ევროჩანახატები: ვიკამათოთ?

ფეხბურთზე და, მით უმეტეს, ამ დონის შეჯიბრებაზე საუბარი კამათის გარეშე ხომ ძალიან ძნელია, მაგრამ გუშინ დასრულებული ევროპის ჩემპიონატი, მგონი, ის იშვიათი გამონაკლისია, როცა ყველანი ვთანხმდებით, რომ უძლიერესმა გაიმარჯვა.
ევრო 2024 ნაღდად საუკეთესო გუნდმა მოიგო.
14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიის სტადიონებზე გასული ოცდაოთხი ნაკრებიდან ესპანეთი ყველაზე ძლიერი იყო და აბსოლუტურად დამსახურებულად აღმართა ანრი დელონეს სახელობის მოვერცხლილი თასი. სხვათა შორის, მეოთხედ და ეს ევროფეხბურთის ახალი რეკორდია.

ესპანელებმა ყველა, შვიდივე თამაში მოიგეს, აი კიდევ ერთი არნახული მიღწევა. კონტინენტის პირველობების ისტორიას, ესპანელთა გარდა, მხოლოდ ერთი გუნდი ახსოვს, რომელმაც თასი ყველა შეხვედრის მოგებით აღმართა, მაგრამ 1984 წლის საფრანგეთის ნაკრებმა ხუთი მეტოქის (მათ შორის ფინალში ესპანეთის) დამარცხების შემდეგ მოიგო ევროტიტული, ამ ესპანეთმა კი შვიდი მოწინააღმდეგის ძლევით. თვალსაჩინო სხვაობაა.

თან, მოწინააღმდეგეებსაც ხომ გააჩნიათ? ჯერაც უტიტულო ხორვატიას, ალბანეთს და საქართველოს რომ თავი დავანებო, ლუის დე ლა ფუენტეს ბიჭებმა მსოფლიო ჩემპიონატის მომგები ყველა, ოთხივე ევროპული ქვეყნის ნაკრებს აჯობეს: ევროპის წინა ჩემპიონატის ტრიუმფატორ იტალიას ჯგუფში – 1:0; მასპინძელ გერმანიას მეოთხედფინალში – 2:1; მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონ საფრანგეთს ნახევარფინალში – 2:1; ინგლისს კი იგივე ანგარიშით გუშინ და გარეთ საუთგეიტის გუნდი კვლავ ევროპის ვიცე-ჩემპიონად დატოვეს.

არც ისაა საკამათო, რომ ყველაზე სანახაობრივი და შემტევი ფეხბურთი სწორედ ესპანეთმა გვიჩვენა. მათ მიერ დამყარებულ მორიგ რეკორდს მოვიხმობ და ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნება: დე ლა ფუენტეს გუნდმა 15 გოლი გაიტანა და ძველი მიღწევა ორით გააუმჯობესა.

ნურც იმაზე ვიკამათებთ, რომ საუკეთესო ფეხბურთელები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ფეხბურთელები, სწორედ ესპანეთმა ჩაიყვანა გერმანიაში. ნიკო ვილიამსმა, ვინც, ჩემი აზრით, ნომერ პირველი მარცხენაფლანგელი იყო, ოცდამეორე დაბადების დღე პარასკევს იზეიმა, ორ დღეში კი პიკფორდის კარში შეაგდო გოლი (ამ დარტყმამ, რატომღაც, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ პორტუგალიელთა კარში შეგდებული ბურთი მომაგონა) და ევროფინალების მეორე ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა იტალიელი პიეტრო ანასტაზის შემდეგ.

ხოლო ლამინე იამალმა, შაბათს რომ შესრულდა ჩვიდმეტი წლისა, ევროპის ჩემპიონატების კი არა, ფეხბურთის მეფის, პელეს რეკორდები გააუმჯობესა და რა გასაკვირია, რომ უეფას პრეზიდენტისგან ფინალის დასრულებისთანავე მიიღო საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო. იამალის ასაკობრივ მიღწევებს აღარ ჩამოვთვლი, მათ შესახებ ყოველი თამაშის შემდეგ გვატყობინებდნენ, მაგრამ მის მიერ შესრულებული ოთხი საგოლე გადაცემა კი ნამდვილად იმსახურებს ცალკე აღნიშვნას, ჯერაც სკოლის მოსწავლემ ძალიან საამაყო ევრორეკორდი გაიმეორა.

