ეროვნული ნაკრების ისტორიიდან: მეკარეები და „მშრალი“ მატჩები

სომხეთის ნაკრებთან თამაშამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. დღევანდელი ჩანახატი ჩვენი გუნდის მეკარეებზე იქნება, კონკრეტულად კი მათზე, რომლებმაც საქართველოს მთავარ გუნდში თამაშის დროს ყველაზე მეტი შეხვედრა დაასრულეს გაშვებული გოლის გარეშე.

თავდაპირველად იმაზე, თუ რამდენმა მეკარემ იასპარეზა „ჯვაროსანთა“ შორის. 1990 წლიდან დღემდე ასეთი სულ 24-ია. ნაკრების პირველი გოლკიპერი ბათუმელი ასლან ბალაძე გახლავთ, ჯერჯერობით ბოლო, 24-ე კი ლუკა გუგეშაშვილი, რომლის დებიუტი, სხვათა შორის, ბათუმში შედგა.

ამ 24-დან მინიმუმ ერთი სანაკრებო მატჩის გოლის გაუშვებლად დასრულება 15-მა მოახერხა. დავით ხმელიძემ, ლაზარე კუპატაძემ და ლუკა გუგეშაშვილმა ერთხელ; გრიგოლ ჭანტურიამ და როინ კვასხვაძემ – 2-ჯერ; სოსო გრიშიკაშვილმა – 3-ჯერ; ნიკა ტოგონიძემ და გიორგი მაკარიძემ – 4-ჯერ; ირაკლი ზოიძემ – 5-ჯერ; აკაკი დევაძემ – 7-ჯერ; გიორგი მამარდაშვილმა – 8-ჯერ; დავით გვარამაძემ – 9-ჯერ.

ეროვნულის ისტორიაში სულ სამი მეკარეა, რომლებმაც მინიმუმ 10 მატჩი დაასრულეს გაშვებული გოლის გარეშე. გიორგი ლომაია პირველია, ვისაც 10 „მშრალი“ სანაკრებო მატჩი დაუგროვდა. სულ მის აქტივში 11 ასეთი თამაშია და ამ შედეგით მესამე ადგილზეა.

მეორე ყველაზე საიმედო მეკარე ნუკრი რევიშვილია – 12 გოლგაუშვებელი შეხვედრა. სხვათა შორის, რევიშვილი ერთადერთია, რომელსაც მინიმუმ 5-ჯერ უთამაშია ნაკრებში და „ჯვაროსნებს“ დადებითი ბალანსი აქვთ როგორც მატჩებში, ასევე ბურთებში.

რეკორდსმენი კი 30 გოლგაუშვებელი მატჩით გიორგი ლორიაა.

ამ მონაცემებში ისეთი თამაშებიც შევიტანე, როცა ამა თუ იმ გოლკიპერმა შეხვედრა ვერ დაასრულა ან შეცვლაზე შევიდა. მთავარია, რომ იმ მონაკვეთში, როცა ის მოედანზე იყო, ნაკრების კარში გოლი არ გავიდა.

ლორია კიდევ იმით გახლავთ რეკორდსმენი, რომ 10 „მშრალი“ თამაში ყველაზე ნაკლებ სანაკრებო მატჩში მოაგროვა – ამ ნიშნულს მან 24-ე შეხვედრაში მიაღწია. ლორიას რეკორდამდე ერთი თამაში დააკლდა რევიშვილს, გიორგი ლომაიამ კი მე-10 გოლგაუშვებელი მატჩი 35-ე სანაკრებო შეხვედრაში მიითვალა.

და ვინ იყო ჩვენი გუნდის ისტორიაში პირველი, რომელმაც თამაში გაშვებული გოლის გარეშე დაასრულა? აკაკი დევაძე. თუმცა, 1993 წლის 25 მაისს, აზერბაიჯანთან მატჩში, მან მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა.

რაც შეეხება პირველ სრულ „მშრალ“ მატჩს, ის ირაკლი ზოიძისაა – 1994 წლის 10 თებერვალს, მალტის საერთაშორისო ტურნირში, მასპინძლებთან 1:0 მოგებულ თამაშში, ზოიძემ შეუცვლელად ითამაშა. ხოლო თუ იმასაც დავწერ, რომ ეს მისი პირველი გამოჩენა იყო ნაკრებში, აღმოჩნდება, რომ ირაკლი პირველია, ვინც სადებიუტო შეხვედრაში არ გაუშვა გოლი.

სხვათა შორის, „ჯვაროსნების“ ისტორიაში ასეთი კიდევ ოთხი ფაქტია. ზოიძის მიღწევა 1998 წელს დავით გვარამაძემ გაიმეორა, 2001 წელს დავით ხმელიძემ, 2005 წელს ნუკრი რევიშვილმა, 2023 წელს კი ლუკა გუგეშაშვილმა.

ბოლოს ამასაც დავწერ: აკაკი დევაძე პირველია, რომელმაც ზედიზედ ორ თამაშში არ გაუშვა გოლი (1994, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი: უელსი – 5:0, ალბანეთი – 1:0).

ნიკა ტოგონიძე პირველია, რომელმაც მიჯრით სამ თამაშში შეინახა კარი მშრალად (1997, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი: იტალია – 0:0, მოლდოვა – 1:0, პოლონეთი – 3:0).

გიორგი ლორია აქაც რეკორდსმენია. ის პირველი და ერთადერთია, რომლის აქტივში ზედიზედ ოთხი „მშრალი“ მატჩია! (2018, უეფას ერთა ლიგა: ყაზახეთი – 2:0, ლატვია – 1:0, ანდორა – 3:0, ლატვია – 3:0).

2021 წლის 11 ნოემბრიდან 2022 წლის 2 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ 5 თამაშში არ გაუშვა გოლი, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ მატჩებში ჩვენი ნაკრების კარს სამი მეკარე იცავდა. სანაკრებო რეკორდებზე სხვა დროს იყოს, ახლა კი წარმატებები „ჯვაროსნებს“ ერევანსა და თბილისში.

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 18 მარტი
ფოტო: ეროვნული ნაკრები / საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian