პარიზი 2024: 30 ივლისი

ოქრო გვინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. მსოფლიოს და ევროპის წლევანდელი ჩემპიონატების გამარჯვებულმა ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიადაზეც ფინალი იჭიდავა, თუმცა ოქროს მედალს ვეღარ შეწვდა.
მეორე მხრივ, სასიამოვნოა, რომ საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა პარიზში პირველი მედალი მოიპოვა.

81კგ წონითი კატეგორიის მთავარი ჯილდო იაპონელ ტაკანორი ნაგასეს ერგო. ეს მისთვის მეორე ოლიმპიური ოქროა. ნაგასაკელმა ძიუდოკამ ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული პირველად სამი წლის წინ, ტოკიოში მოიგო, როცა ფინალში იმ თამაშებზე ტატოს მძლეველ საეიდ მოლაეის აჯობა. დღევანდელი გამარჯვების შემდეგ კი ის უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. სურათის სისრულისთვის დავწერ, რომ ნაგასე მეოთხედ გახდა ოლიმპიადის პრიზიორი. 2016 წელს, რიოში, იაპონელი ბრინჯაოს დაეუფლა, ტოკიოში კი გუნდურში მოიპოვა ვერცხლი. მოკლედ, იმ იშვიათ ძიუდოისტებს შორისაა, ოთხი ოლიმპიური მედალი რომ აქვთ.

პარიზული ფინალი ტატოს და ტაკანორის მეოთხე, ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება იყო. სამწუხაროდ, იაპონელმა ანგარიში გაათანაბრა – 2:2. ისინი პირველად 2019 წელს, ეკატერინბურგის გრანდ სლემის 1/16-ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინაც ნაგასემ გაიმარჯვა. მომდევნო ორ შემთხვევაში ტატამიდან მოგებული ქართველი გავიდა, ჯერ 2020 წელს, დიუსელდორფის გრანდ სლემის 1/32-ფინალში, შემდეგ კი 2022 წელს, ტაშკენტში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში.

ეს სამი ორთაბრძოლა დღევანდელ ჭიდაობას, აბა, როგორ შეედრება და სწორედ ამაზე მწყდება გული. ოლიმპიური თამაშების ფინალი სხვა სიმაღლეა და გულდასაწყვეტია, რომ ამ მწვერვალის დასალაშქრად ტატოს ძალა აღარ ეყო.

მედლისკენ სვლა მან 1/16-ფინალიდან დაიწყო, მოლდოველი მიხაილ ლატიშევი მძიმე შეხვედრაში დაამარცხა. უფრო სწორად, მეტოქემ ვერ იაქტიურა, მსაჯისგან სამი შიდო მიიღო და ოლიმპიადა დაასრულა. ქართველის მომდევნო მოწინააღმდეგე ავსტრიის სახელით მოჭიდავე ვახიდ ბორჩაშვილი გახლდათ, ავსტრიის ოთხგზის ჩემპიონი და თბილისის გრანდ სლემის შარშანდელი გამარჯვებული. გრიგალაშვილმა მასაც მშვიდად აჯობა, ვაზარით.

1/4-ფინალში გორელი სპორტსმენი აზიის 2023 წლის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელს, ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს დაუპირისპირდა. კვლავ მშვიდი, გონიერი ჭიდაობა, ვაზარი და ნახევარფინალის კარიც გაიღო. სხვათა შორის, ტატოს და ტაჯიკის გზა წელს უკვე მეორედ გადაიკვეთა. ისინი პირველად მაისში, აბუ დაბიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ, მაშინაც მეოთხედფინალში და ისევე როგორც დღეს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც ტატომ მოიგო. სამი წლის წინ, ტოკიოში, გრიგალაშვილს სწორედ ამ ეტაპზე დაუცდა ფეხი, როცა მონღოლეთის სახელით მოჭიდავე ირანელთან, საეიდ მოლაეისთან. საბედნიეროდ, დღეს სხვა შედეგი ვიხილეთ.

კორეელი იონ-ჰვან ლი ტატოსგან ძლეული მეოთხე მოწინააღმდეგე აღმოჩნდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა აზიის უძლიერესი ფალავანი დაძაბული, მძიმე ნახევარფინალის დამატებით დროში ეფექტური გდებით დაამარცხა – ვაზარი.

