ყველაზე დიდი მეკარე
დღეს იმ ერთადერთი იტალიელის დაბადების დღეა, მსოფლიო ჩემპიონატიც რომ მოიგო და ევროპირველობაც. კალჩოს ისტორიას არაერთი მშვენიერი მეკარე ახსოვს, დინო ძოფი კი გამორჩეულია მათ შორის, XX საუკუნეში კი ულაპარაკოდ ნომერ პირველია.
1999 წელს, როცა ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ სხვადასხვა ქვეყნის რჩეულები დაასახელა, ძოფს უდიდესი იტალიელი გოლკიპერის წოდება მიანიჭა, მსოფლიოში კი მესამე ადგილი მიაკუთვნა ლევ იაშინის და გორდონ ბენქსის შემდეგ.
ეს ბოლო ამბავი საკამათო მგონია. უფროსი მეგობრებისგან და კოლეგებისგან მსმენია, რომ იაშინი ძალიან მაგარი იყო, უდიდესი ზეგავლენა ჰქონდა გუნდზე და ასე შემდეგ, მაგრამ საუკუნის გოლკიპერობას, ჩემი აზრით, კიდევ რამდენიმე პლუსი სჭირდება. ბენქსს კი, ვფიქრობ, ბრაზილიის წინააღმდეგ იმ ცნობილი ნახტომის გამო უფრო მიაგებენ პატივს, პელეს რომ თავური დარტყმა აუღო, იმაზე ვამბობ.
ვისაც იტალია-ბრაზილიის 1982 წლის ლეგენდარული თამაში გინახავთ, ძოფის ნახტომიც უნდა გახსოვდეთ, სულ ბოლოს, 3:2-ზე, ედერის ჩაწოდების შემდეგ პაულო ისიდოროს თავით დარტყმული ბურთი რომ დაიჭირა. ჩემთვის ის მომენტი ბენქსის ნახტომზე არანაკლებია. ხოლო იაშინთან შედარებით იტალიელს გაცილებით მეტი პლუსი აქვს. თუნდაც ის, რომ ოფიციალურ სანაკრებო თამაშებში, 1142 წუთის განმავლობაში, არ გაუშვა გოლი. ეს მსოფლიო რეკორდია.
კიდევ ის მაოცებს, რომ 1967-1983 წლებში, ზედიზედ ჩვიდმეტი სეზონის განმავლობაში, დინო ძოფმა სერია ა-ში მხოლოდ შვიდი(!) მატჩი გამოტოვა. ის შეუცვლელი იყო მანტოვაში, ნაპოლიში და იუვეში ხომ საერთოდ. იაშინი და ბენქსი სტაბილურობის და, რაც მთავარია, საიმედოობის მხრივ, ძოფთან ახლოსაც არ დგანან. ტიტულებს აღარ ჩამოვთვლი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მესამე ადგილი უსამართლობა მგონია.
XX საუკუნის უდიდეს გოლკიპერზე თქვენ, შესაძლოა, სხვა აზრის იყოთ, მაგრამ ჩემთვის ასეთი ძოფია და არა იაშინი ან ბენქსი.
ევრო 2000-ის ფინალში დინო ძოფის გაწვრთნილი იტალია დრამატულად დამარცხდა საფრანგეთთან. იმ შემოდგომით საქართველომ იტალიაში ითამაშა და მომდევნო გაზაფხულზე სკუადრა აძურა თბილისში გვესტუმრა. დიდი იმედი მქონდა, რომ ჩვენთან ორ შეხვედრაში იტალიას ძოფი უხელმძღვანელებდა, მას თბილისშიც ვნახავდი, მაგრამ ფრანგებთან წაგების შემდეგ მწვრთნელს სილვიო ბერლუსკონიმ შეუტია. ცელქი მილანელი იმ დროს ქვეყნის სათავეში იდგა და ალენატორემ მასთან კონფლიქტს გუნდიდან წასვლა არჩია.
ბერლუსკონი რომ მართალი არ იყო, მომდევნო ორ ტურნირზე ნათლად გამოჩნდა: ტრაპატონის ხელში იტალია ჯერ მსოფლიოს მერვედფინალში დამარცხდა (თუ რატომ, ეს სხვა საკითხია), ევროზე კი ჯგუფში ჩარჩა…
ათი წლის წინ დინო ძოფის ავტობიოგრაფია გამოიცა – „დიდება წამიერია“. მალე ის საავადმყოფოში მოხვდა. ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში ვეტერანმა მეკარემ თქვა:
„ცხოვრებაში პირველად მაშინ შემეშინდა. საკუთარ თავზე არ მიდარდია, ვიცოდი როგორ განიცდიდნენ ყველაფერს მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, მეგობრები და მათზე ვინერვიულე… ახლა რასაც გეტყვით, არავისთვის მითქვამს: ერთ ღამეს პალატაში ორნი შემოვიდნენ, სტუმრები შირეას და ბეარზოტს მივამსგავსე. ეს არც სიზმარია და არც მოლანდება, ყველაფერი ცხადად მახსოვს… დამამშვიდეს, მითხრეს რომ ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა“.
იმ ინტერვიუს შემდეგ ათი წელიწადი გავიდა. დღეს დინო ძოფი 83 წლის გახდა.
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 28 თებერვალი
ფოტო: UEFA.com / Euro 2000