XX საუკუნის დასასრული: მწვრთნელთა ტანდემი ნაკრებში
„საქართველოს ნაკრებიდან უფრო ადრე უნდა წამოვსულიყავი. მიზეზი წმინდა საფეხბურთო არ არის. არ დაგიმალავთ, რამდენიმე ფეხბურთელთან ისეთი ურთიერთობა არ მქონდა, როგორიც საჭირო იყო.
ყველაფრის მოგვარება შეიძლებოდა, მაგრამ გამოჩნდნენ ავი ენები, რომლებმაც მდგომარეობა უკიდურესად დაძაბეს. ყველაფერ ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს: ახალკაცი გარდაიცვალა და დაიწყო თავდაუზოგავი ბრძოლა მისი ადგილის დასაკავებლად. წინასაარჩევნო პერიოდში არცთუ ჯენტლმენურ საქციელს ჰქონდა ადგილი. ამ დროს ბევრს ისიც აძლევდა ხელს, რომ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კრახი განეცადა. საბოლოოდ, მართალია ჩემს გარეშე, ბოსკამპის ხელმძღვანელობით, მაგრამ ყველაფერი ასეც დასრულდა.
ეს ინტრიგები რომ არა, დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთეს შედეგს მივაღწევდით. გუნდში თამაშობდნენ ძმები არველაძეები, შელია, ჯამარაული… ის ხალხი, ვისაც რეკომენდაცია არ სჭირდება. ამათ დაუმატეთ ახალგაზრდები – დემეტრაძე, წერეთელი… ისინი ხომ ტალანტებად ითვლებიან. შემადგენლობა მართლაც კარგი იყო, თუმცა ამაზე საუბარს რაღა აზრი აქვს. წარსულს ხომ ვეღარ დააბრუნებ“.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის ვლადიმერ გუცაევის ეს სიტყვები 1999 წლის ნოემბრის მიწურულს დაიბეჭდა რუსულ ყოველდღიურ გამოცემაში, სპორტ-ექსპრესში. ბატონი ვოვა იმ დღეებში დაინიშნა ვლადიკავკაზის ალანიის მთავარ მწვრთნელად და რუსი ჟურნალისტიც ამიტომ შეხვდა მას. საქართველოდან წასვლის შემდეგ, ვლადიკავკაზურ კლუბში მისვლამდე, გუცაევი საუდის არაბეთში საქმიანობდა, რევაზ ძოძუაშვილის თანაშემწე გახლდათ ალ იტიჰადში.
როცა ეს ინტერვიუ დაიბეჭდა (ნოემბრის მიწურულს), საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯერ ისევ ვაკანტური იყო. ფეხბურთის ფედერაცია რამდენიმე სპეციალისტზდე ფიქრობდა და ერთ-ერთი სწორედ ძოძუაშვილი გახლდათ, რომელიც დეკემბრის დასაწყისში დაბრუნდა საუდის არაბეთიდან. მისი თქმით, იქაურობით დაიღალა და ალ იტიჰადთან ხელშეკრულებაც ამიტომ შეწყვიტა ოთხ თვეში.
სარბიელმა ძოძუაშვილთან ინტერვიუ 4 დეკემბერს დაბეჭდა. ჟურნალისტი კობა ინასარიძე, ფოტოკორესპონდენტ გურამ დოლენჯაშვილთან ერთად, მას შინ ესტუმრა.
-საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა რომ შემოგთავაზონ, დათანხმდებით?
-აუცილებლად! დარწმუნებული იყავით, უარს არ ვიტყვი!
ეს იყო იმ ვრცელი ინტერვიუს მთავარი კითხვა და მთავარი პასუხი. ბატონმა რევაზმა თბილისის ლოკომოტივის წინადადებაც ახსენა და არც ის დამალა, რომ ლატვიიდანაც შეეხმიანნენ, საფეხბურთო კლუბ რიგის გაწვრთნა შესთავაზეს.
„ძალიან მინდა ნაკრებს გამოვადგე, ქართულ ფეხბურთს ძველი სახელი დავუბრუნო. ახლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არ უნდა შეცდეს, მათ სწორი ნაბიჯის გადადგმა მართებთ. ვფიქრობ, გამოცდილება უკვე აქვთ“, – აღნიშნა რევაზ ძოძუაშვილმა.
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა იმ შემოდგომით, ნაკრების და ასაკობრივი გუნდების მთავარი მწვრთნელების შერჩევის გარდა, კიდევ არაერთი პრობლემის მოგვარებას ცდილობდა. განსაკუთრებით დამძიმდა სიტუაცია შიდა სარბიელზე.
