ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #54: საქართველო 1:2 საბერძნეთი

ჯორჯიან მენთალითი – დებილ!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ნიდერლანდელმა იოჰან ბოსკამპმა ეს ფრაზა 1999 წლის მაისის ბოლო დღეს, ოსლოში თქვა, როცა გუნდი, ნორვეგიასთან მარცხის შემდეგ, შინ ბრუნდებოდა.
მას შემდეგ ლამის მეოთხედი საუკუნე გავიდა და იმ ამბავს დღემდე იხსენებენ ქართველი გულშემატკივრები. ოღონდ, საქმე ისაა, რომ ხშირად მოვლენათა თანმიმდევრობა ერევათ და იმ სიტყვებს ზაზა ჯანაშიას საქციელს უკავშირებენ. მოსკოვის ლოკომოტივის თავდამსხმელმა იმ დღეებში ნაღდად გააცოფა მისტერ იოჰანი, მაგრამ ამ პოპულარულ ფრაზასთან მას ნამდვილად არაფერი აკავშირებს. ბოსკამპმა ის სიტყვები სულ სხვების გამო თქვა. თუმცა ვინ იცის, ეგებ მას სათვალავი აერია და ოსლოში მომხდარი ამბავი მხოლოდ ზაზას უცნაური ნაბიჯების გაგრძელება იყო…

ნორვეგიაში ნაკრებს არაერთი ჟურნალისტი ახლდა, საუკეთესო რეპორტაჟი კი, ჩემი აზრით, სარბიელელი კონსტანტინე გოგიშვილის იყო, რომლის მაშინდელი წერილები ახლაც, ამდენი წლის შემდეგაც საინტერესოა.

ბოსკამპის ფრთიანი ფრაზის ამბავიც სწორედ მან ჩამოიტანა. ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მისი სიტყვები კოტემ 2017 წლის 13 აპრილს გაიხსენა წერილში „მყვირალა კაცის ფრთიანი ფრაზა“. იმ დროს გოგიშვილი უკვე ლელოსთვის წერდა:

„ნორვეგიის ნაკრების პრესატაშემ და, იმავე დროს, ჟურნალისტური ამქრის პირველკაცმა, რეიდარ სულიემ, ქართველი ჟურნალისტები ავტობუსში ჩაგვსხა და მედიის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე წაგვიძღვა.

მოხდა ისე, რომ როცა რომელიღაც ჩვენებურმა სასტუმროს სადგომიდან ის-ის იყო დაძრული ავტობუსის ფანჯრის ჩარჩოდან სიგარეტის „ბიჩოკი“ ისროლა, მძღოლმა შეამჩნია, ავტობუსი შეაჩერა, ჩავიდა, ნამწვი აიღო, სალონში ამოვიდა და ზუსტად იმ ადამიანის სკამის გვერდზე მიმაგრებულ საფერფლეში ჩააგდო, ვინც ისროლა.

ბოსკამპს რაც შეეხება, ნაკრების წაგების შემდეგ ნირწამხდარი და მოღუშული იყო. აეროპორტში, თვითმფრინავამდე მისასვლელ ავტობუსში ის არც დამჯდარა, სხვებივით მოთმინებით ელოდებოდა ჯერ ორიოდ ფეხბურთელს, რომლებმაც „შემოთვალეს“, რომ „დუთი ფრიში“ ლუდი უნდა აერჩიათ, მერე კი ერთი სპორტული გაზეთის ეგიდით სკანდინავიაში წამოსულ ორ ბიჭს, რომელთა ნაწერი არც მანამდე და არც მერე არცერთ ქართულ გაზეთში არავის უხილავს.

გავიდა ათი წუთი, ოცი, ოცდაათი, ორმოცი…

მოვიდნენ ლუდის ქილებით დატვირთული ფეხბურთელები და როცა დრო უსაშველოდ გაიწელა და „ჟურნალისტები“ არ გამოჩნდნენ, ნაკრების ადმინისტრატორს სიტუაციაში გარკვევა მოთხოვეს. მან სია „იშიშვლა“. მხოლოდ მაშინ გვითხრეს, რომ ის ბიჭები არსად წამომსვლელები არ იყვნენ – ნორვეგიაში არჩიეს დარჩენა.

ავტობუსი დაიძრა, ბოსკამპი ინფორმაციით დაინტერესდა, უთარგმნეს და მაშინ იყო, რომ თქვა: ჯორჯიან მენთალითი – დებილ!“

თბილისში დაბრუნებული გუნდი მთავარმა მწვრთნელმა ერთი დღით დაასვენა და ბიჭები დიღომში 1 ივნისს, საღამოს დაიბარა. ჯანაშიასთან დაკავშირებული ცნობილი ინციდენტიც მაშინ მოხდა. სარბიელის ჟურნალისტი კობა ინასარიძე 2 ივნისს გამოქვეყნებულ რეპორტაჟში „ბოსკამპანია დაიწყო: იოჰან მრისხანემ ზაზა ჯანაშია ნაკრებიდან გააძევა“, წერს:

„გუშინ, სადღაც ექვსი სრულდებოდა, დიღმის საწვრთნელი ბაზის მოედანზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა იოჰან ბოსკამპმა ისე იღრიალა, ლამის მთელი უბანი იქ შეყარა.