საბოლოოდ ტატო მერვე ქართველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოიგო, ხოლო 81კგ წონითი კატეგორიიდან სულაც პირველი. მანამდე ფინალში იასპარეზეს, მაგრამ მეორე ადგილს დასჯერდნენ რამაზ ხარშილაძე (მელბურნი 1976; 93კგ), თემურ ხუბულური (მოსკოვი 1980; 95კგ), ნესტორ ხერგიანი (ათენი 2004; 60კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (რიო დე ჟანეირო 2016; 90კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ), ყველა ტოკიო 2020.

„პირველ რიგში მადლობა გულშემატკივრობისთვის. არ არის ოქრო, მაგრამ რას ვიზამთ… მომდევნო დღეებში კიდევ არაერთი ქართველი გამოვა ოლიმპიადაზე და ვისურვებ, რომ მათ გააუმჯობესონ ეს შედეგი. ბიჭებს ერთი სული აქვთ ტატამზე რომ გავიდნენ. მთავარია ბოლომდე დაიხარჯონ და შრომა აუცილებლად დაუფასდებათ“, – განაცხადა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა.

პარიზში დღეს კიდევ ერთმა ქართველმა იასპარეზა, ასევე ძიუდოისტმა ეთერ ასკილაშვილმა (63კგ), თუმცა ის სტარტზევე დამარცხდა სლოვენიელ ანდრეია ლეშკისთან, რომელიც საღამოს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. აქამდე მისი მთავარი ტიტული შარშან მოგებული ევროპული ოქრო იყო. ამ წონის მთავარი ფავორიტი, ტოკიოს ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონი კლარისე აგბენენუ კი მესამე ადგილზე გავიდა. მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონ ფრანგს ნახევარფინალში სწორედ ლეშკიმ აჯობა.

ივლისის ბოლო დღეს ოლიმპიადაზე ერთადერთი ქართველი იასპარეზებს, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური. ის 1/16-ფინალიდან თავისუფალია, მომდევნო ეტაპზე კი ბულგარელ ივაილო ივაილოვსა და ლიბანელ კარამნობ საგაიპოვს შორის გამარჯვებულს დაეჭიდება.

„ამ მედალს უკრაინას, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და იმ უკრაინელ სპორტსმენებს ვუძღვნი, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ვერ ასპარეზობენ პარიზში, რომ ისინი რუსეთმა მოკლა“.

ეს სიტყვები 33 წლის ოლგა ხარლანმა გუშინ თქვა, ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედლის მოგებიდან მცირე ხანში. სამხრეთკორეელ სე ბინ-ჩოისთან დაპირისპირებას ოლგა გვარიანად აგებდა, ანგარიში 5:11-იც იყო, მაგრამ უკრაინელმა ვეტერანმა მობილიზება შეძლო, ურთულეს ორთაბრძოლაში 15:14 გაიმარჯვა და უკრაინის ოლიმპიურ გუნდს პარიზში პირველი მედალი მოუტანა.

საფრანგეთში გამგზავრებამდე, როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რაზე ოცნებობდა, სპორტსმენმა უპასუხა, რომ მისი მთავარი მიზანი ოქროს მედალი იყო, ოცნებით კი: „ვოცნებობ, რომ ომი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. ჩვენ მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ბრძოლა შეგვიძლია. მესამე წელია ჩვენ ქვეყანას, ჩვენ თავისუფლებას ვიცავთ. საკმარისია“!

ეს ხარლანის მეხუთე ოლიმპიური მედალია და ამით მან მოცურავე იანა კლოჩკოვას რეკორდი გაიმეორა, ვინც 2000 და 2004 წლებში ასევე ხუთი ჯილდო მოიგო სიდნეიში და ათენში. 2008 წელს, როცა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველო იბრძოდა, ოლგა თანაგუნდელებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 2012 წელს, ლონდონში, მან პირადი პირველობის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2016 წელს, რიო დე ჟანეიროში, ის გუნდთან ერთად ვერცხლს დასჯერდა, ერთეულთა შორის კი კვლავ მესამე ადგილზე გავიდა. ახლა ისევ ბრინჯაო ერგო.

არადა, მას პარიზში ასპარეზობის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა. მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე, მილანში, 27 ივლისს, ოლგამ რუსი ანა სმირნოვა 15:7 დაამარცხა, შემდეგ კი მეტოქეს, პროტესტის ნიშნად, ხელი არ ჩამოართვა. ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ უკრაინელი ჩემპიონატიდან მოხსნა და დისკვალიფიკაციით დასაჯა, თუმცა ოლგას მხსნელად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გერმანელი პრეზიდენტი, წარსულში თავადაც მოფარიკავე და ოლიმპიური ჩემპიონი თომას ბახი მოევლინა. მან პირადად გადასცა უკრაინელს ეგრეთ წოდებული უაილდ ქარდი, ბრინჯაოს მედლის მოგების შემდეგ კი შეხვდა და წარმატება მიულოცა. „ის ჩემი მფარველი ანგელოზია, ის ჩემი მხსნელია“, – ასე მოიხსენია ხარლანმა სოკ-ის პრეზიდენტი.

