პარიზი 2024: 2 აგვისტო

ხვალ ძიუდოისტები მედლების უკანასკნელ კომპლექტს გაითამაშებენ და პარიზის ოლიმპიადას დაასრულებენ. სამი წლის წინ, ტოკიოში, საქართველოს ნაკრებმა ოქროს და სამი ვერცხლის მედალი მოიგო. პარიზული შედეგი, ამ წუთისთვის, ოქრო და ორი ვერცხლია, თუმცა ხვალ შერეული გუნდური პირველობაა და ვინ იცის, იქნებ გაგვიმართლოს?

ჩვენი სპორტსმენები მეორე პარიზული ოქროს მედლისთვის ბრძოლას 1/8-ფინალში დაიწყებენ, თუმცა მეტოქე უცნობია. დილით იტალია უნგრეთს ხვდება და მოწინააღმდეგეც ამ ორიდან ერთ-ერთი იქნება.

ახლა მხოლოდ ის ვიცით, რომ ნაკრებს ვერ დაეხმარება გურამ თუშიშვილი. მას ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი ილია სულამანიძე ჩაანაცვლებს.

ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გურამი კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საბოლოო გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს. IJF-მა მას დროებით აუკრძალა შეჯიბრებებში მონაწილეობა. ასეთი მკაცრი სასჯელი იმან გამოიწვია, რაც დღევანდელ მეოთხედფინალში ტედი რინერთან ქართველის მარცხის შემდეგ ვნახეთ.

იმ ინციდენტმა, რაც ჭიდილს მოჰყვა, უამრავი გააღიზიანა, მე კი, არ დავმალავ, გული დამწყვიტა. თუშიშვილს, ფრანგთან წაგების მიუხედავად, ნამდვილად შეეძლო მეორე ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლა, ახლა კი, მედალს ვინ ჩივის, სპორტული კარიერაა კითხვის ნიშნის ქვეშ.

იყო თუ არა პროვოკაცია რინერის მხრიდან? მომეჩვენა რომ კი.

იყო თუ არა თუშიშვილის პასუხი სწორი? ჩემი აზრით არა.

მესმის, რომ წაგებამ გურამი წყობიდან გამოიყვანა. მესმის, რომ ტედის ჟესტი არცთუ ღირსეული იყო. მაგრამ ქართველის საქციელი მაინც გადამეტებული მეჩვენა. ვიფიქრე კიდეც, რომ ინციდენტი ტატამზე არ ამოიწურებოდა და ასეც მოხდა. დიდი ხანია ძიუდოში მსგავს საქციელს არავის პატიობენ. მით უმეტეს ოლიმპიურ თამაშებზე. მით უმეტეს იმ ფრანგის წინააღმდეგ, ვინც პარიზული ოქროს მოსაგებად დარჩა სპორტში.

ტოკიოს ფიასკოს შემდეგ ტედი სპორტში დარჩა და ყველამ იცოდა, რომ ეს ერთადერთი მიზეზით გადაწყვიტა – პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედლის მოგება და კარიერის ასე დასრულება სურდა. დღეს მან მეოთხე ოლიმპიური ტიტული მოიპოვა, ლონდონის და რიო დე ჟანეიროს შემდეგ მესამედ მოიგო უმძიმესი წონითი კატეგორია. ის ტოკიოს თამაშების გამარჯვებულიც გახლავთ შერეული გუნდის შემადგენლობაში და კიდევ ორ ოლიმპიურ ბრინჯაოს ფლობს, სამი წლის წინანდელს და 2008 წლისას, პეკინში მოგებულს. ფრანგი ასევე არის მსოფლიოს თორმეტგზის ჩემპიონი და ევროპირველობების ხუთი ოქროს მედლის მფლობელი. მასტერსის, გრანდ სლემის და გრან პრის სერიის ტურნირებს აღარ ჩამოვთვლი.

ტედი რინერი, რა თქმა უნდა, ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ძიუდოისტი და ოლიმპიელია. მაგრამ ის მაინც არ არის დიადი. იმიტომ, რომ დროგამოშვებით არცთუ ლამაზი საქციელით გამოირჩევა. გურამთან დღევანდელი კონფლიქტიც მორიგი ასეთი ეპიდოზია მის კარიერაში. ასეთი სურათები მას, როგორც ჩემპიონს, არაფერს მატებს. ამიტომაც ვამბობ, რომ ათობით ოქროს მედლის მიუხედავად, რინერი არ არის დიადი.

