ეროვნული ნაკრების ისტორია: საქართველო 2:2 ლიეტუვა
1937 წლის ზაფხულში ბასკეთის ნაკრები გვეწვია. ესპანელებმა ორჯერ ითამაშეს თბილისში – ჯერ დინამო დაამარცხეს, 2:0, რამდენიმე დღეში კი სახელშეცვლილ დინამოს, საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდნენ და კვლავ გაიმარჯვეს, 3:1.
1956 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა პირველი სპარტაკიადა გაიმართა და საფეხბურთო ტურნირის ფინალში მოსკოველებმა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნაკრებს სძლიეს. ის გუნდიც სახელშეცვლილი თბილისის დინამო იყო, სხვა არაფერი.
1979 წელს, როცა ფეხბურთი სპარტაკიადის სპორტულ პროგრამაში დააბრუნეს, ფინალში კვლავ მოსკოველები და ქართველები გავიდნენ.
ზემოხსენებულ და კიდევ რამდენიმე არაოფიციალურ მატჩში, საქართველოს ნაკრების სახელით, დინამომ ითამაშა, რომელსაც სხვა კლუბების ერთი-ორი ფეხბურთელი ემატებოდა ხოლმე.
ნაღდი, ეროვნული ნაკრები კი 1990 წლის გაზაფხულზე ვიხილეთ, როცა საქართველოს, ამხანაგური მატჩებისთვის, ჩვენსავით დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ლიეტუველები ესტუმრნენ. იმ დროს ორივე ქვეყანა საბჭოთა კავშირის მარწუხებისგან თავის დაღწევას ცდილობდა და საერთო მიზნისკენ სავალ გზაზე თანამშრომლობდა. ამხანაგური თამაშის გამართვაზე ქართველებმა და ბალტიისპირელებმა იოლად მოილაპარაკეს და მაისის ბოლოს სტუმრები თბილისში ჩამოვიდნენ. ყოველი შემთხვევისთვის დავწერ, რომ ლიეტუვის ნაკრები, ერთადერთი მოთამაშის გარდა, მთლიანად ვილნიუსის ჟალგირისის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, იმ კლუბის მოთამაშეებით, რომელიც ერთპიროვნულად ლიდერობდა ლიეტუვის პირველობას.
საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად იმ პირველ, ისტორიულ შეხვედრაში, ყველა სტატისტიკურ ცნობარში გივი ნოდიაა მითითებული, რომელიც მაშინ რუსთავის გორდას ხელმძღვანელობდა. რეალურად კი ნაკრები სადებიუტო თამაშისთვის მან, რამაზ შენგელიამ და ოთარ გაბელიამ მოამზადეს. თავდაპირველად სამწვრთნელო შტაბში, ნოდიასთან და შენგელიასთან ერთად, თბილისის იბერიის მთავარი მწვრთნელი დავით ყიფიანი მოიაზრებოდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო ის პირველ შეკრებას გამოაკლდა და გაბელიამ შეცვალა.
ნაკრების დებიუტამდე ერთი კვირით ადრე, 20 და 21 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის XI ტურის თამაშები გაიმართა. თბილისის იბერიამ, რომელიც გახსნის მატჩში 0:1 დამარცხდა ფოთის კოლხეთთან, ოზურგეთის მერცხალს უმასპინძლა და 8:1 გაიმარჯვა. გია გურულმა და კახი კაჭარავამ ჰეთ-თრიქები შეასრულეს, თითო გოლი კი თემურ ქეცბაიამ და ზაზა რევიშვილმა გაიტანეს.
ცნობისათვის: გურული ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიქის ავტორი გახდა (იმ დროისთვის მას 10 გოლი ჰქონდა გატანილი და ბომბარდირთა სიას ლიდერობდა), მომდევნოსი კი კაჭარავა. ჩვენ პირველობაზე ასევე პირველად მოხდა, რომ ერთდროულად ორმა მოთამაშემ შეასრულა ჰეთ-თრიქი. იბერიის დაუმარცხებელი სერია ათ მატჩამდე გაზარდა და კლუბი მესამე ადგილამდე აღზევდა.