13 ნოემბერს, ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში, ლოკომოტივი 1:2 დამარცხდა დედაქალაქურ დერბიში დინამოსთან. ანგარიშში არაფერია გასაკვირი, იმ წლებში დინამო ყველასთან ფავორიტი იყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ რკინიგზელები 89-ე წუთამდე იგებდნენ, ოთარ კორღალიძის დინამომ კი ჯერ პენალტით გაათანაბრა ანგარიში (მიხეილ აშვეთია), დამატებითი დროის მიწურულს კი გამარჯვების გოლიც გაიტანა (რატი ალექსიძე).
როგორც კი გურამ ასკაროღლიმ პენალტი დანიშნა, მსაჯს რამდენიმე ლოკომოტიველი შემოეხვია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ ბიჭების დაშოშმინება სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ამასობაში ასკაროღლიმ ლოკომოტიველ ლევან მიქაძეს წითელი ბარათი აუფრიალა, რის გამოც ფეხბურთელს ნერვებმა უმტყუნა, მსაჯისკენ გაექანა… მატჩის მიმოხილვაში კონსტანტინე გოგიშვილმა დაწერა: „ბეწვზე გაერიდა არბიტრი, თორემ ბრიუს ლის სტილში შესრულებული ნახტომის შემდეგ, მისგან მხოლოდ მოგონება დარჩებოდა“.
რომ შეატყო სიტუაცია უმართავი ხდებოდა, ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩოლარიამ მინდორზე შესვლა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვერ იცნეს და შეაკავეს. საბოლოოდ ჩოლარია მაინც შევიდა მინდორზე და დაპირისპირებულები დააშოშმინა. თამაში განახლდა და, მართალია გაწევ-გამოწევით, ჩხუბით, გინებით და ფურთხებით, მაგრამ მაინც დასრულდა. ერთმა ენამწარე მილიციელმა თქვა კიდეც, „მსაჯი მოიკაში გაატარესო“…
ლოკომოტივის პრეზიდენტმა აკაკი ჩხაიძემ გადათამაშება მოითხოვა და დაიმუქრა, თუ ჩვენი პროტესტი არ დააკმაყოფილეს, კლუბი არსებობას შეწყვეტსო. „თქვენი იყოს ფეხბურთიც და სტადიონიც! თქვენი იყოს დინამოც!“ – განაცხადა ქართული რკინიგზის აღელვებულმა შეფმა. ჩხაიძემ არენა იმიტომ ახსენა, რომ იმ პერიოდში საქართველოს რკინიგზა ლოკომოტივის სტადიონს არემონტებდა…
ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გურამ ასკაროღლის საკითხი 17 ნოემბერს განიხილა. სხდომის დაწყების წინ არბიტრმა სკანდალური განცხადება გააკეთა: „აი ის ფურცელი, რომელიც ლოკომოტივის წარმომადგენელმა გადმომცა მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე და მომთხოვა, აქ ჩვენი სამი ფეხბურთელის გვარი წერია და ისინი არ გააფრთხილოო. ისიც მითხრა, ყველაფერი ფედერაციასთანაა შეთანხმებულიო“. მანვე ისიც თქვა, მოედანზე ფეხბურთელების საუბარმა დამარწმუნა, რომ თამაში ჩაწყობილი იყოო.
ის თავყრილობა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა, ერთი კვირის თავზე კი, სადისციპლინო-ტექნიკური კომიტეტის კიდევ ერთი სხდომის შემდეგ, მსაჯის შეურაცხყოფაში მხილებული გიორგი მიქაძე და გიორგი ბალაშვილი დისკვალიფიკაციით და ათასლარიანი ჯარიმით დაისაჯნენ. როგორ მაშინ ითქვა, ბალაშვილი მეტსაც იმსახურებდა, მაგრამ გაითვალისწინეს, რომ ის ეროვნული გუნდის მოთამაშე იყო. სამი თვით მოკვეთეს გურამ ასკაროღლი (თამაშის დროს დაშვებული უხეში შეცდომების გამო), რაც შეეხება მატჩის შედეგს, ის უცვლელი დარჩა.
„ბოლომდე მსაჯებს კი არა, საკუთარ თავს არ ვენდობი“ – ასე დაასათაურა სარბიელმა ვალერი ჩოლარიასთან ინტერვიუ (1999 წლის 20 ნოემბერი). კობა ინასარიძესთან საუბარში სფფ-ის გენერალურმა მდივანმა განაცხადა:
„ასკაროღლი არ არის ის კაცი, ასეთი რამ მოიგონოს. თავისი ნათქვამის დასადასტურებლად მან კომიტეტის სხდომაზე ის ფურცელიც გვაჩვენა, რომელიც ჯიბეში ჩაუდეს…
მე მსაჯს კი არა, ბოლომდე ჩემს თავს არ ვენდობი. დღეს და გუშინ, მაგალითად, ხუთმა მსაჯმა მითხრა, შინ დამირეკეს გუნდების წარმომადგენლებმაო…
ასეთი დაძაბული ჩემპიონატი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა და ამისთვის ბევრი მსაჯი მზად არ იყო, რასაც თავადაც ამბობენ. თუ რამ შეცდომები მოსდით, ისევ თავიანთი მოუმზადებლობის გამო“.
