რიო 2016: 5 აგვისტო
ოლიმპიადის გახსნამდე საათები რჩება, თუმცა რამდენიმე სახეობის წარმომადგენლები უკვე ეჯიბრებიან ერთმანეთს: ქალ ფეხბურთელთა მსგავსად, გუშინ ვაჟთა ოლიმპიური ტურნირიც დაიწყო.
და დაიწყო მასპინძელთა მორიგი იმედგაცრუებით. ივნისში, სამხრეთ ამერიკის საიუბილეო ჩემპიონატზე – კოპა სენტენარიოზე ჩავარდნის შემდეგ, ბრაზილიელები რიოს ოლიმპიადაზე უდიდეს იმედს ამყარებენ. ყველა ტიტულის მფლობელ „ტყავის ბურთის ჯადოქრებს“ მხოლოდ ოლიმპიადა არ მოუგიათ და ნავსის გატეხვას შინ აპირებენ, მაგრამ თუ ისე გააგრძელეს, როგორც დაიწყეს, ვეჭვობ, რომ მიზანს მიაღწიონ – სამხრეთ აფრიკასთან უგოლო ფრე ვერაფერი სანუგეშო შედეგია. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბრაზილიის ოლიმპიურ ნაკრებში ბარსელონის მეგა-ვარსკვლავი ნეიმარი თამაშობს. თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა ხსენებული კოპა სენტენარიო ზუსტად ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად გამოტოვა.
ფეხბურთელები ფინალისკენ მიმავალ გზას შეუყვნენ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები კი თამაშების გახსნამდე სხვადასხვა აქციაში მონაწილეობენ.
4 აგვისტოს ოლიმპიურ სოფელში თამაშების დროს გარდაცვლილ სპორტსმენთა ხსოვნის მემორიალი გაიხსნა. ოფიციალურ ცერემონიას სოკ-ის პრეზიდენტი თომას ბახი, მისი წინამორბედი ჟაკ როგე, სოკ-ის მაღალჩინოსნები, სხვადასხვა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და სპორტსმენები დაესწრნენ.
სტუმართა შორის იყვნენ ჩვენი გუნდის ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი და სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.
„გვსურდა, რომ სწორედ აქ, ოლიმპიური ოჯახის ერთიანობის სიმბოლოდ მიჩნეულ ოლიმპიურ სოფელში მოგვეწყო ადგილი იმ სპორტსმენების ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომლებიც ჩვენს შორის აღარ არიან“, – ამ სიტყვებით დაიწყო თომას ბახმა ცერემონია და სხვადასხვა დროს გარდაცვლილი სპორტსმენები გაიხსენა, მათ შორის ისრაელის ოლიმპიური გუნდის ის წევრები, რომლებიც 1972 წელს, მიუნხენში, ტერორისტთა თავდასხმას შეეწირნენ. სოკ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ტრაგიკული შემთხვევა მიზანმიმართული თავდასხმა იყო ოლიმპიურ ფასეულობებსა და სპორტის მთავარ, უნივერსალურ, გამაერთიანებელ ძალაზე.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა განსაკუთრებული გულისტკივილით გაიხსენა 2010 წელს, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაცვლილი ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილიც.
ცერემონიის დასასრულს მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ყველა გარდაცვლილი ათლეტის ხსოვნას და საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიიდან ჩამოტანილ ზეთისხილის ხეზე სიმბოლური ფერადი ლენტები შეაბეს.
გუშინვე შეხვდა ქართველ ოლიმპიელებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად 3 აგვისტოს ესტუმრა XXXI ოლიმპიადის მასპინძელ რიო დე ჟანეიროს.
„რიოში უკვე აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა და შეუძლებელია ეს არ გვიხაროდეს! ჩვენი ოლიმპიური გუნდი არნახულად დიდია, მე თითოეულ თქვენგანში შემართებას ვხედავ და დარწმუნებული ვარ, ამ ოლიმპიადაზე ჩვენი დროშა არაერთხელ აღიმართება. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ყველა წევრს: სპორტსმენებს, ექიმებს, საორგანიზაციო ჯგუფს, ჟურნალისტებს… ყველას, ვინც აქ მუშაობთ და ცდილობთ საქართველოს უდიდესი სიხარული მიანიჭოთ“! – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიურ სოფელში ფრანგ კოლეგა ფრანსუა ოლანდსაც შეხვდა, მოგვიანებით კი სპორტსმენებთან ერთად ოლიმპიურ სოფელში ისადილა. საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად დღეს ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრება, ხვალ კი ძიუდოისტებს უგულშემატკივრებს.
6 აგვისტოდან ბარას ოლიმპიურ პარკში ძიუდოისტთა შეჯიბრება იწყება. ასპარეზობებს კარიოკა არენა-2 უმასპინძლებს, რომელიც 10 ათას გულშემატკივარს იტევს. ჩვენი ძიუდოისტებიდან პირველად ამირან პაპინაშვილს (60კგ) ვიხილავთ. ძიუდოისტთა ტურნირი თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.
