1989: დინამო შოტლანდიაში

თბილისის დინამო 1972 წლიდან თამაშობს ევროპის საკლუბო ტურნირებში, მაგრამ განვლილი ორმოცდათერთმეტი წლის მანძილზე არასდროს შეხვედრია შოტლანდიურ კლუბს.
სამაგიეროდ, ქართული გუნდი ორჯერ დაუპირისპირდა სქოთებს: 1995-1996 წლების თასების მფლობელთა თასის 1/16-ფინალში, ბათუმის დინამო გლაზგოს სელტიკთან დამარცხდა (2:3, 0:4), 2019-2020 წლების ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი საჩხერის ჩიხურას აბერდინმა აჯობა (1:1, 0:5).

ჩვენი კლუბებიდან უცხოურ გუნდებთან, ყველაზე ხშირად, დინამოს უთამაშია. საერთაშორისო შეხვედრების სია, მგონი, უკვე გადასცდა რვა ასეულს. მაგრამ მათ შორის მხოლოდ სამი ისეთი მატჩია, როცა საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბის მეტოქე შოტლანდიური გუნდი იყო.

პირველზე, 1962 წელს, თბილისში გლაზგო რეინჯერსთან დაპირისპირებაზე, გუშინ დავწერე.

მესამე, საწვრთნელი თამაში, 1999 წლის 18 ივლისს გაიმართა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, სადაც დინამო ევროსეზონისთვის იოჰან ბოსკამპის ხელმძღვანელობით ემზადებოდა. კილმარნოკთან ის დაპირისპირება 2:2 დასრულდა. თბილისელთაგან გოლები მიხეილ აშვეთიამ და ბრაზილიელმა ანდრე დე სოუზამ შეაგდეს. ეს უკანასკნელი ბოსკამპის მიწვევით გამოჩნდა კლუბში, თუმცა მალევე დატოვა საქართველო. პირადად ჩემთვის დე სოუზა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი უცხოელია, ვისაც კი ოდესმე უთამაშია თბილისელთა შემადგენლობაში ევროთასებზე.

რაც შეეხება დინამოს მეორე თამაშს შოტლანდიურ გუნდთან, ის გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებს. რადგან ის ერთადერთია, როცა ჩემმა საყვარელმა კლუბმა შოტლანდიაში ითამაშა და, რაც მთავარია, გაიმარჯვა.

1989 წლის აგვისტოში, საკავშირო ჩემპიონატში შესვენების დროს, დინამო საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად დიდ ბრიტანეთსა და შვედეთში გაემგზავრა. დავით ყიფიანის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი მატჩი ინგლისის ოლდჰემ ატლეტიკთან 0:4 წააგო, 8 აგვისტოს კი ულამაზეს ედინბურგს ეწვია და თაინიქესლ პარკზე მასპინძელ ჰართსს 2:0 აჯობა. პირველი ბურთი კახი გოგიჩაიშვილმა შეაგდო, მეორე გოლი კი დინამოს მასპინძელთა შეცდომის გამო ჩაეწერა, სქოთებმა საკუთარ კარში გაიტანეს ბურთი.

ზაურ ხაპოვი, გელა კეტაშვილი, გოჩა ჩიქოვანი, სოსო ჭედია, გია ჯიშკარიანი, გიორგი დარასელია, მამუკა აფციაური, ახრიკ ცვეიბა, კახი გოგიჩაიშვილი, კახი კაჭარავა, თემურ ქეცბაია – ასეთი იყო დინამოს ძირითადი შემადგენლობა შოტლანდიაში გამართულ პირველ საერთაშორისო მატჩში. კახი ცხადაძე, ზაურ სვანაძე და ბახვა თედეევი კი ყიფიანმა შეცვლაზე შეუშვა, შესაბამისად, ჯიშკარიანის, დარასელიას და აფციაურის ნაცვლად.

ედინბურგში გამართული მატჩის ფოტოები ან ვიდეოჩანაწერი არასდროს მინახავს. ერთადერთი, რაც იმ თამაშიდან მაქვს, ეს 32-გვერდიანი პროგრამაა, ბრიტანელებისთვის ჩვეულ მაღალ დონეზე მომზადებული და გამოცემული. სწორედ აქედან გავიგე იმ ამხანაგური მატჩის სამივე მსაჯიც. ბრიტანულ-შვედურ ტურნეში დინამოს სრული შემადგენლობაც აქვეა მოცემული. მათ გარდა, რომლებმაც ჰართსის წინააღმდეგ ითამაშეს, ინგლისსა და შოტლანდიაში ოთარ გაბელიამ, მალხაზ არზიანმა, ომარ თეთრაძემ და მამუკა ფანცულაიამ იმოგზაურეს.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 14 ნოემბერი

ფოტო: მატჩის ოფიციალური პროგრამა

ka_GEGeorgian