1990-1999: ნაკრების მეკარეები
სამი წლის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების საერთაშორისო მატჩების შესახებ წერა დავიწყე და შარშან, დეკემბერში პირველი ათწლეული გავასრულე.
1990 წლიდან 1999 წლის ჩათვლით ჩვენი ქვეყნის მთავარმა გუნდმა 57-ჯერ ითამაშა. ბოლო ერთი თვეა ამ 57 მატჩის ამბებს ვუტრიალებ და რაღაც-რაღაცებს ვითვლი. ქართული სპორტის სტატისტიკა, გარდა იმისა რომ ჩემი პირდაპირი საქმეა, ერთგვარი გართობაცაა – სულ სხვა კუთხით გვიჩვენებს ბევრ რამეს და გამონაკლისი არც ეროვნული ნაკრების მეკარეების მონაცემებია. გუშინ მათი შედეგები დავაჯამე. თუმცა, უფრო სწორი იქნება თუ დავწერ, რომ ბევრი რამ თემატურად დავალაგე. ბუნებრივია, ყველაფერს აქ ვერ დავწერ, ამიტომ მხოლოდ 11 საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ. თუ რაიმე უზუსტობას აღმოაჩენთ და შემეხმიანებით, დიდად დამავალებთ, რადგან ეს საერთო საქმეს ძალიან წაადგება.
მოკლედ, 1990-1999 წლების 57 თამაშით ეროვნული გუნდის მეკარეებზე ასეთი ამბებია:
1: 1990 წლის 27 მაისიდან (ლიეტუვასთან 2:2) 1999 წლის 9 ოქტომბრის (ალბანეთთან 1:2) ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარში 11 მეკარე ვიხილეთ.
ყველაზე მეტ მატჩში ირაკლი ზოიძემ ითამაშა – 16, შემდეგ კი ასეთი სურათია: აკაკი დევაძე – 15, ნიკა ტოგონიძე – 11, დავით გვარამაძე – 10, სოსო გრიშიკაშვილი – 5, დავით ჯანელიძე – 2, ასლან ბალაძე, ნიკა ჩხეიძე, დავით ასლანაძე, გიორგი ლომაია და გრიგოლ ჭანტურია – 1.
ამ 11-დან მხოლოდ 5-ის აქტივშია ეგრეთ წოდებული „მშრალი“ მატჩები: დევაძე – 6, ზოიძე – 5, ტოგონიძე – 4, გვარამაძე – 2, გრიშიკაშვილი – 1.
2: ეროვნული ნაკრების პირველი მეკარე ბათუმელი ასლან ბალაძე გახლავთ. ის ასევე პირველია, რომელსაც მეტოქემ გოლი პენალტით გაუტანა. 1990 წლის 27 მაისს, თბილისში, ლიეტუვასთან ამხანაგურ შეხვედრაში (2:2), ბალაძის კარი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან არმინას ნარბეკოვასმა დალაშქრა (მე-12 წუთზე).
3: აკაკი დევაძე პირველია, რომელმაც თამაში გაშვებული გოლის გარეშე დაასრულა. ეს 1993 წლის 25 მაისს მოხდა განჯაში. თუმცა უნდა ვთქვა, რომ დევაძემ მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა, შემდეგ ის დავით ჯანელიძემ შეცვალა.
ხოლო პირველი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და გოლი არ გაუშვა, ირაკლი ზოიძეა. 1994 წლის 10 თებერვალს, მალტაზე, როთმენსის საერთაშორისო თასზე მასპინძლებთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში ნაკრების კარს თავიდან ბოლომდე ირაკლი იცავდა.
4: დევაძე პირველი მეკარეა, ვინც შეცვალეს. ეს 1992 წლის 17 სექტემბერს მოხდა გურჯაანში, აზერბაიჯანთან 6:3 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში. იმ მატჩში აკაკი 75-ე წუთზე შეცვალა დავით ჯანელიძემ.
საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელმა სულ ორჯერ ითამაშა ნაკრებში და ორივე შემთხვევაში შეცვლაზე – 1993 წლის 25 მაისს, განჯაში, აზერბაიჯანთან, ჯანელიძე კვლავ დევაძის ნაცვლად ჩაერთო თამაშში.
5: დევაძე პირველი მეკარეა, რომელსაც ყვითელი ბარათი უჩვენეს: 1995 წლის 7 ივნისს, კარდიფში, უელსთან 1:0 მოგებული ევრო 1996-ის შესარჩევი შეხვედრის 89-ე წუთზე.
ამ მხრივ „რეკორდსმენი“ მეორე ბათუმელი ნიკა ტოგონიძეა, რომელიც მსაჯებმა ორჯერ გააფრთხილეს. პირველად 1996 წლის 8 მაისს, იოანინაში, საბერძნეთთან 1:2 წაგებულ მატჩში, მეორედ კი 1998 წლის 30 მაისს თბილისში, რუსეთთან 1:1 დასრულებულ თამაშში. ორივე შეხვედრა ამხანაგური იყო. საინტერესოა, რომ იოანინაში, როცა ტოგონიძემ პირველად ითამაშა ნაკრებში, მან ზოიძე შეცვალა.