ლოკომოტივის პროტესტს რაც შეეხება, ჩოლარიამ თქვა: „რკინიგზელებმა წარუმატებლობის მიზეზები თავიანთ გუნდში ეძებონ, ფედერაცია არაფერ შუაშია“.
დაახლოებით იმავე დღეებში დაუპირისპირდა სფფ-ს მერანი 1991-ის პრეზიდენტი ნუგზარ ნავაძე. მისი აზრით, თბილისური კლუბის წინააღმდეგ მსაჯები შეგნებულად ცდებოდნენ. 13 ნოემბერს, ფოთში, კოლხეთი 1913-თან 0:1 წაგების შემდეგ, მერანი B ზონის ბოლოსწინა ადგილზე დაქვეითდა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა გუნდი შეკრიბა და ბიჭებს განუცხადა:
„ბევრი ვიფიქრე, არ ავჩქარებულვარ, გადაწყვეტილებაც ცივი გონებით მივიღე – მერანი 1991 ეროვნულ ჩემპიონატში აღარ ითამაშებს. ვიცი, დღეს ნათქვამი გეწყინათ, მაგრამ ჩემზე მეტად არავის სწყდება გული. მერანი იმ დროს დავაარსე, როცა ქვეყანაში ომი იყო. ბევრს ჩემი საქციელი არასწორად მიაჩნდა, ეს საქმე მაინც გავაკეთე. გუნდი პირველ ჯგუფში გადმოვიყვანე, ინტერტოტოს თასზეც ვითამაშეთ, დიდი შრომა ჩავდეთ, ბევრი კარგიც მახსოვს… ახლა კი, ზოგიერთების გამო, წასვლა მიწევს. ამდენ სიბინძურეს ვეღარ ავიტან. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატში აღარ ვითამაშებთ, კონტრაქტის პირობებს ყველას შეგისრულებთ. უმუშევარი არცერთი თქვენგანი დარჩება, ყველას პატრონი ვიქნები“.
„მერანის ხელმძღვანელობას რატომღაც ჰგონია, რომ ფედერაცია მათი წინააღმდეგია, თითქოს მსაჯებს ვავალებდეთ, მერანს ქულები დააკარგვინონ. არაფერი მსგავსი…
თავიანთ გადაწყვეტილებას საბაბად ცუდი მსაჯობა დაუდეს, მე კი მგონია, რომ მერანის ხელმძღვანელობას გუნდის შესანახი ფული აღარ აქვს. ფინანსურად გაუჭირდათ. აბა, იმას ხომ არ იტყოდნენ, ფული გამოგველიაო. ჰოდა, მოიმიზეზეს, ფედერაცია გვემტერება, არაობიექტური მსაჯობააო…
თუ თამაში არ სურთ, არც შევეხვეწებით“, – განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ.
„რატომ ტარდება საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში? ალბერტ აინშტაინიც ვერ გვიპასუხებდა. ალალად შევაწუხებდით იმ კაცს, ცოცხალი რომ იყოს. ვუამბობდით ყველაფერს და ვთხოვდით, ეგებ, შენი გენიალური ტვინით გვიბრძანო, რა საჭიროა ისეთი შეჯიბრება, რომელსაც არაფერი მოაქვსო.
არაფერი მოაქვსო? ამი გამო, ეგებ, ქოქოლაც დაგვაყარონ (თუ ქოქოლა იკმარეს, კარგია, იმიტომ რომ წიხლაობა მიღებული ამბავია ჩვენს ფეხბურთში) კიდეც, მაგრამ ფეხბურთს არ მოაქვს მთავარი – ხალხის ჯანსაღი ინტერესი და სიხარული.
ამიტომ, ჩემპიონატი ჩემპიონატისთვის არსებობს და ადამიანთა იმ წრისთვის, ვინც მექანიკურად შერჩენია ტრიბუნებს.