ხვალვე დეოდოროს სასროლეთის ცენტრში 19 წლის ცოტნე მაჭავარიანის ოლიმპიურ დებიუტს ვიხილავთ, ერთი დღის შემდეგ, 7 აგვისტოს კი ოლიმპიადების ისტორიაში საამაყო ქართული ამბავიც ჩაიწერება – „ცეცხლის ხაზზე“ ცოტნეს დედას, ოლიმპიურ ჩემპიონს, მერვე(!) ოლიმპიადის მონაწილე ნინო სალუქვაძეს ვიხილავთ და ეს იქნება პირველი შემთხვევა თამაშების ისტორიაში, როცა დედა და ვაჟი ერთ ოლიმპიადაზე იასპარეზებენ!
ცოტნე მაჭავარიანი და ნინო სალუქვაძე პნევმატური პისტოლეტით იწყებენ. ვაჟთა შეჯიბრება 6 აგვისტოს, თბილისის დროით 20 საათზეა დანიშნული, ფინალი – ნახევარი საათით გვიან, ქალები კი 7 აგვისტოს, 16 საათზე დაიწყებენ საკვალიფიკაციო ეტაპს, ხოლო ფინალური ასპარეზობა 18 საათზეა დანიშნული.
ოლიმპიადის დაწყებას გამორჩეულად ელოდებიან გორში. ქალაქის მერიის შენობაზე 5 გორელი ოლიმპიელის – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი – პატივსაცემად ამდენივე დიდი პლაკატი გამოიფინა. სპორტსმენთა ბილბორდები ქალაქის სხვადასხვა უბანშიც დამონტაჟდა, ხოლო გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სკვერში დიდი ეკრანი დაიდგა, სადაც ქომაგებს რიო დე ჟანეიროდან პირდაპირი რეპორტაჟების ხილვის საშუალება ექნებათ.
ეს რაც შეეხებოდა „ქართულ ამბებს“, ბოლოს კი რამდენიმე სიტყვით სხვა გუნდებზეც დავწერ. ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური გუნდის მედროშეები დღევანდელ ცერემონიაზე საქვეყნოდ ცნობილი მოცურავე მაიკლ ფელპსი და ჩოგბურთელი, ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი (ერთეულებში) და ვერცხლის მედალოსანი (შერეულ წყვილში) ენდი მარი იქნებიან.
ოლიმპიური სოფლის პრეს-ცენტრში ყველაზე ტიტულიანმა ოლიმპიელმა მაიკლ ფელპსმა განაცხადა: „ოლიმპიური გუნდის მედროშეობა ჩემთვის უდიდესი პატივია! ჩემს პირველ ოლიმპიადაზე, 2000 წელს სიდნეიში, უბრალოდ მინდოდა გუნდთან ერთად ვყოფილიყავი. 2004 წელს, ათენში, ჩემი ქვეყნისთვის ოქროს მედლის მოპოვება მსურდა. 2008 წელს, პეკინში, იმის გაკეთება, რაც მანამდე ვერავინ შეძლო, ხოლო 4 წლის წინ, ლონდონში, ისტორიის გადაწერა. რაც შეეხება რიო დე ჟანეიროს, მინდა ისე ვიასპარეზო, რომ ჩემმა ოჯახმა იამაყოს“!
ფელპსი 18-გზის ოლიმპიური ჩემპიონია, საერთო ჯამში კი მის აქტივში 22 ოლიმპიური მედალია. ორივე მაჩვენებლით ის თამაშების რეკორდსმენია, მაგრამ რიოში, თუნდაც საკვალიფიკაციო ასპარეზობისას, ის კიდევ ერთ რეკორდს დაამყარებს – გახდება პირველი ამერიკელი მოცურავე, ვინც 5 ოლიმპიადაზე იასპარეზებს.
ბოლოს კი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადასაც გადავწვდები: რიო დე ჟანეიროში გამართულ სოკ-ის 129-ე სესიაზე გადაწყდა, რომ 4 წლის შემდეგ თამაშების სპორტულ პროგრამას 5 ახალი სახეობა დაემატება – ბეისბოლი (ქალთა შორის – სოფტბოლი), კარატე, სკეიტბორდი, სპორტული მეკლდეურობა და სერფინგი.
„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის ახალგაზრდობა პრიორიტეტულია. ამ სახეობების ოლიმპიურ პროგრამაში შეტანით, მომავალმა თაობამ საკუთარი პოტენციალის უმაღლეს დონეზე რეალიზების შანსი მიიღო. დარწმუნებული ვარ, ოლიმპიადაზე ასპარეზობა ყველა ახალგაზრდა სპორტსმენის ოცნებაა. ჩვენი ამ ნაბიჯით მათ ოცნების ახდენაში დავეხმარებით“, – განაცხადა თომას ბახმა.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 5 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – www.olympic.org/rio-2016