ასევე 8:1 მოიგო ჩემპიონატის ლიდერმა, გივი ნოდიას გორდამ, რუსთაველებმა შევარდენი 1906 გაანადგურეს. პირველ ტურში გორდა 0:1 დამარცხდა ბათუმთან, შემდეგ 1:1 ითამაშა იბერიასთან, მესამე ტურიდან დაწყებული კი გუნდმა ზედიზედ ცხრა შეხვედრაში გაიმარჯვა! შევარდენთან მატჩში მამუკა ფანცულაიამ მეცხრე გოლი გაიტანა ჩემპიონატში, გია კილასონიამ კი ოთხჯერ (!) დალაშქრა თბილისელთა კარი.
20 მაისს ითამაშა ეროვნული პირველობის კიდევ ერთმა ლიდერმა ლანჩხუთის გურიამ, რომელმაც ოთარ კორღალიძის და გოჩა გუჯაბიძის გოლებით 2:0 სძლია წყალტუბოს სამგურალს. კორღალიძისთვის ეს მეცხრე გოლი იყო ჩემპიონატში. მეორე ტურში, 4 აპრილს, მან ოთხი გოლი გაუტანა ცხინვალის ლიახვს და ეროვნული ჩემპიონატების პირველი პოკერის ავტორი გახდა. გურიამ, რომელსაც მურთაზ ხურცილავა წვრთნიდა, ეროვნული პირველობა ზედიზედ ხუთი გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ სამ მატჩში დამარცხდა და სანაკრებო შესვენებას მეორე ადგილზე შეხვდა.
პირველ ეროვნულ ნაკრებში მიწვეული ფეხბურთელების სია სწორედ ამ თამაშების შემდეგ გამოქვეყნდა. გივი ნოდიამ, რამაზ შენგელიამ და ოთარ გაბელიამ პირველ შეკრებაზე ამ ფეხბურთელებს უხმეს:
მეკარეები – ასლან ბალაძე (ბათუმი), ნიკა ჩხეიძე (ქუთაისი), გელა ჭანტურია (ზუგდიდის ოდიში)
მცველები – გელა კეტაშვილი, კახი ცხადაძე (ორივე თბილისის იბერია), გია ფირცხალავა, დიმიტრი კუდინოვი (ორივე რუსთავის გორდა), გია ნადირაძე (ქუთაისი), ზურაბ ფარულავა (სოხუმის ცხუმი), ბადრი დანელია (ლანჩხუთის გურია)
ნახევარმცველები – თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი (ორივე იბერია), დავით ცომაია (გურია), როსტომ თორღაშვილი (ქუთაისი), ავთანდილ კაპანაძე (გორდა), გელა ინალიშვილი (ცხუმი), ომარ თეთრაძე (ოზურგეთის მერცხალი)
თავდამსხმელები – გია გურული, კახი კაჭარავა (ორივე იბერია), ოთარ კორღალიძე (გურია), მამუკა ფანცულაია (გორდა), მელორ ბიგვავა (ოდიში), გოჩა გოგრიჭიანი (ცხუმი).
ეროვნული ნაკრები რუსთავში შეიკრიბა. ქალაქის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ და სტადიონის დირექციამ ყველაფერი გააკეთა, რომ გუნდი საუკეთესოდ მომზადებულიყო ბალტიისპირელებთან დაპირისპირებისთვის. წლების შემდეგ გივი ნოდიამ ის დღეები ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა:
„მას შემდეგ, რაც ქართულმა ფეხბურთმა დამოუკიდებლად არსებობა გადაწყვიტა, სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოვექეცით. სამწუხაროდ, ფიფამ და უეფამ იმ დღეებში მხარი არ დაგვიჭირა, რასაც მსუბუქი, მაგრამ მაინც, სანქციები მოჰყვა… ამის გათვალისწინებით, ლიეტუველთა სტუმრობა ვაჟკაცური ნაბიჯი იყო“.
24 მაისს ლელოში რამაზ შენგელიასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს თავდამსხმელს ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი ესაუბრა:
„ეს აღორძინებული ნაკრების პირველი მატჩია და ამდენად, ყველა მაქსიმალურად გამოვიყენებთ საკუთარ ძალებს, რათა ის ნამდვილ ზეიმს დაემსგავსოს და მაყურებელმა კმაყოფილმა დატოვოს სტადიონი…
დიდი ბჭობის შემდეგ გადაწყდა, რომ ნაკრებს რუსთავის ფოლადის სტადიონზე გაევლო საწვრთნელი შეკრება. ვფიქრობ, აქ ყველანაირი პირობები გვექნება, რათა ნაყოფიერად მოვემზადოთ მატჩისთვის…
არა მგონია, ჩემზე უკეთ იცოდეს ვინმემ, თუ როგორი კონსერვატიული ორგანიზაციებია ფიფა და უეფა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც იმედიანად ვუყურებ მომავალს. იმიტომ, რომ პოლიტიკური სიტუაცია მომწიფდა ისე, ძალიან მალე, შეიძლება, თავისუფლები გავხდეთ. ეს თამაში ბევრს გვიჩვენებს. ჯერჯერობით ასე პარტიზანულად მოგვიწევს უცხოეთის გუნდებთან თამაში, მერე კი“…
შაბათს, 26 მაისს, ვაკეში, 26 მაისის (ახლანდელი მიხეილ მესხის) სახელობის სტადიონზე, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენასთან დაკავშირებული სახალხო ზეიმი გაიმართა. ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე ბავშვთა ტურნირის ფინალური მატჩი შედგა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, 26 მაისს დაბადებული მერაბ კოსტავას სახელობის თასი მოზარდ ფეხბურთელთა შორის, საფეხბურთო სკოლა მერანის პედაგოგის, თამაზ ჯაშის ინიციატივით დაწესდა. ტურნირი, რომელშიც საქართველოს თორმეტი საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ, ხუთ დღეს გაგრძელდა და თბილისური ფინალით, ავაზის და მერანის მატჩით დაგვირგვინდა. ავაზელებმა 2:1 გაიმარჯვეს და გარდამავალი თასის პირველი მფლობელები გახდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ კი სახალხო ზეიმი დაიწყო: გადაჭედილ სტადიონს საქართველოს დროშის ფრიალით ცხენოსნებმა შემოუარეს, ხალხს სიტყვით მიმართა ეროვნული მოძრაობის ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ…
კვირას, 27 მაისს, 18 საათსა და 30 წუთზე კი ისტორია დაიწერა – საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პირველად ითამაშა! ამხანაგური შეხვედრის სტარტამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ორი ვეტერანი დააფასა. ჩვენი ფეხბურთის ბერმუხად წოდებულ ბორის პაიჭაძეს 75 წლის იუბილე მიულოცეს, რამდენიმე წუთში კი ოთარ გაბელიას დიდი ფეხბურთიდან გაცილების ცერემონია ვიხილეთ. ორივე ახალთახალი ავტომობილით, იმ დროს პრესტიჟული გაზ 24-10-ით დაჯილდოვდა. როცა ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია საკავშიროს გამოეყო, გაბელია ჯერ კიდევ თბილისის დინამოში ირიცხებოდა, თუმცა მალე გუნდიდან წავიდა და ეროვნული პირველობის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე მშობლიური ქალაქის კლუბი, ზუგდიდის ოდიში ჩაიბარა…
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ლიეტუველების თანხმობით, ისტორიული თამაშის გაძღოლა გამოცდილ მსაჯებს ანდო მევლუდ მიმინოშვილის ხელმძღვანელობით. ფიფას არბიტრს ჯემალ წერეთელი და ავთანდილ კოკაია ეხმარებოდნენ.
