პირველი უცხოელი მწვრთნელი ნაკრებში: იოჰან ბოსკამპი

„დავით ყიფიანი, მურთაზ ხურცილავა, თემურ მახარაძე, გივი ნოდია და ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი. აქ ისინი ჩამოვთვალეთ, რომლებსაც, ჩვენი აზრით, სხვებთან შედარებით მეტი შანსი აქვთ, ნაკრები ჩაიბარონ.
ვნახოთ, რას გადაწყვეტენ ფეხბურთის ფედერაციაში. ჯერჯერობით უცნობია ის თარიღი, როცა ახალი მწვრთნელის ვინაობა გამოცხადდება.
ისე კი, რაც მალე, მით უკეთესი. ვლადიმერ გუცაევმა თავის გადადგომის თაობაზე ოცდახუთი დღით ადრე თქვა. ფედერაციას საქმე გაუიოლა. კარგი იქნება, თუ ჟორდანია და კომპანია თავიანთ წინამორბედთა მსგავსად არ მოიქცევიან და ნაკრების მწვრთნელს ზედ ოფიციალური თამაშის წინ არ დანიშნავენ. ეს საკითხი უახლოეს ხანს უნდა მოაგვარონ. მომავალ მწვრთნელს 30 მაისის მატჩამდე დაფიქრება სჭირდება“.

ეს ტექსტი სარბიელის პირველ გვერდზე 1999 წლის 7 აპრილს დაიბეჭდა. ზუსტად ერთი თვის თავზე იგივე გაზეთმა გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გააცნო – ნიდერლანდელი სპეციალისტი იოჰან ბოსკამპი. ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ბოსკამპის გამოჩენა, წლების შემდეგ, ასე გაიხსენა:

„ყველაფერი ბელგიიდან დაიწყო, საფეხბურთო კლუბ რასინგ მეხელენში, სადაც რამდენიმე ქართველი თამაშობდა, დავით ყიფიანიც იქვე იყო და სხვა ჩვენებურებიც საქმიანობდნენ.

კლუბში კარგი, მცოდნე სპეციალისტის მიწვევა გადაწყდა. ბევრი კანდიდატურა განვიხილეთ, მაგრამ ბოლოს არჩევანი იმ დროისთვის უმუშევარ იოჰან ბოსკამპზე შეჩერდა. როცა მის შესახებ უცხოელ პარტნიორებს დავეკითხეთ, ყველამ გვიქო, ძალიან კარგი მწვრთნელიაო. შემდეგ თავად ბოსკამპს მივაკითხეთ, დაველაპარაკეთ და, ფაქტობრივად, საქმეც მოვაგვარეთ – რასინგ მეხელენი უნდა გაეწვრთნა.

შემდეგ რაღაცები შეიცვალა, თუმცა მალევე გადავწყვიტეთ ბოსკამპის დინამოში ჩამოყვანა. შემდეგ კი, როცა თბილისში ჩამოვიდა, იმაზეც დავფიქრდით, მისთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა ხომ არ შეგვეთავაზებინა, მით უმეტეს, რომ ვლადიმერ გუცაევი წასვლას აპირებდა.

მაშინ ეროვნული გუნდის მწვრთნელად ისეთი პიროვნების დანიშვნა გვინდოდა, რომელსაც წმინდა საფეხბურთოს გარდა, მოთამაშეებთან სხვა ურთიერთობა არ ექნებოდა. მაშინ უკვე იცოდით, რომ ნაკრების წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ გუნდში შექმნილი უსიამოვნო ატმოსფერო იყო“.

1999 წლის გაზაფხულზე ქართულ ფეხბურთში საინტერესო ამბები მოხდა. ამ წერილში ვეცდები თანმიმდევრულად გავიხსენო ის მოვლენები, რაც წინ უსწრებდა ბოსკამპის ეროვნულ გუნდში მოსვლას.

7 მაისის სარბიელში კობა ინასარიძის ვრცელი წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც ჟურნალისტმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის ხუთივე კანდიდატი დაახასიათა, მათ შორის ბოსკამპი. იმ პერიოდში მისტერ იოჰანი ჯერ მხოლოდ დინამოს ახალ მთავარ მწვრთნელად მოიაზრებოდა, ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი კლუბის მესვეურები მურთაზ ხურცილავას ადგილზე სწორედ ბოსკამპს ხედავდნენ.