Go, Go! – ყვიროდა მწვრთნელი და ჩვენთვის გაუგებარ სიტყვებს აყოლებდა. ზაზა ჯანაშიამ ხელები გაშალა, მინდვრის განაპირას გამოვიდა, სათადარიგო ბუცებს ხელი დაავლო და…

ფეხბურთელებს ვარჯიშისას კვადრატი უნდა გაეჩაღებინათ. ბოსკამპმა ფრაიბურგიდან ჩამოსული ნაავადმყოფარი ლევან კობიაშვილი, დავით ჭიჭვეიშვილი და მოგვიანებით, ადრეც მისგანვე შერისხული ზაზა ჯანაშია მინდვრის განაპირას გაიყვანა და თანაშემწე ფრანსუა დე იონგთან ერთად სპრინტერულად არბენინა. გავიდა ათი წუთი, თხუთმეტი, თითქოს სამივენი ასრულებდნენ ბოსკამპის ნათქვამს, მაგრამ…

ზაზა ჯანაშიამ, ერთ-ერთი, როგორც აღმოჩნდა, ბოლო დისტანციის ჩამთავრებისას ხელები გაშალა, ბოსკამპს რაღაც უთხრა, მწვრთნელმა უპასუხა. მერე ისევ ჯანაშია, რასაც ბოსკამპის ღრიალი მოჰყვა. ჯანაშია უსიტყვოდ მოტრიალდა. მოგვიახლოვდა და თქვა, კუნთები დამეჭიმა, ბოსკამპს ვუთხარი, ხვალ ორ ამდენს ვირბენ, სამი დღის უვარჯიშებელი ვარ-მეთქი…

ის ამბავიც მაშინ მოხდა.

-აქ არავინაა პრივილეგირებული, ჩემთვის ყველა ერთია! რასაც ვამბობ, ის უნდა გაკეთდეს! საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებას, გუნდის აგდებას არავის ვაპატიებ! ზაზა ჯანაშია ბერძნებთან არ ითამაშებს, სულ რამდენიმე წუთის წინ იგი ნაკრებიდან გავაგდე! თუ ვარჯიშობ, ივარჯიშე, ბუზღუნი და ხელების გაშლა რა საკადრისია? აგერ, ლევან კობიაშვილს თითქმის სამი კვირა არ უვარჯიშია, მაგრამ აქ ჩამოვიდა და დავალება უსიტყვოდ შეასრულა. მორჩა, ვთქვი და დავამთავრე! თუ ფეხბურთის ფედერაცია ჯანაშიას ნაკრებში დაბრუნებას მთხოვს, მაშინ მე დავტოვებ საქართველოს ეროვნულ გუნდს! – გვითხრა გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ იოჰან ბოსკამპმა.

მოსკოვის ლოკომოტივის თავდამსხმელი დიდხანს აღარ შეყოვნებულა, გასაღები ითხოვა და ოთახში განმარტოვდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ვარჯიში უკვე დამთავრებული რომ იყო, ზაზა ბოსკამპს ერთხელაც დაენახვა, მაგრამ მწვრთნელმა შორს დაიჭირა, ჯანაშიას პროტეჟეს კი მკვახედ უპასუხა – წავიდეს!

და ჯანაშიაც წავიდა. უფრო ბოსკამპმა გააგდო“.

ზაზას წასვლის შემდეგ ვარჯიში ჩვეულებრივად გაგრძელდა. მწვრთნელი კმაყოფილი დარჩა კობიაშვილის მონდომებით, გული დაწყდა ვალტერ გუჩუას მტკივანი მუხლის გამო – მცველმა ნაადრევად შეწყვიტა ვარჯიში, ხოლო კიდევ ერთ დებიუტანტზე, ჩვიდმეტი წლის ოთარ ხიზანეიშვილზე განაცხადა, რომ საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ მას აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა. იმ დროს ხიზანეიშვილი ვახტანგ კოპალეიშვილის ხელმძღვანელობით თამაშობდა 18-წლამდელთა ნაკრებში.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა კიდევ ერთხელ შეაფასა ნორვეგიასთან თამაში, თქვა, რომ მისი დავალება გუნდმა, მთლიანობაში, კარგად შეასრულა, მარცხის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ბიჭები მასპინძლებზე რამდენიმე წუთით გვიან გამოფხიზლდნენ. ბოსკამპს დაცვის ცენტრში კახი კალაძის და მამუკა წერეთლის თამაშიც მოეწონა და თქვა, რომ კახის არყოფნაში (კალაძე მეორე გაფრთხილების გამო ტოვებდა ბერძნებთან მატჩს) წერეთლის მეწყვილეს მხოლოდ თამაშის დღეს, დილით დაასახელებდა.

