1978: ბასას თასი

45 წლის წინანდელი ამბავია: 1978 წლის სექტემბერში თბილისმა ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის თასის გათამაშებას უმასპინძლა. ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელობის სტადიონზე თბილისელმა, კიეველმა, ერევნელმა და მოსკოველმა ვეტერანებმა 21, 22 და 24 სექტემბერს ითამაშეს.
სტადიონი თავისუფალი იყო, რადგან ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილი თბილისის დინამო ნაპოლისთან ევრომატჩისთვის ემზადებოდა.

ოთხთა ტურნირისთვის დასტამბულ ლურჯ, ოთხგვერდა პროგრამის მეორე გვერდზე აღნიშნულია, რომ შეჯიბრება სამამულო ფეხბურთის 80 წლის იუბილეს და უმაღლეს ლიგაში თბილისის დინამოს საიუბილეო, მე-40 სეზონს მიეძღვნა.

ჩვენმა ვეტერანებმა ამ შემადგენლობით ითამაშეს:
მეკარეები – სერგო კოტრიკაძე, რამაზ ურუშაძე;
მცველები – მურთაზ ხურცილავა (კაპიტანი), ბორის სიჭინავა, ვახტანგ (ბიჭი) ჭელიძე, ზორბეგ ებრალიძე, რეზო ჭანჭალეიშვილი;
ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, დოდიკ ხუნდაძე, გურამ პეტრიაშვილი, ალექსანდრე ილიადი, ვ.მჭედლიშვილი;
თავდამსხმელები: ილია დათუნაშვილი, ლეო ჟორდანია, გოჩა გავაშელი, ლევან ნოდია.

გუნდის მწვრთნელები პირველი თაობის დინამოს შეუცვლელი მცველი გრიგოლ გაგუა და „მტკვრისპირელ გარინჩად“ წოდებული მიხეილ მესხი იყვნენ.

21 სექტემბერს ქართველებმა 4:2 მოუგეს სომხებს, მოსკოველთა და კიეველთა დაპირისპირებაში კი უკრაინელებმა გაიმარჯვეს – 2:1.

22 სექტემბერს მოსკოველებმა 9:1 გაანადგურეს ერევნელები, თბილისელების და კიეველების მატჩი კი 1:1 დასრულდა. წესდებით პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც ქართველებმა 4:3 მოიგეს.

24 სექტემბერს მასპინძლებმა 3:2 დაამარცხეს მოსკოველები, კიეველებმა კი 2:1 აჯობეს სომხებს.

თბილისელებს და კიეველებს 5-5 ქულა მოუგროვდათ. იმის გამო, რომ მათ დაპირისპირებაში მასპინძლებმა უკეთ შეასრულეს თერთმეტმეტრიანები, ავთანდილ ღოღობერიძის თასი ქართველებს დარჩათ. მოსკოვის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა, ერევნელ ვეტერანთა ნაკრებმა – მეოთხე.

ბასას თასის მოგებიდან სამ დღეში დინამომ 1:1 ითამაშა ნეაპოლში, სან პაოლოზე, ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა ნაპოლი და უეფას თასის 1/16-ფინალში გავიდა, თვენახევარში კი ჩემპიონობაც იზეიმა.

რაც შეეხება ბასას სახელობის ვეტერანთა თასს, ის აღარ გაგრძელდა, ორ წელიწადში კი, 1980 წლის 20 ნოემბერს, დინამოს ლეგენდარული ფორვარდი და კაპიტანი გარდაიცვალა. ავთანდილ ღოღობერიძე 58 წლის იყო.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 9 ნოემბერი

ka_GEGeorgian