სარბიელის ჟურნალისტმა წერილში „ახლა ვისი დროა“, კანდიდატები ასეთი თანმიმდევრობით განიხილა: #1 – დავით ყიფიანი, #2 – მურთაზ ხურცილავა, #3 – თემურ მახარაძე, #4 – გივი ნოდია, #5 – იოჰან ბოსკამპი. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ინასარიძემ დაწერა:

„ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატთა შორის ბოლოს კი მოვიხსენიეთ, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, ეროვნული გუნდი სწორედ ჰოლანდიელ იოჰან ბოსკამპს ჩააბარონ. კაცს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და ახლო მომავალში თბილისის დინამოს კონსულტანტი იქნება.

საქართველოს ჩემპიონები იმედოვნებენ, რომ მისი დახმარებით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შეაღწევენ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიასთან მას საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს, მეგობრობს მის წრესთანაც.

ბოსკამპის საქართველოში სტუმრობა გერმანიაში მოღვაწე ბოზნესმენის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ახლობლის, მიხეილ სურგულაძის დამსახურებაცაა. ერთი სიტყვით, ნუ გაიკვირვებთ, თუ საქართველოს ეროვნულ გუნდს უცხოელი გაწვრთნის“.

ბოსკამპი პირველად 2 აპრილს გვეწვია და დინამოს ხელმძღვანელებთან ერთად თბილისში გამართულ რამდენიმე თამაშს დაესწრო. რაც შეეხება დინამოს, საქართველოს საუკეთესო კლუბი ნიდერლანდელმა ორჯერ ნახა – ჯერ ეროვნულ სტადიონზე, ზუგდიდის ოდიშის წინააღმდეგ, მეორედ კი ფოთში, კოლხეთი 1913-თან მატჩში.

ნაკრების და როტერდამის ფეიენოორდის ყოფილმა ნახევარმცველმა (იოჰან კრუიფის არყოფნაში, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, არგენტინაში, მე-14 ნომრით სწორედ ბოსკამპმა ითამაშა) საქართველოში ათი დღე დაჰყო. ინასარიძე მას ბელგიაში გამგზავრების წინ გაესაუბრა. ინტერვიუ სახელად „ჟამი ფიქრისა“ სარბიელში 15 აპრილს გამოქვეყნდა. „ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა არავის შემოუთავაზებია, მე დინამოს კონსულტანტად მომიწვიეს“, – თქვა მაშინ ბოსკამპმა.

შემდეგ ნორვეგიელები გვესტუმრნენ, რასაც ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველაზე მწარე საშინაო მარცხი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ხელმოწერილი ბრძანება მოჰყვა, რომლის მიხედვით თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელები ვლადიმერ გუცაევი და გიგლა იმნაძე, ასევე მათი თანაშემწეები, სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრები და ადმინისტრატორები.

1 მაისისთვის გუცაევის შემცვლელი შესაძლო ხუთეული სამამდე შემცირდა, სხვადასხვა მიზეზის გამო საბოლოოდ გამოირიცხა თემურ მახარაძის და გივი ნოდიას კანდიდატურები. ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის წინ კი, 6 მაისს რომ დაინიშნა სასტუმრო შერატონში, ქართული ფეხბურთით დაინტერესებულმა ყველა გულშემატკივარმა იცოდა, რომ ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლებოდა, ისტორიაში პირველად.

იოჰან ბოსკამპი, ბატონი 99% – ამ წარწერით გამოქვეყნდა ნიდერლანდელი სპეციალისტის დიდი ფოტო 6 მაისის სარბიელის პირველ გვერდზე. მეორე გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში „სხვა არავინ“, მერაბ ჟორდანიას კომენტარიც დაიბეჭდა:

„მთავარი მწვრთნელის კანდიდატი ერთია, ბოსკამპი. სხვა კანდიდატი არ არსებობს. ის თანახმაა. მისი ეროვნული გუნდის თავკაცობა დინამოს გაძლიერების და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში მოხვედრის პროექტს უნდა შეუთავსდეს“.

7 მაისს, ხუთშაბათს გამოსული სარბიელის ნახევარი აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას და, პირველ რიგში, ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს, იოჰან ბოსკამპს დაეთმო.