„საქართველოს ნაკრები ძნელად დასამარცხებელი გუნდია. მიუხედავად ამისა, თბილისში მაინც მოსაგებად წავალთ, ვინაიდან სხვა გზა, უბრალოდ, არ გვაქვს“, – საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვასილის დანიილის ეს სიტყვები ბერძნულ პრესაში ნორვეგია-საქართველოს მატჩის მეორე დღეს გამოქვეყნდა. ბერძენი სპეციალისტი ოსლოში გამართულ მატჩს თანაშემწესთან ერთად დაესწრო.

ბოსკამპის არ იყოს, მასაც საკადრო პრობლემები აწუხებდა. მცველი ნიკოს დაბიზასი, რომელიც თემურ ქეცბაიასთან ერთად თამაშობდა ნიუკასლ იუნაიტედში, თბილისურ მატჩს ორი გაფრთხილების გამო ტოვებდა. ნიკოს ლიბეროპულოსი საოპერაციოდ ემზადებოდა, სტილიანოს იანაკოპულოსი კი ქირურგიულ ჩარევას გადაურჩა, მაგრამ ექიმებმა დასვენება ურჩიეს. მთავარი თავდამსხმელი დემის ნიკოლაიდისი კი ათენში გამართულ ბოლოსწინა ვარჯიშზე დაშავდა.

3 ივნისს გაირკვა, რომ ბერძნების წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა ვალტერ გუჩუა. ექიმებმა გულდასმით შეუმოწმეს მუხლი და ორი კვირით დასვენება გამოუწერეს. თბილისის დინამოს მცველმა დილის ვარჯიშს მინდვრის კიდიდან ადევნა თვალი.

შუადღით, საათის დაგვიანებით, თბილისში საბერძნეთის ავიახაზების ლაინერი დაეშვა, რომელმაც საქართველოს დედაქალაქში ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები ჩამოიყვანა.

საბერძნეთის მთავარი საფეხბურთო გუნდი მეორედ ეწვია თბილისს. მათი პირველი ვიზიტი ცოტას თუ ახსოვდა, რადგან ეს 1967 წლის 16 ივლისს მოხდა, როცა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მათ 4:0 მოუგო. ის თამაში სხვა ფაქტით უფროა ცნობილი – ლეგენდარულ რუს გოლკიპერს ლევ იაშინს, ბერძნებთან თბილისური მატჩის შემდეგ ნაკრებში აღარ უთამაშია…

საბერძნეთის ნაკრების წევრთაგან, ქართველ ჟურნალისტებს შორის, ყველაზე პოპულარული ანდრო კიურჯიევი გახლდათ, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ბიჭი, რომელიც საბერძნეთში 90-იანი წლების დასაწყისში წავიდა. საქართველოში ის ანდრო ნინიადისად დაბრუნდა:

„რვა წელია აქ არ ვყოფილვარ, არადა თბილისში, საბურთალოზე დავიბადე და გავიზარდე, ბურთი პირველად აქ ვნახე… როგორია ქართველების წინააღმდეგ თამაში?! თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მე ბერძენი ვარ…

თბილისი ძალიან მიყვარს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მშობლიური ქალაქია. აქ ბავშვობის ძმაკაცები ცხოვრობენ, რომლებიც რვა წელია არ მინახავს. ძალიან გთხოვთ, საქართველოზე და ქართველებზე ნუღარ მკითხავთ, თორემ ვერ გავჩერდები. მხოლოდ ერთს ვიტყვი – ანდრო კიურჯიევი თბილისში დაიბადა“!

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა, ნიკოს დაბიზასი მაინც გვეწვია: „მე და თემურ ქეცბაია მეგობრები ვართ. ის ძალიან კარგი ადამიანი და ფეხბურთელია, თუმცა ზედმეტად ემოციური. მას ყოველთვის მოგება სურს, ფეხბურთში კი ასე არ ხდება“.

იმ წლების ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბერძენმა ფეხბურთელმა, არნემის ვიტესის ფორვარდმა ნიკოს მახლასმა კი ჟურნალისტს კითხვის დასმა არ აცალა და საუბარი შოთა არველაძეთი დაიწყო:

„არველაძე კარგი თავდამსხმელია, მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა! შევიტყვე, რომ ჩვენ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, ამ ცნობამ გამახარა. იმედია, მას უფრო ახლოს გავიცნობ, გაიგებდით ალბათ, რომ აიაქსი მეპატიჟება. ვიტესთან 2001 წლამდე მაქვს კონტრაქტი, მაგრამ ამხელა კლუბი როცა გიწვევს, უარის თქმა ძნელია. აი, ჩაივლის სანაკრებო დღეები და მერე ყველაფერი უკეთ მეცოდინება. თბილისურ მატჩზე კი, აბა, რა გითხრათ? უკანდასახევი გზა მოჭრილი გვაქვს, ამიტომ, მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს. მგონი, ასეც მოხდება. ალბათ, სამ ბურთს გავიტანთ“.

