„ოქროს ბურთი“ როდრის
მესი-რონალდუს მეფობის წლებში ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთის“ რამდენიმე დაჯილდოებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. წლევანდელ რეფერენდუმში არცერთი იყო წარდგენილი, მაგრამ, ვფიქრობ, ამ გამოკითხვის შედეგებზეც კიდევ დიდხანს იკამათებენ. არადა, ჩემი აზრით საუკეთესომ გაიმარჯვა.
ყველაზე ძველი და პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო (1956 წელს დაარსდა) ესპანეთის ნაკრების და მანჩესტერ სიტის საყრდენ ნახევარმცველს, როდრის ერგო. ეს ამბავი ძალიან გამეხარდა. იმიტომ, რომ 2023-2024 წლების სეზონში ესპანელი თანაბრად დიდებული იყო კლუბსა და ნაკრებში და ორივე სარბიელზე დიდ წარმატებებს მიაღწია.
დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწერა, რომ „ოქროს ბურთს“ მადრიდის რეალის მარცხენა გარემარბი ვინისიუს ჟუნიორი აღმართავდა. მას შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად მხვდებოდა ფრანს ფუტბოლის ჯილდოსთან ჩახუტებული ბრაზილიელის დამონტაჟებული ფოტოები, თუმცა წუხელ გაირკვა, რომ „ოქროს ბურთი“ მას კი არა, როდრის ერგო. ჰოდა, მას შემდეგ წერენ, რომ ბრაზილიელი „გაძარცვეს“. ამ, ერთი შეხედვით მოულოდნელმა ცნობამ, ბევრი ძალიან აღაშფოთა, მე კი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მგონია, რომ ფრანგული გამოცემის ეს რეფერენდუმი ლოგიკურად დასრულდა.
როდრი ერთ-ერთი საუკეთესოა კლუბსა და ნაკრებში და ბოლო წლებში ორივე გუნდის საოცარ წარმატებებში ლომის წილი შეაქვს. ვინისიუსიც მშვენიერია, ინდივიდუალურ ჯილდოებს რომ თავი დავანებო, გაზაფხულზე ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა მოიგო, მაგრამ ესპანელის გამარჯვება მაინც უფრო ლოგიკურად მეჩვენება, რადგან იმ პერიოდში, რომელსაც ფრანს ფუტბოლი ითვალისწინებს – 2023 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით – მან ფურია როხას მაისურით კონტინენტის მთავარი სანაკრებიო შეჯიბრება – ევროპის ჩემპიონატი, სიტისთან ერთად კი პრემიერლიგა, ევროპის სუპერთასი და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ამ ბოლო ტურნირზე ესპანელი რჩეულ მოთამაშედაც დასახელდა, რაც, მისი ამპლუის გათვალისწინებით, ძალიან იშვიათად ხდება. ევრო 2024-ზე კი ახალი რა უნდა ვთქვა – მოედნის შუაგულის ბატონ-პატრონი ბრწყინვალე იყო (საქართველოს ნაკრებს გოლი კი გაუტანა, მაგრამ სიმართლე უნდა ვაღიაროთ) და სიმბოლურ ნაკრებშიც სამართლიანად დასახელდა.
ის, რომ ვინისიუსი მეორე ადგილზე დარჩა, ნაკრებთან ერთად გაცდილი მარცხის ბრალია. ბრაზილიელმა კოპა ამერიკა, უფერულ სელესაოსთან ერთად, მეოთხედფინალში დაასრულა, ეს კი ძალიან დიდი მინუსია, როცა სეზონის რჩეულ მოთამაშეობაზე გაქვს პრეტენზია.
სტატისტიკასაც მოვიშველიებ: 2023-2024 წლების სეზონში როდრიმ კლუბსა და ნაკრებში 63 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, ვინისიუსმა კი 49 მატჩში 26 ბურთი გაიტანა და 12-ჯერ თანაგუნდელებს დაეხმარა. ვფიქრობ, შთამბეჭდავი სხვაობაა. და თუ ვინმე მაინც გოლებზე გააკეთებს აქცენტს, ვიტყვი, რომ ბევრი გოლისთვის „ოქროს ბუცი“ არსებობს.
P.S. 1960 წელს ლუის სუარესმა მოიგო „ოქროს ბურთი“ და მას შემდეგ როდრი რეფერენდუმის პირველი ესპანელი გამარჯვებულია. ჰოდა, ვინისიუსის მეორე ადგილი კი არ მგონია „ძარცვა“ და „გაუგებრობა“, არამედ ის, რომ ყველაფრის მომგები ესპანეთის ნაკრების ლიდერებმა ჩავიმ და ინიესტამ „ოქროს ბურთის“ გარეშე დაასრულეს კარიერა. აქვე უესლი სნეიდერს, ფრანკ რიბერის, არიენ რობენს, ვირჯილ ვან დაიკს და რობერტ ლევანდოვსკისაც ვახსენებ, რომლებიც, ჩემი აზრით, კონკრეტულ სეზონებში ნამდვილად იმსახურებდნენ ამ ლამაზ ჯილდოს. მაგრამ რეფერენდუმში მონაწილეთა გემოვნებამ მესი-რონალდუს ფანტასტიკური რაოდენობის გოლები ამჯობინა. თუმცა, ეს სხვა თემაა და სხვა დროს იყოს, დღეს კი „ოქროს ბურთის“ დამსახურებულ მფლობელს გაუმარჯოს. მისი აღიარებით, ვფიქრობ, ფეხბურთმაც მოიგო.
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 29 ოქტომბერი
ფოტო: France Football