ეროვნული ნაკრების ისტორიიდან: სომეხი ტყუპები

სომხეთის და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა თამაშამდე ათი დღე დარჩა და ეს პატარა ამბავიც კარსმომდგარმა მატჩმა გამახსენა. ასე რომ დამეწყო, აბა, თუ იცით ვინ არიან ესენი და რა ფაქტი უკავშირდება მათ „კავკასიურ დერბიში“-მეთქი, მგონია, რომ ვერავინ გამოიცნობდა პასუხს, ამიტომაც, არ ვიკითხავ და პირდაპირ დავწერ:

ძმები არმან და არტავაზ კარამიანები ერთადერთი ტყუპები არიან, რომლებმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გოლები გაუტანეს, თან ერთ მატჩში. ეს უკიდურესად იშვიათი შემთხვევა 2004 წლის 21 თებერვალს მოხდა კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში, საერთაშორისო ტურნირის მეშვიდე ადგილისთვის გამართულ მატჩში. ის თამაში სომხებმა 2:0 მოიგეს (მათი პირველი გამარჯვება საქართველოს წინააღმდეგ) და ორივე გოლი კარამიანებმა შეაგდეს, ჯერ არმანმა, შემდეგ არტავაზმა.

არც მანამდე და არც მას შემდეგ სხვა ტყუპებს „ჯვაროსნების“ კარში გოლი არ გაუტანიათ, მნიშვნელობა არ აქვს ერთ თუ სხვადასხვა თამაშში.

მოკლედ, ასეთი ამბავია. ხოლო რაც შეეხება ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ტყუპებს, არველაძეების შედეგი იმავე სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გაცილებით შთამბეჭდავია:

1997 წლის 30 მარტს, როცა პირველად ვიხილეთ „კავკასიური დერბი“, საქართველომ 7:0 აჯობა მეტოქეს და ამ შვიდი გოლიდან სამი შოთასი იყო (პირველი ჰეთ-თრიქი ჩვენი ნაკრების ისტორიაში), ორი კი არჩილისა.

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 11 მარტი

ka_GEGeorgian