Welkom Johan Boskamp En Veel Succes!

იოჰან I – პირველი უცხოელი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მორყეულ ტახტზე! – ამ სიტყვებს ამოიკითხავდით იმდღევანდელი სარბიელის პირველ გვერდზე.

კონსტანტინე გოგიშვილმა, რომელიც კოლეგებთან ერთად დაესწრო 6 მაისის აღმასკომს, წერილში „ბოსკამპი გაBOSSდა“, აღნიშნა:

„ჭეშმარიტად უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა ქართულ ფეხბურთში. ამას ყველა იქ მყოფი გრძნობდა. სასტუმროს მრავლისმნახველ ფოიეს მხოლოდ ქართული მასმედიის წარმომადგენლების ჟრიამული აცოცხლებდა. ხომ თითქმის გადაწყვეტილი და ადრევე ცნობილი ჩანდა ყველაფერი, ჟურნალისტები მაინც ახალს, მოულოდნელს, უჩვეულოს ელოდნენ და ნებისმიერი მათგანის სახეზე ამოიკითხავდით შინაგან დაძაბულობას.

არაფერი მომხდარა მოულოდნელი. მოხდა ის, რაც 99 პროცენტით იცოდა ყველამ. 6 მაისს, გიორგობას, ის დარჩენილი ერთი პროცენტიც გამართლდა და იოჰან ბოსკამპი საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად გამოცხადდა“.

ავლაბარში მივლენილმა მეორე სარბიელელმა, პაატა კვანტალიანმა აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგ გამართული პრესკონფერენცია ჩაიწერა. ჟურნალისტების კითხვებს სფფ-ის პრეზიდენტმა, ბოსკამპმა და ახალგაზრდული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მურთაზ ხურცილავამ უპასუხეს.

„ოთხი დღის წინ ბატონ ედუარდ შევარდნაძეს შევხვდი. იგი ძალიან გაახარა სფფ-ის გადაწყვეტილებამ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ცნობილი ქართველი ბიზნესმენი და სპორტის დიდი მეცენატი, ბატონი მიხეილ სურგულაძე, პიროვნება, რომელიც აქტიურად მონაწილეობს თბილისის დინამოს აღორძინების პროექტში. ეს პროექტიც ძალიან მოიწონა ბატონმა ედუარდმა…

თავად ბოსკამპის სურვილი იყო, რომ დასაწყისისთვის ექვსთვიანი კონტრაქტი დაგვედო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ მასთან მუშაობას გავწყვეტთ. გადავხედავთ ეროვნული ნაკრების შედეგებს და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ. არ გამოვრიცხავთ, რომ ბოსკამპთან მუშაობა შემდეგაც გაგრძელდეს. რაც შეეხება საკონტრაქტო თანხას, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ კონტრაქტის პირობებით ორივე მხარე კმაყოფილია. ანაზღაურება კი იქნება ისეთი, როგორიც ევროპაში მომუშავე კარგ სპეციალისტს ეკადრება…

არსებულ მდგომარეობას რეალურად ვაფასებ, ამიტომ, ბატონ იოჰანს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრას ვერ მოვთხოვთ. ძირითად აქცენტს მომავალ შესარჩევ ციკლზე გავაკეთებთ და ბოსკამპს ყველა პირობას შევუქმნით საიმისოდ, რომ ახალი, გამართული ნაკრები ჩამოაყალიბოს…

რაც შეეხება დავით ყიფიანს, მინდა მოგახსენოთ, რომ მას ერთობ საპასუხისმგებლო ფუნქციები დაეკისრა როგორც ეროვნულ ნაკრებში, ასევე დინამოში. ეს კი შემდეგში გამოიხატა: ბატონ ბოსკამპს გადაწყვეტილი აქვს თბილისის დინამოს გაძლიერება რამდენიმე უცხოელი მოთამაშით და რაკი მათთვის ადგილზე თვალის დევნების შესაძლებლობა არ ექნება, ამ საქმეს დავით ყიფიანი მიხედავს“, – განაცხადა მერაბ ჟორდანიამ.