ერთ-ერთ წინა წერილში ესპანელი კალათბურთელის რუდი ფერნანდესის რეკორდზე დავწერე, ვინც პირველი კაცი გახდა, მეექვსე ოლიმპიადაზე რომ ითამაშა. ჰოდა, გუშინ ეს რეკორდი ამერიკელმა დიანა ტაურასიმ გაიმეორა, ოღონდ ქალთა შორის.

ამერიკელ და იაპონელ ქალთა ნაკრებმა გუნდებმა სამი წლის წინ ოლიმპიადის ფინალში ითამაშეს, ამჯერად კი ისინი სტარტზევე შეხვდნენ ერთმანეთს. ამერიკელებმა იოლად გაიმარჯვეს – 102:76 და ზედიზედ 56-ე თამაში მოიგეს ოლიმპიადებზე. 42 წლის ტაურასიმ, ვინც ბოლო ხუთი თამაშების ოქროსმედალოსანია, მხოლოდ თხუთმეტი წუთი ითამაშა და ორი ქულა მიითვალა.

ცხენოსანთა ტურნირს უკიდურესად იშვიათად გვიჩვენებენ, არადა საინტერესო ამბები იქაც ხდება. გუშინ ამ უძველეს ოლიმპიურ სახეობაშიც (1912 წლიდან თამაშდება მედლები) დაიწერა ისტორია – გერმანელი მიხაელ იუნგი გახდა პირველი, რომელმაც ინდივიდუალური სამჭიდი მესამედ მოიგო! 2012 წელს, ლონდონში, ის პირველად დაეუფლა ოლიმპიურ ოქროს, 2016 წელს ტიტული დაიცვა, ახლა კი მესამე გვირგვინი დაიდგა. ტოკიოში მას არ უასპარეზია.

დღეს უნდა გათამაშებულიყო მედლები ტრიათლონში, მაგრამ მსოფლიო ფედერაციამ, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტთან შეთანხმებით, სტარტი ხვალისთვის გადაიტანა. მიზეზი მდინარე სენაში წყლის დაბინძურებაა. დღევანდელ განცხადებაში ისიც ეწერა, რომ თუ წყლის ხარისხი არ გაუმჯობესდა, შეჯიბრება არც ხვალ გაიმართება.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 30 ივლისი
ფოტო:
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია

30 ივლისის მედალოსნები

მაგიდის ჩოგბურთი
შერეული წყვილი
1.ჩინეთი (ჩუქინ ვანი, იუინშა სუნი)
2.ჩრდილოეთი კორეა (იონგ-სიკ რი, კუმ-იონგ კიმი)
3.სამხრეთი კორეა (იონ-ჰოონ ლიმი, იუ-ბინ შინი)

სპორტული ტანვარჯიში
ქალები
გუნდური მრავალჭიდი
1.აშშ (სიმონე ბაილსი, ჯედი კერი, ჯორდან ჩაილსი, სანისა ლი, ჰეზლი რივერა) – 171.296 ქულა
2.იტალია
(ანჯელა ანდრეოლი, ალისე დ’ამატო, მანილა ესპოზიტო, ელისა ლორიო, ჯორჯია ვილა) – 165.494 ქულა
3.ბრაზილია (რებეკა ანდრადე, ჯეიდ ბარბოსა, ლორეინ ოლივეირა, ფლავია სარაივა, ჯულია სუარეში) – 164.497 ქულა

ტყვიის სროლა
კაცები
სანგარი
1.ნათან ჰეილსი (დიდი ბრიტანეთი) – 48 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.იუინ ქი (ჩინეთი) – 44 ქულა
3.ჟან პიერ ბროლი (გვატემალა) – 35 ქულა
შერეული გუნდი
პნევმატური პისტოლეტი – 10მ
1.სერბეთი (ზორანა არუნოვიჩი, დამირ მიკეჩი)
2.თურქეთო
(შევალ ილაიდა ტარჰანი, იუსუფ დიკეჩი)
3.ინდოეთი (მანუ ბჰაკერი, სარაბჯოტ სინგჰი)