სტადიონებზე ბევრი ხალხი დადისო, გაიგონებთ ხოლმე. რამდენიც არ უნდა დადიოდეს, წარმოუდგენელია ერთი ამათგანი მაინც კმაყოფილი იყოს თავისი გუნდით და ფეხბურთით. ეჭვი მაქვს, რომ ბევრ გულშემატკივარს ის კი არ უხარია, რომ ფეხბურთში, სპორტულ ორთაბრძოლაში იმარჯვებს, არამედ ის, რომ ყველანაირი ხერხით ამარცხებს მოწინააღმდეგეს. იქ რომ გლადიატორები იბრძოდნენ და სისხლი იღვრებოდეს, ეს „ბევრი გულშემატკივარი“ ბედნიერი იქნებოდა. ამიტომ, ფეხბურთი არაფერ შუაშია. ხშირად ეს არის მაყურებლის პირადი აგრესიის დაკმაყოფილება და არა სპორტის ქომაგობა.
ახლა ამბობენ, ეს გუნდი გავა ჩემპიონატიდან პროტესტის ნიშნადო, ის გუნდი გავაო, სხვანიც მიჰყვებიანო… მგონია, რომ არავინ გავა, მაგრამ ამის ახსნას სვეტი არ ეყოფა. თუმცა, რომც გავიდეს, არაფერი შეიცვლება, იმიტომ, რომ ფეხბურთი საქართველოში არ არის სპორტული პროცესი. ბევრი რამ არის ქვეყნად ასეთი, მაგრამ ფეხბურთი არ ჩანს. იმიტომ, რომ არაფერია ფეხბურთზე სახალხო.
ბატონო ალბერტ, რატომ ტარდება საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში?
ბატონი ალბერტი: ბევრს ვერას მოგახსენებთ, ეგებ იმიტომ, რომ გამოირკვეს, ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი და ვინ ითამაშებს ორ მატჩს აგვისტოში რომელიმე უცხოურ კლუბთან?
ჰო, მაგრამ ამისთვის ღირს ამხელა ჩემპიონატის ჩატარება და ამდენი სკანდალის ცქერა?
კი, მაგრამ ფეხბურთელები? ფეხბურთელობა ხომ, ასე თუ ისე, სამუშაო ადგილია? ჩვენს ქვეყანაში კი სამუშაო ადგილები ჭირს. ერთადერთი გამართლება იმისა, რომ ჩემპიონატი ტარდება, შეიძლება ეს იყოს – ბიჭებს აქვთ სამუშაო ადგილები. ისინი დასაქმებულნი არიან. და ვინ ოხერი იტყვის, რომ მათ ეს ადგილები დაკარგონ?
მაგრამ, ამ შემთხვევაში, რაღა გვინდა ფეხბურთისგან? რატომ ვწერთ ფეხბურთზე, რატომ გადმოვცემთ ტელევიზიით და რატომ ვცდილობთ ხალხი დაინტერესდეს ჩვენი პირველობით? ხომ არ ვწერთ ამდენს სუპერმარკეტებში, სამინისტროებში ან, თუნდაც, პრესაში დასაქმებულ ადამიანებზე?
თუ ასეთი უნდა იყოს, იყოს თავისთვის. განა ეს ფეხბურთი იქნება? ფეხბურთი ხალხისთვისაა და არა თავისთვის. სხვანაირად ფეხბურთი არ არის.
და ვთქვათ, ცრემლით და დარდით – ეს ფეხბურთი არ არის“.
ეს გიო ახვლედიანის სვეტია, რომელიც სათაურით „იყოს თავისთვის“ 1999 წლის 20 ნოემბრის სარბიელში დაიბეჭდა.
ნუგზარ ნავაძის პროტესტის შემდეგ მერანი 1991-მა კიდევ ორჯერ ითამაშა: ჯერ რუსთავის გორდას სძლია – 2:1, შემდეგ კი გორში 2:3 დამარცხდა დილასთან და პირველი ეტაპის B ზონა ბოლოსწინა, VII ადგილზე დაასრულა. თბილისელებმა ჩემპიონატი არ დატოვეს და გაზაფხულზე, როცა სეზონი განახლდა, IX-XVI ადგილებისთვის ითამაშეს. მეორე ეტაპის თოთხმეტი მატჩიდან მერანი 1991-მა მხოლოდ ერთი წააგო და საბოლოოდ ჩემპიონატი IX ადგილზე დაასრულა. თუმცა, ეს 2000 წლის ამბებია, 1999 წლის მიწურულს კი…
დეკემბრის პირველ დღეს გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ გაახსენდათ თბილისის დინამოს და მრეტების გახმაურებული დავა, რომელიც ოთხი წლით ადრე, 1995 წელს დაიწყო, როცა გიორგი ქინქლაძე ჩვენი ფეხბურთისთვის არნახულ თანხად გაიყიდა მანჩესტერ სიტიში. მისმა პირველმა კლუბმა მრეტებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფული მოითხოვა, დინამომ არ გადაიხადა და დაპირისპირებამ სასამართლოში გადაინაცვლა. განვლილი წლების განმავლობაში საქმე არაერთ ინსტანციაში განიხილეს, თუმცა პროცესი ვერ დასრულდა.
