პარიზი 2024: 28 ივლისი

სამი წლის წინ, 2021 წლის 28 ივლისს დაწერილი ოლიმპიური ჩანახატი ლამის მთლიანად ლაშა ბექაურს დავუთმე, რომელმაც იმ დღეს ძალიან გაგვახარა და დიდებულ სტილში მოიგო ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედალი.

ლაშას ტრიუმფიდან სამი წლის თავზე ისევ ოლიმპიურ დღიურს ვწერ, მაგრამ 28 ივლისს კარგი არაფერი მაქვს სათქმელი. დღეს ჩვენი გუნდის სამმა წევრმა იასპარეზა პარიზში და სამივე სტარტზე დამარცხდა. ლაშას თანაგუნდელით, ვაჟა მარგველაშვილით დავიწყებ, რომლის ასპარეზობის გამო ძალიან მწყდება გული.

ვაჟამ ტოკიოს ოლიმპიადა ვერცხლის მედლით დაასრულა. იმედი მქონდა, რომ ის საფრანგეთის დედაქალაქშიც პრიზიორთა შორის მოხვდებოდა, მინიმუმ მედლისთვის იბრძოლებდა, მაგრამ ვერ შეძლო. ქართველი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა მასპინძელთა ფავორიტთან, ვალიდე ხიართან იპონით წააგო.

ოქროს მედალს კი ის ბიჭი დაეუფლა, რომელიც ვაჟასთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა (ექვსიდან ექვსი მარცხი) და რომელთანაც ქართველმა ტოკიოს ოლიმპიადის ფინალური შეხვედრა დათმო. იაპონელ ჰიფუმი აბეს ვგულისხმობ, რომელიც დღეს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

26 წლის აბე, ისევე როგორც ტოკიოში, დღესაც შეუდარებელი გახლდათ და პირველი ორთაბრძოლის პირველი წამებიდან დაწყებული, ფინალში შესრულებულ საჩემპიონო ილეთამდე, არავისთვის მიუცია უფლება, რომ მის შესაძლებლობებში ეჭვი შეეტანათ. უნგრელი ბენცე პონგრაში, ტაჯიკი ნურალი ემომალი, მოლდოველი დენის ვერუ – იაპონელმა ათლეტმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე მათ ერთი ამოსუნთქვით სძლია, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი იპონით აჯობა ბრაზილიელ ვილიამ ლიმას.

ძიუდოს მოყვარულებს ეცოდინებათ, აბეს კერპი ვაჟთა შორის ერთადერთი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტადაჰირო ნომურაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰიფუმი 26 წლისაა, დიდი შანსია ოთხი წლის შემდეგ ლოს ანჯელესშიც იასპარეზოს და სამაგალითო ძიუდოისტის შედეგის გამეორება სცადოს. ასეც რომ არ მოხდეს, ის ამ სპორტს ლეგენდად შემორჩება.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ჰიფუმი აბემ ოქროს მედალი დას მიუძღვნა, ჟურნალისტებს კი უთხრა: „უტას წაგების გამო თავს ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ უნდა მებრძოლა. მიხარია, რომ გამარჯვება შევძელი, ჩემპიონობას უტას ვუძღვნი“.

სამი წლის წინ, ტოკიოში, ჰიფუმი უმცროს დასთან, უტასთან ერთად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. მათ ოქროს მედლები ერთ დღეს მოიგეს, ზუსტად ისე, როგორც 2018, 2022 და 2023 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე. ძიუდოს მოყვარულები დღესაც იგივე ელოდნენ, და-ძმა თავიანთი წონითი კატეგორიის ნომერი პირველი ფავორიტი იყო. ჰიფუმიმ მოლოდინი გაამართლა, უტამ კი…

ასეთი ემოციური სცენა დიდი ხანია არ მინახავს, მით უმეტეს იაპონელი სპორტსმენისგან. პირველ წრეში კანადელ კელი დეგუჩისთან გამარჯვების შემდეგ უტა უზბეკ დიორა კელდიოროვასთან იპონით დამარცხდა. და რაც მას შემდეგ დაემართა, მგონი, ეს იყო სპორტული შოკი. იაპონელმა გოგონამ ვერაფრით დაიჯერა, რომ მეტოქემ აჯობა! ბევრჯერ გვიჩვენეს სცენა, თუ როგორ ცდილობდა მწვრთნელი გაოგნებული, აცრემლებული შეგირდის დამშვიდებას და როგორ იგერიებდა აბეზარ ფოტოკორესპონდენტებს. მგონია, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, პარიზი 2024-ის საუკეთესო მომენტებს ვიდეორგოლად როცა შეკრავენ, უტა აბეს წაგება, მისი გამომეტყველება და ტატამსმიღმა საქციელი აუცილებლად მოხვდება იქ.

უტა აბეს მძლეველი დიორა კელდიოროვა კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და უზბეკეთს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ფინალში მან ასევე ოლიმპიური ჩემპიონი, ქვედა წონაში ტოკიო 2020-ის გამარჯვებული, კოსოველი დიარა კრასნიქი დაამარცხა. ყოველი შემთხვევისთვის, იმასაც დავწერ, რომ უზბეკმა სპორტსმენმა, ახლა უკვე ოლიმპიურმა ჩემპიონმა დიორა კელდიოროვამ შარშან თბილისის გრანდ სლემი მოიგო.

ვაჟა მარგველაშვილის მსგავსად, ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა ჩვენი ოლიმპიური გუნდის კიდევ ერთმა ახალგაზრდა წარმომადგენელმა ნოე ფანცხავამ. თვრამეტი წლის სპორტსმენმა დღეს 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა, დისტანცია 56.46 წამში დაფარა და 46 მონაწილეს შორის 38-ე ადგილი დაიკავა. საუკეთესო დრო უნგრელმა ჰუბერტ კოშმა აჩვენა – 52.78 წამი.

საქართველოს გუნდიდან ყველაზე გვიან მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი ვიხილეთ. 92კგ წონის მერვედფინალში ის ტაჯიკ დავლატ ბოლტაევს შეხვდა. პირველი რაუნდი მეტოქემ მოიგო, მომდევნო გიორგიმ, მესამეში კი გამარჯვება, მსაჯთა გადაწყვეტილებით, ბოლტაევს მიენიჭა.

ხვალ, 29 ივლისს ჩვენი გუნდის კიდევ სამ წევრს ვნახავთ: ძიუდოისტებს, ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანს (57კგ), ასევე ევროპის მესამე თამაშების ვერცხლის მედალოსანს, მოკრივე ლაშა გურულს (63,5კგ). ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ტრიუმფატორი შავდათუაშვილი ასპარეზობას 1/16-ფინალიდან იწყებს. მარგველაშვილის არ იყოს, მისი მეტოქეც ფრანგია, ჟოან-ბენჟამინ გაბა. ლიპარტელიანსაც 1/16-ში ვიხილავთ, ის დიდი ბრიტანეთის გუნდის წევრს ლელე ნაირნეს დაეჭიდება, ხოლო გურულის მოწინააღმდეგე აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი იქნება.

მეორე საშეჯიბრო დღის არაქართულ ამბებს კი ერთი ძალიან საინტერესო ფაქტით დავიწყებ: ლებრონ ჯეიმსი პირველი მილიარდერი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა!

ამ საღამოს მისმა სანაქებო ნაკრებმა აუღელვებლად, ლამაზი თამაშით სძლია სერბეთს – 110:84, კაპიტანმა და ამერიკის ოლიმპიური გუნდის მედროშემ კი ისტორია დაწერა. მეფე სხვა ფაქტითაც გამოირჩა: ოლიმპიადებზე თამაშის მანძილზე ყველაზე მეტი, 21 ქულა მიითვალა. და რადგან სტატისტიკამ გამიტაცა, ამ ფაქტსაც აღვნიშნავ: XXI საუკუნეში გამართულ ოლიმპიადებზე ამერიკის ნაკრებმა 21-ედ ჩაუგდო მეტოქეს 100 ან მეტი ქულა, მაშინ, როცა ერთად აღებულმა ყველა სხვა გუნდმა ეს მხოლოდ 16-ჯერ მოახერხა.

