კვარა, კოლუმბი და ბესტი

დღეს ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღეა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის, სარბიელის და ფეხბურთის ფედერაციის ვერსიებით საქართველოს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი 23 წლის გახდა.

გუშინ მან სან სიროზე ითამაშა. მისი ნაპოლი, რომელიც შარშანდელივით ვერ ბრწყინავს, მილანთან დამარცხდა. კვარა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საუკეთესო იყო თანაგუნდელთაგან, მაგრამ დღეს სხვა რამის თქმა მსურს.

იტალიის ყველაზე ძველი სპორტული ჟურნალის გუერინ სპორტივოს (112 წლისაა) ბოლო, თებერვლის ნომერში ასეთი წერილი დაიბეჭდა – „ჰალანდიდან კვარამდე: მოგზაურობა დღევანდელ და გუშინდელ ჩემპიონებს შორის“. სტატიის ავტორი რობერტო ბეკანტინი დღევანდელ ვარსკვლავებს წინამორბედებს ადარებს. მაგალითად, ხვიჩამ ავტორს ჯორჯ ბესტი მოაგონა, ჰალანდმა – გუნარ ნორდალი, დიბალამ – ენრიკე ომარ სივორი, კიეზამ – ზბიგნევ ბონეკი, ბელინგემმა – ზინედინ ზიდანი… სენიორ ბეკანტინი თითოეულ წყვილს ახასიათებს, ნეაპოლელთა 77-ე ნომერზე კი მან დაწერა:

„ქრისტეფორე კოლუმბი ვერც წარმოიდგენდა, თუ რამხელა აღმოჩენა გააკეთა, როცა ამერიკის ნაპირებს მიადგა. ის ფიქრობდა, რომ ინდოეთში ჩავიდა, თუმცა ახალ და საოცარ სამყაროს კი მიაგნო. იგივე ითქმის კვარას შემთხვევაშიც – ის სერია ა-ს რიგითი ახალწვეული გვეგონა, მაგრამ დიდებული მოთამაშე გამოდგა.

ქართველი შეუჩერებელია მარცხენა ფრთაზე. ის დაფრინავს, ფინტების ბადეში ახვევს მეტოქეს და ხან მარჯვნიდან, ხან კი მარცხნიდან უტევს კარს. მის წინააღმდეგ ყველა ხერხი სცადეს, წნეხი გააორმაგეს, უხეშობასაც არ მოერიდნენ, ლამის ლაბორატორიაში შეისწავლეს მისი ფეხბურთი, მაგრამ არაფერმა გაჭრა.

დღეს უკვე ნათელია, რომ მხოლოდ კვარაზეა დამოკიდებული, დატოვებს თუ არა ნეაპოლში ისეთივე კვალს, როგორიც ჯორჯ ბესტმა მანჩესტერ იუნაიტედში. ბესტმა მსოფლიო აალაპარაკა. შესაძლოა, კვარა ჯერ კიდევ შორს დგას ჯორჯისგან, მაგრამ მის თამაშში უკვე იგრძნობა ის არპეჯიო, რომელიც მას მეხუთე ბიტლამდე აამაღლებს“.

ადრეც დავწერე, ორმაგად სასიამოვნოა როცა იტალიელი ჟურნალისტები ჩვენ ბიჭს ასე აფასებენ-მეთქი. ახლაც იგივე აზრზე ვარ, როგორც ხვიჩას რიგით გულშემატკივარს, ასეთი წერილები ძალიან მახარებს.

ამიტომაც, კვარას გაუმარჯოს! პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ, არასდროს გაუნელდეს ლაღად თამაშის სურვილი, თასებს და პირად ტიტულებს კი აუცილებლად მოიგებს.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 12 თებერვალი
ფოტო: Guerin Sportivo (#2, 2024)

ka_GEGeorgian