თარიღი: 1927 წლის 23 აპრილი

23 აპრილი გამორჩეული დღეა უძველესი საფეხბურთო ტურნირის, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის (FA Cup) ისტორიაში. 1927 წლის 23 აპრილს, უემბლიზე გამართულ ფინალში, უელსის კარდიფ სიტიმ 1:0 დაამარცხა ლონდონის არსენალი. კარდიფ სიტი პირველი არაინგლისური კლუბი გახდა, რომელმაც ინგლისის თასი მოიგო და ასეთად რჩება აგერ უკვე 97 წელიწადია.

პირველი არაინგლისური კლუბი, რომელმაც ასოციაციის თასის ფინალში ითამაშა, შოტლანდიის ქუინზ პარკი იყო. ლონდონურ ქუინზ პარკ რეინჯერსში არ აგერიოთ, „ის“ ქუინზ პარკი გლაზგოური გახლდათ. სქოთებმა 1884 და 1885 წლებში ზედიზედ ორი ფინალი წააგეს ბლექბერნ როვერსთან. 1925 წელს კარდიფ სიტი გავიდა ფინალში, მაგრამ შეფილდ იუნაიტედთან დამარცხდა, 2008 წელს კი უელსელებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს თასს, მაგრამ პორტსმუთთან მოეცარათ ხელი.

1927 წლის 23 აპრილის ფინალი კიდევ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ პირველი იყო, რომლის რადიორეპორტაჟი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიამ, BBC-იმ გადასცა. კომენტატორები დერეკ მაკკალოჰი და ჯორჯ ელისონი იყვნენ. ეს უკანასკნელი სპორტის პირველი კომენტატორი გახლდათ BBC-ზე, ამაზე საინტერესო კი ისაა, რომ შვიდი წლის შემდეგ, 1934 წელს, მან არსენალი ჩაიბარა და 1947 წლის ჩათვლით იმუშავა გუნდში. სხვათა შორის, ელისონი მეორეა არსენ ვენგერის შემდეგ კლუბის სათავეში გატარებული წლებით, რომლის მანძილზე მან მეთოფეებს ორი ჩემპიონატი და ორი თასი მოაგებინა…

არსენალი უდიდესი ისტორიის მქონე კლუბია, მაგრამ ისევ კარდიფ სიტის მივუბრუნდები, მით უმეტეს, რომ მას უკავშირდება ჩვენი, ქართული ფეხბურთის ერთი მნიშვნელოვანი ამბავი:

სწორედ კარდიფ სიტი იყო პირველი უცხოური კლუბი, რომელმაც თბილისის ახალ სტადიონზე ითამაშა. ეს 1976 წლის 29 სექტემბერს მოხდა, როცა დინამომ თასების მფლობელთა თასის საპასუხო 1/16-ფინალში უელსურ კლუბს უმასპინძლა. ვლადიმერ გუცაევის, დავით ყიფიანის და ფირუზ კანთელაძის გოლებით დინამომ 3:0 გაიმარჯვა.

ასოციაციის თასით დავიწყე და მიმდინარე, 143-ე გათამაშების ფინალით დავასრულებ, რომლის ფინალი 25 მაისს გველის: უემბლი ზედიზედ მეორედ უმასპინძლებს მანჩესტერულ დერბის – ხოსეპ გვარდიოლას სიტი ერიკ ტენ ჰაგის იუნაიტედის წინააღმდეგ. მათი შარშანდელი ჯახი სიტის გამარჯვებით დასრულდა და მგონი, წელსაც ესპანელის ბიჭები გაიხარებენ.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 23 აპრილი
ფოტო:
cardiffcityfc.co.uk

ka_GEGeorgian