პარიზი 2024: 1 აგვისტო

ის, რაც დღეს შეემთხვა ილია სულამანიძეს, ქართველი ძიუდოისტის კი არა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ტრაგედიაა. რა დროც უნდა გავიდეს, ყოველთვის ვიტყვი და დავწერ, რომ 2024 წლის 1 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიადის ფინალში, ილია სულამანიძე გაწირეს.

ფინალის მოგება მას მსაჯმა კი არა, ზემდგომმა, ეგრეთ წოდებულმა სუპერვაიზერმა არ დაანება. სწორედ მისი დირექტივით, ტატამის რეფერიმ ქართველი, ფინალის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე, მესამედ გააფრთხილა და განაღდებული, აბსოლუტურად დამსახურებული ოქროს მედალი დაათმობინა. ხაზგასმით ვამბობ, სუპერვაიზერის დირექტივის შემდეგ, თავად უნგრელი მსაჯი ქართველი ძიუდოისტის მესამედ გაფრთხილებას არ აპირებდა.

ილია ჩემპიონობას იმსახურებდა. პირველი ორთაბრძოლიდან დაწყებული ფინალის ჩათვლით, ის მშვენივრად ჭიდაობდა, ყველა მეტოქესთან თავდაჯერებული და აქტიური იყო. ნახევარფინალი საერთოდ რეკორდულ დროში მოიგო, პარიზში ილიაზე ადრე მეტოქე, მგონი, მხოლოდ უკრაინელმა დარია ბილოდიდმა დაამარცხა. გადამწყვეტ ორთაბრძოლას ქართველი ვაზარით იგებდა, შეჯიბრების დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი ტატამს მიღმა ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ოქროს მედალი მას კი არა, აზერბაიჯანელ მეტოქეს უნდა რგებოდა.

წინასწარი ეტაპის შეხვედრა რომ ყოფილიყო, მაშინაც კი არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე სპორტსმენის მესამედ გაფრთხილება. მით უმეტეს ფინალში.

პირველი შიდო რომ ყოფილიყო, კიდევ გავიგებდი, მაგრამ მესამედ გააფრთხილო ის ძიუდოისტი, რომელიც მთავარ ორთაბრძოლას შესანიშნავად შესრულებული ილეთით და ვაზარით იგებს, მეტოქე კი ხეირიანად ვერც უტევს… რა ვიცი, არ არის უსამართლობა? ეს თუ არა, აბა რა არის სპორტსმენის გაწირვა?

გავა დრო და ეს ამბავი ბევრს აღარ ემახსოვრება, ილია სულამანიძეც პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსნად შემორჩება ისტორიას, მაგრამ მე ამ უსამართლობას ვერაფერი დამავიწყებს.

ზუსტად ისე, როგორც არ დამავიწყდა ლონდონის ოლიმპიადის ფინალი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც მსაჯმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გაწირა.

ზუსტად ისე, როგორც არ დამავიწყდა ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალი ხმლით ფარიკაობაში, სადაც მსაჯთა დამკვირვებელმა არ მიუშვა სანდრო ბაზაძე ოქროს მედლამდე.

ილიას დრამაც ამ ამბების გაგრძელებაა.

მე თუ მკითხავთ, მომხდარი უნდა გაპროტესტდეს. ვიცი, რომ ორთაბრძოლის შედეგი არ შეიცვლება, მაგრამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაში ის მაინც უნდა იგრძნონ, რომ უსამართლობა მოხდა და თვალებში ნაცრის შეყრას არავინ შეეგუება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქართველი კვლავ დაზარალდეს ასეთი უტიფრობის გამო.

ძიუდოისტთა ასპარეზობის დასრულებიდან მცირე ხანში მოკრივეთა შეჯიბრება განახლდა, არენა ნორდის დარბაზში მეოთხედფინალები გაიმართა. ლაშა გურული (63,5კგ) მესამე გავიდა რინგზე, მისი მეტოქე ყაზახი მუხამედსაბირ ბაჟარბაიული გახლდათ.