თეთრ მაისურში, შავ შორტებსა და შავ გეტრებში გამოწყობილმა ეროვნულმა ნაკრებმა მატჩი კლასიკური განლაგებით დაიწყო – 4-4-2. მწვრთნელებმა კარის დაცვა ნაკრების ყველაზე ასაკოვან წევრს, ბათუმის 29 წლის მეკარეს ასლან ბალაძეს ანდეს. დაცვის ცენტრში თბილისის იბერიელები, 24 წლის კაპიტანი გელა კეტაშვილი და ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი, 21 წლის კახი ცხადაძე დადგნენ. მარჯვენა ფლანგი 25 წლის გია ფირცხალავას ჩააბარეს რუსთავის გორდადან, მარცხენა კი 22 წლის ქუთაისელ გია ნადირაძეს. საყრდენ ნახევარმცველად კიდევ ერთი რუსთაველი, 27 წლის დიმიტრი კუდინოვი ვიხილეთ, ფლანგებზე იბერიელები, 22 წლის თემურ ქეცბაია და მასზე ერთი წლით უმცროსი ზაზა რევიშვილი. გამთამაშებლად გურიის შეტევების ლიდერი, 29 წლის ოთარ კორღალიძე მოგვევლინა, თავდასხმაში კი 22 წლის მამუკა ფანცულაია გორდადან და 26 წლის გია გურული იბერიიდან. აქვე შევნიშნავ, რომ პირველი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები სწორედ ფანცულაია და გურული გახდნენ, კორღალიძემ კი მეორე და მესამე ჩემპიონატებში გაიტანა ყველაზე მეტი გოლი…
რაც შეეხება ლიეტუველებს, მათ ძირითად შემადგენლობაში ვილნიუსის ჟალგირისის ათი მოთამაშე მოხვდა, მხოლოდ მეკარე, 25 წლის ვალდემარას მარტინკენასი თამაშობდა უცხოეთში, კიევის დინამოში. სხვათა შორის, ეს ერთადერთი შემთხვევაა ჩვენი ნაკრების ისტორიაში, როცა მეტოქე გუნდი თითქმის მთლიანად ერთი კლუბის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.
ეროვნული სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილმა 55 ათასმა გულშემატკივარმა პირველი გოლი მე-12 წუთზე იხილა. საქართველოს ნაკრების კარში დანიშნული პენალტი 25 წლის არმინას ნარბეკოვასმა გამოიყენა, ბალაძე მარცხნივ გადახტა, ბურთი კი მარჯვენა კუთხეში შეგორდა – 0:1.
პირველი ნახევარი ლიეტუველებმა მოიგეს, სამაგიეროდ, მეორე ტაიმი ქართველებს დარჩათ. შესაძლოა, ეს იმ სამი მოთამაშის დამსახურებაცაა, რომლებიც გივი ნოდიამ ჩართო თამაშში: რევიშვილი 25 წლის ქუთაისელმა როსტომ თორღაშვილმა შეცვალა, კორღალიძე 27 წლის მელორ ბიგვავამ ოდიშიდან, ფანცულაია კი 25 წლის გოჩა გოგრიჭიანმა სოხუმის ცხუმიდან.
ანგარიში 62-ე წუთზე გათანაბრდა. სტუმართა კარში საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, გია გურულმა კი, დაახლოებით ოცდახუთი მეტრიდან, ზუსტად და ძლიერად დაარტყა. ბურთი მარტინკენასის კარის მარცხენა კუთხეში შევარდა – 1:1.
64-ე წუთზე ლიეტუველები მეორედ დაწინაურდნენ, საბჭოთა კავშირის ასაკობრივი ნაკრები გუნდების ყოფილმა კაპიტანმა, 21 წლის ვირგინიუს ბალტუშნიკასმა ეფექტურად, ქუსლით გაიტანა გოლი – 1:2. ის შეცვლაზე ჩაერთო თამაშში, ტრავმირებული კაპიტანი, არვიდას იანონისი მე-17 წუთზე შეცვალა.