სფფ-ის პირველმა პირმა სხვა გადაწყვეტილებებიც მიმოიხილა: ისევე, როგორც ბოსკამპის კანდიდატურა, აღმასკომმა ერთხმად დაამტკიცა XI ეროვნული ჩემპიონატის და თასის X გათამაშების რეგლამენტი; დანიშნა ფედერაციის კომიტეტების თავმჯდომარეები; მიზანშეწონილად მიიჩნია ეროვნულ და ოლიმპიურ ნაკრებ გუნდებს შორის საქველმოქმედო-საკონტროლო მატჩების ჩატარება და დღის წესრიგში დააყენა ქართული ფეხბურთის მუზეუმის შექმნის საკითხი.

„ვიცი, რომ მძიმე დრო უდგას ახალგაზრდულ ნაკრებს, სიდნეის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსიც არ არსებობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამთავითვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი ახალი გუნდის შენებას…

წაგებულის ფსიქოლოგიის ფეხბურთელები არ გვჭირდება. ახალგაზრდული ნაკრების დატოვება ბევრს მოუწევს, გუნდი საგრძნობლად გადახალისდება. ამთავითვე ვაცხადებ, რომ ნაკრების ძირითად ბირთვს დინამო 2-დან მოწვეული ფეხბურთელები შექმნიან“, – ეს უკვე მურთაზ ხურცილავას სიტყვებია. მას დიდხანს არ უსაუბრია, რამდენიმე პასუხით შემოიფარგლა.

არც ღია მწვანე ფერის პიჯაკში გამოწყობილი იოჰან ბოსკამპის პრესკონფერენცია გაგრძელდა დიდხანს:

„ნორვეგიაში მატჩისთვის შემადგენლობას ორი კვირით ადრე დავასახელებ. გეტყვით, რომ გარკვეული სიურპრიზები იქნება, ჩვენ უკვე ვაკვირდებით რამდენიმე ახალ მოთამაშეს…

ნაკრების მომზადების დეტალური გეგმა არსებობს და ჩვენ ამ გეგმით ვიმოქმედებთ. ამიერიდან ეროვნული ნაკრები ყველა საშინაო შეკრებას დიღმის ბაზაზე მოაწყობს…

საქართველოს ნებისმიერი რანგის ნაკრები ერთნაირი ტაქტიკით უნდა თამაშობდეს“…

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ შერატონი ნელ-ნელა დაიცალა, თუმცა ნიდერლანდელი სპეციალისტი არსად წასულა. მან, თანაშემწე ფრანსუა დე იონგთან და ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ბოკერიასთან ერთად, სასტუმროში მდებარე ამერიკულ ბარ კლემერსში გადაინაცვლა. სარბიელის ჟურნალისტს კობა ინასარიძეს სამეულმა სწორედ იქ დაუთქვა შეხვედრა. „არ მელოდით“?! – მათი საუბრის ჩანაწერი ამ სათაურით გამოქვეყნდა 7 მაისის სარბიელის მეოთხე-მეხუთე გვერდებზე.

-ხშირად გამაკრიტიკებთ? – იკითხა ინტერვიუს დასაწყისში ბოსკამპმა.

-თქვენზეა დამოკიდებული. თუ დაიმსახურებთ, არც ქებას დაგაკლებთ, – ასეთი იყო ჟურნალისტის პასუხი.

-მაინც ვერაფერს გავიგებ, ჯერ ქართულად არაფერი მესმის. ისე, თუ გამაკრიტიკებთ, ძალიან გთხოვთ, ზომას ნუ გადახვალთ, მოვლენები ობიექტურად შეაფასეთ. და რომ იცოდეთ, თქვენს აზრს სიამოვნებით მოვისმენ. ჟურნალისტებთან დისკუსია ყოველთვის სასიამოვნოა. მე თქვენთან ურთიერთობისთვის მზად ვარ, სიტყვას არავის დავამადლი. ოღონდ, კვირაში ხუთჯერ ნუ მომაკითხავთ, – თქვა ბოსკამპმა.