ფიფას ბოლო წერილში აღნიშნული იყო, რომ რადგან კლუბებმა რჩევა არ გაითვალისწინეს და ერთმანეთში ვერ მოილაპარაკეს, საბოლოო განაჩენის გამოტანა მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა სახლმა გადაწყვიტა.
ამასთან დაკავშირებით მრეტების ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი ქავთარაძემ განაცხადა:
„ჩვენ, კლუბმა, მრეტებმა, სფფ-ში საჭირო დოკუმენტაცია წარვადგინეთ, მაგრამ დინამო არ გამოცხადდა. ეს ჩვენთვის სულაც არ არის ტრაგედია, პირიქით, კმაყოფილნი ვართ, რომ ამ საქმის დასრულება ფიფას დაეკისრება. ჩვენი პირობა კვლავაც ძალაშია, დინამოსგან ვითხოვთ სატრანსფერო თანხის ნახევარს, ანუ 1 600 000 დოლარს. ამას დაუმატეთ წლიური ოცი პროცენტის ჯარიმა, რაც ჯამში ასევე 1 600 000 ათას დოლარს შეადგენს. გამოდის, რომ მრეტები დინამოსგან 3 200 000 დოლარს ითხოვს და ამ თანხას, ალბათ, ფიფას ძალისხმევით, სრულადაც მივიღებთ“.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მერაბ ჟორდანიას, რომელიც ქინქლაძის სიტიში ტრანსფერის დროს დინამოს პრეზიდენტი გახლდათ, ფიფას წერილის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. რამდენიმე დღეში ის იაპონიის დედაქალაქში გაემგზავრა. 7 დეკემბერს, ტოკიოში, სასტუმრო ტაკანავა პრინც ოტელში მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა და ამ ცერემონიას სფფ-ის პრეზიდენტი ვალერი ჩოლარიასთან ერთად დაესწრო.
საქართველოს ეროვნული ნაკრები VIII საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდა ლიეტუვის, უნგრეთის, რუმინეთის და იტალიის ნაკრებ გუნდებთან ერთად.
„ისეთი ჯგუფი გვერგო, მეორე ადგილი უნდა დავიკავოთ, ეს რეალურია. საქართველოს ნაკრებს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს. ფავორიტი იტალიაა, მაგრამ გადაჭარბებად ნუ ჩამითვლით, გამორიცხული არაა პირველები ქართველები იყვნენ. მთავარია ადრინდელი შეცდომები არ გავიმეოროთ“, – ასეთი იყო რევაზ ძოძუაშვილის პირველი კომენტარი.
„ჩვენი მიზანი ერთია – მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა. სულ ერთია პირველ ადგილს დავიკავებთ თუ მეორეს, მთავარი კორეა-იაპონიაში მოხვედრაა“, – ეს უკვე ვალერი ჩოლარიას სიტყვებია. რაც შეეხება მერაბ ჟორდანიას, მან თქვა:
„წილისყრით კმაყოფილნი ვართ, შეიძლებოდა უარეს ჯგუფშიც მოვხვედრილიყავით. ფავორიტი, რა თქმა უნდა, იტალიაა, ჩვენ კი მეორეობის კარგი შანსი გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იტალიას პირველობა გარანტირებული აქვს. ჩვენც ბოლომდე ვიბრძოლებთ.
ჯგუფის კალენდარზე ჯერ არ გვისაუბრია. ამ საკითხზე, ალბათ, დეკემბრის მიწურულს ან იანვარში შევთანხმდებით. სავარაუდოდ, ბუდაპეშტში შევიკრიბებით.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს რაც შეეხება, მის ვინაობას 10 დეკემბერს შეიტყობთ“.
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები 9 დეკემბერს დაბრუნდნენ. სარბიელმა ეროვნულ ნაკრებში დავით ყიფიანის გამოჩენის შანსი 60, ხოლო რევაზ ძოძუაშვილისა 40 პროცენტით შეაფასა. იმავე ცნობაში ისიც ეწერა, რომ ჟორდანია, ჩოლარია და ალექსანდრე ჩივაძე საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატებთან პირადი შეხვედრის შემდეგ მიიღებდნენ. რაც შეეხება გაიოზ დარსაძეს, რომელიც იმ შემოდგომით რამდენჯერმე დასახელდა ბოსკამპის შესაძლო მემკვიდრეთა შორის, მისი გუნდში მისვლა გამოირიცხა.
