შესვენებამდე შეცვლილები

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოსლოში, ნორვეგიასთან 1:2 წაგებულ მატჩში ხუთი მცველით ითამაშა: ფლანგებზე გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი დააყენა, ცენტრში კი სოლომონ კვერკველიას, გურამ კაშიას და სანდრო კალანდაძის სამეულს ენდო.
ოთხი დღით ადრე, თბილისში ესპანეთის წინააღმდეგ, სანიოლის არჩეულმა ოთხკაციანმა დაცვამ (დინამო არენაზე მხოლოდ დინამოელ სანდრო კალანდაძეს არ უთამაშია), ესპანეთთან სარეკორდო მარცხი იწვნია და 7 გოლი გაუშვა, თამაშგარის გამო არჩათვლილი ბურთის ჩათვლით კი, სულაც 8.

ჩემი აზრით სანიოლს, არათუ ნორვეგიაში, ესპანეთთან პირველივე ტაიმში უნდა შეეცვალა დაცვის ოთხეული, თუმცა მან სხვანაირად გადაწყვიტა. მეტიც, ის ნორვეგიაშიც იგივე მცველებს ენდო. როგორც ჩანს, კმაყოფილი დარჩა მათი თამაშით. შეცდა თუ არა, ვფიქრობ, ანგარიშებიდან კარგად ჩანს.

რატომ მოიქცა მუსიე ვილი ასე, ვერ ვხვდები. ეს გადაწყვეტილება მას ჯერ არ აუხსნია და, დიდი იმედი მაქვს, ოქტომბრის მატჩების წინ მაინც მოვისმენ პასუხს.

ესპანეთთან მატჩი მეგობრებთან ერთად ვნახე და ჩვენ სტადიონის ტრიბუნაზევე ჩამოვთვალეთ რამდენიმე შემთხვევა, როცა ცუდად მოთამაშე ფეხბურთელი უკმაყოფილო მწვრთნელმა შესვენებამდე შეცვალა.

მაშინ რამდენიმე ასეთი ფაქტი გავიხსენეთ. ნორვეგიასთან თამაშის შემდეგ დავინტერესდი, ჩვენი გუნდის ისტორიაში სულ ასეთი რამდენი შემთხვევაა-მეთქი და დათვლა დავიწყე. სია გუშინ დავასრულე.

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა 1990 წლის მაისიდან დღემდე 276 საერთაშორისო შეხვედრა გამართა და, როგორ ფიქრობთ, რამდენი ცვლილება მოხდა პირველ ტაიმში?

ზუსტად 49. თუ 2002-ის შემოდგომით, რუსეთთან ვაკეში ჩაშლილ თამაშსაც გავითვალისწინებთ, მაშინ 50, მაგრამ იმ შეხვედრას სტატისტიკის მოყვარულები სანაკრებო სიაში არ ვთვლით და ამიტომ, 49-ს დავტოვებ. სანამ ამ 49 ფაქტიდან 7 ყველაზე საინტერესოს შეგახსენებთ, ორი აბზაცი მწვრთნელებზე:

პირველ ტაიმში ცვლილებებით ლიდერია სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი, რომელმაც 2016-2021 წლებში ასეთი ნაბიჯი 9-ჯერ გადადგა. ამ მხრივ მეორეზეა დავით ყიფიანის და რევაზ ძოძუაშვილის დუეტი, რომლებმაც ეროვნულ გუნდში ხანმოკლე მუშაობის განმავლობაში შესვენებამდე 7-ჯერ შეცვალეს ფეხბურთელები.

საინტერესოა, რომ სწორედ ყიფიანი-ძოძუაშვილის წყვილია პირველი, რომლებმაც პირველ ტაიმში ერთდროულად ორი მოთამაშე გამოცვალეს, თან, ასეთი რამ 2-ჯერ მოიმოქმედეს. პირველად 2000 წლის 2 თებერვალს, ლარნაკაში, კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე სლოვაკეთთან 2:0 მოგებულ მატჩში, მეორედ კი იმავე წლის 16 აგვისტოს, თეირანში ირანთან 1:2 წაგებულ ამხანაგურში. მათ გარდა მხოლოდ ალენ ჟირესმა გააკეთა იგივე, 2005 წლის 30 მარტს, თბილისში, თურქებთან ავადმოსაგონარ, 2:5 წაგებულ შესარჩევ მატჩში.

