ევროჩანახატები გერმანიიდან: საქართველოს გაუმარჯოს!

ერთი კვირაა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და მეც გერმანიაში ვარ, ისტორიულ ტურნირზე ვწერ. დღეს, 22 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდი მეორე შეხვედრას გამართავს, მეტოქე ჩეხეთის ნაკრებია. თამაში ქვეყნის ჩრდილოეთით, ჰამბურგში ტარდება. ვუპერტალიდან იქამდე შორია და თადარიგი დავიჭირე, ნაადრევად გავემგზავრე კიდევ ერთი ისტორიული და ლამაზი გერმანული ქალაქისკენ. დაილოცოს ჟურნალისტის აკრედიტაცია და აქაური რკინიგზა, დიდებულად ვმგზავრობ და საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ მატარებელი კი არ მისრიალებს ლიანდაგზე, მიფრინავს.

ქართულ-ჩეხური ჯახი შუადღით გახურდება. ფეხბურთზე საუბარს ყოველთვის მოვასწრებთ, ამიტომ, ჯერ 22 ივნისზე ვიტყვი, მით უმეტეს, რომ ამ დღეს არაერთი მნიშვნელოვანი „გერმანული“ ამბავი უკავშირდება:

1889 წლის 22 ივნისს გერმანია ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ხანდაზმულთათვის ფინანსური შემწეობა, ანუ პენსია დაწესდა;

1898 წლის 22 ივნისს გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი დაიბადა, მშვენიერი  რომანების ავტორი და უცნაური ბედის კაცი;

1910 წლის 22 ივნისს გერმანია მეორე მიზეზით გახდა ევროპის პირველი ქვეყანა: ორი ქალაქი საჰაერო ხაზით, დირიჟაბლით დაუკავშირდა ერთმანეთს. დიუსელდორფსა და ფრიდრიხსჰაფენს შორის „გერმანიამ“ დაიწყო ფრენა;

1973 წლის 22 ივნისს ორად გაყოფილი გერმანიის ორივე რესპუბლიკა, ფედერაციული (დასავლეთი) და დემოკრატიული (აღმოსავლეთი), გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შეუერთდა;

1990 წლის 22 ივნისს სამუდამოდ დაიხურა ავადსახსენებელი სამხედრო-საკონტროლო პუნქტი „ჩარლი“, მეორე მსოფლიო ომის და გახლეჩილი ბერლინის პირქუში სიმბოლო…

გერმანული ამბებით თავი რომ არ მოგაბეზროთ, 22 ივნისთან დაკავშირებულ არაგერმანულ ფაქტებს შემოგაშველებთ. მაგალითად, დღეს დაიბადა სახელოვანი ქართველი მეწარმე მიტროფანე ლაღიძე… დიდებული ამერიკელი კინორეჟისორი ბილი უაილდერი… ბრწყინვალე ამერიკელი მსახიობი, უამრავი ჯილდოს და პრემიის ლაურეატი მერილ სტრიპი…

საინტერესო დღეა, არა 22 ივნისი? ჰოდა, რასაც ახლა გავიხსენებ, კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ამ დღეს გამორჩეული ხალხი იბადება, ან მნიშვნელოვანი ამბები ხდება. მაშ ასე, მოემზადეთ: 1986 წლის 22 ივნისს მეხიკოში, აცტეკაზე, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, დიადმა არგენტინელმა ორი გოლი გაუტანა ფეხბურთის სამშობლოს ნაკრებს და მას შემდეგ იმ ორ აფეთქებას გულშემატკივრები „ღმერთის ხელის“ და „ღმერთის ფეხის“ სახელით იცნობენ.