10 დეკემბერს ფედერაციაში უამრავმა ჟურნალისტმა მოიყარა თავი და დაახლოებით ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, მერაბ ჟორდანიამ ყველანი პრესკონფერენციაზე მიიპატიჟა:
„როგორც მოვილაპარაკეთ და შეგპირდით, ნაკრების მწვრთნელის ვინაობას კენჭისყრის შემდეგ გაცნობებდით. დღეს 10 რიცხვია და მინდა ჩემი პირობა შევასრულო. ამდენი ხნის მსჯელობისა და კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეროვნულ ნაკრებს ტანდემი უხელმძღვანელებს – დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი.
დიდი ხანია ამაზე ვფიქრობდით, მაგრამ გვინდოდა ორივე პიროვნებისგან მიგვეღო თანხმობა, გვსურდა დავრწმუნებულიყავით, რომ ნაკრების ამგვარი ხელმძღვანელობა მათთვის მისაღებია.
ორივე მთავარი მწვრთნელი იქნება, ეროვნული გუნდის შემადგენლობის დაკომპლექტების დროს ისინი თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. რაც შეეხება მეკარეებს, მათ ოთარ გაბელია მოამზადებს.
გაიზრდება ალექსანდრე ჩივაძის პასუხისმგებლობაც. ის უფრო მეტად იქნება ჩართული ეროვნული გუნდის მომზადების პროცესში.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მაგალითად ასაკობრივი გუნდების მთავარ მწვრთნელებს, ახალ წლამდე ყველა პასუხი აუცილებლად გვეცოდინება“.
„უცნაური და საკვირველი გადაწყვეტილება მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ. ეროვნული ნაკრების თავკაცობა ერთ პიროვნებას ვერ ანდო, ხელმძღვანელად მწვრთნელთა ტანდემი დანიშნა.
დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი. ორივე მათგანი დაფასებული ადამიანი გახლავთ. ამათ თანაშემწეებისა და უბრალოდ, დამხმარეების მთელი „პოლკიც“ დაუნიშნეს. ფედერაციამ გული დაიარხეინა. საქვეყნოდ ამტკიცებს ასეთი გადაწყვეტილების სისწორეს.
ძნელია კაცს ნამოქმედარი დაუწუნო და აკრიტიკო, როცა საქმეს ჯერ არ შესდგომია. იქნებ გაამართლოს ორი მწვრთნელის მოღვაწეობამ, მაგრამ აქვს კი ქართულ ფეხბურთს დრო ექსპერიმენტების ჩასატარებლად? გვგონია, რომ არა. რაღა მაინცდამაინც ჩვენში გაამართლებს ის, რასაც შედეგი არსად და არავისთვის მოუტანია“?! – დაწერა მამუკა კვანტალიანმა სარბიელში გამოქვეყნებულ წერილში „რას გვარგებს ორი მწვრთნელი? საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იმ მექანიზმის ამუშავებას აპირებს, რომელსაც არსად უმუშავია“ (1999 წლის 14 დეკემბერი). სტატია ასე მთავრდებოდა: „ნაკრების მიმართ დამოკიდებულებას ვერაფერი შეცვლის, უბრალოდ ვიტყვით: დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს – წარმატების მიღწევის შანსი, ფაქტობრივად, ნულის ტოლია“.
18 დეკემბერს, დილით, გაცხადდა, რომ დავით ყიფიანის და რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ მატჩებს 2000 წლის თებერვალში, კვიპროსზე, საერთაშორისო ტურნირის ეგიდით ჩაატარებდა.
შუადღით მწვრთნელებმა ჟურნალისტებს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტში გვიმასპინძლეს, სადაც მათი პირველი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. საუბარი რევაზ ძოძუაშვილმა დაიწყო, რომელმაც განაცხადა, რომ ბედნიერია გუნდში მისვლით და რომ წარმატების იმედი აქვს. შემდეგ მიკროფონი ყიფიანმა გამოართვა და კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, ორი მწვრთნელის დანიშვნას ერთის შერჩევა ხომ არ სჯობდაო, ასე უპასუხა:
„იქით მაქვს თქვენთან კითხვა, დარწმუნებულნი ხართ, რომ ორი მწვრთნელი ვერ გაამართლებს? ადექით და დაწერეთ, ყიფიანს და ძოძუაშვილს შედეგი არ ექნება, მათი გუნდი წასაგებად განწირულიაო. რატომ არ წერთ? თქვენ თუ პროფესიონალები ხართ, დაწერეთ, რომ ეს ტანდემი არ გაამართლებს და ხვალის პასუხისმგებლები ხართ. დრო გავა და მერე ვილაპარაკოთ, გაამართლებს თუ არა. ალბათობის თეორიით ერთმანეთს ელაპარაკეთ. აი, დაწერეთ, როგორც სპეციალისტებმა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ტანდემი არ იმუშავებს, ესენი გუნდს ვერ გააკეთებენ, ჩვენი შეხედულებით ეს ასეაო. როცა დრო გავა, დავჯდეთ და ვილაპარაკოთ, თქვენ იქნებით მართალნი თუ ჩვენ. თქვენ ლაპარაკობთ იცი როგორ? არც მწვადი გინდათ დაწვათ და არც შამფური… ესაა ჩემი ბოლო შეხვედრა ჟურნალისტებთან“.