დიდი ეჭვი მაქვს, ცოტა ხანში იამალის კიდევ ერთი აღიარების შესახებაც შევიტყობთ, ევრო 2024-ის ყველაზე ლამაზ გოლს ვგულისხმობ. გერმანიაში რამდენიმე ეფექტური ბურთი ვიხილეთ, მაგრამ თავის სილამაზით და მნიშვნელობით, არცერთი მგონია იმ დარტყმის სადარი, ამ პატარა ბიჭმა საფრანგეთთან ნახევარფინალში რომ შემოგვთავაზა.

რაც შეეხება ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს… ვითომ, საკამათოა როდრის აღიარება? ჩემთვის ნამდვილად არა. მადრიდში დაბადებული როდრი ერნანდეს კასკანტე, ვინც მეექვსე წელია მანჩესტერ სიტიში თამაშობს და პრემიერლიგის ერთ-ერთი სუპერვარსკვლავი გახლავთ, „ოქროს ბურთსაც“ იმსახურებს. ბოლო რამდენიმე წელიწადია ის ყველა საფეხბურთო სცენაზე შეუდარებელია და უდიდეს როლს ასრულებს კლუბსა თუ ნაკრებში. მისი ამპლუის მოთამაშეები ძალიან ხშირად ჩრდილში რჩებიან, ძლიერნი ამა ქვეყნისანი ინდივიდუალური პრიზებით მეგოლეებს უფრო ანებივრებენ, მაგრამ გუშინ, ჩემდა საბედნიეროდ, გამონაკლისი მოხდა. და მერე რა, რომ როდრისთვის ევრო 2024 ფინალის პირველი ტაიმის დასრულებისთანავე დამთავრდა? საუკეთესო მოთამაშის პრიზი მასზე ალალი იყო, ის ყველა თამაშში პირველი ვიოლინო გახლდათ.

ცალკე პრიზები რომ გაიცემოდეს, ვთქვათ, საუკეთესო მარცხენა მცველისთვის, ან საუკეთესო ნახევარმცველისთვის, ან ყველაზე სასარგებლო მეთორმეტე მოთამაშისთვის, მგონი, ლაურეატთა შორის მარკ კუკურეიასაც ვიხილავდით, ფაბიან რუისსაც და თანაბომბარდირ დანი ოლმოსაც. მერე რა, რომ ასეთი ნომინაციები არ არსებობს, ამით ამ ბიჭების და მათი თანაგუნდელების თამაშს ოდნავადაც არ ადგება ჩრდილი.

ესპანელთა ტრიუმფის მთავარ შემოქმედზე კი კიდევ ბევრი დაიწერება. ლუის დე ლა ფუენტემ ამჯერად უკვე ეროვნულ ნაკრებს მოაგებინა ევროჩემპიონატი და ფურია როხას ზედიზედ მეორე ევროტიტული მოუტანა. შარშან, ივნისში, მისმა გუნდმა უეფას ერთა ლიგა მოიგო.

ამჯერად-მეთქი იმიტომ დავწერე, რომ მისი გამარჯვებების ჩამონათვალში 19 და 21-წლამდელებთან ერთად მოგებული კონტინენტის თასებიცაა. დღევანდელი ევროჩემპიონების თითქმის ნახევარი დე ლა ფუენტეს იმ ასაკობრივ გუნდებში იწრთობოდა. მათ გვარებს აღარ ჩამოვთვლი, ერთ-ერთი წინა ჩანახატში ყველა მათგანი ვახსენე.

სასაცილოდ კი ჟღერს, მაგრამ ლუის დე ლა ფუენტე დღეს უმუშევარია. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან 2022 წელს გაფორმებული ხელშეკრულება გუშინ, ფინალის დასრულებისთანავე ამოიწურა. მაგრამ იმ კონტრაქტში არის ერთი პუნქტი, რომელიც თანამშრომლობის გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

აბა რა ჩემი საქმეა, მაგრამ არც ესაა საკამათო: ლუის დე ლა ფუენტე ესპანეთის ნაკრებში უნდა დარჩეს.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 15 ივლისი
ფოტო: UEFA Media

ka_GEGeorgian