დევაძის და ტოგონიძის გარდა სხვა მეკარე არ გაუფრთხილებიათ.
6: ნიკა ტოგონიძე პირველია, რომელმაც ზედიზედ 3 მატჩში არ გაუშვა გოლი: 1997 წლის შემოდგომით, 10 სექტემბერს თბილისში იტალიასთან – 0:0, 24 სექტემბერს მოლდოვაში – 1:0, და 11 ოქტომბერს ასევე თბილისში პოლონეთთან – 3:0.
7: დევაძე პირველია, რომელსაც მეტოქე ფეხბურთელმა ჰეთ თრიქი შეუსრულა, თან ერთ (პირველ) ტაიმში. 1996 წლის 24 აპრილს, ბუქარესტში, რუმინეთთან 0:5 წაგებულ ამხანაგურ მატჩში დევაძის კარი სამჯერ დალაშქრა ვიორელ მოლდოვანმა.
აკაკის უკავშირდება ნაკრების კიდევ ერთი ანტირეკორდი – იმავე შეხვედრაში მან შეუცვლელად ითამაშა და 5 გოლი გაუშვა. ასეთი რამ 1990-1999 წლებში მეორედ არ მომხდარა.
8: ირაკლი ზოიძე პირველია, რომელსაც ერთ მატჩში ორმა ფეხბურთელმა შეუსრულა დუბლი. 1994 წლის 11 ივნისს, იბადანში, ნიგერიასთან 1:5 წაგებულ ამხანაგურ მატჩში, ზოიძის კარი ორჯერ ჯერ რაშიდი იეკინიმ, შემდეგ კი სამსონ სიასიამ დალაშქრა.
პირველი გოლკიპერი კი, ვისაც მეტოქემ დუბლი შეუსრულა, დევაძეა – 1994 წლის 23 თებერვალს, აშდოდში, ისრაელის ნაკრებთან 0:2 წაგებულ ამხანაგურ მატჩში ორივე გოლი ელი ოჰანამ გაიტანა.
9: დავით ჯანელიძე პირველია, რომელმაც თანაგუნდელისგან გაუშვა გოლი. ეს 1993 წლის 25 მაისს მოხდა განჯაში, აზერბაიჯანთან 0:1 წაგებულ ამხანაგურ მატჩში. იმ შეხვედრაში ჯანელიძე 46-ე წუთზე ჩაერთო დევაძის ნაცვლად, როცა ანგარიში 0:0 იყო. ავტოგოლი კი 53-ე წუთზე გაიტანა ნუგზარ ლობჟანიძემ.
ოფიციალურ მატჩში პირველი ავტოგოლი კი ტოგონიძეს გაუტანეს. 1999 წლის 28 აპრილს, თბილისში, ნორვეგიასთან 1:4 წაგებულ ევრო 2000-ის შესარჩევ მატჩში ბურთი გელა შეყილაძეს მოხვდა და ასე შევარდა ჩვენი გუნდის კარში (მე-17 წუთი).
10: დავით ასლანაძე პირველია, რომელმაც ერთ (მეორე) ტაიმში გაუშვა 4 გოლი – 1996 წლის 5 დეკემბერს, ბეირუთში, ლიბანთან 2:4 წაგებულ ამხანაგურ მატჩში. მასპინძლებმა ყველა გოლი 20 წუთში გაიტანეს, რაც ასევე ანტირეკორდია.
რაც შეეხება ტოგონიძეს, ის პირველია, რომელმაც საშინაო შეხვედრის ერთ, თან პირველ ტაიმში გაუშვა 4 გოლი – 1999 წლის 28 აპრილს თბილისში, ნორვეგიასთან 1:4 წაგებულ ევრო 2000-ის შესარჩევ მატჩში.
11: სოსო გრიშიკაშვილი პირველია, რომელმაც პენალტი მოიგერია. 1994 წლის 11 ივნისს, იბადანში, ნიგერიასთან 1:5 წაგებულ ამხანაგურ მატჩში სოსო 75-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და 85-ე წუთზე მოიგერია თერთმეტმეტრიანი. 1990-1999 წლებში სხვა მეკარეს პენალტი არ აუღია.
საინტერესოა ისიც, რომ იმ 11 გოლკიპერს შორის, რომლებმაც 1990-1999 წლებში ითამაშეს ნაკრებში, გრიშიკაშვილი ერთადერთია, რომელმაც უფრო ნაკლები გოლი გაუშვა, ვიდრე ითამაშა – 4 მიღებული ბურთი 5 მატჩში.
ასევე, გრიშიკაშვილი ერთადერთია, ვისაც არასდროს გაუშვია თამაშში გოლზე მეტი.
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 7 თებერვალი
ფოტო: gff.ge