ტაილანდის შესახებ: 11 ფაქტი

საქართველოს და ტაილანდის საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგურ მატჩამდე ორი დღე დარჩა. 12 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჩვენი ეროვნული გუნდი ისტორიაში 277-ე საერთაშორისო შეხვედრას გამართავს.
ეს პირველი ქართულ-ტაილანდური ჭიდილია და ტაილანდი გახდება 71-ე ქვეყანა, რომლის ნაკრებსაც დაუპირისპირდება მთავარი ქართული გუნდი.
მატჩის თარიღად 2023 წლის 12 ოქტომბერი ჩაიწერება, მაგრამ თუ ტაილანდელი სტატისტიკოსები იტყვიან, რომ მათმა ნაკრებმა თბილისში 2566 წლის 12 ოქტომბერს ითამაშა, ისინიც მართლები იქნებიან. საქმე ისაა, რომ ბუდისტური კალენდრით ტაილანდში ახლა 2566 წელია.

მუაი ტაის შესახებ თუ გსმენიათ რამე? კრივის ეს სახეობა ეროვნულ სპორტად ითვლება და სიტყვა სიტყვით „რვა კიდურის ხელოვნებას“ ნიშნავს. მუაი ტაის დღედ 17 მარტია დაწესებული. წელს, ივნისში, კრაკოვში გამართულ ევროპის III თამაშების სპორტულ პროგრამაში, რამდენიმე ახალ სახეობასთან ერთად, მუაი ტაიც იყო ჩართული და პრიზიორთა შორის ქართველიც მოხვდა – ელენე ლოლაძე, რომელმაც 54კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.

კიდევ 11 საინტერესო ფაქტი კი ტაილანდის შესახებ ასეთია:

1: 1939 წლის 24 ივნისის შემდეგ ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებაა ტაილანდის სამეფო. მანამდე მას სიამი ეწოდებოდა. უმეტეს შემთხვევაში ქვეყანას მხოლოდ ტაილანდად მოიხსენიებენ.

2: სამხრეთი აზიის ქვეყნების სახელგანთქმული ფრანგი მკვლევრის და ისტორიკოსის ჟორჟ კოდეს განმარტებით, ტაილანდურ ენაზე სიტყვა ტაი „თავისუფალ ადამიანს“ ნიშნავს.

3: სახელმწიფო დროშა სამფეროვანია, ორ-ორი ჰორიზონტალური წითელი და თეთრი და შუაში ერთი დიდი ლურჯი ზოლით. წითელი ხალხს აღნიშნავს, თეთრი – რელიგიას, ხოლო ლურჯი მონარქიას. ეს დროშა 1917 წლის 28 სექტემბერს დამტკიცდა, 2017 წელს კი, საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, 28 სექტემბერი ტაილანდში სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.

4: ტაილანდის სიმბოლოა მითოლოგიური არსება გარუდა, ადამიანი-ჩიტი, რომლის ფესვებიც ბუდისტური რელიგიიდან მომდინარეობს. მას ხრუტის სახელითაც იცნობენ. გარუდა ტაილანდურ ბანკნოტებზე, სამეფო სასახლეების ჭიშკარზე, ასევე ოფიციალურ დოკუმენტებზეა გამოსახული.

5: ქვეყნის უდიდესი ქალაქი დედაქალაქი ბანგკოკია, რომლის სრული სახელწოდება ასეთია: კრუნგ თეპ მაჰანახონ ამონ რატანაკოსინ მაჰინთარა აუთაია მაჰადილოკ ფოპ ნოპფარატ რატჩათანი ბურირომ უდომრატჩანივეტ მაჰასათან ამონ პიმან ავატან სათიტ საკათატია ვიცანუკამ პრასიტი. პირველი ორი სიტყვა კრუნგ თეპ ანგელოზების ქალაქს ნიშნავს. ბანგკოკი დედაქალაქად 1767 წელს გამოცხადდა.

6: ტაილანდი მსოფლიოს 50-ე უდიდესი ქვეყანაა.

7: ტაილანდის სამეფოს მთლიანი ფართობის 31% ტყეა. ქვეყანაში 156 დაცული ტერიტორიაა, მათ შორის 67-ში კი ნადირობა აკრძალულია.

8: ქვეყნის სიმბოლო სპილოა – ჩანგ თაი. ტაილანდელები სპილოს დღეს 13 მარტს აღნიშნავენ. კანონმდებლობით, ყველა თეთრი სპილო მეფის საკუთრებაა და მთელი ცხოვრების განმავლობაში მონარქის მფარველობის ქვეშ იმყოფება. 1850 წლის მონაცემებით ქვეყანაში 100 ათასამდე სპილო ბინადრობდა, თუმცა დღეისათვის მათი რაოდენობა 2 ათასამდეა შემცირებული.

9: ტაილანდურ კულტურაში კვირის თითოეული დღე ცალკეულ ფერს და პლანეტას აღნიშნავს. ორშაბათი – ყვითელს და მზეს, სამშაბათი – ვარდისფერს და მარსს, ოთხშაბათი – მწვანეს და მერკურის, ხუთშაბათი – ნარინჯისფერს და იუპიტერს, პარასკევი – ლურჯს და ვენერას, შაბათი – იასამნისფერს და სატურნს, კვირა კი წითელს და მზეს.

10: ტაილანდურ ენაზე ციფრი 5 ჰა-დ გამოითქმის, ხოლო მოკლე ტექსტური შეტყობინება 555, ანუ ჰა-ჰა-ჰა, ინგლისური აბრევიატურის LOL-ის ანალოგია.

11: გაერთიანებული ერების ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კოვიდ-პანდემიამდე ტაილანდის შემოსავალი ტურიზმიდან 60.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, მნახველთა საერთო რაოდენობით ქვეყანა მსოფლიოში მერვე ადგილზე იყო, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაზე წინ. ცნობილია, რომ სექს-ტურიზმის მხრივ ტაილანდი მოწინავე ქვეყანაა. არაოფიციალური მონაცემებით, უცხოელების მიერ ტაილანდში დახარჯული ყოველი 100 აშშ დოლარიდან 10 სექს-ტურიზმზე მოდის.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 10 ოქტომბერი

ka_GEGeorgian