შაბათი წმინდაა
ეს პირმშვენიერი ჭაბუკი სილვან ჯერემი ვალნერი გახლავთ, ოცდაორი წლის შვეიცარიელი მცველი. თუ ავსტრიის ბუნდესლიგის ერთგული გულშემატკივარი და მაყურებელი არ ბრძანდებით, მეეჭვება რომ იცნობდეთ, მაგრამ გუშინდელი ამბის შემდეგ, მასზე, ვფიქრობ, დროგამოშვებით დაწერენ ხოლმე. მის შესახებ მეც ამ დილით გავიგე, როცა ეს ამბავი წავიკითხე.
საქმე ისაა, რომ ვალნერი სექტემბერში შეუერთდა ლინცის ბლაუ-ვაისს (კლუბი მეექვსე ადგილზეა), გუშინ კი ახალწვეულმა განაცხადა, რომ რელიგიური მოსაზრებების გამო კარიერა დაასრულა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ თავს ეკლესიის წევრად არ მივიჩნევ, ხშირად ვკითხულობ ბიბლიას. იქ წერია, რომ შაბათი უქმე დღეა. ჩემი გუნდი, მეტწილად, შაბათობით თამაშობს, ასე კი არაფერი გამოვა – ფეხბურთს და რწმენას ერთმანეთს ვერ შევუთავსებ. მადლობა გუნდს და თანაგუნდელებს, რომლებმაც ჩემი გადაწყვეტილება გაიგეს და მიიღეს“ – განაცხადა ვალნერმა.
სექტემბერში გაფორმებული კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით შეწყდა. ოფიციალური განცხადება კლუბმა ამ დილით გაავრცელა, დეტალებზე კი არაფერი უთქვამს. არც ისაა ცნობილი, რა მოხდება სატრანსფერო თანხასთან დაკავშირდებით – ავსტრიელებმა ვალნერი 1,6 მილიონ ევროდ შეიძინეს.
ტანმაღალმა მცველმა კარიერა ციურიხში დაიწყო, შვეიცარიის ყველა ასაკობრივ ნაკრებშიც ითამაშა 17-წლამდელებიდან 21-წლამდელების ჩათვლით, ავსტრიაში გადასულმა ხუთჯერ მოირგო ლინცის მაისური, მერე კი ბიბლია გადაშალა და…
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 11 ნოემბერი