პარიზი 2024 დამთავრდა ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრისთვის, ნინო სალუქვაძისთვის. დღეს მან სპორტული პისტოლეტით ისროლა, 563 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანმა სპორტსმენმა ვერც პნევმატური პისტოლეტით გადალახა პირველი ეტაპი, მთავარი მიზანი შეასრულა – ზედიზედ მეათე ოლიმპიადაზე იასპარეზა და გახდა პირველი, ვინც ეს შეძლო. ასევე გახდა პირველი ქალი, რომელმაც ათ ოლიმპიადაზე იასპარეზა.

ამ მხრივ ნინო სალუქვაძემ ნამდვილად ათიანში მოარტყა.

დღესვე დაასრულა ოლიმპიადაზე გამოსვლა ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა წევრმა, ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ. მან საკვალიფიკაციო წრეში იასპარეზა და თექვსმეტ მონაწილეს შორის მეთერთმეტე ადგილზე გავიდა. ლუბას პირველი ცდა მსაჯებმა 53.620 ქულით შეაფასეს, მეორე გამოსვლა კი 53.460-ით, მაგრამ ეს ფინალში, ანუ საუკეთესო რვა მხტომელს შორის მოსახვედრად საკმარისი არ იყო.

ცნობისათვის: პარიზი 2024 ლუბას ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადაა ლონდონის, რიო დე ჟანეიროს და ტოკიოს შემდეგ. რაც შეეხება მის საუკეთესო მიღწევას, ეს 2019 წელს, ევროპის II თამაშებზე მოგებული ვერცხლის მედალია. სხვათა შორის, პარიზში დღეს მინსკი 2019-ის ჩემპიონმა, ფრანგმა ლეა ლაბრუსმაც იასპარეზა, მაგრამ ფინალში ვერც ის მოხვდა. ლაბრუსმა ლუბაზე დაბალი შეფასება დაიმსახურა – 53.220 ქულა.

გუშინ დაიწყეს მედლების გათამაშება მძლეოსნებმა, დღეს დილით, სტად დე ფრანსზე კი ჩვენი გუნდის წევრმა ლიკა ხარჩილავამ იასპარეზა. ქალთა შორის 100 მეტრზე რბენაში მან 12.37 წამი დააფიქსირა, რაც შესარჩევი წრის დასაძლევად საკმარისი არ აღმოჩნდა. 35 მონაწილეს შორის ლიკა მეოცე ადგილზე გავიდა. თვენახევრით ადრე, 22 ივნისს, ქართველმა სპრინტერმა კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა – 12.16 წამი, თუმცა ეს დრო რომ გაემეორებინა, პირველ ეტაპს მაინც ვერ დაძლევდა.

სტად დე ფრანსის ცისფერ ბილიკებზე საღამოს რამდენიმე დისციპლინის საკვალიფიკაციო ასპარეზობები გაიმართა და ერთ-ერთში, 400 მეტრზე შერეულ ესტაფეტაში მსოფლიო რეკორდი ვიხილეთ. ამერიკელებმა ვერნონ ნორვუდმა, შემიერ ლითლმა, ბრიუს დედმონმა და კეილინ ბრაუნმა დისტანცია 3:07.41 წუთში დაფარეს და ახალი მიღწევაც დაისაკუთრეს. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ოქროს მედალი ამერიკელებს დარჩებათ, მათი უპირატესობა უახლოეს მეტოქესთან, საფრანგეთის გუნდთან ფანტასტიკური იყო – 3 წამი!

რეკორდი გაუმჯობესდა კაცთა შორის 10 კილომეტრზე სირბილშიც, ოღონდ მსოფლიოს ნაცვლად ოლიმპიური. უგანდელმა ჯოშუა ჩეპტეგეიმ დისტანცია 26:43.14 წუთში დაფარა და ტოკიოში მოპოვებული ვერცხლი ოქროზე გადაცვალა. მსოფლიოს ბოლო სამი ჩემპიონატის გამარჯვებულმა ეთიოპიელი კენენისა ბეკელეს მიერ პეკინის თამაშებზე ნაჩვენებ დროს ლამის ოცი წამი ჩამოაკლო, ბეკელემ ეს დისტანცია 27:01.17 წუთში გაირბინა.

ცურვაში სამი ფინალი ვნახეთ, ყველაზე დაძაბული კი უდავოდ კაცთა შორის 200 მეტრზე კომპლექსური ასპარეზობა გამოდგა. ოლიმპიადის გმირმა ლეონ მარშანმა მეოთხე ოქროს მედალი მოიგო და კვლავ ოლიმპიური რეკორდით – 1:54.06 წუთი.

დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქალთა კრივში, 66კგ წონით კატეგორიაში ალჟირელი იმანე ხელიფის და იტალიელი ანჯელა კარინის გუშინდელ ორთაბრძოლას. იტალიელმა, ორი მძიმე დარტყმის შემდეგ, 46-ე წამზე შეწყვიტა ბრძოლა. კარინიმ თქვა, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ ერთი მიზეზით გადადგა, რინგიდან ცოცხალს სურდა გასვლა, მეტოქის შესახებ კი დაიჩივლა, რომ მისნაირები ქალთა შორის არ უნდა ასპარეზობდნენ.

რატომ? იმიტომ, რომ 25 წლის ალჟირელი მოკრივე ბიოლოგიურად ქალია, მაგრამ მამაკაცისთვის დამახასიათებელი XY ქრომოსომით, რაც სპორტსმენს აღნაგობაზეც ეტყობა და სახეზეც. ძალა კი კარინიმ იწვნია და ბრძოლაც შეწყვიტა.

ალჟირელი, ტესტოსტერონის მომატებული დონის გამო, მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატიდან მოკვეთეს, მაგრამ არა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, არამედ კრივის საერთაშორისო ასოციაციამ, IBA-მ. ეს უკანასკნელი კი, უამრავი, მათ შორის ფინანსური დარღვევების გამო, სოკ-მა პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე ორი დღით ადრე, 24 ივლისს გამართულ 142-ე სესიაზე თავის რიგებიდან გარიცხა.

ხელიფი-კარინის ინციდენტს შერისხული IBA, ცხადია, უმალ გამოეხმაურა. ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ოლიმპიადის წინ ალჟირელმა არ გაიარა ეგრეთ წოდებული სქესის დასადგენი გენდერ-ტესტი, ამის მიუხედავად კი მაინც მონაწილეობს თამაშებში.

ალჟირელი სპორტსმენის წინააღმდეგ ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა მარტინა ნავრატილოვამაც გაილაშქრა, რომელმაც ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ქალ სპორტსმენთა უფლებები შელახა, სამართლიანი თამაშის წესები კი გათელა. ნავრატილოვამ ხელიფის დისკვალიფიკაციაც მოითხოვა.

სოკ-ის წარმომადგენელმა მარკ ადამსმა განაცხადა: „ბევრ ქალს, შესაძლოა, აღმოაჩნდეს ტესტოსტერონის მაღალი დონე, მამაკაცებისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი რჩებიან ქალებად და, შესაბამისად, უნდა იასპარეზონ მხოლოდ ქალთა შორის. რაც შეეხება ტესტოსტერონის ტესტს, ის არ არის სრულყოფილი და ვერ განიხილება გადამწყვეტ ფაქტორად“.

სახელოვანი ქალი სპორტსმენების და ქალთა უფლებების დამცველი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, იმანე ხელიფი პარიზი 2024-ის ოქროს მედლის ერთ-ერთ პრეტენდენტად რჩება. ალჟირელი ხვალ მეოთხედფინალურ ბრძოლას გამართავს, მისი მეტოქე უნგრელი ანა ლუცა ჰამორია.

მშვილდოსნებმა დღეს მედლების მესამე კომპლექტი გაითამაშეს, ამჯერად შერეულ წყვილთა შორის. გამარჯვებული გუნდის გამოცნობა არ გაგიჭირდებათ, ოქროს მედლები სამხრეთკორეელებს დარჩათ. ეს მათი მესამე პარიზული ტრიუმფია, რადგან რამდენიმე დღის ინტერვალით ჯერ ქალთა გუნდურში გაიმარჯვეს, შემდეგ კი კაცებში.

კორეის სახელით მშვილდი ოქროს მედალოსნებმა მოზიდეს. თუ ქალბატონი სი-ჰეონ ლიმი მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, გუნდის კაპიტანმა ვოო-ჯინ კიმმა მეოთხე ტიტული მოიგო. ორ პარიზულ ოქრომდე მან კაცთა გუნდის შემადგენლობაში ჯერ რიო დე ჟანეიროში გაიმარჯვა, შემდეგ ტოკიოში.

ჩემპიონებმა ყველაზე იოლად ფინალი მოიგეს, 6:0 სძლიეს გერმანიას. ყველაზე რთული ორთაბრძოლა კი პირველ ეტაპზე, 1/8-ფინალში გადახდათ – 5:4 აჯობეს ტაივანს. ამ ორ პაექრობას შორის იყო იტალიასთან და ინდოეთთან ერთნაირი ანგარიშით გამარჯვება – 6:2. მშვილდოსნები ოლიმპიადას შაბათ-კვირას დაასრულებენ პირადი პირველობით. 3 აგვისტოს ქალები გაითამაშებენ მედლებს, 4 აგვისტოს კაცები.