შოთა არველაძემ ამსტერდამის აიაქსში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში, 1997-1998 წლების ჩემპიონატში, 31 მატჩში 25 გოლი შეაგდო. ეროვნული ნაკრების ფორვარდი ერედივიზიეს ბომბარდირთა დავაში მხოლოდ მახლასს ჩამორჩა, რომელმაც ის სეზონი 34 გოლით დახურა. თბილისში თამაშიდან ერთ თვეში მახლასი შოთას თანაკლუბელი გახდა…

3 ივნისს, საღამოს, საქართველოს ნაკრებს გიორგი დემეტრაძეც გამოაკლდა. ახალგაზრდა თავდამსხმელს ავტოავარია შეემთხვა – საკუთარი მერსედესით შინ მიმავალი, ვარაზისხევთან ვაზ 2107-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა.

„დემეტრაძე მუხლის ტრავმის გამო დააკლდა ნაკრებს და ხმები, თითქოს მწვრთნელმა დასაჯა, ტყუილია. შეკრება მან ბოსკამპთან შეთანხმებით დატოვა, მოილაპარაკეს, რომ გიორგი მალევე დაბრუნდებოდა ბაზაზე. სამწუხაროდ, ავარია შეემთხვა. ექიმების თქმით, გიორგის რამდენიმე კვირით დასვენება მოუწევს და, შესაბამისად, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ვეღარ ითამაშებს“, – განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ზაზა ბოკერიამ. ის მუდმივად ბოსკამპის გვერდით იყო, მწვრთნელს საორგანიზაციო საკითხებში ეხმარებოდა.

„ხიზანა და მე მართლა კარგად ვუგებთ ერთმანეთს, ნაკრებშიც, კლუბშიც… გადაწყვეტილად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მგონი, მართლა მიპირებს ბოსკამპი მარჯვენა მცველად დაყენებას. მართალია აქამდე სულ დაცვის ცენტრში ვთამაშობდი, მაგრამ ყველა ღონეს ვიხმარ და მაქსიმალურად დავიხარჯები. შიშით ნამდვილად არ მეშინია, ნერვიულობით კი, არ დაგიმალავთ, ვნერვიულობ. ვიცი, თუ რას ნიშნავს პირველ ნაკრებში თამაში, თან ოფიციალურ მატჩში“, – თქვა დებიუტანტმა ოთარ ხიზანეიშვილმა, რომელსაც რამდენიმე თვით ადრე ფრანკფურტის აინტრახტის საფეხბურთო აკადემიაც ეპატიჟებოდა.

„გადაწყვეტილი ამბავია, ძირითად შემადგენლობაში ვერ ვითამაშებ, მაგრამ იმედი მაქვს, შეცვლაზე შესვლა მაინც მომიწევს. თუმცა, ეს, ალბათ, იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, – ეს უკვე ზურაბ ხიზანიშვილის სიტყვებია, რომელიც იმ გაზაფხულზე პირველად მოხვდა ქვეყნის მთავარი გუნდის შეკრებაზე.

4 ივნისს, საქართველოს დროის 18 საათზე, შევარდენზე ახალგაზრდული ნაკრები გუნდების მატჩი გაიმართა. შეხვედრა 1:1 დასრულდა – ხუტოსის მიერ 48-ე წუთზე გატანილი გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა ოც წუთში გაქვითა.

„როგორ ხვდება საქართველოს ნაკრები დღევანდელ თამაშს?

ათასგვარ მიზეზთა გამო, ეს არის სრულიად ახალი გუნდი. ახალი გუნდი კი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ცუდს. უიმედოს კი საერთოდ არ ნიშნავს. ამ ახალი გუნდის შემადგენლობა ჩვენი ფეხბურთისთვის მოულოდნელია. იგი სანახევროდაც არ ემთხვევა საქართველოს ნაკრების წინა შემადგენლობებს (რა თქმა უნდა, ოსლოს მატჩს არ ვგულისხმობ). მუდმივ წევრთაგან, სადღეისოდ, მხოლოდ ნემსაძე, ქეცბაია და კობიაშვილი შეგვიძლია დავასახელოთ. და თუ გახსოვთ, რა ამბავი იყო, როცა გუცაევი ახალ ხალხს ეძებდა ნაკრებისთვის?

