ყველაზე გვიანი ევროფინალი

დღეს, როცა თითოეული შეჯიბრების რეგლამენტი და საერთაშორისო საფეხბურთო კალენდარი გაწერილია, ასეთი რამ წარმოუდგენელია, მაგრამ გასული საუკუნის შუა წლებში, საერთაშორისო საკლუბო ფეხბურთის გარიჟრაჟზე, ხშირად ხდებოდა უცნაური ამბები და ეს ისტორიაც ასეთია:
1962 წლის 5 სექტემბერს, თასების თასის მეორე გათამაშების განმეორებით ფინალში, მადრიდის ატლეტიკომ 3:0 დაამარცხა ფლორენციის ფიორენტინა და ისტორიაში პირველი ევროპული ჯილდო მოიგო.
შტუტგარტში, ნეკერშტადიონზე გამართული ის მატჩი ევროთასების ისტორიაში ყველაზე გვიანი ფინალია.

2020 წელს, კოვიდის გამო, ევროტურნირები აგვისტოში დასრულდა, მაგრამ 1962 წელს მსოფლიოს პანდემია არ აწუხებდა, თასების თასის მფლობელი კი მხოლოდ იმიტომ გამოვლინდა ასე გვიან, რომ დაგეგმილი ფინალი, 1962 წლის 10 მაისს გლაზგოში, ჰემპდენ პარკზე რომ გაიმართა, 1:1 დასრულდა, დამატებითი დროის შემდეგ კი პენალტები გათვალისწინებული არ იყო.

ატლეტიკოს და ფიორენტინას წარმომადგენლები რამდენიმე დღის შემდეგ გეგმავდნენ გადათამაშებას, უეფაც ყაბულს იყო, მაგრამ მეტოქეები თარიღზე ვერ შეთანხმდნენ. მერე ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო და თასთა თასის მფლობელის გამოსავლენი, განმეორებითი ფინალის ჩატარებაც 5 სექტემბრამდე ვერ მოხერხდა, 5 სექტემბერს კი თასების თასის მესამე გათამაშება დაიწყო, 1962-1963 წლების სეზონი…

ის ატლეტიკო მშვენიერი გუნდი იყო, მთავარი ძალა კი მწვრთნელი ხოსე ვილიალონგა გახლდათ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ესპანელი სპეციალისტი.

1956 და 1957 წლებში მან ჩემპიონთა თასის პირველი ორი გათამაშება მოაგებინა რეალს. სამეფო კლუბის პირველი ტრიუმფის დროს ის 36 წლის და 184 დღის გახლდათ და დღემდე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელად რჩება, ვინც მთავარი ევროთასი მოიგო. სენიორ ხოსემ 1958 წელს დატოვა რეალი, ატლეტიკო ჩაიბარა და იქაც წარმატებით იმუშავა, თასების თასამდე ზედიზედ ორჯერ აღმართა ესპანეთის თასი – კოპა ხენერალისიმო, და ორივე ფინალში რეალი დაამარცხა…

ფიორენტინასთან მოგების შემდეგ ვილიალონგა ესპანეთის ნაკრებში წავიდა. მის გარეშე მადრიდელებმა ზედიზედ მეორედ ითამაშეს თასების თასის ფინალში, მაგრამ ტოტენჰემ ჰოთსფურთან დამარცხდნენ, აი ნაკრებმა კი ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო – 1964 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

გავიდა კიდევ ოთხი წელიწადი და ევროპირველობა ასევე პირველად მოიგო იტალიამ. იმ სკუადრა აძურას კი ფერუჩიო ვალკარეჯი წვრთნიდა, 1962 წლის თასთა თასის ფინალში ატლეტიკოსთან ხელმოცარული ფიორენტინას დამრიგებელი…

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 5 სექტემბერი

ka_GEGeorgian