ლებრონ ჯეიმსთან ერთად დიდებული იყო კევინ დურანტი, რომელმაც პირველ ორ მეოთხედში ყველა ბურთი ზუსტად ტყორცნა, მათ შორის ხუთიდან ხუთი სამქულიანი. აბა, ამერიკას ოქროს მოგებაში ხელს ვინ შეუშლის და როცა ეს მოხდება, კეი დი კაცთა შორის პირველი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდება. ის ნაკრების წევრი იყო ლონდონის, რიო დე ჟანეიროს და ტოკიოს თამაშებზეც.

თუ კალათბურთელები ლილში ასპარეზობენ, ჩოგბურთელთა ტურნირი როლან გაროს კორტებზე მიმდინარეობს. დღეს იქ საფრანგეთის ღია პირველობის 14-გზის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა ითამაშა და 6:1, 4:6, 6:4 აჯობა უნგრელ მარტონ ფუცოვიჩს. ეს კი ნიშნავს, რომ მეორე წრეში რაფა ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება. სერბმა სუპერვარსკვლავმა გუშინ აჯობა ავსტრალიელ მეტიუ ებდენს – 6:2, 6:3. პარიზის ოლიმპიადის 1/16-ფინალი ამ ორი ლეგენდარული მოთამაშის მესამოცე დაპირისპირება იქნება! ჯერჯერობით ჯოკოვიჩია წინ – 30:29.

ოლიმპიადის პირველ დღეებში ყველაზე მეტი მედლები მოცურავეთა შორის თამაშდება, სადაც უკვე შვიდი ჩემპიონი გამოვლინდა, ოთხი გუშინ, სამი – დღეს.

პირველ აბზაცს ერთ გუშინდელ ამბავს დავუთმობ, რომელიც ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას. ქალთა შორის თავისუფალი სტილით 4X100-ზე ესტაფეტა ზედიზედ მეოთხედ მოიგეს ავსტრალიელებმა! არანაკლებ საინტერესო კი ისაა, რომ იმ ოთხეულში, რომელმაც ფინალში გაცურა, ტოკიოს ოლიმპიადის გმირი და იმ თამაშების ყველაზე ტიტულიანი სპორტსმენი ემა მაკკეონიც იყო. ოცდაათი წლის მაკკეონმა, რომელმაც შვიდი(!) მედალი მოიგო ტოკიოში, მიჯრით მესამე ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი (საერთო ჯამში მეექვსე), ოლიმპიური ჯილდოების რაოდენობა კი 12-მდე გაზარდა. ცხადია, ემა ყველაზე ტიტულიანი ავსტრალიელი ოლიმპიელია.

დღევანდელი ფინალებიდან ყველა საინტერესო იყო, თუმცა ვაჟთა შორის 400 მეტრზე კომპლექსურს გამოვარჩევ, რომელიც ფრანგი ლეონ მარშანის გამარჯვებით დასრულდა. 4:02.95 წუთი – ამ დროში დაფარა მარშანმა დისტანცია და 2008 წელს პეკინში, ლეგენდარული მაიკლ ფელპსის მიერ დამყარებული ოლიმპიური რეკორდი გააუმჯობესა. აი, მსოფლიო რეკორდს კი ვერ შეწვდა. არადა, ეს მიღწევა მას ეკუთვნის: შარშან, 23 ივლისს, იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში გამართულ პლანეტის პირველობაზე დაამყარა – 4:02.50 წუთი.