დღევანდელ წერილს გერმანული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ცნობით დავასრულებ. ქვეყნის მთავრობამ თანხმობა განაცხადა 2040 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე. ფედერალური მთავრობის წევრმა, სპორტის მინისტრმა ნენსი ფაესერმა დაადასტურა, რომ ხელისუფლება მზადაა მხარი დაუჭიროს გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის პროექტს. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში წარსადგენი კანდიდატი ქალაქის დოკუმენტაციის მოსამზადებლად 6.95 მილიონი ევრო უკვე გამოიყო. ფაესერის თქმით, თუ გერმანიამ ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მოიპოვა, 2040 წლის თამაშები ქვეყნის გაერთიანების ნახევარსაუკუნოვან იუბილეს მიეძღვნება.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 2 აგვისტო
ფოტო: World Athletics

2 აგვისტოს მედალოსნები

აფროსნობა
კაცები
49er
1.დიეგო ბოტინი, ფლორიან ტრიტელი (ესპანეთი)
2.აიზეკ მაკჰარდი, უილიამ მაკკენზი (ახალი ზელანდია)
3.იან ბაროუზი, ჰანს ჰენკენი (აშშ)
ქალები
49er FX
1.ოდილ ვან ანჰოლტი, ანეტე დუცი (ნიდერლანდები)
2.ვილმა ბობეკი, ნეცლერი (შვედეთი)
3.სარა სტოიარი, შარლინ პიკონი (საფრანგეთი)

ბადმინტონი
შერეული წყვილი
1.სივეი ჟენი, უაქიონ უანი (ჩინეთი)
2.ვო-ჰო კიმი, ნა-ეუნ იეონგი (სამხრეთი კორეა)
3.იუტა ვატანაბე, არისა ჰიგაშინო (იაპონია)

ბატუტზე ხტომა
კაცები
1.ივან ლიტვინოვიჩი (ნეიტრალური ათლეტები) – 63.090 ქულა
2.ზისაი ვანი (ჩინეთი) – 61.890 ქულა
3.ლანიუ უანი (ჩინეთი) – 60.950 ქულა
ქალები
1.ბრაიონი პეიჯი (დიდი ბრიტანეთი) – 56.480 ქულა
2.ვიალეტა ბარძილოვსკაია (ნეიტრალური ათლეტები) – 56.060 ქულა
3.სოფიან მეთო (კანადა) – 55.650 ქულა
* * *
ლუბა გოლოვინა
53.620 ქულა, XI ადგილი; ფინალში ვერ მოხვდა

ველოსპორტი – BMX, რბოლა
კაცები
1.იორის დოდე (საფრანგეთი)
2.სილვენ ანდრე (საფრანგეთი)
3.რომენ მაიო (საფრანგეთი)
ქალები
1.საია საკაკიბარა (ავსტრალია)
2.მანონ ვეენსტრა (ნიდერლანდები)
3.ზოი კლაესენსი (შვეიცარია)

მშვილდოსნობა
შერეული გუნდი
1.სამხრეთი კორეა (ვოო-ჯინ კიმი, სი-ჰეონ ლიმი)
2.გერმანია (ფლორიან უნრუჰი, მიშელე კროპენი)
3.აშშ (ბრედი ელისონი, კეისი კოფჰოლდი)

მძლეოსნობა
კაცები
10000მ
1.ჯოშუა ჩეპტეგე (უგანდა) – 26:43.14 წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ბერიჰუ არეგავი (ეთიოპია) – 26.43.44 წთ
3.გრანტ ფიშერი (აშშ) – 26.43.46 წთ

ნიჩბოსნობა
კაცები
ორადგილიანი
1.ხორვატია (მარტინ სინკოვიჩი, ვალენტ სინკოვიჩი) – 6:23.66 წთ
2.დიდი ბრიტანეთი (ოლივერ უიან-გრიფიტი, თომას ჯორჯი) – 6:24.11 წთ
3.შვეიცარია (რომან როოსლი, ანდრინ გულიხი) – 6:24.76 წთ
ორადგილიანი, წყვილმოსასმელიანი, მსუბუქი
1.ირლანდია (ფინტენ მაკართი, პოლ ო’დონოვანი) – 6:10.99 წთ
2.იტალია (სტეფანო ოპო, გაბრიელ სოარესი) – 6:13.33 წთ
3.საბერძნეთი (პეტროს გკაიდაცისი, ანტონიოს პაპაკონსტანტინუ) – 6:13.44 წთ
ქალები
ორადგილიანი
1.ნიდერლანდები (იუმკე კლევერინგი, ვერონიკ მეესტერი) – 6:58.67 წთ
2.რუმინეთი (იოანა ვრინჩეანუ, როქსანა ანგელი) – 7:02.97 წთ
3.ავსტრალია (ჯესიკა მორისონი, ანაბელ მაკინტეირი) – 7:03.54 წთ
ორადგილიანი, წყვილმოსასმელიანი, მსუბუქი
1.დიდი ბრიტანეთი (ემილი კრეიგი, იმოგენ გრენტი) – 6:46.06 წთ
2.რუმინეთი (ჯანინა ბელეაგა, იონელა კოზმიუკი) – 6:48.78 წთ
3.საბერძნეთი (დიმიტრა კონტუ, ზოი ფიციუ) – 6:49.28 წთ