ბოსკამპმა არაჩვეულებრივი სიმსუბუქით განაახლა გუნდი. საბერძნეთთან მატჩის წინ მას კვლავ არ ჰყავს ტრავმირებული არველაძეები, უთამაშებელი ქინქლაძე და ნაკრებიდან ასევე არაჩვეულებრივი სიმსუბუქით დათხოვილი ზაზა ჯანაშია… და გუშინ დაშავებული გიორგი დემეტრაძე. საქართველოს ნაკრებს აკლია ორ-ორი ყვითლის გამო დასვენებული კალაძე და ყაველაშვილი. მაგრამ საქართველოს ნაკრები ამ მიზეზით არ ჩანს ახალი გუნდი.

ჰოლანდიელი მწვრთნელი იმგვარი გაქანებით უდგება საქმეს, რომ ცხადია, ის მხოლოდ სადღეისოდ არ მუშაობს. მასშტაბი ბოსკამპის ქცევებისა არის რეფორმატორული და ფართო. ბოსკამპი მაღალკვალიფიციური მწვრთნელია. მე არ ვიტყვი, რომ ის რინუს მიხელსია, ან ერნსტ ჰაპელი, ან კიდევ რაიმონ გუტალსი. მაგრამ ჩვენთვის ის ერთიცაა, მეორეც და მესამეც“, – წერდა გიო ახვლედიანი 5 ივნისის სარბიელში, საავტორო სვეტში.

იმ საღამოს, 21 საათზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იოჰან ბოსკამპის ხელმძღვანელობით პირველი საშინაო თამაში დაიწყო. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა დანაპირები აასრულა და ოთარ ხიზანეიშვილი მარჯვენა მცველად გაამწესა. დაცვის ცენტრში მამუკა წერეთელს დავით ჭიჭვეიშვილი შეუწყვილა, მარცხენა ფრთა კი ლევან ცქიტიშვილს ანდო. გუნდის კაპიტანი გიორგი ნემსაძე საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე დააყენა, ბადრი ახვლედიანი – მარჯვნივ, ლევან კობიაშვილი კი მარცხნივ. წინწაწეულ ნახევარმცველად გოჩა ჯამარაული მოგვევლინა, თემურ ქეცბაია – უკანდახეულ თავდამსხმელად, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი მიხეილ აშვეთია კი ცენტრფორვარდად. კარში დავით გვარამაძე ჩადგა. ძირითადის თერთმეტეულიდან ორი პირველად თამაშობდა ნაკრებში – ხიზანეიშვილი და ახვლედიანი.

მე-3 წუთი: ქეცბაიას მიერ ჯარიმიდან დარტყმული ბურთი ბერძნების ცოცხალ კედელს მოხვდა. ასხლეტილი ბურთი კობიაშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა, იქ მარჯვნიდან შეჭრილმა ახვლედიანმა ცრუმოძრაობა გააკეთა და ბურთი მეკარის ბაქანში გაგზავნა. შეტევა მცველმა მარინოს უზუნიდისმა ჩაჭრა, ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მე-10 წუთი: ქეცბაია კიდევ ერთხელ უტევს, ამჯერად ბურთი ბერძენთა კარს გადაევლო.

მე-14 წუთი: თემურის მორიგი კარგი თამაში, ბურთი დროულად დაუგორა ცქიტიშვილს, მან კი შეტევა საჯარიმოში ჩაწოდებით გააგრძელა. მეკარე ელიას ატმაციდისი დროულად გამოდის კარიდან და იოლად ეუფლება ბურთს.

მე-19 წუთი: ბერძნები ქეცბაიას ვერაფერს უხერხებენ! მან ნემსაძეს გადასცა ბურთი, კაპიტანმა ახვლედიანი ჩართო შეტევაში, რომელმაც უძლიერესად დაარტყა. ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.

მე-20 წუთი: ქეცბაიამ ცენტრიდან დაიწყო მორიგი იერიში, საჯარიმოსთან კი აშვეთიას დაუგორა ბურთი. თბილისის დინამოს თავდამსხმელს მიხალის კასაპისმა შეუშალა ხელი.

25-ე წუთი: ჯამარაულის პასის შემდეგ აშვეთია კიდევ ერთხელ შეიჭრა საჯარიმოში, ცრუმოძრაობას ძლიერი დარტყმა მიაყოლა. ატმაციდისი ბურთს ნახტომში მიწვდა, თუმცა ძელიც დაეხმარა.

39-ე წუთი: აშვეთია-კობიაშვილი-ჯამარაულის კომბინაცია ახვლედიანმა ძლიერი დარტყმით დააგვირგვინა. ტორპედოელის გაგზავნილ ბურთს გიორგოს ანატოლაკისი გადაეღობა.