81-ე წუთზე ანგარიში მეორედ გათანაბრდა: გოჩა გოგრიჭიანის დაწყებული შეტევა გურულმა გააგრძელა და კახი კაჭარავამ დააგვირგვინა თავური დარტყმით – 2:2. ასე გახდა ის პირველი, რომელმაც სანაკრებო გოლი შეცვლაზე შესვლის შემდეგ გაიტანა. 23 წლის ფორვარდი რამდენიმე წუთით ადრე ჩაერთო თამაშში სეხნიის, თანაკლუბელი ცხადაძის ნაცვლად.
ამის შემდეგ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ლიეტუველთა თავკაცმა ბენიამინას ზელკევიჩიუსმა მეკარე მარტინკენასი შეცვალა, როგორც კი მან მეორე გოლი გაუშვა. ჰოდა, რადგან მის ნაცვლად ჟალგირისის გოლკიპერი, ალვიდას კონცევიჩიუსი ჩაერთო თამაშში, აღმოჩნდა, სტუმრებმა თამაში მხოლოდ ჟალგირისელებით დაასრულეს. ესეც უნიკალური შემთხვევაა ჩვენი ნაკრების ისტორიაში.
„ანგარიში, ვფიქრობ, შეეფერება ძალთა თანაფარდობას, თუმცა ცოტაოდენი უპირატესობა გვქონდა თამაშშიც, ოსტატობაშიც და კლასშიც. რაც შეეხება გულშემატკივრებს, ჩემს სიცოცხლეში ასე თბილად არავის მივუღივართ – მთელი სტადიონი ფეხზე ამდგარი მოგვესალმა და გაგვაცილა, ამისთვის კი მსურს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უღრმესი მადლობა გადავუხადო“, – ეს სიტყვები ლიეტუველთა მთავარმა მწვრთნელმა გაზეთ ქართული ფეხბურთის კორესპონდენტს განუცხადა.
„ნაკრები, ფაქტიურად, რამდენიმე კვირაში შეიქმნა. ფეხბურთელებმა ვერც კი მოასწრეს შეთამაშება და მაინც, ისეთ კარგ გუნდთანაც კი, როგორიც ლიეტუვის ნაკრებია, მათ ურიგოდ არ უთამაშიათ…
სტუმართა უპირატესობა, ჩემი აზრით, იმითაც იყო განპირობებული, რომ ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ისინი ერთად თამაშობენ ვილნიუსის ჟალგირისში და ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს…
გრიგოლ ცაავა? მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ნაკრებში. ბოლო ხანს ის თავის კლუბის ძირითადშიც იშვიათად ხვდება“, – ჩვენი ნაკრების მწვრთნელებიდან მატჩი მხოლოდ ოთარ გაბელიამ შეაფასა. რაც შეეხება ცაავას, იმ დროს ის იბერიის ფეხბურთელი გახლდათ…
ეროვნული ნაკრების პირველ მატჩზე სიმბოლური პრიზები დააწესა საქაგრომრეწვმა, საწარმოო გაერთიანება თბილლუდმა და მარნეულის სააფთიაქო სამმართველომ. საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო ქუთაისელ გია ნადირაძეს გადაეცა; ახალგაზრდა ფეხბურთელთათვის დაწესებული 500-500 მანეთით ზაზა რევიშვილი და რომას ჩირბა დაჯილდოვდნენ, პირველი გოლისთვის დათქმული 1000 მანეთი კი არმინას ნარბეკოვასს ერგო.
ლიეტუველები 4 ივნისამდე დარჩნენ საქართველოში და რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართეს, თუმცა უკვე ვილნიუსის ჟალგირისის სახელით.