ის პრესკონფერენცია კობა ინასარიძემ მიმოიხილა, რომელმაც 21 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილს ასეთი შესავალი წაუმძღვარა:
„პრესკონფერენცია დავით ყიფიანის მონოლოგში გადაიზარდა, რომელიც საკმაოდ ვრცელი გამოდგა. ჟურნალისტებმა მოვისმინეთ, რომ:
ჩვენ არა ვართ პროფესიონალები…
ჩვენ ვწერთ ღვარძლიანად…
ჩვენ მიგვიძღვის დიდი ბრალი ქართული ფეხბურთის დაღუპვაში…
ჩვენ ჯერ ავაყვავეთ და შემდეგ მიწაზე დავანარცხეთ ბოსკამპი…
ჩვენ არ ამოვიღეთ ხმა მაშინ, როცა რევაზ ძოძუაშვილი და დავით ყიფიანი ნაკრებიდან გაუშვეს…
ჩვენ ვერ ვწერთ ისე, როგორც საჭიროა. რომ თუ მოინდომა, დავით ყიფიანი ძალიან მაგარ რამეებს დაწერს“.
რაც შეეხება რედაქციის პოზიციას, ის ასეთი იყო:
„უსიამოვნო ფაქტი მოხდა 18 დეკემბერს საქართველოს ნაკრების თავკაცთა პრესკონფერენციისას – ერთ-ერთ კითხვაზე ეროვნული გუნდის მწვრთნელთაგანმა, დავით ყიფიანმა კონკრეტული პასუხისგან თავი შორს დაიჭირა და… პრესკონფერენცია უფრო სხვათა დაწერილ-ნათქვამის გარჩევას დაემსგავსა.
ყიფიანმა თითქმის ორი საათი სარბიელზე და სხვა საინფორმაციო საშუალებებზე ილაპარაკა, ბოლოს კი შარიც მოგვდო, თქვენი „დამსახურებაც“ არის, ქართული ფეხბურთი ასეთ დღეში რომ არისო. ამაზეც და სხვა აბსურდულ გამონათქვამებზე მწვრთნელმა პასუხი კი მიიღო, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ საერთო საქმეს, რასაც ხშირად ახსენებდა ყიფიანი, ამით არაფერი შეემატა, პირიქით…
ჩვენ ჩვენი აზრი, მოვლენების შეფასებისას საკუთარი პოზიცია გვაქვს და ჩვენ საქმეს, როგორც საჭიროდ ჩავთვლით, ისე გავაკეთებთ. მწვრთნელთა კომპეტენციაში კი არასდროს ჩავრეულვართ და ნურც სხვა ჩაერევა ჩვენ პროფესიულ საქმიანობაში. ამას მავანთა დაუხმარებლათაც მოვახერხებთ“.
24 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი XX საუკუნეში უკანასკნელად შეიკრიბა. იმ შეხვედრაზე ყიფიანი და ძოძუაშვილი ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელებად დამტკიცდნენ. ასევე, გაცხადდა მწვრთნელთა საბჭოს შემადგენლობა, რომელშიც შევიდნენ:
ალექსანდრე ჩივაძე – სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი, საბჭოს თავმჯდომარე; დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი – ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელები; გია გეგუჩაძე – ეროვნული გუნდის მწვრთნელი; მურთაზ ხურცილავა – ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი; შოთა ჭეიშვილი და ზაურ სვანაძე – 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელები; თენგიზ სულაქველიძე და კობა ჟორჟიკაშვილი – 16-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელები; რამაზ შენგელია – 16-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი; ჯონი ჯანელიძე – საქართველოს მოყვარულთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი; სერგო კოტრიკაძე – თბილისის ვიტ-ჯორჯიას მთავარი მწვრთნელი; ელგუჯა გუგუშვილი – თბილისის ზოოვეტის მთავარი მწვრთნელი; ვლადიმერ ელოშვილი – ვეტერანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი; ჯანი კარნევალე – ბათუმის მთავარი მწვრთნელი; ოთარ კორღალიძე – თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი; სოსო ფილია – ფოთის ფაზისის მთავარი მწვრთნელი და ნიკა ამირეჯიბი – ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო-საინსპექტორო კომიტეტის ინსპექტორი.
