1962: შოტლანდიელების პირველი სტუმრობა საქართველოში

ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის ეგიდით, საქართველოს ეროვნული ნაკრები 16 ნოემბერს უკანასკნელად ითამაშებს თბილისში. მეტოქე შოტლანდიაა.
ამ გუნდს მესამედ ვიხილავთ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე. 2007 წლის 17 ოქტომბერს, ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქართველებმა 2:0 დაამარცხეს მეტოქე, 2015 წლის 4 სექტემბერს კი ჯვაროსნებმა 1:0 გაიმარჯვეს.
შოტლანდიის იმ სამ ნაკრებს შორის, რომელმაც საქართველოსთან ერთად ითამაშა ამა თუ იმ შესარჩევ ტურნირში, ეს მეორე საუკეთესო გუნდი მგონია ალექს მაკლიშის 2007 წლის ნაკრების შემდეგ. მაშინ ჩვენებმა მაგრად გაამწარეს მაკლიშის ბიჭები, მაგრამ ახლა რა იქნება, ვერაფერს გეტყვით. სამი დღეც და ყველაფერს ჩვენი თვალით ვნახავთ, მანამდე კი თბილისში შოტლანდიელების პირველი სტუმრობა გავიხსენოთ. ეს 1962 წლის 6 ივნისს მოხდა, როცა გლაზგო რეინჯერსმა დინამოს წინააღმდეგ ქარიშხალას სტადიონზე ამხანაგურად ითამაშა.

ის ძლიერი რეინჯერსი იყო. ჩვენთან სტუმრობამდე ორი წლით ადრე ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში იასპარეზა, 1961 წლის გაზაფხულზე კი თასების მფლობელთა თასის პირველი გათამაშების ფინალშიც გავიდა, სადაც ფლორენციის ფიორენტინასთან 0:2 და 1:2 დამარცხდა.

რაც შეეხება 1961-1962 წლების სეზონს, რეინჯერსმა ორი ტიტული მოიგო: ქვეყნის თასის ფინალში სენტ-მირენი დაამარცხა (2:0), ლიგის თასის გადამწყვეტ მატჩებში კი ჰართსს აჯობა (1:1, 3:1).

შოტლანდიის იმ ჩემპიონატში გლაზგოელებმა ნომერ პირველი მეტოქე, თანაქალაქელი სელტიკი კი ჩამოიტოვეს, მაგრამ სამი ქულით ჩამორჩნენ დანდის და ვიცე-ჩემპიონობით დაკმაყოფილდნენ. ჩემპიონთა თასის გათამაშებას კი ლურჯები 1/4-ფინალში გამოეთიშნენ ლიეჟის სტანდარდთან – 1:4, 2:0. იქამდე გლაზგოელებმა მონაკოს (3:2, 3:2) და აღმოსავლეთგერმანიის ფორვარტსს (ბერლინი) აჯობეს – 2:1, 4:1.

რეინჯერსმა სეზონი აპრილის ბოლოს დაასრულა. მაისში გუნდს არ უთამაშია, რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებში იყო მიწვეული, ივნისში კი საბჭოთა ტურნეც დაიწყო. შოტლანდიის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა მოსკოვში, თბილისსა და კიევში საუკეთესო შემადგენლობით იმოგზაურა: ვილი ჰენდერსონი, ბილი რიჩი, ერიკ კელდოუ, დეივ უილსონი, რალფ ბრენდი, ჯიმი მილერი, ბობი შირერი, ჰაროლდ დევისი, ჯონ გრეიგი… ყველა მაშინდელი ლიდერი მთავარი მწვრთნელის, სკოტ საიმონის განკარგულებაში იყო.

გლაზგოელებმა პირველად 2 ივნისს, მოსკოვში ითამაშეს – ლოკომოტივს 3:1 აჯობეს. გოლები რალფ ბრენდიმ, იან მაკმილანმა და დეივ უილსონმა შეაგდეს. თამაშამდე ბრიტანელებს საბჭოთა კავშირის პირველმა პირმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა უმასპინძლა.