ლაშამ მოიგო, ნახევარფინალში გავიდა და მინიმუმ ბრინჯაოს მედალი გაინაღდა! პირველი რაინდი, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ბაჟარბაიულის დარჩა, 0:5. მომდევნო, იგივე სხვაობით, გურულმა მოიგო, მესამე, გადამწყვეტში კი მსაჯთა აზრი გაიყო, საბედნიეროდ, ქართველი მოკრივის სასარგებლოდ – 3:2. გურული ნახევარფინალს 4 აგვისტოს გამართავს, მეტოქე კუბელი ერისლენდი ალვარესია.

ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ქალ ფეხბურთელთა ტურნირში. კანადელთა ამბავი გემახსოვრებათ: ოპერატორმა დრონით გადაიღო მეტოქის, ახალზელანდიელთა ვარჯიში და ჩანაწერი ერთ-ერთ მწვრთნელს გადასცა. დამნაშავე და ის მწვრთნელი გუნდიდან დაითხოვეს. მეორე დღეს კანადა ექვსი ქულით დაისაჯა. ტოკიოს თამაშების ოქროსმედალოსნებმა სასჯელი კი გააპროტესტეს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს.

ჰოდა, უმძიმესი სიტუაციის მიუხედავად, კანადამ მაინც მოახერხა ფლეი ოფში გასვლა: ახალ ზელანდიას 2:1 მოუგო, შემდეგ იგივე ანგარიშით მასპინძელთა ნაკრები დაამარცხა და სატურნირო „ვალი გაისტუმრა“, უკანასკნელ მატჩში კი 1:0 სძლია კოლუმბიას და საფრანგეთის შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

ქალ ფეხბურთელთა ყველა მეოთხედფინალი 3 აგვისტოს გაიმართება: ამერიკელები და იაპონელები პარიზში ითამაშებენ, ესპანეთი-კოლუმბიის პაექრობას ლიონი უმასპინძლებს, კანადა გერმანიას მარსელში შეხვდება, მასპინძელთა და ბრაზილიელთა პაექრობა კი ნანტში გაიმართება.

ხვალ გამოავლენენ ნახევარფინალისტებს კაცები: მაროკო ამერიკას ხვდება, იაპონია ესპანეთს, ეგვიპტე კი პარაგვაის. რაც შეეხება ტიერი ანრის გაწვრთნილ საფრანგეთს, მისი მეტოქე არგენტინაა. მსოფლიო ბოლო ჩემპიონატის ფინალისტი ქვეყნების ოლიმპიური გუნდები ბორდოში ითამაშებენ. ცნობისათვის: ფრანგებმა ყველა თამაში მოიგეს, თან გოლის გაუშვებლად.

ისრაელი კი, რომელმაც პარიზი 2024-ის საგზური შარშან, თბილისში, ჩვენ ახალგაზრდულ ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვებით მოიგო, ჯგუფში ჩარჩა. პირველ ტურში მალისთან მოპოვებული ქულა მათთვის ერთადერთი აღმოჩნდა, პარაგვაისთან 2:4 დამარცხდნენ, იაპონიასთან კი 0:1.

ამასობაში თამაშებს უკვე ჰყავს გმირები და ერთ-ერთი მათგანი ფრანგი მოცურავე ლეონ მარშანია, ოცდაორი წლის ბიჭმა უკვე სამი ოქროს მედალი მოიგო!

მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე დიდებული ასპარეზობის შემდეგ (იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში ის ასევე სამჯერ გახდა ჩემპიონი), ფრანგი პარიზი 2024-ის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა და, როგორც ხედავთ, გაცემულ ავანსებს სრულად ამართლებს.

მოცურავე მშობლების შვილმა სადებიუტო ოლიმპიადაზე პირველი ოქრო 28 ივლისს მოიგო 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში, 31 ივლისს კი ორ ფინალში იასპარეზა და კვლავ პირველი ადგილები დაიკავა, ჯერ ბატერფლაით 200 მეტრზე, შემდეგ კი იგივე დისტანციაზე ბრასით. სამი ოქროს მედალი ხომ დიდებულია და მის გამარჯვებებს ის უფრო ალამაზებს, რომ სამივე ფინალში ოლიმპიური რეკორდი დაამყარა!