სამი წლის წინ, ტოკიოში, მარშანი ამ დისციპლინის ფინალში ვერ მოხვდა, მაგრამ ოლიმპიადის შემდეგ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და ფელპსის ყოფილ მწვრთნელთან დაიწყო ვარჯიში. 22 წლის ფრანგმა მას შემდეგ ხუთჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი, დღეს კი პირველი ოლიმპიური ჩემპიონობით გაიხარა.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 28 ივლისი
ფოტო:
თამაშების ოფიციალური გვერდი – olympics.com/en/paris-2024

28 ივლისის მედალოსნები

ველოსპორტი – ქროსქანთრი
ქალები
1.პაულინ ფერან-პრევო (საფრანგეთი) – 1:26:02 სთ
2.ჰელი ბატენი (აშშ) – 1:28:59 სთ
3.ჯენი რისვედსი (შვედეთი) – 1:29:04 სთ

კაიაკი და კანოე – სლალომი
ქალები
კაიაკი
1.ჯესიკა ფოქსი (ავსტრალია) – 96.08 წმ
2.კლაუდია ზვოლინსკა (პოლონეთი) – 97.53 წმ
3.კიმბერლი ვუდსი (ავსტრალია) – 98.94 წმ

მშვილდოსნობა
ქალები
გუნდური
1.სამხრეთი კორეა (უნ-იონ ჯეონი, სი-ჰეონ ლიმი, სუ-ჰეონ ნამი)
2.ჩინეთი (ჩიჰუან ანი, ჯიამან ლი, შიაოლეი იანი)
3.მექსიკა (ანხელა რუისი, ალეხანდრა ვალენსია, ანა პაულა ვასკესი)

სკეიტბორდინგი
ქალები
ქუჩა
1.კოკო იოშიზავა (იაპონია)
2.ლიზ აკამა (იაპონია)
3.რაისა ლეალი (ბრაზილია)

ტყვიის სროლა
კაცები
პნევმატური პისტოლეტი (10)
1.იუ ში (ჩინეთი) – 240.9 ქულა
2.ფედერიკო ნილო მალდინი (იტალია) – 240 ქულა
3.პაოლო მონა (იტალია) – 218.6 ქულა
ქალები
პნევმატური პისტოლეტი (10მ)
1.იე-ჯინ ო (სამხრეთი კორეა) – 243.2 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.იე-ჯი კიმი (სამხრეთი კორეა) – 241.3 ქულა
3.მანუ ბჰაკერი (ინდოეთი) – 221.7 ქულა
* * *
ნინო სალუქვაძე
562 ქულა, 38-ე ადგილი საკვალიფიკაციოში; ფინალში ვერ მოხვდა

ფარიკაობა
კაცები
დაშნა
1.კოკი კანო (იაპონია)
2.იანიკ ბორელი (საფრანგეთი)
3.მოჰამედ ელ საედი (ეგვიპტე)
ქალები
რაპირა
1.ლი კიფერი (აშშ)
2.ლორენ სკრუგსი (აშშ)
3.ელეანორ ჰარვი (კანადა)

ძიუდო
კაცები
66კგ
1.ჰიფუმი აბე (იაპონია)
2.ვილიამ ლიმა (ბრაზილია)
3.გუსმან კირგიზბაიევი (ყაზახეთი) და დენის ვიერუ (მოლდოვა)
* * *
ვაჟა მარგველაშვილი
1/8: ვალიდე ხიარი (საფრანგეთი) – მარცხი
ქალები
52კგ
1.დიორა კელდიოროვა (უზბეკეთი)
2.დისტრია კრასნიქი (კოსოვო)
3.ლარისა პიმენტა (ბრაზილია) და ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი)

ცურვა
კაცები
ბრასი – 100მ
1.ნიკოლო მარტინენგი (იტალია) – 59.03 წმ
2.ადამ პიტი (დიდი ბრიტანეთი) – 59.05 წმ
2.ნიკ ფინკი (აშშ) – 59.05 წმ
კომპლექსური – 400მ
1.ლეონ მარშანი (საფრანგეთი) – 4:02.95 წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ტომოიუკი მაცუშიტა (იაპონია) – 4:08.62 წთ
3.კარსონ ფოსტერი (აშშ) – 4:08.66 წთ
ქალები
ბატერფლაი – 100მ
1.ტორი ჰასკე (აშშ) – 55.59 წმ
2.გრეთხენ უოლში (აშშ) – 55.63 წმ
3.იუფეი ჟანი (ჩინეთი) – 56.21 წმ

ka_GEGeorgian