აღმასრულებელი კომიტეტის სხვა გადაწყვეტილებები მედიას სფფ-ის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ გააცნო:
„ფეხბურთის ფედერაციას ფინანსურად არ უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ანგარიშებს კვლავ ყადაღა ადევს, ვალებს ნელ-ნელა ვისტუმრებთ…
ჩვენ თანაჯგუფელთა მწვრთნელებს 10-დან 20 თებერვლამდე თბილისში შეკრება და შესარჩევი ჯგუფის კალენდარზე მოლაპარაკება შევთავაზეთ. ვნახოთ, რას გვიპასუხებენ…
არ არის გამორიცხული, რომ ეროვნულმა ნაკრებმა, თბილისის გარდა, სხვა ქალაქებშიც ითამაშოს. ყველაზე რეალური ქუთაისია. იქ უახლოეს მომავალში განათებაც მოწესრიგდება და სკამებსაც მთლიანად დაამონტაჟებენ…
ვამცირებთ ფედერაციის თანამშრომელთა შტატებს. აქამდე 80 თანამშრომელი გვყავდა, ახალი წლიდან მათი რაოდენობა 39 იქნება…
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სწორად მიიჩნევს, რომ ეროვნული ნაკრები მწვრთნელთა ტანდემს ჩააბარა. ამის წინააღმდეგი მხოლოდ აღმასკომის ერთი წევრი იყო – დავით ტურაშვილი“.
იმავე დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 1999 წელი შეაჯამა და საუკეთესო სპორტსმენი და ათეული დაასახელა. საპატიო წოდება ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძეს ერგო, რომელმაც წლის განმავლობაში მსოფლიოს თასი, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი და სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადის ორი ლიცენზია მოიპოვა.
სეოკ-ის რჩეულ ათ სპორტსმენთა შორის ფეხბურთელი ვერ მოხვდა, სამაგიეროდ, კიევის დინამოში მოთამაშე კახი კალაძემ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ყოველწლიურ რეფერენდუმში VII ადგილი დაიკავა (საუკეთესო ჟურნალისტთა ვერსიითაც ნინო სალუქვაძე გახდა). იმ დღეებში თითქმის ყველა სპორტული გამოცემა წერდა, რომ ზაფხულში კახი კლუბს გამოიცვლიდა და კარიერას ერთ-ერთ ევროპულ გრანდში გააგრძელებდა. კიევის დინამოელის მომავალ კლუბად რომის ლაციოს, მილანს და მანჩესტერ იუნაიტედს ასახელებდნენ…
ქართული ფეხბურთისთვის 1999 წელი, და მასთან ერთად XX საუკუნე, საქართველოს გმირის, ზაზა ბენდელიანის სახელობის თასის გათამაშებით დასრულდა. მინი-ფეხბურთის ტურნირი, ტრადიციულად, სპორტის სასახლეში ჩატარდა. ფინალში ბენდელა-მორკინალმა 6:1 მოუგო ნაძალადევს და მეოთხედ გახდა ჩემპიონი.
იმ დროს ბენდელას თასი ძალიან კარგი შეჯიბრება იყო, მინი-ფეხბურთის ნამდვილი დიდოსტატები იყრიდნენ თავს და სპორტის სასახლის ტრიბუნებიც თითქმის ყოველ დღე ივსებოდა. იმ გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გიორგი დემეტრაძე გახდა, ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ გიორგი ანჩაბაძე დაასახელეს, მეკარედ – აკაკი დევაძე, თავდამსხმელად – გიორგი მიქაძე, ამომავალ ვარსკვლავად – ირაკლი სამხარაძე, ყველაზე ლამაზი გოლის პრიზით კი გოჩა ჯამარაული დაჯილდოვდა…
გავიდა კიდევ რამდენიმე დღე და საქართველომ, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, ახალი წელი იზეიმა და მესამე ათასწლეულში შეაბიჯა. 2000 წლის 1 იანვრიდან ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ჟურნალისტურ კარიერაშიც – ოთხწლიანი თანამშრომლობის შემდეგ სარბიელს დავემშვიდობე და ყოველკვირეული ჟურნალის, ფეხბურთის გუნდს შევუერთდი.
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 21 დეკემბერი
ფოტო: გაზეთი სარბიელი / ბადრი კეთილაძე / გურამ დოლენჯაშვილი; ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; FIFA.com