მატჩში 22 გოლი გაიტანა, მათ შორის, ზედიზედ 8 შეხვედრაში გამოიჩინა თავი – პრემიერლიგის რეკორდი.

…2002-03 წლების სეზონში ვან ნისტელროი მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდა ევროპის საკლუბო ტურნირებში – შოტლანდიელი დენის ლოუს რეკორდი გააუმჯობესა. ოლდტრაფორდული კლუბის მაისურით ლოუმ ევროთასებზე ჩატარებულ 34 მატჩში 28 გოლი გაიტანა, ჰოლანდიელმა კი 47 თამაშში 38-ჯერ გამოიჩინა თავი.

…2004 წლის 7 თებერვალს, პრემიერლიგაში ლივერპულის ევერტონთან 4:3 მოგებულ მატჩში ვან ნისტელროიმ მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა.

…2004 წლის მარტში, ფიფას საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, ფეხბურთის მეფე პელემ ვან ნისტელროი თანამედროვეობის 125 საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელა!

…2004 წლის ზაფხულში რუუდ ვან ნისტელროი მეგობარ გოგონა ლეონტინ სლაატსზე დაქორწინდა. მათ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს გაიცნეს ერთმანეთი. 2006 წლის 26 სექტემბერს წყვილს პირველი ქალიშვილი მოა-ანეტი შეეძინა.

…2006 წლის 28 ივლისს რუუდ ვან ნისტელროიმ მადრიდის რეალთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ესპანურმა კლუბმა მის სანაცვლოდ 10,3 მილიონი გირვანქა გადაიხადა. ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ მეორე შეხვედრაში, ლევანტეს წინააღმდეგ, ნიდერლანდელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა!

…2007 წლის 23 იანვარს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე თავდამსხმელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ნაკრებში ასპარეზობა დაასრულა, თუმცა იქვე დასძინა, რომ სიამოვნებით ითამაშებს ქვეყნის ოლიმპიურ გუნდში 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებში.

რუუდ ვან ნისტელროი
დაიბადა 1976 წლის 1 ივლისს ნიდერლანდების ქალაქ ოსში (ჩრდილო ბრაბანტი)
თავდამსხმელი
კლუბები: დენ ბოში (ნიდერლანდები, 1993-97; ჩემპიონატში 69 მატჩი, 17 გოლი), ჰეერენვეენი (ნიდერლანდები, 1997-98; 31-13), პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები, 1998-2001; 67-62), მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი, 2001-06; 150-95), რეალი (ესპანეთი, 2006 წლიდან; 34-22)
ტიტულები: ნიდერლანდების ჩემპიონი – 2000, 2001; ინგლისის ჩემპიონი – 2003; ინგლისის თასი – 2004; ინგლისის ლიგის თასი – 2006; ნიდერლანდების სუპერთასი – 1999, 2000; ინგლისის სუპერთასი – 2003; ნიდერლანდების საუკეთესო ფეხბურთელი – 1999, 2000; ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი (პფა) – 2002; ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი (სჟა) – 2002; ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი (უეფა) – 2002; ნიდერლანდების ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 1999 (31 გოლი), 2000 (29); ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 2003 (25); ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი – 2002 (10), 2003 (14)
ნიდერლანდების ნაკრებში: 54 მატჩ, 28 გოლი (1998-2006)

თარგმნა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ათიანი; 2007)

ka_GEGeorgian