ახლა კი 7 ყველაზე საინტერესო ნაადრევი ცვლილება:

1: საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი ფეხბურთელი, რომელიც შესვენებამდე შეცვალეს, გუნდის მომავალი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გახლავთ. 1994 წლის 16 ნოემბერს, უელსთან 5:0 მოგებულ შეხვედარში, მან 42-ე წუთზე დატოვა მინდორი. მიზეზი? გიორგი ქინქლაძის გოლით გახარებული ნემსაძე მინდორზე გასრიალდა და მუხლის მძიმე ტრავმაც მაშინ მიიღო. ნაკრების მომავალ კაპიტანს ძანგრძლივი პერიოდი გაუცდა. ნემსაძის ნაცვლად უელსთან გელა ინალიშვილმა ითამაშა.

2: ტრავმა ვახსენე და ამავე თემას გავაგრძელებ. ყველაზე მძიმედ ჟირესის დროს, თურქეთთან ზემოხსენებულ მატჩში ჩვენი მეკარის, აკაკი დევაძის 21-ე წუთზე შეცვლა მახსენდება. ნაკრები ხომ საშინლად გამოიყურებოდა, მაგრამ დევაძის უმძიმესმა ტრავმამ, მგონი, ყველა დაგვზაფრა. მეტოქესთან შეჯახების შემდეგ სახედალეწილი გოლკიპერი პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს, სადაც დიდხანს მკურნალობდა. იმ მატჩში დევაძის ადგილი გიორგი ლომაიამ დაიკავა.

3: აკაკი დევაძე მე-3 მეკარეა, რომელიც მწვრთნელმა შესვენებამდე გამოცვალა. ნაკრების ისტორიაში პირველ ტაიმში სულ 4 გოლკიპერია შეცვლილი, პირველი კი ირაკლი ზოიძეა. 1996 წლის 8 მაისს, საბერძნეთში, ქალაქ იანინაში, მასპინძლებთან 1:2 წაგებულ ამხანაგურში ჩივაძემ ის ტრავმის გამო გაიყვანა. კარში ბათუმელი ნიკა ტოგონიძე ჩადგა და ბერძნებმა ორივე საპასუხო გოლი მას გაუტანეს.

4: ჯანო ანანიძე მინდვრის ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც მეკარეს დაუთმო ადგილი. 2013 წლის 2 ივნისს, დუბლინში, ირლანდიასთან 0:4 წაგებული ამხანაგური მატჩის მე-20 წუთზე მსაჯმა გიორგი ლორია გააძევა და ნაკრების მაშინდელმა თავკაცმა თემურ ქეცბაიამაც ამიტომ შეცვალა ანანიძე ომარ მიგინეიშვილით. ირლანდიელებმა ოთხივე გოლი ქუთაისის ტორპედოელს გაუტანეს.

5: ჩვენი გუნდის ისტორიაში ყველაზე სწრაფად შეცვლილი მოთამაშე ალექსანდრე ამისულაშვილია. მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, გერმანიის ნაკრებთან ევროშესარჩევი მატჩი 2015 წლის 29 მარტს, თბილისში, მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ მე-4 წუთზე დატოვა მინდორი. მთავარმა მწვრთნელმა კახი ცხადაძემ მისი ადგილი ლაშა დვალს ანდო. ბუნდესნაკრებმა ის თამაში 2:0 მოიგო.

6: უცნაურია, მაგრამ ფაქტია: გიორგი ნემსაძე, რომელიც ნაკრების პირველი თაობის შეუცვლელი წევრი გახლდათ და ერთი პერიოდი რეკორდსმენიც იყო ჩატარებული თამაშების რაოდენობით, მწვრთნელებმა 3-ჯერ გამოცვალეს შესვენებამდე.
თუმცა ამ მხრივ რეკორდი სხვას ეკუთვნის და მგონი, მას იოლად გამოიცნობთ: თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე, რომელსაც მსგავსი რამ 5-ჯერ შეემთხვა. მჭედლიძე იმედისმომცემ ფორვარდად ითვლებოდა, თუმცა ხშირმა ტრავმებმა გააწამა.

და ბოლოს, მე-7 ფაქტიც: 2002 წლის 12 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხზე რუსეთთან ჩაშლილ თამაშში ალექსანდრე ჩივაძემ 23-ე წუთზე შეცვალა შოთა არველაძე. გლაზგო რეინჯერსის თავდამსხმელის ადგილი გიორგი დემეტრაძემ დაიკავა. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორმა შესვენებამდე დატოვა მინდორი.
ცხადია, ბევრი სხვა საინტერესო ამბის გახსენება შეიძლება. მაგალითად უემბლიზე, დევიდ ბექემის უხეშობის შემდეგ დაშავებული მამუკა მაჭავარიანის შემთხვევა რად ღირს. თბილისის დინამოელმა კარიერა, ფაქტიურად, ბექემის უხეშობის გამო დაასრულა, მაგრამ სხვა ისტორიები სხვა დროს იყოს. ფეისბუქისთვის ესეც საკმარისია.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 27 სექტემბერი

ka_GEGeorgian