ოლიმპიადის ოფიციალურმა გვერდმა გვამცნო, რომ ლეონი მეათე ფრანგი მოცურავეა, ვინც ჩემპიონი გახდა და მეექვსე ფრანგი, რომელმაც ზაფხულის ან ზამთრის ერთ თამაშებზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა. პირველი, ვინც ეს შეძლო, სამთო მოთხილამურე ჟან-კლოდ კილი ყოფილა.

მაგრამ ლეონი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს და კიდევ რამდენიმე დისციპლინაში ცდის ბედს. მისი მწვრთნელი, ამერიკელი ბობ ბოუმენი თვლის, რომ მარშანი მზად არის ურთულესი დატვირთვისთვის. გამოცდილ სპეციალისტს უნდა ვენდოთ, ახლო წარსულში ბოუმენი მაიკლ ფელპსს ავარჯიშებდა და რა შედეგებსაც მიაღწია დიადმა ჩემპიონმა, სპორტის მოყვარულებმა კარგად ვიცით.

პარიზი 2024-ის გმირად შეგვიძლია მივიჩნიოთ მარშანის ამერიკელი „კოლეგა“ კეტი ლედეკიც. ოცდაშვიდი წლის სპორტსმენმა 1500 მეტრზე გაცურვა მოიგო, ტოკიოში მოპოვებული ტიტული დაიცვა, კარიერაში კი მერვედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი! იქიდან გამომდინარე, რომ ეს დისტანცია ქალთა პროგრამას წინა ოლიმპიადაზე დაემატა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კეტი ლედეკი ამ დისციპლინის ისტორიაში ერთადერთი ჩემპიონია.

ვაშინგტონში დაბადებული გოგონა პირადი პირველობის მედლებით აქამდეც ოლიმპიადების და მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდსმენი იყო, გუშინდელი გამარჯვებით კი რეკორდი გააუმჯობესა. საგულისხმოა ისიც, რომ რვა ოლიმპიური ოქროდან მან მხოლოდ ერთი მოიგო ესტაფეტაში. ცნობისათვის: კეტი ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადაზე იგებს მინიმუმ ერთ ოქროს.

პარიზი 2024-ის ერთ-ერთი გმირი მგონია ავსტრალიელი კანოისტი ჯესიკა ფოქსიც, რომელმაც სლალომის ორივე ოქროს მედალი დაიბევა, კანოეშიც და კაიაკშიც. კეტი ლედეკის არ იყოს, ამ შემთხვევაშიც შემიძლია დავწერო, რომ ფოქსი კონკრეტული დისციპლინის ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონია. ქალთა შორის კანოეს სლალომი თამაშებზე პირველად ტოკიოში გამოჩნდა და მას შემდეგ ფოქსი ოქროს მედალს არავის უთმობს. რაც შეეხება კაიაკით პირველობას, ამით მან დიდი ხნის ოცნება აისრულა, რადგან ლონდონში მეორე იყო, რიო დე ჟანეიროსა და ტოკიოში კი მესამე.

ჯესიკა ფოქსი, ვინც ავსტრალიის გუნდის ერთ-ერთი მედროშე გახლდათ გახსნის ცერემონიაზე, კანოისტი მშობლების გზის გამგრძელებელი გახლავთ. მისი მამა, ინგლისელი რიჩარდ ფოქსი, მსოფლიოსა ათგზის ჩემპიონია, დედა, ფრანგი მირიამ ფოქს-იერუსალმი კი პლანეტის პირველობებზე მოგებულ რვა ოქროს მედალთან ერთად ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოსაც ფლობს.

ოლიმპიურ დღიურში 1 აგვისტოს ამბები მიმოვიხილოთ და ამ დღეს დაბადებული ორი ქართველი ჩემპიონი არ ვახსენოთ, შეცდომა იქნება. 1926 წელს ქუთაისში ტანმოვარჯიშე მედეა ჯუღელი დაიბადა, 1949 წელს კი ქეთევან ლოსაბერიძე.

