საქართველო Vs ლუქსემბურგი: თერთმეტი ფაქტი

21 მარტის საღამოს საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს თბილისში დაუხვდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი გუნდის ბოლოსწინა ნაბიჯი იქნება ევროპის წლევანდელ ჩემპიონატამდე. ჯვაროსნები მეორედ მიუახლოვდნენ კონტინენტის პირველობას. ოთხი წლის წინ, პირველ ცდაზე, ბიჭებმა ფლეი ოფის ნახევარფინალი დაძლიეს და ახლაც უნდა გაგვახარონ, ფინალზე კი მერე ვთქვათ.

ლუქსემბურგთან პირველი საშინაო მატჩის წინ ბევრი დაიწერა და კიდევ დაიწერება, მე კი 11 საინტერესო ფაქტი მოვიძიე და ლუქსემბურგელებთან ძველი დაპირისპირებების ბილეთებთან ერთად გაახლებთ. ეს ბილეთები ჩემი და მეგობრის კოლექციიდანაა. აქვე ორ ამბავსაც ვიტყვი:

ა) საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს 21 მარტს. ჩვენმა გუნდმა საერთო ჯამში 38-ჯერ ითამაშა ამ თვეში, მათ შორის 20, ასევე 22-დან 31 მარტის ჩათვლით, მაგრამ არასდროს გასულა მოედანზე 21 მარტს;

ბ) მოვიგებთ და ნაკრების ისტორიაში 90-ე გამარჯვებაც ჩაიწერება.

11 საინტერესო ფაქტი კი ასეთია:

1: ლუქსემბურგის ნაკრების მეტსახელია „წითელი ლომები“. გუნდს არასდროს უთამაშია მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ფიფას რეიტინგში კი 85-ე ადგილზეა. 2001-2004 წლებში ლუქსემბურგელებს ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთის ერთადერთი დანიელი მფლობელი ალან სიმონსენი წვრთნიდა.

2: ლუქსემბურგი საშინაო მატჩების დიდ ნაწილს ერთადერთი ლუქსემბურგელი ოლიმპიური ჩემპიონის, ჟოზი ბართელის სახელობის სტადიონზე ატარებს. მძლეოსანი ოლიმპიურ ოქროს 1952 წელს, ჰელსინკიში დაეუფლა – 1500 მეტრზე სირბილში.

3: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგის წინააღმდეგ 4-ჯერ ითამაშა, ოთხივე შემთხვევაში მეტოქის მოედანზე და ყოველთვის ზაფხულში.
2001 წლის 15 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა 3:0 მოიგო, 2007 წლის 22 აგვისტოს გამართული მატჩი 0:0 დასრულდა, 2012 წლის 15 აგვისტოს კვლავ საქართველომ გაიმარჯვა – 2:1, 2018 წლის 5 ივნისს კი მასპინძლებმა გაიხარეს – 1:0.

4: 2001 წლის 15 აგვისტოს, მონდერკანჟში, სტად ნუვოზე გამართული თამაში, რომელიც ჩვენმა გუნდმა 3:0 მოიგო, ეროვნულ ნაკრებში მეორედ მისული ალექსანდრე ჩივაძესთვის პირველი იყო. მთავარი მწვრთნელის პოსტზე მან ორიოდ თვით ადრე გათავისუფლებული დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი შეცვალა. სხვათა შორის, ლუქსემბურგელები იმ დღეს ზედიზედ მე-10 მატჩში დამარცხდნენ, ასევე ეს მათთვის ზედიზედ 36-ე მოუგებელი თამაში იყო.

5: საქართველო-ლუქსემბურგის პირველ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა ლუქსემბურგელთა ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა. ის 2010 წლიდან ხელმძღვანელობს ნაკრებს და XXI საუკუნეში მხოლოდ მეოთხე მწვრთნელია.
ჰოლცის თანაშემწეა მარიო მუტში, ლუქსემბურგის ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების მიხედვით. 102 თამაშიდან 3 მუტშმა ქართველების წინააღმდეგ ჩაატარა, 2012 წელს კი კაპიტანიც გახლდათ.

6: 2007 წლის 22 აგვისტოს, ლუქსემბურგი-საქართველოს მეორე მატჩში (0:0), ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გიორგი ნემსაძის რეკორდი გააუმჯობესა. კობიაშვილმა იმ დღეს 70-ედ ითამაშა ნაკრებში და ერთი შეხვედრით გაასწრო ნემსაძეს.

7: საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, ვილი სანიოლისთვის ეს პირველი თამაშია ლუქსემბურგის წინააღმდეგ. აი ლუკ ჰოლცი კი მესამედ დაუპირისპირდება ჩვენ გუნდს მთავარი მწვრთნელის სტატუსით. 2012 და 2018 წლის ამხანაგურ მატჩებში „წითელ ლომებს“ სწორედ ის ხელმძღვანელობდა.

8: იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც სანიოლმა გამოიძახა, ლუქსემბურგთან ბოლო ამხანაგურში ოთხმა ითამაშა: გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ ძირითად შემადგენლობაში, შეუცვლელად, ოთარ კიტეიშვილმა და ბუდუ ზივზივაძემ კი მეორე ტაიმში.

9: პირველი ქართულ-ლუქსემბურგული დაპირისპირება 1959 წლის 22 ნოემბერს შედგა. ევროპულ ტურნეში მყოფი თბილისის დინამო იმ დღეს ლუქსემბურგში, მუნიციპალურ სტადიონზე მასპინძელთა ნაკრებს გაეჯიბრა. საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა 0:0 დასრულდა.
დინამოს მთავარმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ დინამო ასეთი შემადგენლობით ათამაშა: სერგო კოტრიკაძე, გივი ჩოხელი, ედუარდ (სულიკო) თორაძე, გივი ხოჭოლავა, ჯემალ ზეინკლიშვილი, შოთა იამანიძე, თენგიზ მელაშვილი, ვლადიმერ ბარქაია, ზაურ კალოევი, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.

10: საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით ლუქსემბურგის წინააღმდეგ მხოლოდ სამ ქართველს უთამაშია. 1962 წლის 11 აპრილს, ლუქსემბურგში 3:1 მოგებულ შეხვედრაში შეუცვლელად იასპარეზეს ევროპის 1960 წლის ჩემპიონებმა გივი ჩოხელმა, სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა.

11: მას შემდეგ, რაც საქართველო უეფას წევრია (1992 წლიდან), ევროპის საკლუბო ტურნირებში ქართული კლუბები სამჯერ შეხვდნენ ლუქსემბურგელებს. 6 მატჩიდან ჩვენებმა 3 მოიგეს, 3 კი ფრედ დასრულდა.
1996-1997 წლების უეფას თასის გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამომ 4:0, 2:2 დაამარცხა გრევენმახერი. თბილისში მოგებულ მატჩში სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და ნაკრები გუნდების კურატორმა ალექსანდრე იაშვილმა დუბლი შეასრულა.
2008 წლის ინტერტოტოს თასის გათამაშებაში თბილისის ლოკომოტივის და ეტელბრუკის ეცელას ორივე მატჩი ფრედ დასრულდა – 2:2, 0:0. შემდეგ წრეში ეცელა გავიდა და ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ლუქსემბურგის კლუბმა ინტერტოტოს თასის ეტაპი დაძლია.
2019-2020 წლების ევროპალიგის პირველ შესარჩევ წრეში საჩხერის ჩიხურამ ორივე თამაში მოუგო ეშ სულ ალზეტის ფოლას – 2:1, 2:1.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 20 მარტი

ka_GEGeorgian