საქართველო 8:0 ტაილანდი

ეს გამარჯვება, თუნდაც ისტორიული, ესპანეთთან თბილისური 1:7-ით გამოწვეულ ნაღველს ვერ გამიქარვებს, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო. სხვა თუ არაფერი, ჩვენი ეროვნული გუნდის არცთუ საამაყო ისტორიაში ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა. რაც მეტი იქნება ასეთი გამარჯვება და, სასურველია უკეთეს მეტოქეებთან, მით უკეთესი ჩვენთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის.

ტაილანდის ნაკრებთან საწვრთნელ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, კვიპროსთან კარსმომდგარი შესარჩევი მატჩია (15 ოქტომბერს), თუმცა ქეცბაიას გუნდთან პაექრობაზე მოგვიანებით იყოს, ახლა კი გუშინდელი ამხანაგური მატჩის 11 საინტერესო ფაქტი:

1: საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ტაილანდი 71-ე მეტოქეა და, ამავდროულად, მე-10 აზიური ქვეყანის გუნდი.

2: ჯვაროსნების ისტორიაში გუშინდელი მატჩი 120-ე ამხანაგური შეხვედრა იყო (277-დან).

3: 33-წლიან ისტორიაში ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. ძველი რეკორდი, სომხეთთან 7:0 (1997.03.30), ერთი ბურთით გაუმჯობესდა.

4: ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ერთ ტაიმში – საქართველომ ტაილანდელებთან პირველი ნახევარი 6:0 მოიგო!

5: ეს იყო ნაკრების ისტორიაში 23-ე, საშინაო მატჩებში მე-15, ხოლო ამხანაგურ შეხვედრებში მე-10 გამარჯვება დიდი ანგარიშით, 3 ან მეტი ბურთის სხვაობით.

6: გიორგი მიქაუტაძემ ნაკრების ისტორიაში პირველი პოკერი (მატჩში 4 გოლი) მიითვალა. ამსტერდამის აიაქსის ფორვარდმა ტაილანდს 24-ე, 37-ე, 41-ე და 56-ე წუთებზე გაუტანა 4 გოლი. საინტერესოა, რომ ნაკრებში ჩატარებულ პირველ 18 მატჩში მას იგივე რაოდენობის გოლი ჰქონდა შეგდებული.

7: შოთა არველაძის შემდეგ მიქაუტაძე ნაკრების ისტორიაში მეორეა, რომელმაც თამაშში 3 ან მეტი ბურთი გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიქაუტაძემ ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი შეასრულა – 17 წუთში (24, 37, 41), თან, ერთ ტაიმში!

8: ეროვნულ ნაკრებში გატანილი 8 გოლით მიქაუტაძე ყველა დროის ბომბარდირთა შორის ახლა მე-9 ადგილზეა გიორგი ქინქლაძის, დავით სირაძის და გიორგი ჩაკვეტაძის მხარდამხარ.

9: სოლომონ კვერკველია ნაკრების ისტორიაში 25-ე კაპიტანია.

10: საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ვილი სანიოლმა მე-13 თამაში მოიგო, რითაც ალექსანდრე ჩივაძის და თემურ ქეცბაიას შედეგი გაიმეორა. რეკორდი ვლადიმირ ვაისს ეკუთვნის – 16 გამარჯვება. საინტერესოა, რომ სანიოლმა მე-13 მოგება 28-ე შეხვედრაში იზეიმა, რაც საუკეთესო შედეგია ხსენებულ ოთხ მწვრთნელს შორის. შედარებისთვის: ჩივაძემ 35-დან 13 მატჩი მოიგო, ქეცბაიამ 40-დან 13, ხოლო ვაისმა 47-დან 16.

11: ვაისის და ჩივაძის შემდეგ ვილი სანიოლი მხოლოდ მე-3 მწვრთნელია, რომლის ხელში ჩვენმა ნაკრებმა მინიმუმ 40 ბურთი გაიტანა. ვაისის საქართველომ 47 მატჩში 61 ბურთი შეაგდო, ჩივაძის დროინდელმა ნაკრებმა 35 მატჩში 43, ხოლო სანიოლის ხელმძღვანელობით გამართულ 28 მატჩში საქართველოს ნაკრებს უკვე 46 გოლი აქვს გატანილი.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 13 ოქტომბერი
ფოტო: ეროვნული ნაკრები

ka_GEGeorgian