ჩემი გუნდი: ოსვალდო არდილესი
კორდობაში დაბადებულმა ოსვალდო სესარ არდილესმა კარიერის საუკეთესო წლები ინგლისში, ტოტენჰემ ჰოთსფურზში გაატარა. ლონდონურ კლუბთან ერთად მან ორჯერ მოიგო ასოციაციის თასი, ერთხელ კი სუპერთასი და უეფას თასი.
ის დეზების მთავარი ვარსკვლავი გახლდათ ინგლისელ ნახევარმცველ გლენ ჰოდლთან და თანამემამულე რიკი ვილასთან ერთად. 2008 წლის 7 თებერვალს ოსვალდო არდილესი ტოტენჰემ ჰოთსფურზის დიდების დარბაზს სწორედ ვილასთან ერთად შეუერთდა.
არგენტინის ნაკრების მაისურით ოსი არდილესმა 51-ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაიტანა. 1978 წელს, როცა ალბისელესტემ პირველად მოიგო ფიფას ოქროს თასი, ის გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო.
ოსვალდო არდილესის ოცნების გუნდი (3-3-4)
მეკარე: გორდონ ბენქსი
ფანტასტიკური გოლკიპერი და სამაგალითო ჯენტლმენი გახლდათ! უმეტესობას ის 1970 წელს, ბრაზილიასთან მოგერიებული პელეს თავურის გამო ახსოვს, მაგრამ ბენქსი სხვა მატჩებშიც საიმედო იყო. ინგლისს ბევრი დიდებული მეკარე ჰყავდა, მაგრამ ბენქსი მათ შორის საუკეთესოა.
მარჯვენა მცველი: ბობი მური
კიდევ ერთი ინგლისელი ჩემ ნაკრებში და ისიც უნაკლო ჯენტლმენი. ის არ გახლდათ სწრაფი მცველი, მაგრამ შესანიშნავად „კითხულობდა“ თამაშს და არასდროს ცდებოდა. მახსოვს, რომ 1970 წელს, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ მან უბრალოდ შეუდარებლად ითამაშა.
ლიბერო: ფრანც ბეკენბაუერი
ბობი მურთან ერთად თაობის სიმბოლო იყო. ის მშვენივრად თამაშობდა დაცვასა და ნახევარდაცვაში, მაგრამ საუკეთესოდ, ალბათ, ლიბეროს პოზიციაზე თამაშობდა, როცა მცველებს და ნახევარმცველებს აკავშირებდა. უდიდესი ზეგავლენა ჰქონდა გუნდზე.
მარცხენა მცველი: დანიელ პასარელა
1978 წელს, როცა არგენტინამ პირველად მოიგო მსოფლიო თასი, პასარელა ნაკრების მთავარი მოთამაშე იყო. ის საუკეთესო მაგალითს გვაძლევდა, მაქსიმუმს ითხოვდა, მაგრამ პირველ რიგში თავად იხარჯებოდა ასი პროცენტით. ფინალში დიდებული იყო, წუთით არ გაჩერებულა.
მარჯვენა ნახევარმცველი: გარინჩა
როცა ბრაზილიელებს ახსენებენ, ყველა პელეზე საუბრობს, ეს კაცი კი ავიწყდებათ, არადა ის უცხოპლანეტელი იყო! 1962 წელს ლამის მარტომ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, 4 გოლი გაიტანა, რაც დიდებული შედეგია გარემარბისთვის. მოედანს მიღმა ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ როცა თამაშობდა, შეუდარებელი იყო!
ცენტრალური შემტევი ნახევარმცველი: დიეგო მარადონა
ხშირად მეკითხებიან, თუ ვინ იყო უკეთესი – პელე თუ მარადონა. ვფიქრობ, მათი შედარება არ შეიძლება. პელეს ძალიან ბევრი გოლი გაქონდა, დიეგო კი საგოლე შანსებს ქმნიდა. მაშინაც კი, როცა უშუალოდ არ მონაწილეობდა გოლში. ორ, სამ, ზოგჯერ ოთხ მეტოქეს გაიტყუებდა ხოლმე და ამით თანაგუნდელებს სივრცეს უთავისუფლებდა. მისი კარიერის პიკი 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო.
მარცხენა ნახევარმცველი: იოჰან კრუიფი
ხანდახან ისიც მიფიქრია, 1978 წელს მას რომ ეთამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს თასს ვერ მოვიგებდით. ოთხი წლით ადრე, მეოთხედფინალში, მან ორი დიდებული გოლი გაუტანა არგენტინას, 1978 წელს კი ნაკრებში თამაში აღარ ისურვა და მისმა არყოფნამ ჩვენ დიდი უპირატესობა მოგვცა. ყველა დროის უდიდესი ნიდერლანდელია.
ათიანი: პელე
თითქმის სრულყოფილი მოთამაშე: დიდებული იყო საჰაერო ორთაბრძოლების დროს, ორივე ფეხით ზუსტად და ძლიერად უტევდა, საოცარი გამძლეობა ჰქონდა… მან ათასზე მეტი გოლი მაშინ გაიტანა, როცა თავდამსხმელები მსაჯებისგან არც ისე დაცულები იყვნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.
თავდამსხმელი: მარიო კემპესი
ის არგენტინული ფეხბურთის ლეგენდაა და მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის მთავარი ვარსკვლავი! ფინალში უნაკლოდ ითამაშა – ორი გოლი გაიტანა, კიდევ ერთ კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა… ელეგანტური ფორვარდი იყო, ასეთად დამამახსოვრდა.
თავდამსხმელი: რომარიო
ტალანტი! მგონი, მას სათანადოდ არ აფასებენ, არადა, ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ცენტრფორვარდად მიმაჩნია. ვერ ვიხსენებ სხვას, რომელსაც მისნაირად სწრაფი დრიბლინგი ახასიათებდა და მოკლე მონაკვეთებზე მცველების გაბითურება მისნაირად იოლად შეეძლო.
თავდამსხმელი: იურგენ კლინსმანი
რომარიოსგან რადიკალურად განსხვავებული, მაგრამ გუნდისთვის მასავით მნიშვნელოვანი იყო. ის ყველა შეხვედრაში ბოლომდე იხარჯებოდა, დიდ ზეგავლენას ახდენდა თანაგუნდელებზე. სასიამოვნო ადამიანია მოედანს მიღმა. ყველგან დიდ წარმატებას მიაღწია, სადაც კი ითამაშა და შეუძლებელია ამით არ მოიხიბლო.
სათადარიგოები
უბალდო ფილოლი – ფანტასტიკური მეკარე! უდიდესი როლი მიუძღვის 1978 წლის მსოფლიო ტრიუმფში.
ზინედინ ზიდანი – მარადონას შემდგომი წლების საუკეთესო ფეხბურთელი, დიდი ჩემპიონი.
ეუსებიო – ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი და ტექნიკური თავდამსხმელი. ალბათ, ასეთი უნდა იყოს იდეალური ფორვარდი.
მწვრთნელი: სესარ ლუის მენოტი
საოცარი ტაქტიკოსი და ლიდერი! 1978 წელს, როცა არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, ჩვენგან ყველა მხოლოდ გამარჯვებას ითხოვდა, უმძიმესი წნეხის ქვეშ აღმოვჩნდით. მან კი შეძლო და ფეხბურთელები მაქსიმალურად დაგვიფარა უაზრო პრობლემებისგან.
ლაშა გოდუაძე
ჟურნალი FourFourTwo (ინგლისი)
2024 წლის 13 თებერვალი