მე, პელეს ნათლია

5 ივნისი კახი კავსაძის დაბადების დღეა, დიდებული მსახიობი 89 წლის გახდებოდა.
ქართული კინოს ისტორიაში რამდენიმე კარგი ფილმია ფეხბურთზე და ერთ-ერთია მიხეილ ჭიაურელის „მე, პელეს ნათლია“. ნანახი გექნებათ.
ამ ფილმში მთავარ როლს კახი კავსაძე ასრულებს. ის ერთი ჩვეულებრივი საბჭოთა მოქალაქეა, მაგრამ საკუთარ თავს დააჯერებს რომ პელეს ნათლიაა და ერთ მშვენიერ დღეს მილანში, სან სიროზე აღმოჩნდება ფეხბურთის მეფესთან ერთად…
ცოტა ხნის წინ მიხეილ ჭიაურელის მოგონებების წიგნი ვიყიდე. რეჟისორი დაწვრილებით იხსენებს ფილმის გადაღების ამბებს და ეს ნაწყვეტიც იმ წიგნიდანაა.

-რა ვქნათ? – დაიწუწუნა კახიმ, – აკრედიტაცია რომ არ გვაქვს?

-რაო? – ვცადე კახის გამხნევება, – რომელ აკრედიტაციაზე მელაპარაკები? შენ თვითონ ხარ აკრედიტაცია! იცი რა ელეგანტური ხარ ამ კოსტიუმში და ჟილეტში?

საიდანღაც ხმაური მოისმა. ამ ხმებს გავყევით და ბედად, იმ გვირაბთან აღმოვჩნდით, საიდანაც ფეხბურთელები მოედანზე გადიან.

-კახი, მოდი აქ! – თან, ცალი ხელით კადრებს ვიღებ – აი, აქ დადექი და კორესპონდენტებს უთხარი, რომ პელეს არ მიესიონ, წესრიგი დაიცვან. დაიწყე… ვიღებ!

როგორც იქნა დავითანხმე. კახიმ ქართულად მიმართა რეპორტიორებს:

-ახლა პელე რომ გამოვა, არ მიესიოთ, ღელავს და ანგარიში გაუწიეთ.

-კახი, – ისევ დავუძახე, – ახლა კი მიდი და ის ორი ფორმიანი რომ დგას გამოსასვლელთან, გვერდზე გაწიე. უთხარი, რომ დანარჩენს შენ უხელმძღვანელებ. კვლავ გაჭირდა კახის დათანხმება. იტალიელი ორგანიზატორები ვერაფერს ხვდებოდნენ. ალბათ ფიქრობდნენ, ვინ არის ეს კაცი ასე რომ მბრძანებლობსო. მალე მაღალჩინოსანი ოფიცერი მოვიდა და… ორ წამში კახის ხელი ჩამოართვა.

-კახი, რა უთხარი ასეთი?

-ერთი სიტყვა ვთქვი – ფიფა! ეს იყო და ეს.

და აი, ამ დროს კახისთან მინსკის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი სერგეი ალეინიკოვი მივარდა და თვალებგაბრწყინებულმა ჰკითხა, როგორ ბრძანდებით ამხანაგო აბდულა (იცნო ფილმიდან „უდაბნოს თეთრი მზე“). ამ შეკითხვამ კახი ერთიანად შეცვალა, გასაჩერებელი გახდა! ჯერ ხომ პელეს შეჰყვა მოედანზე, მერე კორესპონდენტებს ყრიდა აქეთ-იქეთ… პელეს რომ გაუსწორდა, დავუძახე:

-მიდი პელესთან და უთხარი, რომ მუხლი არ დაძაბოს!

კახიმაც დრო იხელთა, მივარდა პელეს, რაღაც უთხრა, გადაეხვია და ხელი ჩამოართვა.

-აბა, შენ იცი პელე… მე იქ ვიქნები, ბეკენბაუერთან – შეაგულიანა კახიმ „ნათლული“.

სწორედ ამ დროს სარბენ ბილიკზე იდგნენ ბეკენბაუერი და არიგო საკი, ცნობილი იტალიელი მწვრთნელი.

-ჰელოუ, ფრანც! მერე საკისაც მიმართა იტალიურად: ბონჯორნო…
* * *
ფილმის პრემიერა 1991 წლის 25 ივლისს შედგა.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 5 ივნისი

ka_GEGeorgian