28 მაისს, ლანჩხუთში, გურიამ 3:0 დაამარცხა მეტოქე. საინტერესოა, რომ რომას მაჟეიკისმა და რობერტას ფრიდრიკასმა, რომლებმაც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშეს, ამ მატჩში უკვე გურიის შემადგენლობაში იასპარეზეს. ფრიდრიკასმა გოლიც გაუტანა ყოფილ გუნდს.
29 მაისს ჟალგირისი ოზურგეთს ესტუმრა და მასპინძელი მერცხალი 5:1 დაამარცხა.
ბალტიისპირელების ქართული ტურნე 30 მაისს დასრულდა ზუგდიდში, ოდიშთან – 2:2. მასპინძლებიდან თევზაძემ და ბიგვავამ გამოიჩინეს თავი, სტუმართაგან კი ივანაუსკასმა და ნარბეკოვასმა.
ლიეტუველების ქართული ტურნე 1 ივნისს, თბილისში, ეროვნულ სტადიონზე იბერიის და ჟალგირისის ამხანაგური თამაშით უნდა დასრულებულიყო. მატჩი 19:30 საათზე იყო დანიშნული, მაგრამ გაუქმდა. შუადღით, როცა თბილისელები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ, დედაქალაქში ტრაგედია დატრიალდა: რუსთაველის გამზირის და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის ტროსები გაწყდა, ხალხით სავსე ვაგონები მაღალი სიჩქარით დაეშვა ქვედა სადგურისკენ, მგზავრთა უმეტესობა კი ხევში და სახლის სახურავებზე ჩაცვივდა. უბედურ შემთხვევას ცხრამეტი ადამიანი შეეწირა, მათ შორის დედაქალაქში ექსკურსიაზე ჩამოსული ახალციხელი მოსწავლეები. ცხადია ყველა გასართობი ღონისძიება გაუქმდა, 7 ივნისი კი გლოვის დღედ გამოცხადდა.
სანამ ტრაგედიის შესახებ ცნობები გავრცელდებოდა, სხვადასხვა ქალაქში ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის თამაშები გაიმართა. ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონზე, ბათუმთან 0:0 დასრულებულ მატჩში, რომას მაჟეიკისმა და რობერტას ფრიდრიკასმა პირველად ითამაშეს გურიის მაისურით და საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლეგიონერები გახდნენ. 5 ივნისს გურიას ეროვნულ სტადიონზე, იბერიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ თამაში გადაიდო.
8 ივნისს იტალიაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო – კამერუნმა 1:0 დაამარცხა არგენტინა, 10 ივნისს კი გურიამ გალის მზიურს უმასპინძლა და 6:1 გაიმარჯვა. ფრიდრიკასმა დუბლი შეასრულა, რითაც პირველი უცხოელი გახდა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატში გამოიჩინა თავი. მის გარდა გალელებს ორი გოლი გაუტანა ბესიკ ფრიდონაშვილმა, გოჩა ტყებუჩავამ და ოთარ კორღალიძემ კი თითო ბურთი იკმარეს. წლების შემდეგ ფრიდონაშვილი ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში გამოჩნდა, კლაუს ტოპმიოლერს ეხმარებოდა, ტყებუჩავამ კი 2004 წელს, კვიპროსის ტურნირზე, სამ თამაშში უხელმძღვანელა ეროვნულ გუნდს…
ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე, ივნისის მიწურულს, ქართულ კლუბებში კიდევ რამდენიმე ლიეტუველი გამოჩნდა: ზდანჩუსი და ვანეიკისი ოდიშში ჩაირიცხნენ; საქართველოს ნაკრების კარში გატანილი მეორე გოლის ავტორმა ვირგინიუს ბალტუშნიკასმა, პეტრაუსკასთან ერთად, გალის მზიურს მიაშურა; შემოდგომით ხაშურის ივერიაში გადავიდა მეკარე ბრიაუნისი, ხოლო ალვიდას კონცევიჩიუსმა, ვინც 27 მაისს შეცვლაზე ითამაშა, მეორე ლიგაში მოასპარეზე თელავის კახეთის მაისური მოირგო…
სანამ ლიეტუველთა დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდებოდა, მათ ნოდარ ახალკაცმა უმასპინძლა დიდუბეში, შოთა იამანიძის ხუთ ნომერში მდებარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. სფფ-ის პრეზიდენტმა და სტუმრებმა „დამოუკიდებლობის თასის“ პროექტი განიხილეს, საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნების 3-3 უძლიერესი კლუბის მონაწილეობით. იდეა კი მშვენიერი იყო, მაგრამ ამ საქმიდან, სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა.
