ოქროს თარიღი: 1 ოქტომბერი

1 ოქტომბერი – ერთ-ერთი გამორჩეული, მართლაც რომ ოქროს დღე ჩვენი სპორტის, ქართული ოლიმპიური მოძრაობის და ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
1988 წლის 1 ოქტომბერს, სეულში, XXIV ოლიმპიური თამაშების ბოლოსწინა დღეს, ორი ქართველი გახდა ოქროს მედლის მფლობელი. ჯერ თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით გობეჯიშვილი დადგა ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე – ფინალში მთავარი მეტოქე, ამერიკელი ბრიუს ბაუმგარტნერი დაამარცხა, შემდეგ კი გელა კეტაშვილმა გაიხარა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში. ფეხბურთელებმა ფინალში ასევე მთავარი მოწინააღმდეგე, ბრაზილიელები დაამარცხეს, 2:1.
მას შემდეგ 35 წელიწადი გავიდა.

ქართული ოლიმპიური სპორტის ისტორიაში გობეჯიშვილის ტრიუმფი რიგით მეხუთე ოქროს მედალი იყო თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისთვის, აი კეტაშვილი კი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო. ის, იმავდროულად, უკანასკნელი ქართველია, რომელმაც საბჭოთა კავშირის სახელით მოიგო ოლიმპიადა. და დღემდე ერთადერთი ფეხბურთელი-ოლიმპიური ჩემპიონი.

გელა კეტაშვილი 23 წლის ასაკში დაეუფლა სეულის თამაშების ოქროს მედალს, ორი წლის თავზე კი, 1990 წლის მიწურულს, ის უკლუბოდ იყო. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა:

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ისტორიული, პირველი გოლი, ბედის ირონიით, ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის ავტოგოლი აღმოჩნდა – თბილისში, ფოთის კოლხეთი 1913-თან გახსნის მატჩში…

ამას თანაგუნდელის მკვახე რეპლიკა და მთავარ მწვრთნელთან დავით ყიფიანთან ურთიერთობის გაუარესება მოჰყვა…

იტალია 1990-ის წინ საბჭოთა კავშირის ნაკრების თავკაცი ვალერი ლობანოვსკი გელას კიევის დინამოში გადასვლას და კლუბსა და ნაკრებში ძირითად შემადგენლობას ჰპირდებოდა, მაგრამ ეროვნული მოძრაობის ზეწოლით, კეტაშვილმა საქართველოს დატოვება იუარა…

წლების შემდეგ, ერთ-ერთი ინტერვიუში, ოლიმპიური ჩემპიონი დანანებით იტყვის: სწორი იყო თუ არა თბილისში დარჩენა? პირდაპირ გეუბნებით – არა! უნდა წავსულიყავი კიევში. ამით მხოლოდ მოვიგებდი და, ალბათ, ქართული ფეხბურთიც მოიგებდა. პოლიტიკურად ანგაჟირებულ ხალხს არასდროს უნდა აჰყვე – მათი მოსმენა არაფრისმომტანია, მეტიც – დამღუპველია. დინამოში ყოველთვის იყო ინტრიგები. ჩემდამი ცუდ დამოკიდებულებას განსაკუთრებით ოლიმპიადის მოგების შემდეგ ვგრძნობდი. არაერთს შურდა, რომ ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ვიყავი. ფეხის დადებაც იყო, როგორ არა… გული მწყდება ასე რომ მექცეოდნენ… ლობანოვსკის წინადადებაზე უარის თქმით კი კარიერას ხაზი გადავუსვი. მე უმაღლეს დონეზე თამაშს ვიყავი მიჩვეული, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კი, ვთქვათ სიმართლე, ნამდვილად არ იყო საუკეთესო ასპარეზი“.

თბილისის დინამოდან წასვლის შემდეგ მან მცირე ხანს ლანჩხუთის გურიაში ითამაშა, შემდეგ მეგობრის და გენერლის, გია ყარყარაშვილის დაარსებულ თეთრ არწივში მივიდა კიდევ ერთ ყოფილ დინამოელთან, გრიგოლ ცაავასთან ერთად, 1995 წელს სერგო კუტივაძემ კვლავ დააბრუნა დინამოში, მაგრამ ყველა მცდელობა კარიერის კი არა, იმ უფერულ წლებში უფრო თავის გადარჩენას ჰგავდა.

„ოლიმპიადის ფინალში, შესვენების დროს, სტადიონზე დავით გობეჯიშვილის ჩემპიონობის შესახებ გამოაცხადეს. იმ ამბავმა ძალა შემმატა, ვიფიქრე, სადაც დათო გახდა ჩემპიონი, იქ მეც უნდა გავიმარჯვო-მეთქი. არადა, ბრაზილიას საოცრად ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა – რომარიო, ტაფარელი, ჟორჟინიო, კარეკა, ბებეტო… ჩემპიონები რომ გავხდით, ენერგიის საოცარი მოზღვავება ვიგრძენი, გაათმაგებული ძალით დავხტოდი მინდორზე! ძალიან მინდოდა რომელიმე დინამოელი ყოფილიყო იქ, თუმცა ჩემ გარდა ქართველი მხოლოდ ჩვენი ექიმი ზურაბ ორჯონიკიძე იყო და ჩემპიონობის შემდეგ პირველად მას ჩავეხუტე“, – ისევ ძველი ინტერვიუდან.

ფინალში გელა რომარიოს წინააღმდეგ თამაშობდა. სეულის ოლიმპიადის საუკეთესო ბომბარდირი, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ სამშობლოში თამაშობდა და უფრო დე ფარიასად იცნობდნენ, ოლიმპიადის შემდეგ ნიდერლანდებში, პსვ ეინდჰოვენში გადავიდა და საოცარი კარიერაც დაიწყო.

ფეხბურთელი კეტაშვილი კი, იმ საბჭოთა ნაკრების სამი შეუცვლელი მოთამაშიდან ერთ-ერთი, ოლიმპიური ტრიუმფიდან ძალიან მალე დამთავრდა.

კიდევ რამდენიმე წელიწადში გელას ოლიმპიური ოქროს მედალი, რომელიც ჩემპიონმა აფხაზეთის ომის დღეებში საქველმოქმედო საქმისთვის გაიღო, სხვა დინამოელმა სამარცხვინო სიტუაციაში იპოვა. ისევ გელას ძველი ინტერვიუდან: „ჩემი ოლიმპიური ოქროს მედალი სარფის საბაჟოზე მომუშავე ყოფილმა ფეხბურთელმა, ვახტანგ ქორიძემ ვიღაც ქალს ჩამოართვა, რომელსაც მისი თურქეთში გატანა სურდა“.

თუ 90-იანები გახსოვთ, ეს ისტორიაც არ გაგაკვირვებთ. სევდიანი ამბავია.

1988 წლის 1 ოქტომბერი კი ნამდვილად ოქროს თარიღია ქართული სპორტის ისტორიაში – დავით გობეჯიშვილის და გელა კეტაშვილის ოლიმპიური ჩემპიონობის დღე.

მას შემდეგ 35 წელიწადი გავიდა.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 2 ოქტომბერი

ka_GEGeorgian