იმ ინტერვიუში მან ასევე თქვა:

„ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ როცა უტევს, უკან აღარ ბრუნდება. შეტევა თუ გეხერხება, დაცვაშიც უნდა ყოჩაღობდე. საქართველოში ასე არ არის. ამას სასწრაფოდ სჭირდება მიხედვა…

არასოდეს მოვიწვევ ისეთ ფეხბურთელს, რომელიც კლუბში არ თამაშობს. აქედან გამომდინარე, ნაკრებში ლეგიონერთა რიცხვი შემცირდება. გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ, ალბათ, ნაკრების ნახევარი უცხოეთში მოთამაშე იქნება, ნახევარიც – ქართული კლუბებიდან…

ძალიან მომწონს კალაძე, ნემსაძე, ქეცბაია და ჯანაშია. ვნახოთ, ვინ როგორ გამომადგება, ვინ როგორ შეასრულებს მითითებებს. მე მათი ხასიათიც არ ვიცი. უბრალოდ, ნაკრების რამდენიმე მატჩის ნახვის შემდეგ ამ ფეხბურთელებზე კარგი წარმოდგენა შემექმნა. მგონი, ისინი მოერგებიან ჩემებურ ტაქტიკას…

ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. მენტალიტეტში მაინცდამაინც დიდი სხვაობა არ შემიმჩნევია. არა მგონია, ფეხბურთელებმა ვერ გამიგონ. მათთან მეგობრული ურთიერთობა მექნება“.

ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი უცხოელი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას რამდენიმე ფეხბურთელი გამოეხმაურა.

შოთა არველაძე, ამსტერდამის აიაქსის თავდამსხმელი: „აქაურები, ვისთანაც მისაუბრია, აქებენ, მცოდნე მწვრთნელიაო. ალბათ, ასე იქნება, ანდერლეხტს რომ ორჯერ გააჩემპიონებ, თავისთავად, მრავლისმეტყველი ფაქტია. ღმერთმა ქნას და გვეშველოს, ჩვენც სხვა რა გვინდა. ბოსკამპის ნაკრებში მოსვლით, მგონი, ბევრი რამ შეიცვლება“.

გოჩა ჯამარაული, ციურიხის ნახევარმცველი: „ბოსკამპზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ანდერლეხტის მწვრთნელი ყოფილა და წარმატებებისთვისაც მიუღწევია. თუ გამომიძახებს, ხომ კარგი, ჩამოვალ. დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ“.

კახი კალაძე, კიევის დინამოს მცველი: „იოჰან ბოსკამპს საერთოდ არ ვიცნობ. არც მის მწვრთნელობაზე მსმენია რამე, მაგრამ რადგან ეროვნული ნაკრები ჩააბარეს, ვფიქრობ, ურიგო სპეციალისტი არ იქნება. არა მგონია, მასთან ურთიერთობისას პრობლემები შემექმნას. მე ჩემსას გავაკეთებ, დანარჩენი თავად იცის. მთავარია, კარგი მწვრთნელი იყოს, ეგებ, მის ხელში მაინც მივაღწიოთ წარმატებას“.

ქართული ფეხბურთი იოჰან ბოსკამპისგან ახალკაცობას ელისნიდერლანდელის დიდი ფოტო 8 მაისის სარბიელის პირველ გვერდზე ამ წარწერით დაიბეჭდა, ჟურნალისტმა კონსტანტინე გოგიშვილმა კი წერილში „კაცი, რომელიც იცინის“ (იმავე ნომრის მესამე გვერდი), აღნიშნა:

„ქართველის ბუნება ასეთია – პატივს ავტორიტეტებს სცემს. ყველაფერ კარგს კი „საუცხოოს“ ეძახის. იქნებ, ამ შემთხვევაშიც უცხო წამალმა გაჭრას.

ამ კონტრაქტის ერთ-ერთ ნაკლად მისი მოკლევადიანობა მიმაჩნია. არადა, ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელთან ხანგრძლივ კონტრაქტზე იყო საუბარი – ამ შემთხვევაში ბოსკამპისთვის იმდენი დრო უნდა მიეცათ, რამდენიც ახალი გუნდის აშენებას დასჭირდებოდა.

ვამბობ, ახალი გუნდი და სრულიადაც არ მიმაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები სხვა, ბოსკამპის მიერ მარსზე აღმოჩენილი ფეხბურთელებით უნდა დაკომპლექტდეს. ნაკრების ძველ ფეხბურთელთა გარკვეული რაოდენობა, რა თქმა უნდა, ბოსკამპის ხელშიც დარჩება ნაკრებში. მხედველობაში „ძველი აგურებით ახალი შენობის აშენება“ მაქვს.

