ილია ჭავჭავაძე, ფეხბურთი და ქართველ მწერალთა ნაკრები

არილის ეს ნომერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის გამო გამახსენდა. ცხრა წლის წინანდელია, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის წინ გამოიცა. ჟურნალის ნახევარზე მეტი ფეხბურთს ეთმობა. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო წერილებს, რომელთა უმეტესობა უცხოელ ავტორებს ეკუთვნით.

ის პატიოსანი ხალხი კარგად იყოს და ახლა ილია ჭავჭავაძეზე დავწერ, მით უმეტეს, რომ ის ქართველ მწერალთა საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელადაა დასახელებული. სიმბოლური გუნდი მალხაზ ხარბედიამ და შადიმან შამანაძემ შეადგინეს.

„აღიარებული ტაქტიკოსია, თუმცა იმპროვიზაციის დიდოსტატიცაა, არასდროს ენდობა გათვლებს და ციფრებს. ყველაზე მეტად ენდობა თავის ფეხბურთელებს, და რაც მთავარია, ზუსტად იცის მათი მდგომარეობა მოცემული მომენტისთვის. მისი შეცვლები, როგორც წესი, ნაყოფიერია“, – ასე ახასიათებენ ბატონ ილიას წერილის ავტორები.

საქართველოს მწერალთა ნაკრების ტაქტიკური განლაგება კლასიკურია – 4-4-2, ძირითადი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

მეკარე – დავით გურამიშვილი
მარცხენა მცველი – დავით კლდიაშვილი
ცენტრალური მცველები – ვაჟა ფშაველა და ალექსანდრე ყაზბეგი
მარჯვენა მცველი – ოთარ ჭილაძე
საყრდენი ნახევარმცველი – მიხეილ ჯავახიშვილი
მარცხენა ნახევარმცველი – ნიკოლოზ ბარათაშვილი
ცენტრალური ნახევარმცველი, გუნდის კაპიტანი – შოთა რუსთაველი
მარჯვენა ნახევარმცველი – აკაკი წერეთელი
თავდამსხმელი – გალაკტიონ ტაბიძე
ცენტრალური თავდამსხმელი – გურამ რჩეულიშვილი

ლიტერატორთა მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში, სათადარიგოთა შორის, ასევე მოხვდნენ: მეკარე – ჭაბუა ამირეჯიბი; მცველები – ნიკო ლორთქიფანიძე, გრიგოლ ორბელიანი, კონსტანტინე გამსახურდია; ნახევარმცველები – ნოდარ დუმბაძე, პოლიკარპე კაკაბაძე, დანიელ ჭონქაძე; თავდამსხმელები – გოგლა ლეონიძე, შოთა ჩანტლაძე, გრიგოლ რობაქიძე.

სულხან-საბა ორბელიანი მოთამაშე მწვრთნელად მოგვევლინა, იაკობ გოგებაშვილი – გუნდის ექიმად, ნიკო ნიკოლაძე – გუნდის დირექტორად, ხოლო ფან-კლუბის ხელმძღვანელებად – იოანე ზოსიმე და საიათნოვა.

დიდებული არჩევანია! ახლა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატი გვინდა და რეპორტაჟები ჩემზე იყოს!

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 8 ნოემბერი
ფოტო:
ჟურნალი არილი (2014 წლის ივლისი)

ka_GEGeorgian