მედეა ჯუღელი ქართველ ქალთა შორის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახლავთ და ასევე პირველი ჩვენი სპორტის ოლიმპიურ ისტორიაში, რომელმაც ერთ თამაშებზე მოიგო ორი მედალი. 1952 წელს, ჰელსინკიში, ქალბატონმა მედეამ გუნდთან ერთად გაიმარჯვა, საგნით ჯგუფურ ვარჯიშში კი ვერცხლს დაეუფლა.

ქეთევან ლოსაბერიძე კი პარიზულ დღიურებში ერთხელ უკვე ვახსენე: ის ერთადერთი ევროპელი ქალი მშვილდოსანია, ვინც ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა. ამ საოცარი გამარჯვების გამო სპორტულმა ჟურნალისტებმა ქალბატონი ქეთევანი 1980 წელს საქართველოს წლის სპორტსმენად აღიარეს.

ხვალ, 2 აგვისტოს, პარიზში ჩვენი გუნდის ხუთ წევრს ვიხილავთ: ძიუდოისტებს გურამ თუშიშვილს (+100კგ) და სოფიო სომხიშვილს (+70კგ), მძლეოსან ლიკა ხარჩილავას (100მ), ბატუტზე მხტომელ ლუბა გოლოვინას და ნინო სალუქვაძეს (სპორტული პისტოლეტი, 25მ), ათი ოლიმპიადის მონაწილე ერთადერთ ქალს.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 1 აგვისტო
ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია

1 აგვისტოს მედალოსნები

კაიაკი და კანოე
კაცები
კაიაკი, სლალომი
1.ჯოვანი დი ჯენარო (იტალია) – 88.22 წმ
2.ტიტუან კასტრიკი (საფრანგეთი) – 88.42 წმ
3.პაუ ეჩანისი (ესპანეთი) – 86.87 წმ

მძლეოსნობა
კაცები
20კმ სპორტული სიარული
1.ბრაიან პინტადო (ეკვადორი) – 1:18:55 სთ
2.კაიმ ბონფიმი (ბრაზილია) – 1:19:09 სთ
3.ალვარო მარტინი (ესპანეთი) – 1:19:11 სთ
ქალები
20კმ სპორტული სიარული
1.ჟიაუ იანი (ჩინეთი) – 1:25:54 სთ
2.მარია პერესი (ესპანეთი) – 1:26:19 სთ
3.ჯემიმა მონტაგი (ავსტრალია) – 1:26:25 სთ

ნიჩბოსნობა
კაცები
ორადგილიანი, წყვილმოსასმელიანი
1.რუმინეთი (ანდრეი-სებასტიან კორნეა, მარიან ენაჩე) – 6:12.58 წთ
2.ნიდერლანდები (მელვინ ტველაარი, სტეფ ბროენინკი) – 6:13.92 წთ
3.ირლანდია (დაირე ლინჩი, ფილიპ დოილი) – 6:15.17 წთ
ოთხადგილიანი
1.აშშ (ჯასტინ ბესტი, ლაიამ კორიგენი, მაიკლ გრეიდი, ნიკ მედი) – 5:49.03 წთ
2.ახალი ზელანდია (მეტ მაკდონალდი, ოლივერ მაკლინი, ტომ მიურეი, ლოგენ ულრიხი) – 5:49.88 წთ
3.დიდი ბრიტანეთი (მეტ ოლდრიჯი, დევიდ ამბლერი, ფრედი დავიდსონი, ოლივერ უილკესი) – 5:52.42 წთ
ქალები
ორადგილიანი, წყვილმოსასმელიანი
1.ახალი ზელანდია (ბრუკ ფრენსისი, ლუსი სპოორსი) – 6:50.45 წთ
2.რუმინეთი (ანკუჩა ბოდნარი, სიმონა რადიში) – 6:50.69 წთ
3.დიდი ბრიტანეთი (მატილდა ჰოდკინს-ბირნი, რებეკა უაილდი) – 6:53.22 წთ
ოთხადგილიანი
1.ნიდერლანდები (ბენტე ბოონსტრა, ჰერმინტე დრენტი, ტინკა ოფერეინსი, მარლონს ოლდენბურგი) – 6:27.13 წთ
2.დიდი ბრიტანეთი (ესმე ბუთი, ჰელენ გლოვერი, სემ რედგრეივი, რებეკა შორტენი) – 6:27.31 წთ
3.ახალი ზელანდია (ჯეკი გოულერი, დავინა უედი, კერი უილიამსი, ფოებე სპოორსი) – 6:29.08 წთ