მაგალითად, ბოსკამპი ოთხ ქართველ მცველს ახლებურად, ერთ ხაზზე თამაშს უპირებს…

მაგალითად, ბოსკამპი ერთი ფორვარდით თამაშს აპირებს…

ერთი სიტყვით, ბოსკამპმა ბევრ რამეს შევცვლიო. ამისთვის კი ექვსი თვე მიზერული დროა“.

ნიდერლანდელი მწვრთნელის არაოფიციალური დებიუტი 12 მაისს, ოთხშაბათს შედგა, როცა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ორი საჩვენებელ-საქველმოქმედო თამაში გაიმართა. ერთმანეთის პირისპირ ჯერ საქართველოს მეორე ნაკრები და თბილისის დინამოს მეორე შემადგენლობა დადგა, სამი საათის შემდეგ კი „მეტოქეთა“ პირველი შემადგენლობები. ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავალი ფედერაციამ აფხაზეთიდან დევნილთა დახმარების ფონდში გადარიცხა. აქვე შევნიშნავ, რომ ეროვნულ გუნდს სახელი პირობითად ერქვა, რადგან იმ დღეს ნაკრების მაისურით მხოლოდ ქართულ კლუბებში მოთამაშეებმა იასპარეზეს.

ოთხივე გუნდის შემადგენლობა ბოსკამპმა აირჩია. მისი გადაწყვეტილებით ორივე ნაკრებმა ერთ ხაზზე გამწესებული ოთხი მცველით ითამაშა.

უხვგოლიანი მატჩები გამოდგა. მეორე შემადგენლობების დაპირისპირება 3:3 დასრულდა, მომდევნო თამაშში კი დინამომ 5:3 გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ საჩვენებელი შეხვედრები იყო, მოწინააღმდეგეები ერთმანეთს არ ინდობდნენ. პირველი გუნდების მატჩში სერგო კვარაცხელიამ ორი ფეხბურთელი გააგდო – მამუკა აფციაურს და ვალტერ გუჩუას ჩხუბისთვის ორ-ორჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი.

საქართველოს ნაკრებებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

მეორე გუნდი – მამუკა ქორიძე (გიორგი ლომაია 57), გიორგი ჭანკოტაძე, კახა სიდამონიძე, გიორგი შაშიაშვილი, არჩილ შაკიაშვილი (რევაზ ქემოკლიძე 46), დავით მუჯირი, ვასილ გიგიაძე, თენგიზ კობიაშვილი, შალვა ისიანი (ლევან ქებაძე 72), რევაზ გლუნჩაძე, გიორგი შენგელია.

პირველი ნაკრები – გიორგი ლომაია (გრიგოლ ჭანტურია 28), ბადრი ახვლედიანი, ბიძინა ნიკოლეიშვილი (გოგა საჯაია 68), თენგიზ სიჭინავა, დავით ჭიჭვეიშვილი, გოჩა ტრაპაიძე, მამუკა აფციაური, ვასილ მაისურაძე, ზაზა ზირაქიშვილი, გია იმედაძე (ზურაბ ჭანტურიძე 65), ლევან ხომერიკი (ვლადიმერ გოჩაშვილი 46).

პირველ ნაკრებში ხომერიკმა შეასრულა დუბლი, მესამე გოლი კი ჭანტურიძემ შეაგდო. მეორე ნაკრებში შენგელიამ, მუჯირმა და გლუნჩაძემ გამოიჩინეს თავი.

ნორვეგიაში ევროშესარჩევ თამაშამდე ორი კვირით ადრე, 18 მაისს, იოჰან ბოსკამპმა ეროვნული ნაკრების ოცდაორკაციანი შემადგენლობა დაასახელა. ახალი მწვრთნელის პირველ რჩეულთა შორის ორი დებიუტანტი მოხვდა – ქუთაისის ტორპედოს მარჯვენა მცველი, 27 წლის ბადრი ახვლედიანი და 17 წლის ზურაბ ხიზანიშვილი, რომელიც მაშინ დინამოს მეორე შემადგენლობაში თამაშობდა.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 3 ნოემბერი
ფოტო: გაზეთი სარბიელი / ბადრი კეთილაძე; ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი / ბუტა ტალახაძის არქივი

ka_GEGeorgian