შესვენებამდე ბერძნებმა სულ ორჯერ შეუტიეს ქართველთა კარს და საბედნიეროდ, ორივე შემთხვევაში ჩინებულად ითამაშა გვარამაძემ: ჯერ ნიკოს მახლასს აართვა ბურთი, შემდეგ კი გრიგორის გეორგატოსის დარტყმა მოიგერია.

ანგარიში 55-ე წუთზე გაიხსნა ქეცბაიას ეფექტური დარტყმით: გოჩა ჯამარაულის პასის შემდეგ თემურმა თავბრუ დაახვია მცველებს და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა ბურთი – 1:0!

ქეცბაიას მეუღლე, დედა და ქალიშვილი იმ საღამოს ჩვენს უკან ისხდნენ. როცა ანგარიში გაიხსნა და ხალხმა იღრიალა, პატარა ლინდა ძალიან შეშინდა და ატირდა. თემურის დედა დიდხანს ამაოც ცდილობდა შვილიშვილის დამშვიდებას…

65-ე წუთზე მასპინძელთა შორის კიდევ ერთი დებიუტანტი გამოჩნდა – ხიზანეიშვილის თანატოლმა, ჩვიდმეტი წლის ზურაბ ხიზანიშვილმა ბადრი ახვლედიანი შეცვალა.

„ჩვენ იმიტომ გავიმარჯვეთ, რომ იღბლიანები ვართ“, – საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილის დანიილმა ეს სიტყვები მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე თქვა. ის ცამდე მართალი იყო, რადგან მისმა გუნდმა სამი ქულა მოიპოვა იმ შეხვედრაში, რომელშიც მეტოქემ აშკარად უკეთესად ითამაშა.

ბერძნებმა 85-ე წუთზე გაათანაბრეს ანგარიში. შეტევა დიმიტრის მავროგენიდისმა დაიწყო, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა. იქ შეცვლაზე შესულმა გიანის ანასტასიუმ იმარჯვა და ბურთი თავით დაუგდო კოსტას ფრანცესკოსს. მისი დარტყმისთანავე გვარამაძე შესაბამისი მიმართულებით გადახტა, მაგრამ ბურთი ხიზანეიშვილს მოხვდა, მიმართულება იცვალა და კარში ჩაეშვა – 1:1.

89-ე წუთზე ბერძნებმა მეორე გოლი გაიტანეს: ანდრეას ნინიადისის მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს გუნდის კაპიტანმა მახლასმა თავი შეაგება – 1:2.

„მოკლე კომენტარს გავაკეთებ. ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა პირველი სამოცდაათი წუთი კარგად ჩაატარა, მერე რამდენიმე ფეხბურთელს დაღლა დაეტყო, რაღაც რაციონალური დაიკარგა გუნდის თამაშში… თუმცა, ფორტუნა ოდნავ ჩვენს მხარეზე რომ ყოფილიყო, ანგარიშის შენარჩუნება არ გაგვიჭირდებოდა. ჩემი აზრით, წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით“, – განაცხადა ბოსკამპის თანაშემწემ გია გეგუჩაძემ. მანვე, კითხვას, მიხეილ ფოცხვერიას გამოუძახებლობას როგორ აფასებთო, მოკლედ უპასუხა: „ეს ჩვენი შეცდომა იყო“.

„საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისევ წააგო, წააგო და გულიც დაგვწყვიტა. მაგრამ ეს არ იყო სამარცხვინო წაგება. ქართველებმა იბრძოლეს. იყო მომენტები, როცა პირწმინდად დაჩაგრეს მეტოქე. იმ დღეს იღბალი რომ შინდისფერების მხარეზე ყოფილიყო, ვეჭვობთ, ბერძნები აგრერიგად გახარებულნი წასულიყვნენ შინისკენ. მაგრამ მეკარე ილიას ატმაციდისის და საფეხბურთო იღბლის გამო ქართველებმა ერთის მეტი ვერ გაიტანეს…

საქართველოს ნაკრების კარგი თამაში პირველ ტაიმში და თითქმის მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში თემურ ქეცბაიას თავგამოდების შედეგი იყო. ქეცბაია იმ დღეს ყველა საქებარ სიტყვაზე მაღლა იდგა, მოძრაობდა, ბურთსაც იჭერდა, პასებსაც ანაწილებდა, ერთი სიტყვით, გუნდის სული და გული იყო…

ბადრი ახვლედიანმა ისე ითამაშა, კარგ სიზმარში თვითონაც რომ ვერ წარმოიდგენდა. იგი არა მარტო თანაგუნდელებს აზღვევდა დაცვაში, თავდასხმასაც ეხმარებოდა და პირდაპირ „დახნა“ მარჯვენა ფრთა. ვერ გეტყვით, რამდენად დაიღალა ტორპედოს მცველი, მაგრამ სწორედ მისი შეცვლის შემდეგ გაშიშვლდა ჩვენი ნაკრების დაცვის მარჯვენა ფრთა. რატი ალექსიძე ბევრს კი ეცადა, მაგრამ ფრთის მთლიან კონტროლს თავი ვერ გაართვა და ნინიადისმაც გაივაკა“… – ამ სიტყვებს კონსტანტინე გოგიშვილის მიერ დაწერილ თამაშის მიმოხილვაში ამოიკითხავთ.