1990 წლის შემოდგომით თემურ ფალავანდიშვილის მხატვრული ფილმი, კომედია „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“! გამოვიდა. ის ფოტოგრაფ თაზო ნადარაიაზეა (მთავარ როლს ვახტანგ ფანჩულიძე ასრულებს), რომელსაც ძველი ტელევიზორის გამო უცნაური, სახალისო ამბები გადახდება. ამ ლამაზ ფილმს თუნდაც იმიტომ გირჩევთ, რომ მასში საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველ გოლს იხილავთ, გია გურულის მიერ გატანილ საჯარიმო დარტყმას. ჩვენი გუნდის პირველი, ისტორიული თამაშის სრული ჩანაწერი კი, მგონი, არც არის შემონახული. ყოველ შემთხვევაში დღემდე ვერსად ვნახე.
ლიეტუველებთან თამაშის მონაწილე ქართველებიდან ორი ჩვენ შორის აღარ არის. ეროვნული ნაკრების პირველი მთავარი მწვრთნელი გივი ნოდია 2005 წლის 7 აპრილს, 57 წლისა გარდაიცვალა, გუნდის უფროსი რამაზ შენგელია კი 2012 წლის 21 ივნისს. ის 55 წლის იყო…
მეორე საერთაშორისო მატჩი ჩვენმა ნაკრებმა წლისა და ერთი თვის შემდეგ გამართა. ქართველების მოლდოვურ თავგადასავალზე მომდევნო წერილში მოგიყვებით.
* * *
27 მაისი, 1990. ამხანაგური. თბილისი, ეროვნული სტადიონი. 55 000
საქართველო 2:2 ლიეტუვა
გოლები: 0:1 არმინას ნარბეკოვასი (12, პენ), 1:1 გია გურული (62), 1:2 ვირგინიუს ბალტუშნიკასი (66), 2:2 კახი კაჭარავა (81, გია გურულის პასით)
საქართველო: ასლან ბალაძე, გელა კეტაშვილი (კაპ), კახი ცხადაძე (კახი კაჭარავა 71), დიმიტრი კუდინოვი, გია ფირცხალავა, გია ნადირაძე, თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი (როსტომ თორღაშვილი 46), ოთარ კორღალიძე (მელორ ბიგვავა 46), გია გურული, მამუკა ფანცულაია (გოჩა გოგრიჭიანი 46)
მწვრთნელი: გივი ნოდია
ლიეტუვა: ვალდემარას მარტინკენასი (ალვიდას კონცევიჩიუსი 82), ვლადიმირას ბუზმაკოვასი, რიტის ნარუშევიჩიუსი, რომას მაჟეიკისი, არვიდას იანონისი (კაპ) (ვირგინიუს ბალტუშნიკასი 17), რობერტას ტაუტკუსი, რომას ჩირბა, ვალდას ივანაუსკასი, რობერტას ფრიდრიკასი, ვიაჩესლავას სუკრისტოვასი, არმინას ნარბეკოვასი
მწვრთნელი: ბენიამინას ზელკევიჩიუსი
მსაჯები: მევლუდ მიმინოშვილი; ჯემალ წერეთელი, ავთანდილ კოკაია
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 10 აპრილი
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არქივი; თამაშის ოფიციალური პროგრამა; გაზეთები ლელო და ქართული ფეხბურთი
* – 2025 წლის 10 აპრილს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე