მე ვარ საქართველო

კარსმომდგარმა ევროპის ჩემპიონატმა უკვე ბევრი კარგი ამბავი გვაჩუქა და დღევანდელი პრეზენტაციაც ერთ-ერთი ასეთი იყო: საქართველოს ფოსტამ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების საპატივცემულოდ, მარკების ბლოკი დაბეჭდა – „მე ვარ საქართველო“.

ღონისძიებას ვერ დავესწარი და ამის გამო გული დამწყდა. ანონსი კი ვნახე, მაგრამ საათი არ იყო მითითებული და სანამ გავარკვიე როდის იწყებოდა, ფოსტამ სტუმრებს უმასპინძლა და გაისტუმრა კიდეც. მერე მეგობარი შემომხვდა, რომელიც შემთხვევით შეესწრო პრეზენტაციას და ალექსანდრე ჩივაძის ავტოგრაფით დამშვენებული გამოცემაც მაჩვენა. ჩვენი ფეხბურთის ლეგენდა, ოთარ გაბელიასთან ერთად, სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრო რედისონ რედში გამართულ მიღებას.
„მე ვარ საქართველო“ სამ მარკას აერთიანებს და ევროპის წლევანდელ ჩემპიონატს ეძღვნება. ავტორი ბაადურ ქობლიანიძეა, ფასი კი 9 ლარია. ის უკვე იყიდება ფოსტის ცენტრალურ ფილიალში, სხვა განყოფილებებში კი მალე შეიტანენ.

ეს ბლოკი მერვეა ქართულ საფეხბურთო საფოსტო გამოცემებში, მაგრამ პირველი, რომელიც ევროპის ჩემპიონატს ეხმიანება.

2001 წელს, თბილისის დინამოს 1981 წლის გამარჯვების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პირველი ქართული საფეხბურთო მარკა დაისტამბა.

2002 წელს გამოცემული ბლოკი კორეასა და იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს მიეძღვნა.

2004 წელს, ფიფას საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, არაერთმა ქვეყანამ გამოუშვა მარკები და მათ შორის საქართველომ: ბორის პაიჭაძის, ავთანდილ ღოღობერიძის, მიხეილ მესხის და დავით ყიფიანის შარჟები ერთ სერიაში გაერთიანდა.

ამ სამი გამოცემების ავტორი უფროსი კოლეგა და მეგობარი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არაერთი საინტერესო გამოცემის ავტორი პაატა ნაცვლიშვილი გახლავთ. უცნაურია, მაგრამ არც მან იცოდა რამე დღევანდელ პრეზენტაციაზე, არადა მისი მარკები გამოფენილი იყო.

2006 წელს ერთი მარკა მიეძღვნა მსოფლიო ჩემპიონატს, გერმანია 2006-ს.

2013 წელს აღნიშნულ ფეხბურთის წესების 150 წლის იუბილეს საქართველოს ფოსტა ერთი მარკით გამოეხმაურა.

2015 წელს, როცა ბორის პაიჭაძის საუკუნოვანი იუბილე აღინიშნა, მცირე ზომის ბლოკი გამოიცა.

2022 წელს ავთანდილ ღოღობერიძის 100 წლის იუბილეს ერთი მარკა მიეძღვნა.

ასეთია ქართული საფეხბურთო მარკების მოკლე ისტორია, რომელიც დიდი იმედი მაქვს, დროის სვლასთან ერთად უფრო მეტ და ლამაზ გამოცემებს დაიტევს. მთავარია ჩვენებმა იყოჩაღონ.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 12 ივნისი

ka_GEGeorgian