„შაბათს ქართველმა ფეხბურთელებმა უსახურ მატჩთა ასე გახანგრძლივებული სერია წარსულს ჩააბარეს. ბევრს, და პირველ რიგში საკუთარ თავს დაუმტკიცეს, რომ გამართული, სწორი ფეხბურთის თამაში მათაც შეუძლიათ. ჯერჯერობით მხოლოდ ტაიმნახევარს, მაგრამ უბედურება არც ესაა. ცხადლივ ჩანს, ამის გამოსწორებაც შესაძლებელია.

შაბათს გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს კარგი მწვრთნელი ჰყავს, მცოდნე, გაბედული, რისკიანი თავკაცი. იოჰან ბოსკამპმა ჩვენს ნაკრებს წლობით დავიწყებული ორ კვირაში დაასწავლა, ოსლოდან მოყოლებული თბილისამდე, თამაში ტაიმ-ტაიმ დაახვეწინა.

დასანანი ერთია, ძვირფასი დრო დაგვიკარგავს. ევროპის ჩემპიონატიც, ალბათ, ნამდვილად უჩვენოდ ჩაივლის. მაგრამ ამას შეგუებულნიც ვიყავით და ისე სადარდო აღარაა. მთავარია, საქართველოს ნაკრებს კარგი მწვრთნელი ჰყავს, ეს კი საიმისო იმედია, რომ  კარგი გუნდიც გვეყოლება“, – ეს რამდენიმე აბზაცი სარბიელის სარედაქციო წერილიდანაა.

„თამაშის შემდეგ, თუ ვინმე იყო ჩვენებიდან შესაცოდი, პირველ რიგში ოთარ ხიზანეიშვილი. მსაჯის საფინალო სასტვენი და ბიჭს ცრემლები წასკდა.

რატომ ატირდა ნაკრების დებიუტანტი? ის გამონაკლისია, რომელიც წარუმატებლობას მიჩვეული არ არის. ოთარი კოპალეიშვილის ნაკრებიდანაა, რომელიც ორი წელია არ დამარცხებულა.

ხიზანეიშვილს შეუძლია თავაწეულმა, ამაყად იაროს. მინდორზე კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. რამდენიმე წუთში დაძლია სასტარტო მღელვარება და მთელი თამაშის მანძილზე გამოცდილი მცველივით ირჯებოდა. თუ ასე გააგრძელა, ჩინებული მცველი დადგება“, – მამუკა კვანტალიანის წერილიდან „რა გვებადა და რა შევიძინეთ“ (სარბიელი; 1999 წლის 8 ივნისი).

გავიდა რამდენიმე დღე და გულშემატკივართა ყურადღება საკლუბო ფეხბურთზე გადაერთო. იოჰან ბოსკამპი დინამოს ევროსარბიელისთვის მზადებას შეუდგა, თბილისური კლუბის ლეგენდა დავით ყიფიანი კი ტორპედოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ქუთაისელთა წინადადებას ის კლუბის პრეზიდენტის, მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ვეტერანი კალათბურთელის მიხეილ ქორქიას პირადი თხოვნის შემდეგ დათანხმდა.

მალე ფეხბურთის ფედერაციამ სეზონი შეაჯამა და ჩემპიონატის გამარჯვებულები და პრიზიორები, ასევე თასის მფლობელები და გამორჩეული ფეხბურთელები რესტორან-კლუბ ბერიკონში მიიპატიჟა. ბრინჯაოს მედლები თბილისის ლოკომოტივის პრეზიდენტს აკაკი ჩხაიძეს და კლუბის კაპიტანს პაატა ბარნოვს გადაეცათ. მიხეილ ქორქია და ტორპედოს გუნდისთავი კახა კვეტენაძე ვერცხლით დაჯილდოვდნენ, ოქროს მედლები კი თბილისის დინამოს პრეზიდენტმა რომან შოთაძემ და რატი ალექსიძემ ჩაიბარეს. იმავე საღამოს გაზეთმა ალიამ ოთარ ხიზანეიშვილი წლის აღმოჩენად დაასახელა. რედაქციის სახელით ახალგაზრდა ფეხბურთელს კუთვნილი ჯილდო – ხატი, ჟურნალისტმა მერაბ მამულაშვილმა გადასცა.

საფეხბურთო ზეიმიდან რამდენიმე საათში, 18 ივნისს, გამთენიისას, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავარიაში დაიღუპა მერანი 1991-ის თავდამსხმელი ჯუბა ჩუხუა. ის 25 წლის იყო.

