ტაილანდის შესახებ: სიამის ტყუპები

„სიამის ტყუპების“ შესახებ როგორ არ მსმენია, მაგრამ გულახდილად ვიტყვი: აქამდე მისი ეტიმოლოგია ნამდვილად არ ვიცოდი. იმასაც დავწერ, რომ დიდად არც დავინტერესებულვარ.
მაგრამ ამ საღამოს საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი მეტოქის, ტაილანდის (12 ოქტომბერს ვმასპინძლობთ თბილისში, მიხეილ მესხზე) შესახებ საინტერესო ამბებს ვეძებდი და სწორედ მაშინ შევიტყვე, თუ საიდან მოდის გამოთქმა „სიამის ტყუპები“.

ეს ორი სიტყვა პირდაპირ უკავშირდება ტაილანდს, უფრო სწორედ კი ამ ქვეყნის ძველ სახელწოდებას – სიამს. 1939 წლის 24 ივნისამდე ტაილანდს სიამი ერქვა.

და რა შუაშია ტყუპები? საქმე ისაა, რომ 1811 წლის 11 მაისს სწორედ სიამში, სოფელ მეკლონგში (დღეს სამუტ სონგხრამი ჰქვია) დაიბადნენ ტყუპი ძმები ჩანგი და ენგი, მამით ჩინელნი, დედით მალაიზიელნი.

განა რა უნდა იყოს ტყუპებში გასაკვირი, ყველგან იბადებიან, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩანგი და ენგი მკერდის ძვლით იყვნენ შეზრდილნი! ორი თავი ჰქონდათ, ორი გული, ოთხი ფეხი, ტანი კი… ერთი!

1829 წელს, 18 წლის ასაკში, ძმებმა შოტლანდიელ რობერტ ჰანტერთან გააფორმეს კონტრაქტი და მის ცირკთან ერთად უამრავი ქვეყანა მოიარეს. პოპულარულნი სწორედ მაშინ გახდნენ, მაგრამ საინტერესოა, თუ როგორ იპოვა ბრიტანელმა საქმოსანმა ტყუპები. ერთ ნისლიან დღეს ჰანტერი მდინარე მენამზე ნავით მოგზაურობდა, როცა მოცურავე ძმები შენიშნა. თავდაპირველად ვერ გაარჩია რა დაინახა, უცხო ცხოველი ეგონა, მაგრამ ნაპირს რომ მიუახლოვდა, არნახული სურათი იხილა. ცირკის ხელმძღვანელი ამ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდა და ძმებს სარფიანი კონტრაქტიც შესთავაზა.

ჰანტერთან ათწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, როცა ხელშეკრულება დასრულდა, სიამის ტყუპებმა ფინეას ბარნუმის ცირკში გადაინაცვლეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ჩრდილოეთ კაროლინაში დაფუძნდნენ და გვარად ბანკერი აიღეს.

ხშირი გასტროლებით ტყუპებმა შთამბეჭდავი ქონება დააგროვეს და მალე დაოჯახდნენ კიდეც – 1843 წლის 13 აპრილს ჩანგმა და ენგმა ამერიკელ დებზე, ადელაიდ და სარა ენ ეიტსებზე იქორწინეს. ჩანგს ათი შვილი შეეძინა, ენგს – ერთით მეტი. მათი მეუღლეები ძმების მიერ შეძენილ მიწაზე, ორ სახლში, მეზობლად ცხოვრობდნენ და ტყუპებიც სამ დღეს ერთთან რჩებოდნენ, მომდევნო სამ დღეს კი მეორესთან ატარებდნენ.

ცნობილია, რომ მათ პირადად იცნობდა მარკ ტვენი, რომელმაც ბანკერების შესახებ რამდენიმე ნოველაც გამოაქვეყნა იმ დროის პოპულარულ სათავგადასავლო და შემეცნებით ჟურნალებში.

1874 წლის 17 იანვარს ჩანგი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ენგი, რომელიც ძმის ავადმყოფობის მიუხედავად, მანამდე თავს ჩინებულად გრძნობდა, რამდენიმე საათში აღესრულა. ისინი 62 წლის იყვნენ.

ჩანგ და ენგ ბანკერები მას შემდეგ მაუნთ ეირის სასაფლაოზე განისვენებენ, ტაილანდის იმ სოფელში კი უცნაური ტყუპების მოსაგონებლად კარგა ხანია პატარა ძეგლი დგას.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 9 ოქტომბერი

ka_GEGeorgian