ტყვიის სროლა
ქალები
შაშხანა სამი პოზიციიდან (50მ)
1.კიარა ლეონე (შვეიცარია) – 464.4 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.სეგენ მადალენა (აშშ) – 463.0 ქულა
3.ცინქუე ჟანი (ჩინეთი) – 452.9 ქულა

ფარიკაობა
კაცები
დაშნა, გუნდური
1.უნგრეთი (მატე ტამაშ კოხი, ტიბორ ანდრასფი, დერდეი შიკლოში, დავიდ ნადი)
2.იაპონია (აკირა კომატა, კოკი კანო, მასარუ იამადა, კაზუიასუ მინობე)
3.ჩეხეთი (ირჟი ბერანი, იაკუბ იურკა, მარტინ რუბეში, მიხალ ჩუპრი)

ჩოგბურთი
შერეული წყვილი
1.კატერინა სინიაკოვა, ტომას მაჩაცი (ჩეხეთი)
2.შინიუ ვანი, ჟიჟენ ჟანი (ჩინეთი)
3.ფელიქს ოჟე-ალიასიმი და გაბრიელა დაბროვსკი (კანადა)

ცურვა
კაცები
თავისუფალი – 50მ
1.კამერონ მაკივოი (ავსტრალია) – 21.25 წმ
2.ბენ პრაუდი (დიდი ბრიტანეთი) – 21.30 წმ
3.ფლორენ მანადუ (საფრანგეთი) – 21.56 წმ
კომპლექსური – 200მ
1.ლეონ მარშანი (საფრანგეთი) – 1:54.06 წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.დანკან სკოტი (დიდი ბრიტანეთი) – 1:55.31 წთ
3.შუნ ვანი (ჩინეთი) – 1:56.00 წთ
ქალები
გულაღმა – 200მ
1.კაილი მაკიოუნი (ავსტრალია) – 2:03.73 წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.რეგან სმითი (აშშ) – 2:04.26 წთ
3.კაილი მასე (კანადა) – 2:05.57 წთ

ცხენოსნობა
გუნდური კონკური
1.
დიდი ბრიტანეთი (სკოტ ბრაში, ჰარი ჩარლზი, ბენ მაჰერი)
2.აშშ (კარლ კუკი, ლაურა კრაუტი, მაკლეინ უორდი)
3.საფრანგეთი (სიმონ დელესტრე, ჟულიენ ეპაილარი, ოლივიე პერო)

ძიუდო
კაცები
+100კგ
1.ტედი რინერი (საფრანგეთი)
2.მინ-იონგ კიმი (სამხრეთი კორეა)
3.ტემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი) და ალიშერ იუსუპოვი (უზბეკეთი)
* * *
გურამ თუშიშვილი*
1/8: მბაგნიკ ნდიაე (სენეგალი) – მოგება
1/4: ტედი რინერი (საფრანგეთი) – მარცხი
*
-რინერითან ორთაბრძოლის ბოლოს მომხდარი ინციდენტი გამო ტურნირიდან მოიხსნა
ქალები
+78კგ
1.ბეატრის სოუზა (ბრაზილია)
2.რაზ ჰერშკო (ისრაელი)
3.ჰა-იუნ კიმი (სამხრეთი კორეა) და რომეინ დიკო (საფრანგეთი)
* * *
სოფიო სომხიშვილი
1/16: რენე ლუხტი (გერმანია) – მოგება
1/8: რომეინ დიკო (საფრანგეთი) – მარცხი

წყალში ხტომა
კაცები
სინქრონული, ტრამპლინი (3მ)
1.ჟონუან ვანი, დაოი ლონი (ჩინეთი) – 446.10 ქულა
2.ოსმარ ოლვერა, ხუან სელაია (მექსიკა) – 444.03 ქულა
3.ენტონი ჰარდინგი, ჯეკ ლაუერი (დიდი ბრიტანეთი) – 438.15 ქულა

ka_GEGeorgian