„ბერძნებთან მატჩის ბოლო ხუთ წუთში უფრო მეტი შეცდომა დავუშვით, ვიდრე დანარჩენ დროში ერთად აღებული. სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო. მატჩის ბედი გადაწყვეტილი მეგონა, თან, კარგად ვთამაშობდით…

ნემსაძე და წერეთელი დისკვალიფიცირებულნი არიან, ისინი სლოვენიაში ვერ დაგვეხმარებიან. ბუნებრივია, რომ ცვლილებები იქნება, მათ ღირსეულ შემცვლელებს მოვძებნით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მთავარი საზრუნავი მაინც დაცვაა…

ქართველი ფეხბურთელების მთავარი ნაკლი რწმენის ნაკლებობაა, ისინი არ არიან თავიანთ თავში დარწმუნებულნი. ეს უნდა შეიცვალოს, თორემ ბურთთან ისეთი ბიჭები არიან, კაცს ჯადოქრები გეგონება! მათ იციან ფეხბურთი. საქართველოს ჩემპიონატში იმდენი კარგი მოთამაშეა, სათვალავი აგერევა! მათ რომ რწმენა ჰქონდეთ… მერწმუნეთ, თუ ეს გამოსწორდა და შესაბამისი ხელშეწყობაც იქნა, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ძალიან ძლიერი გუნდი იქნება. ამას გადაუჭარბებლად ვამბობ. პოტენციალს ვხედავ და იმიტომ“! – იოჰან ბოსკამპმა ეს სიტყვები კობა ინასარიძესთან ინტერვიუში თქვა (სარბიელი; 1999 წლის 19 ივნისი). იმ საუბარში მას სიტყვა არ დასცდენია ზაზა ჯანაშიაზე.

ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან შერისხული თავდამსხმელი ჟურნალისტებმა 1998-1999 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სარბიელის ტრადიციულ გამოკითხვაში ზაზამ 183 ქულა მოაგროვა და ლამის ასი ქულით აჯობა კახი კალაძეს (89). თემურ ქეცბაია მესამე ადგილზე გავიდა 57 ქულით.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რჩეული სამეული კი ასეთი იყო: რატი ალექსიძე, დავით ჯანაშია, მიხეილ აშვეთია. ჟურნალისტებს ჩემპიონატში მოთამაშე უცხოელების დასახელებაც შეეძლოთ, თუმცა იმ სეზონში ქართული კლუბის მაისურით ერთადერთმა ლეგიონერმა ითამაშა, ნიგერიელმა უჩე უვაკვემ, ისიც ერთი ტაიმი. რა გასაკვირია, რომ იმ გამოკითხვაში უვაკვე არავის გაახსენდა.

5 ივნისი, 1999. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 15 000
საქართველო 1:2 საბერძნეთი
გოლები: 1:0 თემურ ქეცბაია (55, გოჩა ჯამარაულის პასით), 1:1 ოთარ ხიზანეიშვილი (85, სკ), 1:2 ნიკოს მახლასი (89)
საქართველო: დავით გვარამაძე, ოთარ ხიზანეიშვილი, მამუკა წერეთელი, დავით ჭიჭვეიშვილი (გივი დიდავა 9), ლევან ცქიტიშვილი (რატი ალექსიძე 56), ბადრი ახვლედიანი (ზურაბ ხიზანიშვილი 65), გიორგი ნემსაძე (კაპ), ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია, მიხეილ აშვეთია
მწვრთნელი: იოჰან ბოსკამპი (ნიდერლანდები)
საბერძნეთი: ელიას ატმაციდისი, დიმიტრის მავროგენიდისი, მიხალის კასაპისი, მარინოს უზუნიდისი, გიორგოს ანატოლაკისი, ელიას პურსანიდისი, თეოდოროს ზაგორაკისი (კოსტას ფრანცესკოსი 80), კოსტას კონსტანტინიდისი (ნიკოს ფრუსოსი 46), ნიკოს მახლასი (კაპ), ანდრეას ნინიადისი, გრიგორის გეორგატოსი (გიანის ანასტასიუ 61)
მწვრთნელი: ვასილის დანიილი
გაფრთხილება: მამუკა წერეთელი, გივი დიდავა, მიხალის კასაპისი, კოსტას კონსტანტინიდისი, გიორგი ნემსაძე, ნიკოს ფრუსოსი, ელიას პურსანიდისი
მსაჯები: უილიამ იანგი; ჯ.მაკბრაიდი, დ.დოიგი (შოტლანდია)

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 16 ნოემბერი
ფოტო: გაზეთი სარბიელი / ბადრი კეთილაძე / გურამ დოლენჯაშვილი; ჟურნალი World Soccer; ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; თამაშის ბილეთი

ka_GEGeorgian