ევროჩანახატები: კუკურეია ვაკეში

ორ დღეში ევრო 2024 დამთავრდება. ჩვენთვის ისტორიული ტურნირის ნახევარფინალებზე რომ ვფიქრობდი, ერთი საინტერესო შეჯიბრება გამახსენდა, რომელსაც ამ რვა წლის წინ დავესწარი.

მაშინ საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მისაღებად ემზადებოდა. ის ტურნირი 2017 წლის ზაფხულში გაიმართა, 2016 წლის ნოემბერში კი ჩვენმა გუნდმა ოთხთა საერთაშორისო ტურნირის ეგიდით ესპანელ, ფრანგ და ნიდერლანდელ თანატოლებს უმასპინძლა. გავიდა რვა წელიწადი და სამივე სტუმარი ქვეყნის ეროვნული გუნდი ევრო 2024-ის ნახევარფინალში ვიხილეთ.

ამაზე საინტერესო ისაა, რომ თბილისის ოთხთა ტურნირის გამარჯვებულ ესპანეთს სწორედ ის კაცი წვრთნიდა, ვინც ახლა ეროვნულ გუნდს მიუძღვება ანრი დელონეს სახელობის თასისკენ – ლუის დე ლა ფუენტე კასტილიო.

ესპანელ 19-წლამდელთა მაშინდელ განაცხადში ამ ევროს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის, მარცხენა მცველის სახელს და გვარსაც ამოიკითხავთ – მარკ კუკურეია სასეტა. სხვათა შორის, თბილისური თამაშების ოქმებში მისი გვარი მოკლედ წერია – Cucu. აქვე ჩვენი და ესპანელი 19-წლამდელების რვა წლის წინანდელი თამაშის ფოტოსაც გთავაზობთ – კუკურეია თითქმის არ შეცვლილა, ჩვენი გუნდის მეთერთმეტე ნომერს კი, სამწუხაროდ, ვერ ვცნობ.

არც ისაა უინტერესო, რომ რვა წლის წინ თბილისში ასევე ითამაშეს საფრანგეთის ნაკრების ამჟამინდელმა კაპიტანმა კილიან მბაპემ და ერთ-ერთმა საუკეთესო ნიდერლანდელმა მცველმა მატაის დე ლიხტმა, რომელიც ნარინჯისფერთა ახირებულმა თავკაცმა რონალდ კუმანმა ამ ევროზე, რატომღაც, თადარიგში დატოვა.

და სადაც კუკურეია, მბაპე და დე ლიხტი მოვიგონე, იმ სამ ქართველ ბიჭსაც შეგახსენებთ, რომლებიც გიორგი ყიფიანის იმ 19-წლამდელთა ნაკრებიდან ვილი სანიოლის მიერ ამ ევროსთვის შერჩეულ ოცდაექვს მოთამაშეს შორის მოხვდნენ: ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე.

მხოლოდ ამის თქმა მინდოდა. ის ოთხთა ტურნირი კი მართლა საინტერესო გამოდგა და რაც მეტი ასეთი შეჯიბრება გაიმართა ჩვენთან, მით უკეთესი.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 12 ივლისი
ფოტო: ეროვნული ნაკრები

ka_GEGeorgian