6 ივნისს, საქართველოს დროით 18 საათზე, თბილისის დინამოს ისტორიაში 82-ე საერთაშორისო თამაში დაიწყო. ამავდროულად, ეს იყო დინამოს მეოთხე თბილისური მატჩი ბრიტანელ მეტოქესთან. 1957 წელს დინამოელები 0:3 დამარცხდნენ ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან, 1960 წელს, მიხეილ მესხის ერთადერთი გოლით, შეფილდ უენსდის სძლიეს, 1961 კი 2:0 მოუგეს ბირმინგემის ასტონ ვილას. ორივე ბურთი ზაურ კალოევმა გაიტანა.

დინამოს მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ იაკუშინმა გლაზგო რეინჯერსთან მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: ნოდარ ლეჟავა, ბორის სიჭინავა, მურთაზ ხურცილავა, გივი ხოჭოლავა, ჯემალ ზეინკლიშვილი, ავთანდილ ხელაძე, სოსო ფიფია, თენგიზ მელაშვილი, შოთა იამანიძე (კაპიტანი), ზაურ კალოევი, ილია დათუნაშვილი. მოგვიანებით ფიფია გიორგი სიჭინავამ შეცვალა.

იმ დინამოს სამ ვარსკვლავს, სერგო კოტრიკაძეს, გივი ჩოხელს და მიხეილ მესხს იმ უბრალო მიზეზით არ უთამაშიათ, რომ სამივე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში იყო ჩილეში, მსოფლიო ჩემპიონატზე.

ქარიშხალას ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ერთადერთი გოლი იხილეს, 21-ე წუთზე. ლელოს მიმომხილველის როდიო (ბიჭიკო) ქორქიას თქმით, იან მაკმილანმა მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი, დიდხანს ირბინა და შემდეგ თავადვე დაარტყა. ლეჟავამ კარი გოლისგან ვერ იხსნა. თამაშის მიმოხილვა ლელოში ქორქიას ფსევდონიმით გამოქვეყნდა – რ.ქორიძე…

თბილისის შემდეგ შოტლანდიელები კიევს ეწვივნენ, სადაც 9 ივნისს, ტურნეს უკანასკნელ მატჩში, ადგილობრივ დინამოსთან 1:1 ითამაშეს.

„როცა საბჭოთა კავშირიდან დაუმარცხებლები დავბრუნდით, გლაზგოს აეროპორტში თხუთმეტ ათასამდე გულშემატკივარი დაგვხვდა. მაშინ ოცი წლის ვიყავი, ჯერ ერთი ხეირიანი სეზონიც არ მქონდა დასრულებული, მაგრამ ფანები გამოცდილი თანაგუნდელებივით მაქებდნენ და მაფასებდნენ. იმ დღეს, იმ ტურნეს შემდეგ მივხვდი, თუ რას ნიშნავს იყო რეინჯერსის ფეხბურთელი“.

ეს სიტყვები გლაზგოური კლუბის ისტორიაში უდიდეს მოთამაშეს, მცველ ჯონ გრეიგს ეკუთვნის. თბილისში სტუმრობის დროს ის ოცი წლის გახლდათ, 1978 წელს კი, როცა კარიერა დაასრულა, რეინჯერსში ჩატარებული 17 სეზონი, 857 თამაში და 142 გოლი უმაგრებდა ზურგს. ფანებმა გრეიგი 1999 წელს რეინჯერსის ყველა დროის უდიდეს მოთამაშედ აღიარეს.

2017 წელს, შობის დღესასწაულის დღეებში, გლაზგოელთა საბჭოური ტურნეს 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჯეფ ჰოლმსის წიგნი გამოიცა – „რეინჯერსი რუსეთში“. პრეზენტაციას იმ თამაშების მონაწილეებიც დაესწრნენ, მათ შორის ჯონ გრეიგიც.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 13 ნოემბერი
ფოტო: მატჩის ოფიციალური პროგრამა

ka_GEGeorgian