ალიოშა დევდარიანის არქივიდან: გივი სიხარულიძის მოგონება
„ფიქრებით შორეულ წარსულს დავუბრუნდი, გამახსენდა ბავშვობის წლებში მომხდარი ამბავი, როცა სტადიონზე გადავწყვიტეთ შესვლა მე და ჩემმა მეგობარმა. ბედის უკუღმართობას დავეკავშირებინეთ ერთმანეთთან. მე მამა მყავდა დაპატიმრებული, ხოლო მას დედა ჰყავდა გარდაცვლილი და მამისგან იყო მიტოვებული, უფროს და-ძმასთან იზრდებოდა ობლად.
ფეხბურთზე შესასვლელად შემუშავებული მქონდა ჩემი გეგმა, რომლითაც ყველა მატჩს ვესწრებოდი. როცა ვინმე დარბაისელი კაცი გამოჩნდებოდა ბილეთით, მოკრძალებით მივიდოდი და ვთხოვდი: ბიძია, ვითომ თქვენი შვილი ვარ, იქნება სტადიონზე შემიყვანოთო. არ მახსოვს, ჩემთვის ამ თხოვნაზე ვინმეს უარი ეთქვას.
ჰოდა, ჩემს მეგობარსაც ვასწავლე, როგორ უნდა მოქცეულიყო. პირველად მე ავირჩიე ერთი ჭაღარა კაცი. ჩემს თხოვნაზე ღიმილით ხელი გადამხვია და უცბად სტადიონზე აღმოვჩნდი. შიგნიდან ვუყვიროდი, მიდი ბიჭო ვინმესთან და სთხოვე, შემოგიყვანოს-თქო, მაგრამ ბუნებით მორცხვს, ვერ გადაედგა ეს ნაბიჯი. როცა ძალიან შევუჩნდი, ერთი მაღალ-მაღალი, ახმახი აარჩია, მივიდა და სთხოვა, ვითომ თქვენი შვილი ვარ, შემიყვანეთო.
ახმახმა ჩემი უხიაგოდ ჩაცმული მეგობრის შვილობა იუკადრისა, ირონიით რაღაცა ჩაიბურტყუნა და გასცილდა მას. საწყალი, დამორცხვებული, იქვე მდგარ ბოძს ნირდაკარგული აეტუზა. მე იმ წუთში გარეთ გამოვვარდი, ხელი გადავხვიე და ვუთხარი: ეგ ვიღაცა არაკაცი ყოფილა, სხვა ავირჩიოთ-თქო. მან მწარედ ჩაიღიმა და მითხრა, საკუთარმა მამამ მიმატოვა ბიჭო, მე სხვა როგორ მიშვილებსო.
გული დამეწვა, ვინანე საერთოდ სტადიონზე მოსვლა და ვუთხარი: იცი რას გეტყვი? ძალიანაც კარგი, რომ ვერ შევედით, მაინც ფარჩაკულ გუნდთან თამაშობენ-მეთქი.
ის იყო სახლში დაბრუნება გადავწყვიტეთ, რომ ვიღაც მაღალმა კაცმა, რომელიც ძლიერი აღნაგობისა ჩანდა, ჯიბიდან ბილეთი ამოიღო და შესძახა: ზედმეტი ბილეთი ვის უნდაო! მე ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ, რადგანაც დიდი ასაკის ბიჭები მივარდნენ, ადგილზე გავშეშდი, მივხვდი, რომ ის ბილეთი მე არ მერგებოდა.
უცებ ხმა შემომესმა: არა, არა, ეს ბილეთი ამ პატარა ბიჭისააო! კაცმა ხალხის რკალი გაარღვია და თანაგრძნობითა და სიყვარულით გამომიწოდა ბილეთი. მე მადლობა გადავუხადე და ბილეთი ჩემს მეგობარს ვაჩუქე.
ჩემი საქციელით გაკვირვებულმა, მკითხა:
-შენ რატომ არ დაიტოვე?
-ბიძია, – ვუთხარი მე, – ამ ბილეთით ჩემი მეგობარი შევიდეს, მე კი, როგორც ვინმეს შვილი, ისე შევალ.
-რაღა სხვის შვილად, ბარემ ჩემთან ერთად შემოდი, – მითხრა მან და მანიშნა, წინ გამიძეხიო.
ასე მოვხვდით იმ დღეს ფეხბურთის მატჩზე: მე შვილად, ხოლო ჩემი ძმაკაცი – ბილეთით“.
* * *
ამ მოგონებით იწყება გივი სიხარულიძის წიგნი „სევდიანი სკამი“, რომელიც 1998 წელსაა გამოცემული და ერთი საათის წინ ვიყიდე… ლარად. თუ კიდევ შემხვდა ბატონი გივის საფეხბურთო მოგონებები, იმასაც გავაზიარებ.
ფოტო: რობერტ კაპა / მაგნუმი