სპორტული ტანვარჯიში
ქალები
მრავალჭიდი
1.სიმონე ბაილსი (აშშ) – 59.131 ქულა
2.რებეკა ანდრადე (ბრაზილია) – 57.932 ქულა
3.სანისა ლი (აშშ) – 56.465 ქულა

ტყვიის სროლა
კაცები
შაშხანა სამი პოზიციიდან (50მ)
1.იუკუნ ლიუ (ჩინეთი) – 463.6 ქულა
2.სერგეი კულიში (უკრაინა) – 461.3 ქულა
3.სვაპნილ კუსალე (ინდოეთი) – 451.4 ქულა

ფარიკაობა
ქალები
რაპირა, გუნდური
1.აშშ (ჟაკლინ დუბროვიჩი, ლი კიპერი, ლორენ სკრუგსი, მაია ვაინტრაუბი)
2.იტალია
(არიანა ერიგო, მარტინა ფავარეტო, ფრანჩესკა პალუმბო, ალისე ვოლპი)
3.იაპონია
(სერა აზუმა, იუკა უენო, კარინ მიავაკი, კომაკი კიკუჩი)

ცურვა
კაცები
გულაღმა – 200მ
1.ჰუბერტ კოში (უნგრეთი) – 1:54.26 წთ
2.აპოსტოლოს ხრისტუ (საბერძნეთი) – 1:54.82 წთ
3.რომან მიტიუკოვი (შვეიცარია) – 1:54.85 წთ
ქალები
ბრასი – 200მ
1.კეიტ დუგლასი (აშშ) – 2:19.24 წთ
2.ტატიანა სმითი (სამხრეთი აფრიკა) – 2:19.60 წთ
3.ტეს სხოტენი (ნიდერლანდები) – 2:21.05 წთ
ბატერფლაი – 200მ
1.სამერ მაკინტოში (კანადა) – 2:03.03 წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.რეგან სმითი (აშშ) – 2:03.84 წთ
3.იუფეი ჟანი (ჩინეთი) – 2:05.09 წთ
თავისუფალი – 4X200მ
1.ავსტრალია
(მოლი ო’კელეჰენი, ლენი პალისტერი, ბრიანა თორსელი, არიარნე ტიტმუსი; ჯეიმი პერკინსი, შეინა ჯეკი) – 7:38.08 წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.აშშ
(კლერ ვაინშტაინი, პაიჯი მედენი, კეტი ლედეკი, ერინ ჯემელი; ანა პეპლოვსკი, სიმონე მანუელი, ალექს შეკელი) – 7:40.86 წთ
3.ჩინეთი
(იუნშუან იანი, ბინჟიე ლი, ჩუტონ გე, იაშინ ლიუ; მუან ტანი, იაქი კონი) – 7:42.34 წთ

ძიუდო
კაცები
100კგ
1.ზელიმ კოცოევი (აზერბაიჯანი)
2.ილია სულამანიძე (საქართველო)
3.პეტერ პალჩიკი (ისრაელი) და მუზაფარბეკ ტურობოიევი (უზბეკეთი)
* * *
ილია სულამანიძე
1/8: ჯენარო პირელი (იტალია) – მოგება
1/4: აარონ ვოლფი (იაპონია) – მოგება
1/2: დანიელ აიხი (შვეიცარია) – მოგება
ფინალი: ზელიმ კოცოევი (აზერბაიჯანი) – მარცხი
ქალები
78კგ
1.ალისე ბელანდი (იტალია)
2.ინბარ ლანირი (ისრაელი)
3.ჟენჟაო მა (ჩინეთი) და პატრისია სამპაიო (პორტუგალია)

ka_GEGeorgian