ევროჩანახატები გერმანიიდან: გერმანული ფეხბურთის მუზეუმში
ორდღიანი შესვენების შემდეგ ევრო 2024 დღეს საღამოს განახლდება. პირველ მერვედფინალს, ევროპის ჩემპიონ იტალიასა და შვეიცარიას შორის, ბერლინის ოლიმპიაშტადიონი უმასპინძლებს, გერმანელები კი დანიელების დამარცხებას დორტმუნდში, ვესტფალენშტადიონზე შეეცდებიან.
საქართველოს ეროვნული ნაკრები კი ხვალ, 30 ივნისს დაუპირისპირდება ანრი დელონეს სახელობის თასის სამგზის მფლობელ ესპანეთს. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი ფავორიტია, მაგრამ ფეხბურთი იმიტომაა საოცარი თამაში, რომ ეს ოხერი მრგვალი ბურთი, ხანდახან, შედარებით ძლიერი ნაკრების კარშიც მოიკალათებს ხოლმე. ჰოდა, რატომაც არა? მსაჯის საფინალო სასტვენამდე გადაწყვეტილი არაფერია და პროგნოზიც მხოლოდ პროგნოზია, სხვა არაფერი.
ნურც იმას დავივიწყებთ, რომ პირველი ეტაპის, ანუ ჯგუფური ტურნირის სიმბოლური ნაკრების თითქმის ნახევარი ქართველ-ესპანელებით დაკომპლექტდა. სპეციალისტებმა „ჯვაროსნებიდან“ ყველაზე მეტი შეტევის მომგერიებელი გიორგი მამარდაშვილი და ყველაზე მეტი, სამი გოლის გამტანი გიორგი მიქაუტაძე გამოარჩიეს, ჩვენი მომავალი მეტოქიდან კი მარცხენა ფლანგი სრული შემადგენლობით: მცველი მარკ კუკურეია, ნახევარმცველი ფაბიან რუისი და თავდამსხმელი ნიკო ვილიამსი. მოკლედ, დაძაბულ თამაშს ველი.
მერვედფინალი ესპანური სპორტული გამოცემების მთავარი თემაა. ჰოდა, ყველაზე პოპულარული გაზეთების მარკის (MARCA) და ასის (AS) დღევანდელი ნომრის პირველ გვერდებზე ქართველები არიან. მარკაში გიორგი მამარდაშვილის ინტერვიუ დაიბეჭდა სათაურით „კვარაცხელია ესპანეთზე უკეთესია“, ასში კი ხვიჩას ფოტო კევინ დე ბრუინის, ვირჯილ ვან დაიკის და კილიან მბაპეს გარემოცვაშია. ვეჭვობ, ჩვენი ბიჭები ხვალინდელი გაზეთების პირველ გვერდებსაც დაამშვენებენ. ესპანელებმა, როგორც ჩანს, არ იციან, რომ დღეს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი გამორჩეული მოთამაშის, ვალენსიის ლევანტეს ნახევარმცველის გიორგი ქოჩორაშვილის დაბადების დღეა, თორემ არც მისი ფოტოსთვის დაინანებდნენ ადგილს პირველ გვერდზე.
ესპანეთის და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელების პრესკონფერენციას კიოლნის სტადიონი რამდენიმე საათში უმასპინძლებს. ამაზე ხვალ იყოს, მატჩის წინ, ქვემოთ კი, რადგან ტურნირის მასპინძელი გერმანია დღეს ითამაშებს, გერმანული ფეხბურთის მუზეუმზე მოგიყვებით, რომელიც დორტმუნდში მოვინახულე.
Deutsches Fusballmuseum-ის აშენება მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყდა, როცა გერმანიის საფეხბურთო კავშირმა პროექტი დაამტკიცა. მუზეუმის აგება თავიდანვე ჩრდილოეთ რაინის-ვესტფალიის რეგიონში გადაწყდა, თუმცა სანამ დორტმუნდს აირჩევდნენ, კიოლნის, გელზენკირხენის და ობერჰაუზენის კანდიდატურებიც განიხილეს. მუზეუმი 2015 წლის 25 ოქტომბერს გაიხსნა.
სამსართულიანი შენობა, რომელშიც უამრავი თასი, ჯილდო, მედალი, ვიმპელი, მაისური, გერმანული ფეხბურთის ლეგენდების პირადი ნივთები და ფოტოებია გამოფენილი, დორტმუნდის რკინიგზის სადგურთან მდებარეობს. გადაკვეთ ტრამვაის ლიანდაგებს და ქალაქის ცენტრისკენ მიმავალ გზას სანამ დაადგები, ხელმარჯვნივ მუზეუმის შენობას დაინახავ. 18 ივნისს, თურქეთთან დორტმუნდში მატჩამდე, იქ უამრავი ქართველი გულშემატკივარი ირეოდა, რომლებიც სტადიონისკენ მიმავალ ბილიკებს სწორედ მუზეუმის ეზოდან შეუყვნენ. მომდევნო დღეებშიც, როცა ვესტფალენშტადიონმა სხვა გუნდების დაპირისპირებებს უმასპინძლა, იქაურობა ფანებით გაივსო.
ჟურნალისტის აკრედიტაციის მფლობელებისთვის მუზეუმის მონახულება უფასო იყო, ზრდასრული ქომაგებისთვის კი ბილეთი თვრამეტი ევრო ღირდა. აბა, შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი და ესკალატორზე შევაბიჯე, რომელსაც სტუმრები მესამე სართულზე აჰყავს.
