დავით ყიფიანი და ევროპის ნაკრები

ამ რამდენიმე დღის წინ უფროს მეგობარს ევროპის ნაკრებზე ვისაუბრე. 1981 წლის თამაში გავიხსენეთ, 18 აგვისტოს პრაღაში გამართული მატჩი, რომელიც ჩეხოსლოვაკიური ფეხბურთის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. აქაური მეგობრების უმრავლესობას გეცოდინებათ, რომ მაშინ ევრონაკრებში დავით ყიფიანმაც ითამაშა.

დღეს, როგორც იქნა, ამ შეხვედრისთვის მოვიცალე. გადმოვალაგე ჩვენი ფეხბურთის შესახებ რაც მაქვს შენახული და ყიფიანის ფაილებში იმ თამაშის ოფიციალური პროგრამა და თავის დროზე ჟურნალ „სტადიონიდან“ ამოღებული პლაკატები ვიპოვე.

ევროპის ნაკრების განაცხადს თუ დავხედავთ, გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ მას მშვენიერიც ეთქმის. მწვრთნელის, ევროპის იმ წლის ჩემპიონატის მომგები გერმანიის ნაკრების თავკაცის იუპ დერვალის ჩანაფიქრით, პრაღაში მისი ბიჭებიდან მანფრედ კალცს, ჰანს-პეტერ ბრიგელს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს და მეოთხე დიდებულ გერმანელს, პაულ ბრაიტნერს უნდა ეთამაშათ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩეხოსლოვაკიელთა წინააღმდეგ მხოლოდ კალცი დადგა. სხვები რატომ არ ჩავიდნენ პრაღაში, არ ვიცი.

სამაგიეროდ, ევროპის ნაკრების ოქროსფერი მაისური მოირგეს მშვენიერმა იტალიელმა ნახევარმცველმა ჯანკარლო ანტონიონიმ, კიდევ ავსტრიელმა ჰანს კრანკლმა, უნგრელმა ტიბორ ნილაშიმ, საბჭოთა ფეხბურთის მთავარმეგოლემ, უკრაინელმა ოლეგ ბლოხინმა და ფრანგი ანრი მიშელიც არ დავივიწყოთ, ახლო წარსულში ხომ ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად განიხილებოდა (თბილისშიც იყო ჩამოსული).

1981 წლის 18 აგვისტოს (ნეტში თითქმის ყველგან 12 აგვისტო შემხვდა, რაც შეცდომაა) ევროპის ნაკრებმა ისტორიაში მეთვრამეტედ ითამაშა და, ისევე როგორც სულ პირველ მატჩში, 1938 წლის 26 ოქტომბერს ლონდონში ინგლისთან, კვლავ დიდი ანგარიშით დამარცხდა, ამჯერად 0:4. პატივცემულ სტუმრებს ორ-ორი გოლი იან კოზაკმა (34, 80) და ზდენეკ ნეჰოდამ (69, 73) გაუტანეს.

დავით ყიფიანმა მთელი თამაში შეუცვლელად ჩაატარა, მე კი იმაზე მწყდება გული, რომ „სტადიონის“ ორივე პლაკატზე ის მაინცა და მაინც იმ ადგილზე დგას, სადაც ფოტო დაკეცილ-გახუნებულია…

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 17 დეკემბერი
ფოტო: ჟურნალი Stadion

ka_GEGeorgian