აი, ასე კოხტად და ლამაზად მივედი 22 ივნისის საფეხბურთო ამბებამდე და თქვენის ნებართვით, ამის შემდეგ მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე და მის დღევანდელ მეტოქეზე, ჩეხეთზე დავწერ. ერთი ფაქტის გამო დღევანდელ თამაშსაც თავისუფლად ვუწოდებ ისტორიულს, მერე რა, რომ ჯერ არც კი დაწყებულა. ქართული ფეხბურთის ქომაგები იოლად მიხვდებიან თუ რას ვგულისხმობ, მაგრამ რადგან ევროჩანახატებს მხოლოდ გულშემატკივრები არ კითხულობენ, ავხსნი:
1990 წლის 27 მაისიდან დაწყებული, ანუ არსებობის ოცდათოთხმეტი წლის მანძილზე, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა 71 ქვეყნის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, რამდენიმე საათში კი ეს რიცხვი 72-მდე გაიზრდება. საქართველო პირველად ხვდება ჩეხეთს! და ბარემ ამასაც ვიტყვი: 2024 წლის 22 ივნისის შემდეგ ევროპაში მხოლოდ ორი ქვეყნის ნაკრები დარჩება, რომელთანაც ჩვენ გუნდს ჯერ არ უთამაშია – ბელგია და სან მარინო. ეს ისე, ინფორმაციისთვის.

ჩეხეთი რომ კარგი და გამართული გუნდია, ევრო 2024-ზე მათი დებიუტიც დაგარწმუნებდათ. უბერებელმა კრიშტიანუ რონალდუმ, ბრუნო ფერნანდეშმა, ბერნარდუ სილვამ, რუბენ დიაშმა, რაფაელ ლეაუმ, პეპემ, ჟოაუ კანსელუმ და მათმა სამეგობრომ, ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა პორტუგალიის ძლიერმა ნაკრებმა ივან ჰაშეკის მომზადებული გუნდი დიდი გაჭირვებით, მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ დროში გატეხა, 2:1.

ქართველების დღევანდელი მეტოქის სიძლიერეზე მეტყველებს ისიც, რომ პორტუგალიასთან მარცხი მათთვის პირველი იყო 12 ოქტომბრის შემდეგ. რაც ალბანეთთან განადგურდნენ (0:3), ჩეხებმა ევრო 2024-ზე დებიუტამდე ექვსი თამაში მოიგეს და ერთადერთხელ ითამაშეს ფრედ. მოკლედ, „ჯვაროსნებს“ სახიფათო მეტოქე ჰყავთ, რომლის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველო კარგად შეისწავლა. გუშინ, ჰამბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს პირველად ჰაშეკი შეხვდა და თქვა:

„რთული ჯგუფია, ყველა შეხვედრაში ბოლომდე ბრძოლა გვიწევს. საქართველო ძლიერი გუნდია, მათ მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია არ ჰყავთ. კიდევ სამ-ოთხ ფეხბურთელს გამოვარჩევ, თუნდაც გიორგი მიქაუტაძეს… კარგად ვხვდები, რომ ქართველებს სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ, ბურთის თავისუფლად მიღების საშუალება არ უნდა მივცეთ… ისე კი, გახსნილ თამაშს არ ველი“.

ვილი სანიოლი ჩეხი კოლეგის შემდეგ შეხვდა ჟურნალისტებს. ფრანგ სპეციალისტთან ერთად ეწვია ჰამბურგის სტადიონის საკონფერენციო დარბაზს ევროჩემპიონატებზე პირველი ქართული საგოლე პასის ავტორი გიორგი ქოჩორაშვილი. მწვრთნელმა დღევანდელ მატჩზე ისაუბრა და პირველ შეხვედრაზეც გააკეთა კომენტარი. მუსიე ვილის ნათქვამს უკვე გაეცნობოდით, ქოჩორაშვილის პასუხებიდან კი ამას გამოვარჩევდი: „ხვალ ბრძოლის ველზე არ გავდივართ, პირიქით, თამაშით უნდა ვისიამოვნოთ… როდესაც ადამიანი საქმიდან სიამოვნებას იღებს, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე გამოსდის“.

სასიამოვნოა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი სწორად ხედავს ფეხბურთს, ფეხბურთი ხომ, პირველ რიგში, თამაშია. ჰოდა, სასიამოვნო თამაშს ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს და საქართველოს ყველა გულშემატკივარს. თან, ხომ გახსოვთ, 22 ივნისი გამორჩეულია ისტორიული ამბებით და ვინ იცის, ეგებ, „ჯვაროსნების“ პირველი გამარჯვებაც ვიხილოთ.

საქართველოს გაუმარჯოს!

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 22 ივნისი
ვუპერტალი, გერმანია
ფოტო: ეროვნული ნაკრები

ka_GEGeorgian