ტური გერმანული ფეხბურთის პირველი დიდი გამარჯვებისადმი მიძღვნილი ექსპოზიციით იწყება. „ბერნის სასწაულს“, მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის ფინალში უნგრეთთან 3:2 გამარჯვებას, ყველაზე დიდი სივრცე ეთმობა – ფოტოები, გახუნებული გაზეთები, საკომენტატორო ჯიხურის აღჭურვილობა, ბუნდესგუნდის კაპიტნის, ფრიც ვალტერის მიერ უნგრელთა გუნდისთავთან, ფერენც პუშკაშთან გაცვლილი ვიმპელი…
გამოფენის ცენტრშია ფინალის ბურთი, იქვე, კუთხეში კი ერთ-ერთი აგური ბერნის ვანკდორფშტადიონიდან. ეს სარბიელი წლების წინ დაანგრიეს, მაგრამ გერმანელებმა ისტორიაზე იზრუნეს და ერთ-ერთი აგური დღეს დორტმუნდშია გამოფენილი. ასევე ძალიან ლამაზია მინი-მოდელით შემონახული ის დღე და რკინიგზის ის სადგური, სადაც ბერნის ტრიუმფის შემდეგ გერმანიის ნაკრები დაბრუნდა.
ცალკე კუთხე ეთმობა იმ გამარჯვების მთავარ შემოქმედს, ნაკრების თავკაცს იოზეფ ზეპ ჰერბერგერს, ადამიანს, ვინც 1936 წლიდან 1964 წლის ჩათვლით წვრთნიდა გუნდს და რომლის ხელმძღვანელობითაც გერმანელებმა 167-ჯერ ითამაშეს! დოქტორ იოზეფის და მისი მეუღლის ფოტოს წინ მათი საქორწინო ბეჭდებიც იდო.
ყველაზე დიდი გერმანელის, კაიზერ ფრანცის – ფრანც ბეკენბაუერის თასები, ჯილდოები და პირადი ნივთები, ასევე მის შესახებ გამოცემული წიგნები და ჟურნალები ცალკე მდგომ ნაკეთობაშია გამოფენილი, რომელსაც ხუთიანის ფორმა აქვს.
ლეგენდარული ფეხბურთელი ხომ მეხუთე ნომრით თამაშობდა ნაკრებში. წინ, დიდ ეკრანზე, ევროპის 1972 და მსოფლიოს 1974 წლების ჩემპიონატების კადრები ერთმანეთს ცვლის. ორივე ტურნირი გერმანიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა და ორივე შემთხვევაში თასები პირველმა ბეკენბაუერმა აღმართა, კაპიტანი ის გახლდათ. რა გასაკვირია, რომ ცალკე ვიტრინაშია გამოფენილი მისი სამკლავური.
მუზეუმის მესვეურებმა არც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საფეხბურთო წარსული დაივიწყეს. აღმოსავლეთგერმანული მთავარი საფეხბურთო წარმატების დასტური – მაგდებურგის მიერ 1974 წელს მოგებული თასების მფლობელთა თასი, გამორჩეულ ადგილს იკავებს. შვიდი წლის შემდეგ იენის კარლ ცაისმაც სცადა მაგდებურგის შედეგის გამეორება, მაგრამ 1981 წლის 13 მაისს, ჩრდილოეთ რაინის-ვესტფალიის სხვა ქალაქის მთავარ სარბიელზე, დიუსელდორფის რაინშტადიონზე თბილისის დინამოსთან დამარცხდა. იქვე დამონტაჟებულ პატარა ეკრანზე იმ ფინალში გასულ გოლებსაც იხილავთ, ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას დაუვიწყარ დარტყმებს…
გერმანია მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონია. 1954 წლის ტრიუმფთან შედარებით მომდევნო გამარჯვებებს შედარებით მცირე ადგილი ეთმობა, თუმცა ამით საერთო შთაბეჭდილებას არაფერი აკლდება. ამ შვიდი ტრიუმფის მთავარი თასები, ქალღმერთ ნიკეს ოქროს ქანდაკება, იგივე ჟიულ რიმეს სახელობის პრიზი (1954), ფიფას ჯილდოები (1974, 1990, 2014) და ანრი დელონეს სახელობის მოვერცხლილი ამფორები (1972, 1980, 1996), ცალკე დარბაზშია გამოფენილი. და იქაურობა ძალიან შთამბჭდავია.
სანაკრებო სივრციდან ქვედა, მეორე სართულზე ვინაცვლებთ, რომელიც მთლიანად საკლუბო ფეხბურთს ეთმობა: ბუნდესლიგა და გერმანიის თასი, სუპერთასი… ჩემპიონთა ლიგა და სხვა ევროწარმატებები… გერმანულ ფეხბურთს სანაკრებოზე მეტი საკლუბო გამარჯვება ახსოვს და მუზეუმშიც თითოეული დღეა შემონახული.
ტური პირველ სართულზე, ოფიციალური მაღაზიის გავლით სრულდება. ნანახით აღფრთოვანებულმა მეგობარმა და კოლეგამ, გერმანული ფეხბურთის დიდმა ტრფიალმა, მაისურები რომ არასდროს შეუძენია, 1974 წლის ბუნდესგუნდის კლასიკური, თეთრი ფორმა იყიდა. სხვებმაც გაიკრეს ჯიბეზე ხელი, მე კი რამდენიმე სუვენირი ვუყიდე „გერმანელ“ მეგობრებს.
დიდებული მუზეუმია და თუ დორტმუნდში მოხვდებით, მოინახულეთ. არ აქვს მნიშვნელობა მოგწონთ თუ არა გერმანული ფეხბურთი, გამოფენით ყველა შემთხვევაში ისიამოვნებთ.
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 29 ივნისი
დორტმუნდი, გერმანია