ფარიკაობა
ქალები
დაშნა, გუნდური
1.იტალია (როზელა ფიამინგო, ჯულია რიცი, ალბერტა სანტუჩიო)
2.საფრანგეთი (მარი-ფლორენს კენდასამი, ორიენ მალო, კორალინ ვიტალისი)
3.პოლონეთი (ალიცია კლასიკი, რენატა კნაპიკ-მიაზგა, მარტინა სვატოვსკა-ვენგრალჩიკი)

შვიდკაცა რაგბი
ქალები
1.ახალი ზელანდია
სარა ჰირინი (კაპიტანი), მიქაელა ბლაიდი, ჯეზმინ ფელიქს-ჰოთემი, ტაილა კინგი, ჯორჯა მილერი, მანაია ნუკუ, მაჰინა პაული, რისალეანა პური-ლეინი, ალენა საილი, თერესა სეტეფანო, სტეისი ვააკა, პორტია ვუდმენ-უაიკლიფი
მწვრთნელი: კორი სუინი
2.კანადა
ოლივია აპსი (კაპიტანი), კეროლაინ კროსლი, ელაიშა კორიგენი, ეიჟა ჰოგენ-როჩესტერი, ქლოი დენიელსი, ჩერიტი უილიამსი, ფლორენს საიმონდსი, კარისა ნორსტენი, კრისი სკარფილდი, ფენსი ბერმუდესი, პაიპერ ლოგენი, კეიარა უორდლი
მწვრთნელი: ჯეკ ჰენრატი (ირლანდია)
3.აშშ
ლორენ დოილი (კაპიტანი), ნაია ტაპერი (კაპიტანი), ალენა ოლსენი, ეილევ კელტერი, არიანა რემსი, ილონა მაჰერი, კაიალა კენეტი, კრისტი კირშე, სემი სალივანი, სარა ლევი, სპაიფ სედრიკი, სტეფანი როვეტი
მწვრთნელი: ემილი ბაიდველი

ცურვა
კაცები
თავისუფალი – 800მ
1.დანიელ ვიფენი (ირლანდია) – 7:38.19 წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.რობერტ ფინკე (აშშ) – 7:38.75 წთ
3.გრეგორიო პალტრინიერი (იტალია) – 7:39.38 წთ
თავისუფალი – 4X200მ
1.დიდი ბრიტანეთი (ჯეიმს გაი, ტომ დინი, მეტიუ რიჩარდსი, დანკან სკოტი; ჯეკ მაკმილენი, კიარან ბერდი) – 6:59.43 წთ
2.აშშ (ლუკ ჰობსონი, კარსონ ფოსტერი, დრიუ კიბლერი, კიარან სმითი; ბრუკს კარი, ბლეიკ პიერონი, ქრის ჯულიანო) – 7:00.78
წთ
3.ავსტრალია (მაქსიმილიან ჯულიანი, ფლინ საუთჰემი, ელაიჯა უინინგტონი, თომას ნილი; კაი ტეილორი, ზაკ ინოჩენტი) – 7:01.98 წთ
ქალები
გულაღმა – 100მ
1.კაილი მაკკეონი (ავსტრალია) – 57.33 წმ (ოლიმპიური რეკორდი)
2.რეგან სმითი (აშშ) – 57.66 წმ
3.კეტერინ ბერკოფი (აშშ) – 57.98 წმ

ძიუდო
კაცები
81კგ
1.ტაკანორი ნაგასე (იაპონია)
2.ტატო გრიგალაშვილი
3.იონ-ჰვან ლი (სამხრეთი კორეა) და სომონ მახმადბეკოვი (ტაჯიკეთი)
* * *
ტატო გრიგალაშვილი
1/16: მიხაილ ლატიშევი (მოლდოვა) – მოგება
1/8: ვახიდ ბორჩაშვილი (ავსტრია) – მოგება
1/4: სომონ მახმადბეკოვი (ტაჯიკეთი) – მოგება
1/2: იოონ-ჰვან ლი (სამხრეთი კორეა) – მოგება
ფ: ტაკანორი ნაგასე (იაპონია) – მარცხი
ქალები
63კგ
1.ანდრეია ლეშკი (სლოვენია)
2.პრისკა ავიტი ალკარასი (მექსიკა)
3.კლარისე აგბენენუ (საფრანგეთი) და ლაურა ფაზლიუ (კოსოვო)
* * *
ეთერ ასკილაშვილი
1/16: ანდრეია ლეშკი (სლოვენია) – მარცხი

ka_GEGeorgian