დუკადამის ხელთათმანები
ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში ორ პენალტს რომ მოიგერიებ კაცი, ალბათ იფიქრებ, რომ თამაშის კი არა, ტურნირის გმირობამდეც აღარაფერი გიკლია. სულო ცოდვილო, შესაძლოა, ისიც გაივლო გულში, რომ სულ მალე მხრებზე შეგისვამენ და გვირგვინსაც დაგადგამენ, მაგრამ ცხოვრება დაუნდობელია – რაც გგონია, რომ შენ გეკუთვნის, თვალის დახამხამებაში სხვას ერგება.
ბასკეთის ულამაზეს ზღვისპირა ქალაქ სან სებასტიანში დაბადებულმა ფრანსისკო ხავიერ გონსალეს ურუტიკოეჩეამ, ან უბრალოდ ურუტიმ, როგორც გენებოთ, 1986 წლის 7 მაისს, ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, ორი პენალტი მოიგერია, თუმცა მისი ბარსელონა მაინც ნანატრი ჯილდოს გარეშე დარჩა.
38 წლის წინანდელი ფინალი გულშემატკივრებს ურუტის კოლეგის, ბუქარესტის სტიაუას გოლკიპერის გამო უფრო ახსოვთ. ჰელმუტ რობერტ დუკადამმა ყველა, ოთხივე(!) პენალტი მოიგერია!
„სევილიის გმირი“ – ერთ-ერთმა რუმინელმა ჟურნალისტმა ასე მოიხსენია ფინალის მიმოხილვაში დუკადამი და მას შემდეგ ეს მეკარის მეტსახელია.
რამონ სანჩეს პისხუანის სახელობის სარბიელზე გამართული ის ფინალი უგოლოდ დასრულდა. რომ არა მარიუს ლაკატუში და გავრილ ბალინტი, შესაძლოა, პენალტების სერიაც 0:0 დამთავრებულიყო. ყოველ შემთხვევაში, პირველი ოთხი ცდის შემდეგ ტაბლოზე ეს ანგარიში ენთო – ურუტიმ მიჰაილ მაჯეარუს და ლასლო ბოლონის არ გაატანინა, დუკადამმა კი ხოსე რამონ ალეხანკოს და ანხელ პედრასას.
სტიაუა ლაკატუშის ზუსტი დარტყმით დაწინაურდა. შემდეგ ისევ დუკადამის ჯერი დადგა – ანხელ პიჩი არ გაახარა. გავრილ ბალინტმა ორამდე გაზარდა უპირატესობა, ბოლოს კი ისევ სტიაუას მეკარემ გაიბრწყინა – მარკოს ალონსო პენია არ დაინდო და ზედიზედ მოგერიებული მეოთხე(!) პენალტით ფინალის ბედი გადაწყვიტა.
2:0 და ჩემპიონთა თასი პირველად ერგო აღმოსავლეთევროპულ კლუბს!
ჰელმუტ დუკადამი კი ფეხბურთის ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ოფიციალურ მატჩში, პენალტების სერიაში ზედიზედ ოთხი დარტყმა მოიგერია!
„ალეხანკომ და პედრასამ მარჯვენა კუთხეში დაუმიზნეს. ინტუიციას ვენდე, გამიმართლა და მათ კუთხეს მივუხვდი. რაც შეეხება პიჩის, ვიფიქრე, რომ მიმართულებას შეცვლიდა და მარცხნივ დაარტყამდა. მეც მარცხნივ გადახტომას ვაპირებდი, მაგრამ უკანასკნელ წამს შევცვალე გადაწყვეტილება და წამში ბურთი ხელში მეჭირა! დავიჯერე, რომ თასი ჩვენი გახდებოდა! რაც შეეხება მეოთხე პენალტს, დარწმუნებული ვიყავი მარკოს ალენსო კუთხეს შეცვლიდა და ასეც მოხდა“, – სევილიური ფინალი ჰელმუტ დუკადამმა ფიფას ოფიციალურ ჟურნალთან ინტერვიუში გაიხსენა.
ჩემპიონთა თასის მოგებიდან რამდენიმე თვეში გოლკიპერს სისხლის დაავადება დაუდგინეს და ისიც იძულებული გახდა ფეხბურთიდან წასულიყო. მიუხედავად ამისა, ის ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორის მოხვდა, 1986 წლის შედეგებით მერვე ადგილზე გავიდა.
დუკადამი საყვარელ საქმეს რამდენიმე წლის შემდეგ, გამოჯანმრთელებული დაუბრუნდა, თუმცა იგრძნო, რომ ძველ სიმაღლეზე ვეღარ ავიდოდა და მალე კარიერა დაასრულა.
2010 წელს ის სტიაუას საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს, მაგრამ ბუქარესტში ცხოვრებას მშობლიურ არადში დაბრუნება არჩია. იქ საფეხბურთო სკოლას ხელმძღვანელობს, რომელიც მისსავე სახელს ატარებს.
ხუთი წლის წინ, 2019 წლის მაისში, ევროპის ქვეყნების ლიდერები რუმინეთში, სიბიუში შეიკრიბნენ ევროკავშირის მომავალზე სასაუბროდ. ევროპის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს დუკადამმა სწორედ მაშინ უსახსოვრა ბარსელონასთან ფინალში ნაქონი ხელთათმანები.
„დიდებული საჩუქარია, ახლა ევროპას უკეთ დავიცავ“! – იხუმრა მეკარესთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტუსკმა. ნახევარ წელიწადში ბატონი ტუსკი შარლ მიშელმა შეცვალა…
რა ბედი ეწია დუკადამის ხელთათმანებს, ეს უკვე აღარ ვიცი. ალბათ ბრიუსელში, ევროპის საბჭოს მუზეუმშია გამოფენილი. ივნისში არაოფიციალურ ვიზიტს ვგეგმავ ბრიუსელში და თუ გაუთავებელმა შეხვედრებმა და ბანკეტებმა არ დამღალა, დუკადამის ხელთათმანებსაც მოვიკითხავ.
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 7 მაისი
ფოტო: UEFA.com; ჰელმუტ დუკადამის ფეისბუქგვერდი