ევროჩანახატები გერმანიიდან: დიუსელდორფში, 43 წლის შემდეგ

1981 წლის 13 მაისს, რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მეჰმეთ ალი აქჩამ რომის პაპს ორი ტყვია ესროლა. მსუბუქად დაჭრილი იოანე-პავლე II საავადმყოფოში გააქანეს, თურქი ტერორისტი კი შვეიცარიულმა არმიამ დააკავა.
კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარზე თავდასხმამ იმდღევანდელი ამბები გადაფარა, მათ შორის თასების მფლობელთა თასის ფინალი თბილისის დინამოსა და იენის კარლ ცაისს შორის. არაერთ ქვეყანაში პირდაპირი ტელერეპორტაჟი საინფორმაციო გამოშვებებმა ჩაანაცვლა…

არ ვიცი რომის პაპზე თავდასხმის ბრალი იყო თუ სხვა მიზეზით, მაგრამ მაშინდელ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დიუსელდორფის რაინშტადიონზე გამართულ ევროფინალს ძალიან ცოტა, ოფიციალური ინფორმაციით 4750 მაყურებელი დაესწრო. ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპის საკლუბო ტურნირების ფინალებში. ჩემთვის ისიც უთქვამთ, რომ სოცბანაკის ორი ქვეყნის კლუბის თამაში მაშინდელ დასავლეთ გერმანიაში ბევრს, უბრალოდ არ აინტერესებდა. დიუსელდორფის ფორტუნა ლისაბონის ბენფიკასთან მეოთხედფინალში რომ არ დამარცხებულიყო და ფინალში გასულიყო, მაშინ სხვა სურათს ვიხილავდითო, მაგრამ…

რაც იყო, იყო, მთავარია, რომ 1981 წლის 13 მაისს დინამომ მოიგო და ქართული ფეხბურთის ისტორიაში მთავარი გამარჯვებაც ვიხილეთ. და არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ფინალს მხოლოდ 4750 მაყურებელი რომ დაესწრო. ევროფეხბურთისთვის ეს სასაცილო რიცხვი იმ დიდი დინამოს ტრიუმფს ოდნავადაც ვერ აუფერულებს.

არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინდელი საქართველო საბჭოთა იმპერიის ნაწილი იყო და იმ დროს ლამის კრემლში წყდებოდა, ვინ წავიდოდა უცხოეთში და ვინ არ შეარცხვენდა საბჭოთა მოქალაქის უმწიკვლო სახელს. ამიტომაც ერგო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგზური მხოლოდ ხუთასამდე იღბლიანს, თორემ ნაღდი გულშემატკივრების უმრავლესობას დიუსელდორფში გამგზავრებაზე არც უფიქრია.

ჩვენ რომ თავისუფალ ქვეყანაში გვეცხოვრა, დინამოს ქომაგები რაინშტადიონის ტრიბუნებს კი არა, უფრო დიდ სტადიონსაც პირთამდე გაავსებდნენ. სიმფეროპოლის ტავრიასთან და ნიკოპოლის კოლოსთან მატჩებზე იყიდებოდა 40-50 ათასი ბილეთი და აბა წარმოიდგინეთ ევროთასის ფინალზე დასწრების შანსი რომ ჰქონოდათ ბაბუებს, მამებს და ბიძებს, რა მოხდებოდა?!

43 წლის შემდეგ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი ტარდება, ქართველი ფეხბურთელები ერთ-ერთ უდიდეს ტურნირში მონაწილეობენ, კონტინენტის საუკეთესო ოცდაოთხი ქვეყნის ნაკრებს შორის არიან, მე და ჩემი მეგობრები კი უზომოდ ბედნიერები ვართ, რომ ამ ზეიმში ვმონაწილეობთ. და იმის წარმოდგენაც არ გვინდა, რა დღეში ვიქნებოდით იმ დროს რომ გვეცხოვრა, ჩვენი საყვარელი გუნდი საფეხბურთო დღესასწაულის მონაწილე ყოფილიყო, ჩვენ კი თამაშებზე დასწრების შანსი არ გვქონოდა, გერმანიაში ჩვენი წასვლა ხელისუფლების რომელიღაც ჭანჭიკების გადასაწყვეტი ყოფილიყო…

ევრო 2024 კი მართლა დღესასწაულია! გერმანია უმაღლეს დონეზე მასპინძლობს ჩემპიონატს და გამონაკლისი არც დიუსელდორფია. როცა აქ წამოსვლა გადავწყვიტეთ, მეგობრებმა დიუსელდორფში სტუმრობაც დავგეგმეთ. სხვანაირად აბა როგორ? მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები აქ არ თამაშობს, ამ ქალაქს გვერდს ვერ ავუვლიდით.

დიუსელდორფის ცენტრის და ძველი უბნის მონახულების, მდინარე რაინის ნაპირზე გასეირნების და ბურგპლაცზე, ფანზონაში გართობის შემდეგ, მთავარ სარბიელს, დიუსელდორფ არენას მივაკითხეთ. ევრო 2024-ის ეგიდით აქ ხუთი თამაში ჩატარდება. ერთი, საფრანგეთის და ავსტრიის ნაკრებთა მატჩი, უკვე გაიმართა – 17 ივნისს ფრანგებმა 1:0 მოიგეს. ხვალ უკრაინელები და სლოვაკები ითამაშებენ, 24-ში კი ესპანელები და ალბანელები. 1 ივლისს მერვედფინალი გაიმართება D და E ჯგუფების მეორეადგილოსნების მონაწილეობით, ხოლო 6 ივლისს მეოთხედფინალი.

დიუსელდორფ არენის მშენებლობა 2004 წელს დასრულდა. ის 54 600 მაყურებელს იტევს და თუნდაც ტევადობით, არაფერი აქვს საერთო რაინშტადიონთან. ერთადერთი, რაც ძველ და ახალ სარბიელს ერთმანეთთან აკავშირებს, მდებარეობაა. დღევანდელი დაახლოებით იქ დგას, სადაც თავის დროზე რაინშტადიონი იყო აგებული. სხვა მხრივ მათ არაფერი აქვთ საერთო. და ეს ბუნებრივია: სხვა დროა, მოთხოვნილებებიც სხვაა და საფეხბურთო სტანდარტებიც.

ტრამვაის ბოლო სადგური, რომელიც სტადიონის კიდეზეა, აბსოლუტურად ცარიელი იყო, მხოლოდ ჩვენ, ხუთი ქართველი და მემანქანე ვიდექით. ერთ-ერთ ჭიშკართან დინამოს დროშა გავშალეთ და რამდენიმე სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ.

ვეჭვობ, დღევანდელ დიუსელდორფში ცოტას თუ ახსოვს 1981 წლის 13 მაისი და თასების მფლობელთა თასის ფინალი, მაგრამ ჩვენთვის, დინამოს ერთგული გულშემატკივრებისთვის ეს ქალაქი განსაკუთრებულია. ამიტომაც ვესტუმრეთ იმ გაუხუნარი ამბიდან 43 წლის შემდეგ.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 20 ივნისი
დიუსელდორფი, გერმანია

ka_GEGeorgian